როგორ შევარჩიოთ სწორად შპალერი - პროფესიონალების რჩევები და რეკომენდაციები

როგორ შევარჩიოთ შპალერი სწორად, როგორ ავირიდოთ თავიდან მეტრაჟობასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელი ტიპის შპალერია ეკოლოგიურად სუფთა? ერთი სიტყვით, რა უნდა ვიცოდეთ შპალერი შესახებ, რომ გაუთვალისწინებელ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ.
თუ უარი თქვით ინტერიერის ბრუტალურ გაფორმებაზე, ე.წ. აგურის ფილებზე ან გრაფიტზე, მაშინ შპალერის გარეშე ფონს ვერ გახვალთ.
ექსპერტების დახმარებით შევეცდებით პროფესიონალური რჩევები და რეკომენდაციები გაგიზიაროთ.

აზომვა

როდესაც ტანსაცმელს ყიდულობთ, დარწმუნებულები ვართ, იზომავთ. ეს ბუნებრივია. ასეა ინტერიერის შემთხვევაშიც, შპალერი ოთახის ტანსაცმელია, რომელიც აუცილებლად უნდა მოიზომოს. შპალერი სათანადოდ რომ შეაფასოთ და დაათვალიეროთ, უნდა შეხედოთ არა
რულონს, არამედ ის აუცილებლად უნდა გაშალოთ სულ მცირე 2 მ-ზე, მიადოთ კედელს და ისე აღიქვათ. თუ რომელიმე ტიპის შპალერი ძალიან მოგწოთ, თუმცა დარწმუნებული მაინც არ ხართ, ეს ის არის თუ არა, შეგიძლიათ შეიძინოთ თავდაპირველად მხოლოდ ერთი რულონი, მიიტანოთ სახლში, მიამაგროთ კედელზე და დარწმუნდეთ, რომ ზუსტად ის არის, რასაც ეძებდით და რაც თქვენ გჭირდებათ.


არ დაგავიწყდეთ და სათანადო ყურადღება მიაქციეთ განათებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც წესი, მაღაზიის და სახლის განათება ერთმანეთს არ ემთხვევა, განათება კი შპალერს ფერს საკმაოდ უცვლის, ასე რომ, მიტრიალდით, მოტრიალდით, აანთეთ შუქი, ჩააქრეთ და ყველაფერი ისე გათვალეთ.
დაიმახსოვრეთ, წვიმიან და მზიან ამინდში შპალერი ისე იცვლება, განათებიდან გამომდინარე, რომ ზოგჯერ შესაძლოა ვერც კი დაიჯეროთ, რომ ეს ერთი და იგივე შპალერია.

კოლექცია და ფერი


ეცადეთ, რომ შპალერი არ იყოს სხვადასხვა კოლექციის. შეარჩიეთერთი კოლექცია, რაც საშუალებას მოგცემთ თქვენი ინტერიერი იყოს ჰარმონიული და დახვეწილი.
არ ღირს შპალერის შესაძენად ჩამოუყალიბებლად წასვლა, ამას აზრი არ აქვს, არჩევანი იმდენად დიდია, რომ შერცევას ძალიან დიდი დრო დასჭირდება და საბოლოოდ მაინც ვერ გადაწყვეტთ, რა გინდათ. ჯერ აუცილებლად უნდა გაარკვიოთ, რა გინდათ, კონკრეტულად რომელი სტილი, კლასიკა, მოდერნი, პროვანსი თუ სხვა, ეს პროცესს აუცილებლად გაგიმარტივებთ.


იმისათვის, რომ ოთახს ფერი სწორად შეუხამოთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, თუ რა ფერის ავეჯი და ტექსტილი იქნება ოთახში. ეს გადამწყვეტი მომენტია.
მთავარია, არ აჩქარდეთ. შეიარეთ რამდენიმე სალონსა თუ მაღაზიაში.

შპალერის ტიპები

შპალერი ტიპების მიხედვით შეარჩიეთ. ყოველ ოთახს თავისი ტიპი სჭირდება. მაგალითად, ბავშვის ოთახში ეკოშპალერი იქნება უფრო მისაღები, მისაღებისთვის კი - ვინილის ან ფლიზელინის. თუ ეჭვი გეპარებათ, კლასიკა აირჩიეთ, კლასიკა ხომ ყოველთვის მოდაშია.

უსაფრთხოება


აუცილებლად მოითხოვეთ სერთიფიკატი. ხარისხიან შპალერს აუცილებლად ექნება სერთიფიკატი, რაც უსაფრთხოების გარანტიას მოგცემთ. თუ შპალერს არ მოყვება გრძელი ჩამონათვალი, რომელიც იწყება სიტყვებით "ტესტირებულია", გირჩევთ გააგრძელოთ გზა და მოძებნოთ სხვა მაღაზია ან შპალერი, ეს სათქვენო არ არის.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები