მხატვარ ეკა ხუნწარიას აბრეშუმის სამყარო

...სანამ ცარიელი სივრცე - თეთრი აბრეშუმი, სხვადასხვა კომპოზიციით „შეივსება“ და დასრულებულ სახეს მიიღებს, გრძელ და რთულ გზას გადის.
თითოეული ნივთი რამდენადაც შთამბეჭდავი სანახავია, იმდენად შრომატევადია მათი შექმნის პროცესი. მათ ავტორს ისე უყვარს თავისი საქმე, ალბათ ამ ტექნიკურ სირთულეებზე ვრცლად ლაპარაკი არც ღირს. მხატვარი ეკა ხუნწარია იმ აბრეშუმის სამყაროში გვმასპინძლობს, სადაც მისი ნამუშევრების დიდი ნაწილია თავმოყრილი...


პირველი ნაბიჯები და აბრეშუმი

ბავშვობიდან ხატავდა. სამხატვრო აკადემიაში გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტზე სწავლობდა, მაგრამ პარალელურად ფერწერაშიც მუშაობდა. აკადემიის დასრულების შემდეგ მიხვდა, რომ მთელი დღის კომპიუტერთან გატარება
მასთან ახლო არ იყო, ამიტომ გაცილებით ფერადი, თავისუფალი გზა და „გამოსავალი“ იპოვა:

- 1994 წელს ხუთმა მეგობარმა ვიპოვეთ სივრცე, სადაც სხვადასხვა მასალითა და ტექნიკით ვმუშაობდით. ამ სახელოსნოში დიდი დრო დავუთმე ბატიკის ტექნიკის შესწავლას. მოგეხსენებათ, რა რთული წლები იყო, ქალაქში ტრანსპორტი არ მოძრაობდა, ფეხით დავდიოდი სახლიდან სახელოსნომდე და პირიქით. დიდი ენთუზიაზმითა და სიყვარულით ვაკეთებდით ჩვენს საყვარელ საქმეს. ერთად 2016 წლამდე ვმუშაობდით, მერე თითოეულმა სხვადასხვა გზით და მიმართულებით გავაგრძელეთ ჩვენ-ჩვენი საქმე.


აბრეშუმზე ხატვის ტექნიკით მანამდე დავინტერესდი და სულ ვცდილობდი, ამ საქმეში ჩემი შტრიხები შემეტანა. ბოლო რამდენიმე წელია ბატიკის ტექნიკით აღარ ვმუშაობ. ახლა, როგორც მხატვარი ტილოზე, ისე ვხატავ აბრეშუმზე - ესაა ფერწერა აბრეშუმზე. თითოეული ნამუშევრის შესაქმნელად მაქსიმალურად ვიხარჯები და ვცდილობ, ისინი სრულყოფილებამდე მივიყვანო. ერთი შეხედვით, აბრეშუმი ფაქიზი მასალაა, თუმცა, ამავდროულად, ძალიან მდგრადი - საუკუნეებს უძლებს. მას ბევრი უნიკალური თვისება აქვს. მაგალითად, მტვერს არ იკრავს. ამის ნათელი მაგალითი აზიის და ევროპის ქვეყნების სასახლეებია, სადაც ხშირად შეხვდებით აბრეშუმის შპალერს.

მუშაობის პროცესი

...თითოეულ ნახატზე ბოლომდე ვიხარჯები და მუდმივად გადაღლილი ვარ, მაგრამ ხატვის პროცესი დიდ სიამოვნებას მანიჭებს. დასვენება არ ვიცი. თავს ყველაზე ბედნიერად ხატვის დროს ვგრძნობ. მიყვარს „მსუყე“ და თბილი ფერები. წინასწარ იშვიათად ვქმნი ესკიზს, მაგრამ გონებაში ყოველთვის მაქვს საერთო მონახაზი, თუ რა უნდა გავაკეთო სამომავლოდ. ხატვას საღამოს ვიწყებ და გვიან ღამემდე ვმუშაობ. მუშაობაში თავზე დამთენებია კიდეც. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სიმშვიდე და ალბათ დღის მეორე ნახევარი საამისოდ შესაფერისი დროა. თუ არ ვმუშაობ, თავს ცუდად ვგრძნობ.

ყველაზე ხშირად...

...ყველაზე ხშირად მინდვრის ყვავილებს ვხატავ. ციმციმა ჩემი უსაყვარლესი ყვავილია. სეზონი არ არსებობს ამ ყვავილების დიდი თაიგულები არ ვიყიდო და ლარნაკში არ მოვათავსო. თან მათი ხატვაც მსიამოვნებს. მიყვარს ბროწეულის ფორმებით „თამაში“ და მუდმივად ფერის ძიება. დამიხატავს „ბინდისფერი ბროწეულები“, „ცისფერი ბროწეულები“, „შემოდგომის ბროწეულები“ და ა.შ.


ნახატი და პანო სივრცეში
...ვფიქრობ, პანო ინტერიერში სიმყუდროვის განცდას ქმნის. ისევე, როგორც ხალიჩა, ფარდაგი და ზოგადად ქსოვილი - მას განსაკუთრებული სითბო შემოაქვს სივრცეში.
პანო ყველა ტიპის სივრცეს უხდება: მისაღებს, სასადილოს და. ა.შ., თუმცა გააჩნია ინტერიერს. მინიატიურული ნივთები მომწონს და დიდი ზომის პანოების გარდა, ხის ჩარჩოებში აბრეშუმის პატარა კომპოზიციები მოვათავსე.


შინ ყველა ნახატს შესაფერისი ადგილი უნდა მოუძებნო. არ მომწონს, როცა ბევრი ნახატი კედელზე ერთად კიდია, რასაც ხშირად ვხვდებით ხოლმე სახლებსა თუ ბინებში. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ინტერიერში ნახატისა და ნივთის გადანაწილების პროცესს და ამას ჩემს სახლშიც დიდ დროს ვუთმობ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი პედანტურად დალაგებული უნდა იყოს, უბრალოდ, ყველა ნახატმა და ნივთმა თავისი ადგილი უნდა იპოვოს და სივრცე არ უნდა იყოს გადატვირთული. ერთხელ, ერთ-ერთი ელჩის ოჯახში სპეციალურად მთხოვეს მისვლა, რომ ნახატების კედლებზე განსათავსებლად დავხმარებოდი. და ვფიქრობ, ასეთი მიდგომა სწორია.





ინტერიერი
...შერეული სტილი მომწონს - თანამედროვე სახლი ძველი ნივთებით. ვფიქრობ, ეკლექტიკა ლამაზია. სახელოსნოშიც რამდენიმე ასეთი ძველი და რესტავრირებული ნივთი მაქვს. ერთი საკერავი მანქანის „ზინგერის“ ფეხებზე დამზადებული მაგიდაა. ასევე სარკე - ძველი კარის დეტალისგან. მაქვს მაგიდა, რომელიც რესტავრირებულია და ბორდოსფრად არის შეღებილი. ამ მაგიდას სხვა ფერი რომ ჰქონოდა, შეიძლება ყურადღება არც მიმექცია, მაგრამ ბორდოსფერი მიყვარს და მას ხშირად ვიყენებ ჩემს ნამუშევრებშიც. საერთოდ, ჩემთვის ფერს უდიდესი მნიშვნელობა აქვს...

ანა კალანდაძე

კომენტარის დამატება