ახალგაზრდა ცოლ-ქმრის მიერ პანდემიის დროს შექმნილი ზღაპრული სამყარო - მინიატურული ქალაქი, რომელიც აღგაფრთოვანებთ

საოცარი სამყარო, ზღაპრული ქალაქის ამბები, რომელზეც დღეს უნდა მოგიყვეთ, პანდემიის დროს შეიქმნა. მე-4 რაიონი, ადამიანების წარმოსახვაში არსებული, იდეალური სამყაროს მეტაფორაა, რომელიც საოცარმა ცოლ-ქმარმა პაატა დათუნაშვილმა და ანა მელიქიძემ შექმნეს. მე-4 რაიონის ამბები მინი-სერიალია, რომლის სცენარის ავტორი ანა გახლავთ. აქ მოისმენთ ამბებს უტოპიურ სამყაროზე, იქ მცხოვრებ ადამიანებსა და მათ ისტორიებზე. მთავარი მოქმედი პესრონაჟი დომენიკოა და სწორედ ის მოგვითხრობს ქალაქის მკვიდრთა შესახებ.

- გაეცანით ჩვენს მკითხველს...

პაატა:

- პროფესიით ჟურნალისტი და მსახიობი ვარ. მაკეტების შექმნა ბავშვობიდან მიტაცებდა.

ანა:
- პროფესიით რეჟისორი ვარ,
ასევე გახლავართ ტელე-რადიო ჟურნალისტი. ბავშვობიდან შეპყრობილი ვარ კინომანიით. მიტაცებს ლიტერატურა. ვმუშაობ პატარ-პატარა სცენარებზე. ძალიან მიყვარს მოგზაურობა, სხვადასხვა ქვეყნისა და ქალაქის გაცნობა, რაც ყველაზე დიდი ინსპირაციის საშუალებაა ჩემთვის.

- ერთმანეთი როდის გაიცანით?

პაატა:

- ერთმანეთი გავიცანით 2016 წელს, ერთ-ერთ ტელევიზიაში, სადაც მე გახლდით საინფორმაციო გამოშვების წამყვანი. ანა მაშინ იყო სატელევიზიო გადაცემის რეჟისორი. ბევრი საერთო ინტერესი გვქონდა და არ გაგვჭირვებია სართო ენის გამონახვა. გავაერთიანეთ ჩვენი პროფესიები, ცოდნა, ჰობები და ასე მოხდა ამ პროექტის მომწიფებაც.

- როგორ მოვიდა იდეა და რამდენი ხანი დასჭირდა მის რეალიზებას?

- როგორც გითხარით, მაკეტის დამზადება იყო ჩემი ჰობი, რომლითაც 15 წელია დაინტერესებული ვარ. დღემდე „სახლურად“ ვაკეთებდი, როცა თავისუფალი დრო მქონდა, მაკეტების შექმნით ვიყავი დაკავებული. სხვადასხვა ტექნოლოგიით ვქმნიდი მაკეტებს, ვატარებდი ექსპერიმენტებს და ასე ვხვეწდი ჩემს ნამუშევრებს, ვზრდიდი მასშტაბებს.

ანა:
- მე და პაატა რაც ერთად ვართ, სულ ვფიქრობდით, რომ შეგვექმნა მაკეტი. ეს არ არის ჩვენი პირველი საერთო მაკეტი. აქამდეც გვქონდა საკმაოდ დიდი მოცულობის მქონე მაკეტი, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ კიდევ უფრო მეტად გაგვეზარდა მასშტაბები და ძალიან მიახლოებული ყოფილიყო რეალისტურ სამყაროსთან. როდესაც დაიწყო პანდემია, ანუ მარტის თვიდან იწყება ჩვენი მაკეტის შექმნის პროცესი. მთელი ეს პანდემია და ჩაკეტილობა მივუძღვენით ამ საქმეს. ეს იმდენად შრომატევადი საქმეა სხვა შემთხვევაში გაგვიჭირდებოდა ამხელა დრო დაგვეთმო და ასე დეტალურად გაგვეკეთებინა ყველაფერი.

პაატა:
- მე-4 რაიონის ამბების მაკეტში, რაც სერიებად არის წარმოდგენილი, გამოყენებული იყო საკოლექციო მასალები, რომელიც შეძენილი მაქვს იტალიაში, გერმანიაში. გვაქვს ამერიკული მასალებიც. ეს რაც შეეხება საკოლექციო მასალებს, დანარჩენი ხის ნაკეთობები ჩემით გავაკეთე. ამავდროულად ვიყენებ რელიეფისთვის წებო-ცემენტს, სხვადასხვა დეკორაციებს და ა.შ. რელიეფის შემდეგ იღებება პიგმენტებით, საღებავებით, რომელზეც უკვე ზემოდან დეკორაციასაც ვაკეთებთ.

- ყოველთვის თანხმდებით, თუ ხშირად კამათობთ საქმის ირგვლივ? რამდენად ემთხვევა თქვენი გემოვნება და იდეები ერთმანეთს?

პაატა:
- საქმის ირგვლივ არასოდეს გვიკამათია. იმდენად თანხვედრაშია ჩვენი ინტერესები, გემოვნება და პროექტის თითოეული დეტალი იმდენად მისაღებია ორივესთვის, რომ ცალსახად შემიძლია ვთქვა, არანაირ კამათს არ ჰქონია ადგილი.

ანა:
- ორივეს ძალიან ინდივიდუალური გემოვნება გვაქვს, მაგრამ ამავე დროს იმდენი საერთო ინტერესი გაგვაჩნია, ძალიან მარტივად მივდივართ კონსესუსამდე. ზოგჯერ არის აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ეს არასოდეს იწვევს კამათს და საერთო აზრის ჩამოყალიბებაში არასოდეს გვიშლის ხელს. პირიქით, უფრო მეტ სიცოცხლეს სძენს ჩვენს საბოლოო შედეგს. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ სრული ჰარმონია გვაქვს.

- რომელი ქალაქის ანალოგი შექმნეთი და რა მოვლენები ვითარდება მე-4 რაიონში?

პაატა:
- მე-4 რაიონი არც ერთი ქალაქის ანალოგი არ გახლავთ. ეს არის ჩემს თავში დაბადებული პროექტი, რომელიც ყოველდღიურად, ეტაპობრივად იგეგმებოდა, იქმნებოდა. უბრალოდ, საკოლექციო მასალიდან, შენობებიდან, მატარებლებიდან და სხვა დეტალებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ითქვას, რომ მაკეტი აწყობილია გერმანულ-ავსტრიულ სტილში.

ანა:
- მაკეტის შექმნის პროცესში მომივიდა იდეა, რომ ის, რასაც ჩვენ ვქმნით, გაგვეზიარებინა სხვა ადამიანებისთვისაც და მხოლოდ ჩვენთვის არ ყოფილიყო. მოვიფიქრე, რომ შემექმნა პატარ-პატარა ნოველები, სადაც ქალაქის გმირები გაცოცხლდებოდნენ. სწორედ ამაზეა მე-4 რაიონის ამბები. ის მოგვითხრობს ჩვენი ქალაქის მკვიდრთა შესახებ. არის ერთი მთავარი გმირი- დომენიკო, რომლის ხაზსაც მიყვება მთელი ჩვენი ქალაქის ისტორია. შემდეგ უკვე ცოცხლდება სხვადასხვა პერსონაჟი, სხვადასხვა ამბავი. ვნახოთ, რა დასასრულამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი.

- რატომ მე-4 რაიონი? რამე დატვირთვა აქვს ამ ციფრს?

პაატა:
- ოთხიანთან ჩემი დამოკიდებულება მაქვს. ბავშვობიდან ვარ შეყვარებული ამ ციფრზე. შესაბამისად ბევრი არც მიფიქრია და დავარქვით მე-4 რაიონის ამბები. მეორე მიზეზია ის, რომ ოთხიანი სტაბილური ცხოვრების რიცხვად არის მიჩნეული და სწორედ ამ დატვირთვას ატარებს ჩვენი მაკეტიც.

- ამ ეტაპზეც აგრძელებთ მუშაობას, დეტალების დამატებას?

პაატა:
- ამ ეტაპზეც ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენი რესურსებით და სახსრებით. ვამატებთ გარკვეულ უბნებს, ადგილებს. ახალი ადგილების დამატების მიზნით კიდევ ვქმნით ცალკე ზამთრის დიორამას, სხვა უბანს და ა.შ. ახლაც მუშაობის პროცესში ვართ.

ანა:
- ეს ყველაფერი კეთდება სახლის პირობებში, მხოლოდ ჩვენი ხელით. გვეხმარება სასწაული ადამიანი, მომღერალი და კომპოზიტორი გიორგი დათიაშვილი, რომელმაც ჩვენი მე-4 რაიონისთვის შექმნა საოცარი კომპოზიცია. მაყურებლები აქტიურად გვთხოვენ, რომ ვუთხრათ სად დევს მუსიკა, რომ მოუსმინონ. ასევე გვეხმარება უნიჭიერესი ადამიანი თეოლიკა ნუცუბიძე, რომელიც გვეხმარება მონტაჟში. გვერდში გვიდგას ფოტოგრაფი თამუნა ტაბატაძე. ეს ადამიანები არიან ჩვენი მეგობრები და მათთან ერთად სრულიად უსასყიდლოდ, ენთუზიაზმით იქმნება ეს პროექტი. სხვა მოტივი ჩვენ არ გაგვაჩნია.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

პაატა:
- გვინდა, რომ ეს პროექტი არ შეჩერდეს, რისთვისაც კვლავ ვაგრძელებთ მუშაობას. გვინდა, რომ დიდ მასშტაბებზე გადავიდეს, არ იყოს მხოლოდ სახლური და მხოლოდ ენთუზიაზმით შექმნილი. გვსურს, რომ გაიზარდოს და ბევრად უფრო პროფესიონალურად მიეცეს განვითარება. რაც შეეხება გადაღების მომენტს, მივიჩნევთ, რომ შესაძლებელია ბევრად უფრო კარგად შესრულდეს. დანარჩენს ვთვლით, რომ საკმაოდ მყარი და ძალიან ძლიერი მხარეები აქვს.

ანა:
- ჩვენი სურვილია, რომ ჩვენი ხმა ბევრ ადამიანს მივაწვდინოთ. იქიდან გამომდინარე, რომ ეს პროექტი თავისი არსით არის უნიკალური და მართლა ვერსად ვერ შეხვდებით მსგავს პროექტს, გვინდა, რომ უფრო მეტად გავიზარდოთ და ამისთვის საკმაოდ დიდი დრო და თანხებია საჭირო. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ამ ეტაპისთვის ჩვენი რესურსით. თუმცა გვინდა, რომ ბევრ საინტერესო ადამიანთან დავამყაროთ თანამშრომლობა. თუ ჩვენი ხმა მიწვდება ამ ადამიანებს და ჩვენთან დაიწყებენ საინტერესო თანამშრომლობას, ძალიან მოხარული ვიქნებით. ჩვენ გახსნილები ვართ ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.





მერი ბლიაძე

კომენტარები

უტა 2023-12-13 23:17
გამარჯობათ მსგავსი პროექტი მაქვს და თქვენი დახმარება მჭირდება თუშეიძლება დამიკავშირდით 597004440
ხათუნა ჭოლოკავა 2022-12-10 12:14
ნიმერი მობილურის მინდა თქვენი და სად შეიძლებაცთქვენი ნახვა
ხათუნა ჭოლოკავა 2022-12-10 12:13
მომწერეთ თქვენი ნომერი და ასევე facebook -ქი.
ლია 2020-12-12 13:33
ბრავო! წარმატებები!

კომენტარის დამატება