ლევან სამარგულიანი პროფესიით არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერია. მისი ხედვა განსხვავებული, იდეები კი საკმაოდ ორიგინალურია. როცა ინტერიერზე მუშაობს, შესაძლოა საკმაოდ არაორდინარული და ერთი შეხედვით შეუძლებელი იდეები დაებადოს, თუმცა მისთვის შეუძლებელი ნამდვილად არაფერია. მის სახლში, მისაღებ ოთახში შეხვდებით, მაგალითად UB-32A საბჭოთა წარმოების, უმართავ რაკეტმტყორცნ დანადგარს, რომელიც დეკორაციის ფუნქციას ასრულებს.
მის მიერ აგებულ კოტეჯს, მისივე ინტერიერით, "რემონტის" ჯგუფში შევხვდით, სადაც ხალხის დიდი აღტაცება გამოიწვია.
- საქართველოს ტექნიკური უჯივერსიტეტი დავამთავრე. სხვათა შორის, სტუდენტობის დროს Shin.ge-ს სტატიებს ხშირად ვკითხულობდი და ვიყენებდი. ქართულ ენაზე მწირი იყო ინფორმაცია დიზაინისა და არქიტექტურის შესახებ. გარდა პროექტზე 3D-ში მუშაობისა, ვცდილობ მის
ამ ყველაფრის შემდეგ მაინც ვიტოვებ დროს Off-road-ისთვის - ავტოსპორტისთვის, მაღალი გამავლობის ავტომობილების მონაწილეობით. დღის ბოლოს ან უქმეებზე ქალაქგარეთ ექსტრემალურ უგზოობაშო გასეირნება საკმაოდ კარგი განტვირთვის საშუალებაა.
- რემონტის სფეროში რა გამოცდილება გაქვთ?
- რემონტისკენ პირველი ნაბიჯები, ალბათ როგორც ბევრის ბავშვობაში, „შტაბების“ და ხეზე სახლების მშენებლობით დავიწყე. ამას დაემატა საკმაოდ დიდი საკუთრი სახლი, რომელიც სრულიად გაურემონტებელი შევიძინეთ ოჯახმა 2005 წელს. სტუდენტობის დროს ახლობლებს და მეგობრებს ვაძლევდი რჩევებს ინტერიერსა და დიზაინზე. ეს დღემდე გრძელდება.
- სად მდებარეობს კოტეჯი, რომლის ინტერიერმაც ჯგუფ „რემონტში“ არაერთი ადამიანი აღაფრთოვანა?
- კოტეჯი მდებარეობს ქუთაისში, ერთ-ერთ ყველაზე წყნარ უბანში, პეტრიწის ქუჩაზე, აკაციის ტყეში. ნაგებობა მთლიანად ჩაფლულია მწვანე ფოთლოვან ნარგავებში, ხეების და მცენარეების მოჭრას თავი ავარიდე, ამიტომ ყველა ფანჯრიდან და აივნიდან შეგიძლია მიწვდე ხის ტოტებს.
- კოტეჯის აშენებას თავისი სპეციფიკა აქვს. თქვენ რას მიანიჭეთ უპირატესობა, რა დეტალები გაითვალისწინეთ და რა მასალა გამოიყენეთ მშენებლობის დროს?
- იქიდან გამომდინარე, რომ კოტეჯის აშენების გამოცდილება არ მქონდა, პირველ რიგში, ჩემთვის უპირატესი იყო, რომ მშენებლობა ძვირი არ ყოფილიყო. რადგან მაინც „ექსპერიმენტი“ იყო, ასე ვამჯობინე. ძირითადი კონსტრუქცია მოვარგე ბაზარზე არსებულ მასალებს, რათა ნარჩენი ნაკლები მქონოდა. კოტეჯი 6x6 მეტრზეა. მეტალის კონსტრუქცია შედგენილია 6-მეტრიანი მილ კვადრატებით, იატაკი დაფარულია 6 მეტრიანი ხის ფიცრებით, ასევე ვეცადე კონსტრუქციული ელემენტები ისეთი ვიზუალით დარჩენილიყო, რომ ინტერიერის ნაწილიც ყოფილიყო. ცალკე შეფუთვის ხარჯები ავიცილე თავიდან. მაგალითად, მოხვეწილი ფანერა, რომელიც კედლებსა და ჭერზე, ამავდროულად მეტალის კონსტრუქციასაც კრავს, ზედ არის დამაგრებული ხის ლარტყები ქვაბამბა და თუნუქის სახურავი.
- იდეა ვის ეკუთვნის და რატომ აირჩიეთ ეს სტილი? ალბათ ბევრი დამეთანხმება, რომ არასტანდარტული, გასხვავებული დიზაინი აქვს კოტეჯს...
- დიზაინი ჩემი მოფიქრებულია, მინდოდა ბუნებრივი მასალების - მეტალის, ხის, აგურის, ქვისა და მინის ნაზავი ყოფილიყო, და გამოვიდა კიდეც. გვერდითა და უკანა ფასადები მთლიანად თუნუქითაა დაფარული, წინა ფასადის მხარე მთლიანად მინაა, მაგრამ გარეთ, მაღალი ხეების ჩრდილის გამო საკმარისი შუქი არ იყო ინტერიერში, ამიტომ დავუმატე მინის ზოლი, რომელიც მთელ კოტეჯს შუაზე კვეთს, ასე გაჩნდა შუშის სახურავიც.
- როგორც ჩანს, ფერებთან მიმართებაში საკმაოდ თამამი ხართ. რთულია ფერების შეხამება?
- ფერები ყოველთვის საჭიროა ინტერიერში, თუნდაც მცირე დოზით, მაგრამ მკვეთრი. კოტეჯში ბევრი წითელი ელემენტი მაქვს, მთავარი კი წითელი შეშის ღუმელია, რომელიც ცენტრში დგას. ხოლო საკვამური მილი ვერტიკალურად გაივლის მთელ სამ სართულს და ჭერს ცდება ერთი მეტრით. როგორც ღუმელი, ისე მილი წითლად არის შეღებული და ყველა სართულზე ჩანს. და საერთოდ მგონია, რომ წითელი ყველაზე უფრო არქიტექტურული ფერია. მას არა მხოლოდ მკვეთრი საინტერესო ფერი შემოაქვს, არამედ პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს და მთელ სითბოს სახლში ანაწილებს.
- დეკორაცია და ავეჯიც საკმაოდ განსხვავებული გაქვთ...
- ინტერიერის ბოლო შტრიხები ავეჯი, აქსესუარები და განათებაა. ბაზარზე არსებული ყველაფერი ერთფეროვანი და ერთგვაროვანია, ამიტომ ვცდილობ მე შევქმნა თითოეული მათგანი. კვირაში 2-3 დღეს მაინც ვატარებ ჯართის მიმღებ პუნქტებში, სადაც ვეძებ ინსპირაციებს და ვცდილობ ბევრისთვის ნაგვად გადაყრილ ნივთებს ახალი სიცოცხლე მივცე, ხშირ შემთხვევაში - იმაზე უკეთესი, ვიდრე „წინა ცხოვრებაში“. ინდუსტრიული დიზაინისთვის „საჯართე” სამოთხეა.
- რთული არ იყო ყველა დეტალის საკუთარი ხელით შექმნა?
- რთულია, როცა შესაბამისი დანადგარები არ გაქვს იმის გასაკეთებლად, რაც გინდა და მოგაფიქრდა. ამაზე რთული ყველა დეტალზე ფიქრია, რითიც ინტერიერი თუ ექსტერიერი უნდა მოაწყო, მაგრამ ამ ყველაფერზე რთული არის მოითმინო მუშაობის პროცესში მანამ, სანამ ბოლომდე მიიყვან ამა თუ იმ ავეჯს ან აქსესუარს, როცა უკვე თავში იცი, თუ რა ძალიან მაგარი გამოვა.
თუ მოინდომებს ადამიანი ყველაფრის გაკეთება შეიძლება, იმაზე უკეთესი ხარისხის და დიზაინის, ვიდრე ბაზარზეა. ყვავილის ქოთნიდან დაწყებული, სამზარეულოთი დასრულებული, თუ რაიმე საჭირო ნივთია სახლში, ყველაფერი გამიკეთებია. თუმცა სანათების დამზადება უფრო საინტერესოა, მხოლოდ სწორი შუქით, ჩრდილებით და არეკვლებითაც კი შესაძლებელია ინტერიერის შექმნა ცარიელ ოთახში.
- გაიხსენეთ ყველაზე რადიკალური გადაწყვეტილება, რაც რემონტის დროს მიიღეთ...
- ზოგადად ვფიქრობ, რომ დიზაინს უხდება კითხვები. „რატომ?“, „ეს რა არის?“, „ამას აქ რა უნდა?“ და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, მთავარი არ არის პრაქტიკულობა, შეიძლება ცოტა თვალი დახუჭო და უბრალოდ, ყოველგვარი კონტექსტის გარეშე UB-32A საბჭოთა წარმოების, 57მმ-იანი, უმართავი რაკეტმტყორცნი დანადგარი დადგა მისაღებში ისევე, როგორც ჩემთან დგას.
- ეს თქვენი პირველი პროექტი არ არის. მოგვიყევით ბინაზე, რომლის რემონტი უკვე დაასრულეთ და რომელიც ასევე საკუთარი ხელით გააკეთეთ...
- მეორე ბინაც ასევე სტუმრებს ემსახურება, საიტ Airbnb.com-ის მეშვეობით. ის ცოტა განსხვავებულ ფერებში გადავწყვიტე. იქაც არის ბევრი მეტალის ელემენტი, მაგრამ ოქროსფერი ავირჩიე, რადგან ცოტა უფრო კლასიკურ ხასიათს აძლევს, სტუმრების დიდმა მოწონებამ გადამაწყვეტინა კოტეჯის აშენებაც.
- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- დიდი იმედი მაქვს, იმის დრო მექნება, რომ ჰენდმეიდ დიზაინერული ავეჯის სტუდია გავხსნა. კიდევ ბევრი გადაყრილი ნივთი ელოდება სწორ ხედვას და ახალი სიცოცხლის დაბრუნებას.
მერი ბლიაძე
კომენტარები