"პირველად ამ სახლში ჩემს შვილთან ერთად მოვედი. შუქი არ იყო... მხოლოდ სიცარიელე და დასვრილი კედლები" - ბინა, რომელიც 3 შვილის დედამ თავად მოაწყო და საზოგადოება აღაფრთოვანა

მარიამ გაბედავა პროფესიით ჟურნალისტია, თუმცა სახლის ინტერიერი იმდენად კარგად დაგეგმა და დიზაინი ისე საინტერესოდ განახრციელა, სრულებით შესაძლებელია, ამ სფეროშიც მოსინჯოს ძალები. მარიამმა თბილისში საკუთარი გემოვნებით მოაწყო დახვეწილი ბინა, რომელსაც ინტერნეტსივრცეში, კერძოდ ჯგუფში - „რემონტი“ დიდი მოწონება ხვდა წილად.

- ერთი გამოუსწორებელი მეოცნებე ვარ - აგერ უკვე 29 წელია. პროფესიით ფილოლოგი ვარ. სამუშაო გამოცდილებით - ჟურნალისტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი და მარკეტერი. ერთ დროს ლექციებსაც ვკითხულობდი და ბევრს ვმუშაობდი. თუმცა, პანდემიამ ჩემი ყველა სამსახური შეიწირა და ახლა ვზივარ სახლში, უკეთესი მომავლის იმედით.
მეოცნებეობა ხომ ოპტიმიზმსაც ნიშნავს. ყველაზე დიდი მონაპოვარი ჩემი სიყვარულია და ამ სიყვარულის ყველაზე დიდი შედეგი სამი არაჩვეულებრივი ადამიანი, რომლებიც ყოველდღე ალამაზებენ ჩემს ცხოვრებას და ყველაზე დიდ მიზანს მისახავენ, გავზარდო ღირსეულ ადამიანებად. ალბათ, მაშინ მექნება ჩემი პროგრამა მაქსიმუმი შესრულებული. ყველაზე მეტად მიყვარს მზე, ცურვა და თბილისის ქუჩებში სეირნობა. მაბედნიერებს ყოველი გათენებული დილა და ადამიანები, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში არსებობენ.

- თქვენი სახლის დიზაინმა ინტერნეტსივრცეში ადამიანების აღფრთოვანება გამოიწვია. მოგვიყევით ამ სახლზე, ვის მიანდეთ მისი რემონტი, თუ თავად ითავეთ ეს საკითხი?
- პირველად ამ სახლში ჩემს შვილთან ერთად მოვედი. შუქი არ იყო... მხოლოდ სიცარიელე და დასვრილი კედლები. თუმცა, როგორც კი ფეხი შემოვდგი, მაშინვე მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი. თავიდანვე ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა - ნათელი სახლი, ძველებურ ფრანგულ სტილში. ამიტომ ბინა ახალაშენებულ კორპუსებში არ მიძებნია. ხომ გაგიგონიათ, ვინც ეძებს ის პოულობსო - მეც გამიმართლა. როგორც კი იატაკი დავინახე და მზის სხივებით სავსე დიდი ოთახი, მივხვდი, რომ ამას ვეძებდი.

- ალბათ არც ისე მარტივი იყო სახლის რემონტი. თქვენ რა გზა გაიარეთ, სანამ სახლი საბოლოო სახეს მიიღებდა, ძირითადად რა პრობლემებს აწყდებოდით?
- ძირითადი პრობლემა რემონტის დროს ხელოსნების უპასუხისმგებლობაა ხოლმე. საბედნიეროდ, მე მათშიც ძალიან გამიმართლა. და სამ თვეში ყველაფერი დავასრულეთ. ცოტა სირთულეები კორონას პერიოდმა შეგვიქმნა, თუმცა მაინც მოვახერხეთ ის, რომ სახლი იმ კონდიციამდე მიგვეყვანა, სადაც სამ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად გადასვლისთვის ყველა პირობა იქნებოდა. სივრცე დიდია. სამი საძინებელი, დიდი მისაღები, სამზარეულო სასადილო ოთახით. შესაბამისად, ჩემს სახლს კიდევ ბევრი რამ აკლია, განსაკუთრებით წიგნები, ბევრი სიმწვანე, ნახატები და პატარ-პატარა აქსესუარ-დეკორაციები (შანდლები, სანთლები, ქოთნები...) მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც მზის სხივებზე მეტად ათბობს ჩემს სახლს, გვაქვს. ჰოდა, სიყვარულით სავსე სახლში ნელ-ნელა ყველაფერს გავაკეთებთ.

- მანამდე თუ გქონდათ რემონტის სფეროში გამოცდილება?
- დიახ, წინა სახლი, სადაც ვცხოვრობდი, ისიც ჩემი გემოვნებით გავაკეთეთ. ზოგადად ძალიან მაინტერესებს რემონტის პროცესი. მიყვარს და მაბედნიერებს საბოლოო შედეგის დანახვა. ხატვასთან რომ ახლოს ვყოფილიყავი, ვინ იცის იქნებ ინტერიერის დიზაინერობაზეც მეფიქრა. მაგრამ ალბათ, ცხოვრებაში ყველაფერი ისე ხდება, როგორც საჭიროა.

- რა სტილს, ფერებს, როგორ განათებას ანიჭეთ უპირატესობა?
- ჩემთვის პარიზული სტილი არის ყველაზე მისაღები. ნათელი კედლები, ბევრი ფანჯრით და შესაბამისად, დიდი სინათლით. ინტერიერში ფერადი დახვეწილი ელემენტებით, ყველა დეტალის გათვალისწინებით, გეომეტრიული სისწორეებით. ძველისა და თანამედროვეს ნაზავით. ცოტა ანტიკურთან სიახლოვეც რომ იგრძნობა, რაც კი არ გღლის, პირიქით, სიდიადით გავსებს. სწორედ ასეთია ახლა ის სახლი, სადაც ვცხოვრობ. ხშირად მიფიქრია სხვადასხვა ფერის შეტანაზე ინტერიერში შპალერის ფაქტურით, მაგრამ ისეთი ბუნება მაქვს, რომ სწრაფად მბეზრდება ერთი და იგივე სივრცე. მით უმეტეს, თუ ძალიან დატვირთულია. სახლს აუცილებლად უნდა ქონდეს ჰაეროვნება, სადაც თავს თავისუფლად ვიგრძნობ და ვისუნთქებ. ამიტომ ვცდილობ დეკორაციით გავახალისო აქაურობა და არა ფერადი კედლებით, რისი შეცვლაც დროის მოკლე მონაკვეთში სირთულეს შექმნის.

- ავეჯი შეიძინეთ თუ დაამზადებინეთ? რამდენად კმაყოფილი ხართ?
- ნაწილი შევიძინე, ნაწილი დავამზადებინე, ნაწილი ძველი სახლიდან გამომყვა. საერთო ჯამში ორივეთი კმაყოფილი ვარ. საქართველოს ბაზარზე დღეს საკმაოდ დიდი არჩევანია.

- რას ურჩევთ ადამიანებს, ვინც რემონტის დაწყებას გეგმავს, რას მიანიჭონ უპირატესობა და რა აუცილებელი კრტერიუმები გაითვალისწინონ?
- მთავარი ის არის, რომ შექმნათ სივრცე, სადაც ბედნიერების შეგძნებით გაიღვიძებთ. სადაც ყოველი დღე იქნება ზღაპარი. მიუხედავად იმისა, ირგვლივ რაც ხდება. სახლი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც ჩემი აზრით ყველაზე კარგად გამოხატავს ჩვენს სულიერ სამყაროს. ასე, რომ მთავარია თქვენ რაც განიჭებთ ბედნიერებას იმაზე გააკეთოთ აქცენტი. სივრცე მოაწყვეთ ისე, როგორც თქვენ იქნებით კომფორტულად. ზოგს საკრე მოსწონს საძინებელში და ზოგს ჭაღი აბაზანაში. ნურავის მოუსმენთ, მთავარი თქვენი შინაგანი ხმაა.

- შესაძლებელია სასურველი, კომფორტული რემონტი ბიუჯეტურ ფასად გაკეთდეს, თუ აუცილებლად დიდი თანხებია საჭირო?
- ნაკლებად შესაძლებელია. თუმცა, დღეს უკვე იმდენად ბევრი რამ არის ბაზარზე, რომ შესაძლებელთან ახლოს მივდივართ ნელ-ნელა. მაგრამ მაინც ძალიან დიდი ბიუჯეტია საჭირო ყველაფრისთვის. ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯის გამო, ბევრი რამ ჯერ ბოლომდე ვერ მივიყვანეთ. თუმცა, მთავარი მაინც ყველაფერში გემოვნება და სიყვარულია. მე ასე ვფიქრობ.









მერი ბლიაძე

კომენტარები

ideodub 2024-10-17 00:42
dapoxetina comprar online 29 Effexor 1 person, 14
ENI 2021-01-18 10:26
გაიხარეთ.რა ნატელი ბინაა სუნთქავს....
Tea 2021-01-16 21:08
განსაკუთრებული რაცაა - ხარისხიანი იატაკი, ვრცელი და ნათელი მისაღები, მაღალი ჭერი. დიაზაინი - ძალიან ლაკონური. ეტყობა, რომ პროფესიონალი არ მონაწილეობდა.
123 2021-01-15 15:56
ძალიან ლამაზი და დახვეწილია. წარმატებები ამ ოჯახს! თუმცა აღფრთოვანებას ჩემში ის უფრო იწვევს ხოლმე, როცა პატარა და უშნო ფართის პირობებში მყუდრო და ლამაზ საცხოვრებელს ქმნიან. ეს ძველი ბინა კი თავისი საოცარი სივცრით, ხის კარ_ფანჯრით, იატაკით, კოლონებით, მაღალი ჭერით_თვითონაა ხელოვნების ნიმუში და ძალიან უნიჭო უნდა იყო, რომ ვერ მოაწყო
nona 2021-01-15 11:57
ძალიან ლამაზია

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები