"ჩემთან ახლა ძალიან ხშირად მოდიან უცხოელები და აღფრთოვანებას ვერ მალავენ. მახსოვს, იტალიელი რომ მოვიდა, შეხედა ნამუშევრებს და - "მამამია"-ო, წამოიძახა... იტალია ხელოვნების სამშობლოა და იქაური ადამიანი შენი შემოქმედებით განაცვიფრო, ეს განსაკუთრებულად სასიხარულო მგონია"... - ამბობს ახმეტაში მცხოვრები – დავით ბუჩუკური. იგი კენჭებისა და ქვებისგან საოცრებებს ქმნის, რომლის შესახებაც თავად გვესაუბრა.
- ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც 20 წლის ვიყავი და მდინარეზე კენჭი ვიპოვე. ბავშვები მყავდა საბანაოდ, კენჭი დავინახე, ძალიან მომეწონა
- ოჯახის წევრებს თუ მოსწონდათ, რასაც ქმნიდით?
- თავიდან ვერ ხვდებოდნენ, რას ვაკეთებდი. რამდენიმე კენჭს რომ მიაკრავ კედელზე, ვინ რა უნდა გაიგოს, რა გამოვა?! რამდენიმე წელი სერიოზული პრობლემები მქონდა და გაუგებარი იყო ჩემ ირგვლივ მყოფი ადამიანებისთვის ყველაფერი! ერთი დედა იყო, რომელმაც მითხრა, მე შენი მჯერა, ასე გააგრძელეო...
- შემდეგ არ გაუჩნდათ სურვილი, სხვაგანაც გაგეკეთებინათ იგივე?
- დიახ! ახლაც ჩემს ახლობელთან ვმუშაობ! ვალამაზებ ჩემს ქალაქს და ჩემი ოცნებაა, ჩემი ქალაქი კიდევ უფრო ლამაზი გავხადო, რაც კი შეიძლება, ჩემი ხელით შევქმნა! ხელოვნების სკოლაში ბაღი მოვაწყვე, ფოტოებზე რომ ჩანს სოკოები - ეს ხელოვნების სკოლაშია გადაღებული... ახლა და ახლა ჩნდება ინტერესი...
- თქვენი საქმე კომერციად აქციეთ?
- დიახ! "არაჩვეულებრივი გამოფენა" რომ არის ფილმი, იმ როლში ვარ მეც... ძალიან შრომატევადი სამუშაოა და ფასიც ნამუშევრის მიხედვით არის. სურათებიც მაქვს კენჭებისგან შექმნილი, მაგალითად ჩემს სახლში ფიროსმანის ნახატი. საიდანაც შეკვეთა იქნება, მათ ჩემი შეხედულებებიც უნდა გაიზიარონ.
- სად პოულობთ ამდენ კენჭებსა და ქვებს?
- ჩემთვის აღარ არის ძნელი კენჭების პოვნა. ძირითადად ახმეტაშივე ვპოულობ, მაგრამ თუ რამ განსაკუთრებული დამჭირდა, შეიძლება ზღვაზე ჩავიდე. ყოველ წელს მთაში ვმოგზაურობ და შეძლებისდაგვარად იქიდანაც მომაქვს...
- რას ურჩევდით ადამიანებს, მინიმალური დანახარჯით რომ შექმნან ასეთი სილამაზე?
- ღმერთმა მისცა და ყველა ადამიანშია სილამაზის შეგრძნება! ვისაც რა შეუძლია, ის უნდა გააკეთოს! არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც ის გააკეთონ, რასაც მე ვაკეთებ! მე ხომ იგივეს არ ვაკეთებ, რასაც სხვა?! ადამიანმა თავის გულში უნდა მოძებნოს სიამაზე, რისი გამოხატვაც შეუძლია!
მანანა გაბრიჭიძე
კომენტარები