"მსიამოვნებს, როდესაც უსიცოცხლო ნივთს ახალ სიცოცხლეს ვანიჭებ..." - ქართველი რესტავრატორი ქალის ნამუშევრები აუცილებლად მოგხიბლავთ

ირინა შონია ერთ-ერთ კომპანიაში პროცესების განვითარების სპეციალისტია, თუმცა პანდემიის დროს ავეჯის განახლებით დაინტერესდა. უსახურ, ძველ ნივთებს ახალ სიცოცხლეს ჩუქნის. თავდაპირველად მეუღლის წინაპრების ნაქონი ავეჯი გააახლა. ხელობა ოჯახის წევრებმაც მოუწონეს. ძველი ავეჯისათვის ახალი სიცოცხლის მინიჭება მარტივი საქმე არ არის. ამ ყველაფერს დეტალური შესწავლა და საჭირო ხელსაწყოები სჭირდება. როგორ შეძლო, უმოკლეს დროში ავეჯის გაახლების ტექნიკას დაუფლებოდა და საკუთარი პატარა სახელოსნო შეექმნა, ამას ირინა თავად მოგითხრობთ.

- პატარა და მოსიყვარულე ოჯახში გავიზარდე. მამაჩემი დღემდე ხელოსანია და როდესაც დიდი ხნით მიდიოდა ობიექტზე თან მივყვებოდი. დროის გასვლის მიზნით ხან რითი მართობდა,
ხან რითი. ჩემი ჭკუით ვეხმარებოდი. ასე დაიბადა ხელსაქმის სიყვარული. პირველი კარანტინის დროს ყველამ რომ სოფელს შეაფარა თავი, არც ჩვენ აღმოვჩნდით გამონაკლისი. თუმცა სხვა თუ სერიალებს უყურებდა, მე მეუღლის პაპისეულ ავეჯს მივადექი და გადავწყვიტე, მისთვის ახალი სიცოცხლე მეჩუქებინა. თავიდან შიშველი ხელებით ვმუშაობდი და არანაირი ხელსაწყო არ მქონდა, გარდა ტელეფონისა, სადაც უამრავ ვიდეოგაკვეთილებს ვუყურებდი და შემდეგ რეალობაში ვიყენებდი.

- თანამედროვე ინტერიერში რამდენად ტრენდული და მოთხოვნადია განახლებული ავეჯი?
- ჩემი მიზანი მხოლოდ ძველისთვის ახალი სიცოცხლის ჩუქება იყო და ბიზნეს სლოგანიც ესეთი მაქვს New Life Art-Keep Old memories, ანუ ძველი მოგონებების შენარჩუნება. ბევრი შეკვეთა მოდის უკვე თანამედროვე ავეჯის აღდგენაზე, მაგრამ თავს ვიკავებ, რადგან ეს მხოლოდ ბიზნესი და თანხის გამომუშავება არ არის. მე საოცარ სიამოვნებას მანიჭებს, როდესაც უსიცოცხლო ნივთს ახალი იერსახე უბრუნდება, მით უმეტეს, როდესაც ნივთი უნიკალურია და წლების წინ მოდური და ტრენდული იყო.

- რა ეტაპებს გადიხართ, სანამ ავეჯი განახლებულ სახეს მიიღებს?
- ნივთი სახელოსნოში მოხვედრიდან მომხმარებელთან ჩაბარებამდე გადის აბსოლუტურ დამუშავებას ანტისეპტიკური საშუალებით, იშლება მაქსიმალურად ნაწილებად, რათა ზუმფარით მარტივად დამუშავდეს. ამის შემდეგ ხდება დაზიანებული ადგილების დამუშავება-აღდგენა, ბოლოს კი შეღებვა და გალაქვა. ყველა დეტალი წინასწარ არის შეთანხმებული დამკვეთთან და როგორც წესი, ნამუშევარს ბოლოს ნახულობენ.

- ყველა დეტალს საკუთარი ხელით ამუშავებთ თუ გყავთ დამხმარე?
- აბსოლუტურად ყველა ნივთს მხოლოდ მე ვამუშავებ, რადგან ეს არ არის ჩემთვის რთული. პირიქით, მე ამისგან სიამოვნებას ვიღებ. ყოფილა შემთხვევები, დღის ბოლოს ჩემი ძირითადი სამსახურიდან ძალიან დაღლილი გამოვსულვარ, მაგრამ პირდაპირ სახელოსნოში წავსულვარ და ფიზიკურად მიშრომია. ეს პირიქით, თერაპია უფროა ჩემთვის, ვიდრე ფიზიკური შრომა.

- როგორც შევნიშნე, ფერებთან მიმართებაში საკმაოდ თამამი ხართ... რომელია თქვენი საყვარელი პალიტრა?
- სიფერადე მიყვარს. ფერები არის ჩემი მუზა. აი, რომ შევხედავ ფერს, შემიძლია უცებ პროექტი წარმოვიდგინო და მხოლოდ მერე დავიწყო ავეჯის ყიდვაზე ფიქრი. ხშირად ვყიდულობ ძველ ავეჯს, ვუკეთებ რესტავრაციას, თავიდან ბოლომდე ჩემი გემოვნებით და მერე ვყიდი. როდესაც საჭესთან ვზივარ, ურნებთან ნელა გავდივარ, რადგან იქ ჩემთვის განძი შეიძლება იდოს. ჩემი საყვარელი ფერი მწვანეა.

- მოდის ტენდენციებს ეცნობით, თუ ყველაფერს თქვენი გემოვნებით და სურვილით აკეთებთ?
- ზოგადად ვეცნობი მოდის ტენდენციებს, მაგრამ მოგატყუებთ, რომ გითხრათ, ვითვალისწინებ-თქო. მე მირჩევნია ის ვაკეთო, რაც მიყვარს და რაც შიგნიდან მოდის. მოდა ხშირად იცვლება, ინდივიდი კი - არა.

- რემონტის, დიზაინის კუთხით თუ გაქვთ რაიმე სახის გამოცდილება?
- მე და ჩემმა მეუღლემ ჩვენი საკუთარი კერა 13-წლიანი თანაცხოვრების მერე სულ რაღაც ერთი თვეა რაც შევიძინეთ. ჩემს ბიზნესს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამ შენაძენში და აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ ყველაფერი ჩვენი ხელით გავაკეთოთ. ის არ იქნება ტენდენციებზე აწყობილი. მინდა ამ ინტერიერში გადმოვიტანო ჩემი პატარა შინაგანი სამყარო, უამრავი ფერით.

- როგორც ვიცი, სახელოსნო თქვენი გემოვნებით მოაწყეთ. რა სტილში დაგაწყვიტეთ, რას მიანიჭეთ უპირატესობა და როგორი დეკორაციებით გააფორმეთ?
- როდესაც შეკვეთას ვასრულებ ან ჩემს პირად ნივთს ვქმნი, იმისათვის რომ ადამიანებმა აღიქვან ნივთის სილამაზე და ფუნქციურობა, ვუქმნი ბუტაფორია ინტერიერს და ვუღებ ფოტოებს. ვინაიდან და რადგანაც სახელოსნო პატარაა და ასე კონკრეტულად ვერ ხერხდება ფოტოგადაღებისთვის ადგილის გამოყოფა, ყოველ ჯერზე კედლებს ვაახლებ. ვხატავ საკუთარი ხელით ან თვითონ ვქმნი ე.წ. შპალერებს. ამასწინათ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ფეისბუქზე ფეხსაცმლის ყუთებში ნაპოვნი ლამაზი ქაღალდებისგან შექმნილ ჩემს დეკორატიულ კედელს.

- ინტერიერში რამდენად მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული დეკორაცია?
- პირადად ჩემთვის სახლი ჩემი სარკეა. ეს ადგილია, სადაც ყველა ნივთს თავისი ფუნქცია, ისტორია და დატვირთვა აქვს. კედლები შეიძლება იყოს ერთფეროვანი და უღიმღამო, მაგრამ ნივთები თამაშობდეს დიდ როლს. მე არ მიყვარს მინიმალიზმი. ანუ ცარიელ სახლებს ახლა მინიმალიზმს ეძახიან, მე პირიქით ვარ, მიყვარს მოწყობილი კუთხეები პატარ-პატარა ნივთებით, რომლებსაც თავისი ისტორიები და მოგონებები აქვს, ასევე მიყვარს სუვენირები, რომლებსაც შეიძლება ფუნქცია არ აქვს, მაგრამ ინტერიერს ალამაზებს.

- ძველი ავეჯი ბევრს აქვს სახლში და ძალიან უნდა გაახლება, თუმცა გარკვული მიზეზების გამო ამას ვერ ახერხებს. როგორ უნდა მოიქცეს, რას ურჩევთ მათ?
- პირველ რიგში ვურჩევდი, რომ არ გადაყარონ და გაუფრთხილდენენ წინაპრების შენაძენს, წაიღონ აგარაკზე ან სხვენზე აიტანონ! რესტავრაცია ძვირი კი არა, შრომატევადია. არც ერთ მკერავს არ ურჩევნია კაბის გადაკეთება ახლის შეკერვას.
ხშირია შემთხვევები, ფასიც რომ არ მაქვს ნათქვამი, ისე მსაყვედურობენ პირად შეტყობინებაში, რა მეძვირეები ხართ რესტავრატორებიო. მყავს უამრავი გამომწერი, რომლებსაც ონლაინ დავეხმარე თანხის არქონის გამო და საკუთარი ძალებით გავაკეთებინე რესტავრაცია.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- უახლოეს მომავალში ვგეგმავ სახელოსნო გავაფართოო და მასტერკლასები ჩავატარო, რადგან ბევრი მსურველი გამოჩნდა და მოთხოვნადი გახდა ეს საქმე.













მერი ბლიაძე

კომენტარები

ირმა 2023-01-13 21:56
მე მაქვს ძველებური სტენკა,თუ გამიჩენთ გულისხმოერებას და მასწავლით რით გავაპრიალო,მახსოვს ჩემი ბებია სპეციალური ავეჯის საპრიალებელი ქონდა და იმით აპრიალებდა,გარდაიცვა და მე რაც ვიჰიდე არცეთი არ არის ისეთი რომ მომეწონოს,თან ამასთან ერთად გაუჩნდა პატარა ნახვრეტები და რომ არ გამრავლდეს რით შემიძლია რომ ამოვავსოო,წინასწარ დიდი მადლობა თუ დამეხმარებით ამ სიკეთის გაკეთებაში.
ირმა 2023-01-13 21:52
ნამდვილად საოცრად გაქვთ,ძველი ავეჯი გადაკეთებული და კარგ ფერებში შესრულებული,შესანიშნავია ყოჩაღ
ეკა 2023-01-13 11:58
ზე გემოვნება
დეა 2022-01-23 11:39
წარმატებები ...
ირინე 2022-01-21 10:10
საოცრად ნიჭიერი ხარტ, ლამაზ სამყაროში ცხოვრობთ, წარმატებებიიი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები