"ზუსტად 1 თვე მქონდა, რომ გამერემონტებინა და ავეჯით მომეწყო 100 კვ.მ. ფართის ბინა" - ახალგაზრდა ოჯახის ფერადი და გემოვნებიანი ბინა თბილისში

ირინა შონიას ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს, როგორც ძალიან კარგ რესტავრატორს. ირინა ერთ-ერთ კომპანიაში რეგიონალური მენეჯერია, თუმცა პანდემიის დროს ავეჯის განახლებით დაინტერესდა და უსახურ, ძველ ნივთებს ახალ სიცოცხლეს ჩუქნის. ამჯერად კი მისმა ბინამ მიიპყრო ჩვენი ყურადღება, რომელშიც ოჯახთან ერთად ცხოვრობს და სულ ახლახან გაარემონტა. ბინის ფოტოებს ინტერნეტსივრცეში დიდი მოწონებაც დაიმსახურა. სწორედ ამ ბინაზე გვესაუბრება.
ე.წ. ჩეხური პროექტის 4-ოთახიანი, 100 კვ.მ. ფართის ბინა ახალგარემონტებული იყიდა, მაგრამ როგორც ამბობს, მისი სტილი არ იყო, ყველაფერი დაანგრია და თავიდან შეუდგა საქმეს.

- რა სირთულეები შეგხვდათ რემონტის პროცესში და ხელოსნებში რამდენად გაგიმართლათ? რას ურჩევთ თქვენი გამოცდილებიდან
სხვა ადამიანებს?

- ხელოსნებში, რემონტის კუთხით, სამწუხაროდ, არ გამიმართლა და თითქმის ყველაფერში ჩემი ხელი ურევია, როგორც კედლების შეღებვაში, ისე სამზარეულოში პანელების გაკვრის ჩათვლით. ერთადერთი, ავეჯის ხელოსნებში გამიმართლა და ჩემი ჯადოსნური სამყაროს უმეტესი ნაწილის ავტორები ისინი არიან.


ყველაზე რთული იყო დრო! ზუსტად 1 თვე მქონდა, რომ გამერემონტებინა და ავეჯით მომეწყო 100 კვადრატული ბინა. ერთადერთი რჩევა ჩემი მხრიდან არის ის, რომ აუცილებლად რეკომენდაციით აიყვანონ ამა თუ იმ საქმის შესასრულებლად ხელოსანი.
კარგ ხელოსანს არასდროს არ სცალია, ეს არის ჩემი დევიზი ამიერიდან! (იღიმის)


- ვისი გემოვნებით არის ბინა მოწყობილი და რა კრიტერიუმების მიხედვით, გაითვალისწინეთ თუ არა ბოლოდროინდელი ტენდენციები?

- მთლიანი სახლის სტილი ჩემი გემოვნებით და ხედვითაა დაგეგმილი. მინდოდა, სახლი ყოფილიყო თბილი და ფერადი. გამოყენებული მაქვს საკმაოდ მკვეთრი ფერები, მაგრამ კედლები სადაა და აბალანსებს. მინდოდა, დაღლილი დღის ბოლოს შინ შემოსვლისთანავე სიხალასე დამხვედროდა.
თავიდანვე ვიცოდი, რომ 3 ტონალობა მექნებოდა ავეჯის კუთხით და რომ ვახმოვანებდი, ყველა სკეპტიკურად უყურებდა და ცდილობდნენ გადამეფიქრა. თუმცა მე ჩემს წარმოსახვაში ჩემი ოცნების სახლს ასეთ ფერებში ვხედავდი.

რაც შეეხება მოდას და ტენდენციებს, მგონი ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩემი წარმოსახვა და მოდა დაემთხვა ერთმანეთს. თუმცაღა ახლა გაცილებით სადა ინტერიერია ტრენდული. მე არ მიყვარს მოსაწყენი გარემო. მინდოდა, ჩემი სახლი ჩემი შინაგანი მე ყოფილიყო - ფერადი და ხალისიანი. შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ, თუმცა არ ველოდი, თუ ასეთ მოწონებას დაიმსახურებდა სხვა ადამიანების მხრიდან.


- რაც შეეხება თქვენს ჰობის - ავეჯის რესტავრაციას. თუ ხართ ამით ისევ დაკავებული და სახლში თუ გაქვთ თქვენ მიერ გაახლებული ავეჯი?

- ავეჯის რესტავრაციით ისევ დაკავებული ვარ და რასაკვირველია, შინაც მაქვს ჩემი გაკეთებული ნივთები. მაგალითისთვის - ჩემი სრული საძინებელი, ტვ-სადგამი და ინტერიერში განთავსებული ნახატები.


ირინას, როგორც რესტავრატორის ნამუშევრები იხილეთ სტატიაში:
"მსიამოვნებს, როდესაც უსიცოცხლო ნივთს ახალ სიცოცხლეს ვანიჭებ..." - ქართველი რესტავრატორი ქალის ნამუშევრები აუცილებლად მოგხიბლავთ

კომენტარები

ლალუკა 2023-03-30 10:02
ფული თუ გაქვს გააკეთებ აბა რა. მშვიდობაში მოიხმარე
Shoren 2023-02-20 22:25
ხარისხიც გადასარევია.... ვიყავი, მოვინახულე ვნახე საკუთარი თავლებით ☺️ ირა ღმერთმა 100 მაგი გაგაკეთებინოს კიდევ ????
რეალისტი 2023-01-14 18:03
კი გაარემონტე 1 თვეში მაგრამ ხარისხი?!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები