ქართველი დიზაინერი, რომლის ნამუშევრები მსოფლიო კატალოგშია და მის ლუქს-კლასის სამკაულებს ცნობილი ადამიანები ირგებენ

თამუნა ლეჟავა პროფესიით ფიზიკოსია, თუმცა ეს წლების წინ იყო. საკუთარი პროფესიით ცოტა ხანი იმუშავა, დღეს კი საქართველოს დიზაინერთა კავშირის წევრი და სამკაულების წარმატებული დიზაინერია. მარჯანი, მარგალიტი, სვაროვსკის კრისტალი, ფერადი ბისერები -სწორედ ამ თვალისმომჭრელი სილამაზის მქონე თვლებით თამუნა რთულ და დახვეწილი ორნამენტების მქონე სამკაულს ქმნის. მას ყველაზე მნიშვნელოვანი და რეზონანსული წარმატება 2012 წელს ჰქონდა, როდესაც მის მიერ წარდგენილი ოთხივე სამკაული მოხვდა მსოფლიო კატალოგში, აშშ-ში ჟურნალ SHOWCASE 500 BEADED JEWELRY-ში. წარმოუდგენელი ფაქტია, ერთი არტისტის ოთხივე ნამუშევარი მოხვდეს ამ კატალოგში. გარდა ამისა, ყელსაბამი 1001

NIGHTS ავტორებმა მიიჩნიეს ერთ-ერთ საუკეთესო მოდელად მთელ კატალოგში. ეს სამკაული იყო ანუკი არეშიძის პერსონალური დაკვეთით შესრულებული. 2013 და 2015 წლებში საერთაშორისო კონკურსზე BEAD DREAMS (აშშ) ორჯერ გახდა ფინალისტი. აქ მოხვედრა შვიდ საუკეთესოს შორის ბევრი ხელოვანის აუხდენელი ოცნებაა. ამას მოჰყვა ძალიან ბევრი წარმატება, თითოეულ მათგანზე საუბარი შორს წაგვიყვანს...


– ბავშვობაში ზაფხულობით ბებიასთან ერთად თიანეთში ვისვენებდი. ძალიან უჭმელი ბავშვი ვიყავი. ბებია სულ კოვზით დამდევდა, რომ რამე შემეჭამა. ერთხელ სეირნობის დროს სოფლის დიდ მაღაზიასთან მოვხვდით. ბებო მაღაზიაში შევიდა და მეც შევყევი. დავინახეთ ულამაზესი ჩეხური მძივების სექცია. იქ მოხდა ჩემი აღფრთოვანება და გარდასახვა. ეს ბებიას შეუმჩნეველი არ დარჩენია და მკითხა, მძივები რომ გიყიდო, საჭმელს შეჭამო? რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ბებიამ მიყიდა მძივები. ასე ყიდულობდა ყოველდღე ბისერებს ჭამის სანაცვლოდ. სამი კვირის თავზე ბისერებით სავსე მთელი ყუთი ჩამოვიტანე თბილისში. დაახლოებით 15 წლის წინ, როცა დავიწყე სამკაულების გაკეთება, თბილისში მასალის შოვნა ძალიან ჭირდა, ფაქტობრივად არაფერი არ იშოვებოდა. უეცრად აღმოვაჩინე, რომ სახლში ძალიან დიდი სიმდიდრე მქონდა - ყუთი სავსე ძალიან სერიოზული, ხარისხიანი მასალით. პირველი პერსონალური გამოფენა 2007 წელს გავაკეთე. სწორედ ამ მძივებით შექმნილი სამკაულები მქონდა წარმოდგენილი გამოფენაზე.


– როგორ მიაგენით თქვენს მიმართულებას სამკაულების დიზაინში? როგორ მიხვდით, რომ ეს იყო საქმე, რომელიც გინდოდათ, მთელი ცხოვრება გეკეთებინათ?
– ამ შეკითხვაზე მარტივად პასუხის გაცემა ასე შეიძლება – ეს არის სფერო, სადაც შემიძლია საკუთარი შესაძლებლობების 100%-ის რეალიზება. ეს სერიოზული მოტივაციაა ნებისმიერი ადამიანისათვის. შესაბამისად ამან განსაზღვრა ჩემი არჩევანიც. ამის გაცნობიერება მოვიდა მაშინვე, როგორც კი პირველი სამკაული გავაკეთე ბისერის ბაზაზე. მას მერე აზრი არ შემცვლია.

– შეგიძლიათ გაიხსენოთ პირველი სერიოზული ნამუშევარი?

- პირველი სერიოზული ნამუშევარი იყო პირველი მცდელობა გამეკეთებინა სივრცითი სამკაული, შედეგი იმდენად კარგი გამოვიდა, რომ ეს სამკაული გახდა ჩემი 2009 წლის პერსონალური გამოფენის ერთგვარი სიმბოლოც. მისი ფოტო განთავსდა მოსაწვევებზე და სარეკლამო პლაკატებზე. შესაბამისად ეს სამკაული იქცა სრულიად ახალი, განსაკუთრებული ეტაპის სიმბოლოდ ჩემს შემოქმედებაში.


- ძალიან წარმატებული ხართ არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. არასოდეს გიფიქრიათ, რომ ბევრად უფრო პერსპექტიულ და წარმატებულ ქვეყანაში წასულიყავით საცხოვრებლად?
– დიახ, ბევრჯერ მიფიქრია, მეტიც, ზოგჯერ მინანია კიდეც, რომ ადრე არ წავსულვარ საქართველოდან. მოგეხსენებათ, ჩემი მოღვაწეობის სფერო არის მაღალი მოდის ერთ-ერთი მიმართულება, შესაბამისად განეკუთვნება მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე საზოგადოების ინტერესს. საქართველო ამ მხრივ ძალიან მძიმე სიტუაციაშია. სამკაულები, რომლებსაც მე ვქმნი, ეს არ არის უბრალო ჰენდმეიდი, რომელიც დღეში ათობით კეთდება. ეს არის ლუქს კლასის საავტორო სამკაულები, თითოეულის შექმნას 1-დან 4 კვირამდე დრო მიაქვს, დღეში 7-8 საათი, მოითხოვს უამრავი ტექნიკის თუ ნიუანსის ცოდნას და დიდ გამოცდილებას, შესაბამისად მათი ფასი საკმაოდ მაღალია. საქართველოდან წასვლის სურვილიც, რა თქმა უნდა, სწორედ ამაში იმალება – საზოგადოების მატერიალურ მდგომარეობაში და არა იმაში, რომ ვთქვათ აქ ხალხი გემოვნების დეფიციტს განიცდიდეს ან არჩევანში იყოს შეზღუდული. შემოთავაზებები იყო და არის, განსაკუთრებით აქტუალურია სასწავლო პროგრამების მოთხოვნის თვალსაზრისით, დასავლეთის ქვეყნებში არის უდიდესი დაინტერესება ამ სფეროთი, იქ არსებობს დიდი ტრადიციები და საფუძველი იმისა, რომ ხელოვანი განვითარდეს და თავის მხატვრულ-შემოქმედებით ფანტაზიებს ხორცი შეასხას. ამ მხრივ ლიდერი ქვეყნებია გერმანია, იტალია, საფრანგეთი და, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები. მუდმივად იმართება სხვადასხვა ფორმატის ფორუმები, გამოფენები, ექსპოზიციები და ამ ფორმატებს ახლავს მასტერკლასები თუ ვორკშოფები. მათი ჩატარების შემოთავაზებები მომდის მუდმივად. ალბათ ღირს ამაზე სერიოზულად დაფიქრება ჩემთვის.


– არაერთხელ გამხდარხართ პლაგიატების მსხვერპლი. როგორ აღმოაჩინეთ ეს შემთხვევები და რა ზომებს მიმართეთ?
– იყო რამდენიმე შემთხვევა პლაგიატის გამოვლინების. ყველაზე თვალსაჩინო მაინც იყო 2012 წლის ფაქტი, როდესაც სტამბოლის ექსპოზე მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა პირველი ადგილი აიღო ჩემი სამკაულის ასლით. ჩემმა თურქმა კოლეგებმა ფეისბუქის გერდზე დამიდეს სამოყვარულო ფოტო დაჯილდოების კადრებით. სწორედ მათ შემატყობინეს, რომ მსგავსი რამ მოხდა. გაკვირვებული ვარ, 21-ე საუკუნეში, სმარტფონის ეპოქაში, როდესაც ყოველი ჩვენგანი, ფოტოგრაფი, ჟურნალისტი და კორესპონდენტი ერთდროულად ვადევნებთ თვალყურს თითოეულ მოვლენას, ხალხი რის იმედად კადრულობს ასეთ საქციელს? რა თქმა უნდა, გავაპროტესტე, წერილები მიუვიდათ ამ ფორუმის ორგანიზატორებს, კონკურსის კომისიის თავმჯდომარეს და კულტურის სამინისტროს. საბოლოოდ იმ მონაწილეს ჩამოერთვა მინიჭებული ადგილი. დღეს სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ფასეული არის იდეა. როდესაც არის იდეის დეფიციტი, იქ იწყება პლაგიატიც, ვერ ხდება საინტერესო იდეების გენერირება და შესაბამისად ვიღაც "არტისტები" იწყებენ სხვისი ინტელექტუალური საკუთრების მითვისებას. მაგრამ ერთია შენ ვიღაცის კოპირება დაიწყო და შემდეგ ამ ნაკეთობების რეალიზაცია (რასაც ვერავინ რეალურად ვერ გააკონტროლებს) და მეორეა გეყოს თავხედობა საერთაშორისო კონკურსზე გაიტანო სხვისი იდეა, როგორც საკუთარი. ბოლოს და ბოლოს ინტერნეტის ეპოქაში ამის კეთება არის უბრალოდ იდიოტიზმი ან სრული უსინდისობა. რა უნდა ვუთხრა ასეთ ხალხს? ნემსის, აქლემის და სხვისი იდეის ქურდი ერთი და იგივეა. მანდ ხელოვნებაზე ლაპარაკიც აღარაა.


– გაქვთ სამკაული, რომელსაც არასოდეს გაყიდით?
- რა თქმა უნდა, არის ასეთი სამკაული, მასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის მსოფლიო კატალოგში "500 Beaded Jewelry" მოხვდა ჩემს 3 სხვა სამკაულთან ერთად, არამედ იმიტომ, რომ ჩემი აზრით გამორჩეულად საინტერესო ნამუშევარია. თანაც ნატურალური მარჯანი (ტოტის სახით ) ძალიან მიყვარს როგორც მასალა, ასევე მიყვარს მასთან მუშაობა, რადგან უჩვეულო და სიურრეალისტური სამკაულების შესაქმნელად საუცხოო მასალაა.


– სამკაულის გარდა ბისერებით რა ნივთებს აკეთებთ?
- სამკაულების გარდა ვაკეთებ ხელჩანთებს და ქამრებს, თუმცა სამკაულები რჩება ჩემს დიდ გატაცებად.

– უახლოეს მომავალში პერსონალურ გამოფენას ხომ არ გეგმავთ?
– უახლოეს მომავალში ნამდვილად ვგეგმავ პერსონალური გამოფენის მოწყობას. ამ დღეებში მივიღებ გადაწყვეტილებას, თუ რომელ საგამოფენო სივრცეში იქნება უკეთესი ვერნისაჟის მოწყობა. 2010 წელს მქონდა ბოლოს პერსონალური გამოფენა, მას მერე ვიღებდი მონაწილეობას შერეულ გამოფენებში და მოდის კვირეულების აქსესუარების გამოფენებზე. ვფიქრობ, დადგა დრო კვლავ გავაკეთო პერსონალური გამოფენა.

მერი ბლიაძე

კომენტარები

dali 2023-09-20 00:12
ეს გოგო , ძალიან რომ მიყვარს, არა მხოლოდ სამკაულების დედოფალია, არის საოცრად თბილი და მეგობრული მოყვრისთვის და მტრისთვის - მტრისას!!! :))))) გარდა ხელოვანისა , არის ერუდირებული საოცრად .. გისურვებ ულევ წარმატებებს მეგობარო!
lika 2019-04-17 19:15
saswaulia-saswaulta shoris
lika 2019-04-17 19:14
saswaulia-saswaulta shoris..
ნინო მელივა 2018-09-11 18:00
ტამო წარმატებები მიყვარხარ
ვანდა 2017-11-11 11:54
ულამაზესია. ნამდვილი ხელოვნების ნიმუშებია. ვტკბები მათი ყურებით.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები