ძველი, მოსაწყენი, მობეზრებული, ზოგჯერ დაზიანებული ნივთების განახლება და ახალი სიცოცხლის შთაბერვა ბოლო პერიოდში არა მხოლოდ პრაქტიკული, მოდური ტენდენციაც გახდა. თითქმის ყველა ოჯახში მოიძებნება ისეთი ავეჯი, ჭურჭელი თუ სხვა რამ, რომლის გადაყრაც გენანებათ. დეკუპაჟის ტექნიკას ჯერ კიდევ საუკუნეების წინ იყენებდნენ და მისი პირველი ნიმუშები გერმანიაში გვხვდება. დეკუპაჟი ერთგვარი აპლიკაციაა. სასურველი ორნამენტის ან ფიგურის შესაქმნელად ქაღალდის ხელსახოცი ან ჩვეულებრივი ფურცელიც გამოგადგებათ. სანამ რამდენიმე ფოტოიდეას შემოგთავაზებთ, მანამდე ქეთი ჩიქვინიძე გვასწავლის, როგორ განვაახლოთ ძველი ჩემოდანი და ვაქციოთ საკმაოდ მოდურ და ლამაზ სკივრად - სამკაულების, კოსმეტიკის
ქეთი ოთხი წელია, ხის დეკორატიული ნივთების შექმნით არის გატაცებული. იმავდროულად კერავს, ქსოვს. პირველად დეკუპაჟის მეთოდით კამოდი გაალამაზა და მას შემდეგ თითქოს მუზებს გზა გაეხსნა. ასე შეიძინა ახალი სიცოცხლე: სკამმა, საკიდმა, ყვავილების მაგიდამ... ზემოთ ფოტოზე მისი გაახლებული ნივთებია.
ქალბატონმა ქეთიმ ჩვენი მკითხველისთვის ხის ძველი ჩემოდანი განაახლა. მაშ ასე, დაგჭირდებათ: ზუმფარის ქაღალდი ("შკურკა"), საღებავი, რამდენიმე ფუნჯი, რეზინის ხელთათმანი, წებო, ხელსახოცი და ლაქი.
ჩემოდანს მოვაცალოთ რკინის ნაწილები და შევინახოთ. დაგვჭირდება ორი სახის ზუმფარის ქაღალდი. ჩემოდნის ზედაპირი და შიდა მხარე ზუმფარის ქაღალდით გავასუფთაოთ და მტვერი მშრალი ნაჭრით მოვაცალოთ.
თუ ხე დაზიანებულია, წებო "პევეა" და გაცრილი ნახერხი ერთმანეთში ავურიოთ და ამ მასით ამოვავსოთ დაზიანებული ადგილები, გაშრობის შემდეგ კი დავამუშაოთ ზუმფარის ქაღალდით. გამშრალი ყუთი წყალში გახსნილი "პევეათი" დავფაროთ - 1 ს/კ წებოზე საკმარისია 5 ჩ/კ გრილი წყალი.
შემდეგ ყუთს ადგილ-ადგილ წავუსვათ პარაფინის ფილა და შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი ფერი. მე თეთრი და სალათისფერი (ყვითელი და ლურჯი საღებავი ერთმანეთში ავურიე და მივიღე მომწვანო-ზურმუხტისფერი ტონი) ვარჩიე. გირჩევთ, გამოიყენოთ კედლის საღებავი, რომელიც შეგიმცირებთ ხარჯს.
ყუთი ჯერ თეთრი საღებავით დავფაროთ. თუ ადგილ-ადგილ გამოჩნდა ხის ფერი, არაფერია. დავაცადოთ გაშრობა, გადავუსვათ ზუმფარის ქაღალდი, ნაჭრით გავწმინდოთ და მეორე ფენისთვის უკვე მწვანე-ზურმუხტისფერი საღებავი გავამზადოთ. ფუნჯის მაგივრად შევღებოთ ღრუბლით - ყუთს ფუნჯის ზოლები არ დააჩნდება.
გაშრობის შემდეგ შეღებილი ყუთი ზუმფარის ქაღალდით კიდევ ერთხელ დავამუშაოთ. საღებავი ადგილ-ადგილ აძვრება და გამოჩნდება პირველი შრე. შემდეგ ყუთს სველი ტილოთი მტვერი მოვაშოროთ. ყუთი მზად არის გასაფორმებლად. ახლა ხელსახოცი შევარჩიოთ. გასაფორმებლად შესაფუთი ქაღალდიც გამოდგება.
უმჯობესია ხელთათმანების დახმარებით იმუშაოთ. როცა შეღებილი ყუთის გასაფორმებლად ქაღალდის ხელსახოცს შევარჩევთ, სასურველი ფიგურა უმჯობესია ხელით ამოვხიოთ, მაკრატლის დაუხმარებლად. დავაწყოთ ყუთზე. ყუთის გასაფორმებლად ვარდები შევარჩიე, გვერდების გასაფორმებლად კი - მცირე ზომის ყვავილები.
სანამ ფიგურებს შეღებილ ხეზე დავაწყობთ, ის ადგილები დავასველოთ წყლით. დავაფინოთ ხელსახოცი და კარგად გავასწოროთ.
არ არის აუცილებელი, გაშრობას დაველოდოთ, შეგვიძლია მაშინვე გადავუსვათ "პევეა". ქაღალდი კარგად იწოვს წებოს და იოლად დამაგრდება ხის ზედაპირზე.
უკვე შეღებილი და ფიგურებით დაფარული ნივთი კვლავ ზუმფარის ქაღალდით დავამუშაოთ. ისევ გავწმინდოთ სველი ტილოთი და გადავუსვათ ლაქი.
კარგი იქნება, თუ გაშრობას 1-2 დღე დაველოდებით. შემდეგ კიდევ ერთხელ დავამუშაოთ ზუმფარის ქაღალდით, სველი ტილოთი ისევ მოვაშოროთ მტვერი და ლაქის კიდევ ერთი ფენა გადავუსვათ. დავამაგროთ რკინის დეტალები.
გამზადებული ყუთი გამოიყენეთ კოსმეტიკის, სამკაულების ან სხვა ნივთების ჩასაწყობად.
შეგიძლიათ, ასეთი მეთოდით გალამაზებული სხვა ფოტოიდეებითაც ისარგებლოთ და თქვენთვის სასურველი ვარიანტი შეარჩიოთ.
კომენტარები