"რუხ რეალობას ვუფერადებ ადამიანებს..." - ხელოვანის მრავალფეროვანი სამყარო და ყველაზე მთავარი გულშემატკივრები

დღეს 45 წლის ქეთი არაყიშვილს წარმოგიდგენთ, თავისი მართლაც მრავალფეროვანი ნამუშევრებით და საინტერესო სამყაროთი. ქეთის ნამუშევრებს შორის ყველა იპოვის ალბათ თავისი გემოვნებისას - იქნება ეს ჩანთა, სამკაული, საყვარელი თოჯინა-ანგელოზი, ემოციური ნახატები თუ გაახლებულ-გაცოცხლებული დეკორის ნივთები. 

- ჩემი სიყვარული და მოგზაურობა ხელოვნების სამყაროში ბავშვობიდან დაიწყო. სახლში დიდი ბიბლიოთეკა გვაქვს. ჯერ კითხვაც არ ვიცოდი, როდესაც აკაკი გელოვანის "მარად ცოცხალი ხელოვნება" ვიპოვე და მოვხვდი ჯადოსნურ სამყაროში. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ემოცია მქონდა ბოტიჩელის ვენერაზე და დავიწყე ხატვა.


სკოლის პერიოდში ვქარგავდი კიდეც. პირველი გამოფენა "ცისფერ გალერეაში"
მქონდა, სადაც ჩემი ნაქარგები გამოიფინა. იაპონური ხელოვნებით ვიყავი გატაცებული ის პერიოდი და უკიიოკეს სკოლის მხატვრების - მორონობუს, უტამარუს ნახატები გადამქონდა ტილოზე. საკმაოდ დიდი ნაქარგები იყო. თვეები ვუნდებოდი ერთი ნამუშევრის შექმნას. ძალიან დიდი მოწონება და ინტერესი იყო. კულტურის მინისტრმა თვითნასწავლი ხელოვანის დიპლომიც გადმომცა. ეს იყო დიდი სტიმული, გამეგრძელებინა ჩემი საყვარელი საქმე.

შემდეგ მოხდა ისე, რომ სამედიცინოზე ჩავაბარე. უსასრულოდ გაიწელა ის წლები. ავიღე დიპლომი და მივხვდი, რომ ამ გზით წასვლა აღარ მინდოდა. ჩემი ცხოვრება უფრო ფერადი მინდოდა ყოფილიყო.

მთელი ცხოვრება ძიების პროცესში ვარ. ვმუშაობ სამკაულებზე, ქუდებზე. ჩანთების შვიდი, ერთმანეთისაგან განსხვავებული კოლექცია მაქვს შექმნილი. ვქმნი ინტერიერის აქსესუარებს - სკივრებს, საკიდებს, მაგრამ ყველაზე მეტად ძველი ნივთების რესტავრირება მიყვარს. "მშრალ ხიდსაც" ხშირად ვსტუმრობ. რაც უფრო დაზიანებულია ნივთი, უსარგებლო, ვცდილობ ახალი სიცოცხლე ვაჩუქო, გავალამაზო, ჩემებური გავხადო.


- მრავალფეროვანი ნამუშევრები გაქვთ, თქვენ თავად რის კეთება მოგწონთ ყველაზე მეტად და მომხმარებლებს შორის რომელია ყველაზე პოპულარული?
- ყოველ წელს საახალწლოდ ვმუშაობ თოჯინების კოლექციაზე - უფრო სახლის ანგელოზებია, რასაც მიკვეთავენ და რა რაოდენობაც არ უნდა გავაკეთო, არასოდეს არის საკმარისი. ყველას უყვარს, ყველას უნდა, ახალ წელს ჩემს ანგელოზებთან ერთად შეხვდეს, ამიტომ წინასაახალწლო პერიოდი ყველაზე დატვირთული მაქვს.

ძალიან მომთხოვნი და კრიტიკული ვარ ჩემი თავის მიმართ, ამიტომ ხატვას ვერ ვბედავდი, მხოლოდ ჩანთებზე ვხატავდი. პანდემიის დროს ყველანი სახლებში რომ გამოვიკეტეთ, ერთმა ბიჭმა მთხოვა დამეხატა მისი სიყვარულის ისტორია და ბარათთან ერთად გამეგზავნა მისი შეყვარებულისათვის, რადგან ერთმანეთს ვერ ხვდებოდნენ.

ასე დაიწყო სიყვარულის ისტორიების ხატვა და ასე შეიქმნა "ფერადი ქალაქის" სერიული ნამუშევრები. რუხ რეალობას ვუფერადებდი ადამიანებს. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასე თბილად მიიღებდნენ ჩემს ნახატებს, ასე შეიყვარებდნენ და ამხელა მოთხოვნა იქნებოდა. ფიზიკურად შეუძლებელი იყო ამდენ შეკვეთას გავმკლავებოდი. ნახატები რამდენიმე წუთში ქრებოდა დახატვიდან, ამიტომ ჩემს ნამუშევრებს შევუთავსე ხატვაც.


ასევე უნდა აღვნიშნო, რომ შარშან ჩემი ილუსტრირებით წიგნი გამოვიდა.


ყველაზე ბედნიერი როდის ვარ? როდესაც ვხატავ. ქალაქს რომ სძინავს, რეალურ სამყაროს მოწყვეტილი ჩემს ჯადოსნურ სამყაროში ვხვდები და ვხატავ ამ ჯადოსნობას. დილით კი ჩემი პირველი შემფასებელი ჩემი შვილია, საბა. იღვიძებს და პირველად ჩემს სამუშაო მაგიდასთან მორბის. ეს ყველაზე ლამაზი ნახატიაო, - მეუბნება.

1
1


- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- იდეები? სამომავლო გეგმები? იმდენად ბევრია, შეუძლებელია ერთი ცხოვრება მეყოს...













კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები