რომელი ხალიჩა ითვლება დღეს ყველაზე მოდურად და რა არ უნდა შეგეშალოთ ხალიჩის ყიდვისას


ძველად არ არსებობდა სახლი, სადაც იატაკსა თუ კედელზე ხალიჩა არ იწონებდა თავს. დღეს ძველებური ხალიჩებმი თანამედროვეებმა ჩაანაცვლეს, ზოგი გაყიდეს, ზოგიც... ნაგავსაყრელზე გადაამისამართეს.
ხალიჩა დღესაც ინტერიერის განუყოფელი ნაწილია, თუმცა, ბუნებრივია, სხვადასხვა ხარისხისაა და ფასიც შესაბამისი აქვს.
თუ ხალიჩა ნატურალური მასალით არის ნაქსოვი, რა თქმა უნდა, უფრო ხარისხიანი და ძვირადღირებულია. თუმცა ხარისხისთვის მხოლოდ მასალა არ კმარა. მნიშვნელობა აქვს, რამდენად მჭიდროდ არის ნაქსივი, როგორი ფერები აქვს - ხარიხსიანი ხალიჩის ფერი ძალიან ხასხასაა და წლების განმავლობაში არ ხუნდება.



შედარებით იაფფასიანი ხალიჩები ხელოვნური ძაფით არის
ნაქსოვი. ეს მასა სიმკვრივესა და მთლიანობას ვერ ინარჩუნებს, ამიტომ უკანა მხარეს ხშირად მკვრივი ფენით არის დაფარული. დროთა განმავლობაში ეს ფენა დაშლას იწყებს და მუდმივ მტვრის ნაწილაკებად გვევლინება.



ხალიჩას გამუდმებით გასდის მტვერი, სინამდვილეში ეს დაშლილი წებოს ნარჩენებია. ამიტომ, ეცადეთ, ხალიჩა ნატურალური იყოს ან ძალიან მკვრივი და ხარისხიანად ნაქსოვი.


ხალიჩა განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს: 2003 წელს ნიკოლას ბაკალარმა კვლევის შედეგად სამეცნიერო სტატია გამოაქვეყნა. მისი აზრით, გრიპის ვირუსი, ისევე როგორც სხვა ვირუსებიც, შეიძლება თვეების მანძილზე "ცხოვრობდეს" ხალიჩაში. ხალიჩაზე შეიძლება "დასახლდეს" ტკიპა, რწყილი.



ის იწოვს სიგარეტის ბოლს. შინაური ცხოველების ბეწვს კი მაგნიტივით იზიდავს. ხალიჩა რეგულარულ გასუფთავებას მოითხოვს. მისთვის ფერის დასაბრუნებლად კი გამოიყენეთ მარილი. მოაფრქვიეთ ხალიჩაზე, გააჩერეთ 1 საათი და მტვერსასრუტით მოასუფთავეთ.



ხალიჩის დაბადების თარითაღად ზოგიერთ წყაროში მითითებულია 7000 წელი ჩვენს ერამდე. სანამ ხალიჩის დამზადებას ისწავლიდნენ მის მაგივრობას მონადირებული ცხოველის ტყავი ასრულებდა. თავდაპირველად ხალიჩაც ალბათ არა ესთეტიკური სილამაზისთვის, არამედ სითბოს შესანარჩუნებლად სჭირდებოდათ.



ხალიჩების ძირითადი მწარმოებლები თურქები, სპარსელები (ისლამური კულტურისთვის დამახასიათებელ ელემენტებს ასახავენ. იყენებენ ლურჯ, წითელ, ყვითელ და სხვა თბილ ფერებს) ინდოელები, ჩინელები (ხალიჩის ძირითადი მოტივია ყვავილები, გეომეტრია ), ეგვიპტელები (რელიგიური და ასიმეტრიულ ორნამენტები) იყვნენ. ხალიჩის, ნოხისა და ფარდაგის დამზადება უძველესი დროიდან ქართველებმაც იცოდნენ. მათ ნატურალური ძაფისა და საღებავისგან ამზადებენ.



ხალიჩის მიხედვით განისაზღვრებოდა ოჯახის სტასუსი. ფარდაგების ქსოვა ძირითადად ქალის საქმე იყოს და გოგონებს 3-4 წლიდან ასწავლიდნენ მოფარდაგებას.
მეჩვიდმეტე საუკუნეში ხალიჩების დამზადება, ილუსტრატორ პიერ დუპონის თაოსნობით, საფრანგეთშიც დაიწყეს. ისინი ფუფუნებისა და ძალაუფლების სიმბოლოს წამოადგენდა და ძირითადად როკოკო, ბაროკოს სტილში იქმნებოდა.


ხალიჩა რომ სახლს მოუხდეს - 10 რჩევა დიზაინერებისგან


ხალიჩის ორი ძირითადი სახეობა არსებობს: ბეწვიანი და გლუვი.
ხალიჩების ძირითადი მასალაა ცხვრის, თხის ან აქლემის მატყლი (ეს უკანასკნელი პირველ ორთან შედარებით ძვირად ღირებულია. არ იწვევს ალერგიას, არ ელექტრიზირდება. დიდხანს ინარჩუნებს სითბოს). ზოგ რეგიონში იყენებენ ბამბას (სხვათა შორის, ის გამოიყენება იმ რეგიონებში, სადაც მეტი ტენიანობაა. შალისგან განსხვავებით ადვილად ირეცხება. თუმცა, სუფთა ბამბის არ არსებობს, მას აუცილებლად ექნება დამატებული შალის გარკვეული პროცენტი), სელსა და აბრეშუმს.



ხალიჩების ღირსების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია მისი ქსოვის ხარისხი, რაც კვანძების რაოდენობაში გამოიხატება, კვანძების რაოდენობა შეიძლება იყოს 1 კვ. მ ფართობზე 75 ათასიდან 800 ათასამდე. სწორედ ამით განისაზღვრება ხალიჩის ხარისხი. საშუალოდ 90-დან 175 ათასამდე ნასკვი ერთ კვ. მეტრზე და 175 ათასიდან ზევით, ეს უკვე მაღალი ხარისხის ხალიჩის აღმნიშვნელია.

ბოლო დროს ყველაზე ტრენდულია სწორედ ნატურალური და განსაკუთრებულად, ხელით ნაქსოვი ხალიჩები.



ბოლო დროს ნატურალური ხალიჩების გვერდით სინთეტიკურებიც იყიდება, მაგალითად აკრილის, პოლიპროპილენის (ის შალისას ჰგავს, მარამ მეტად მსუბუქია, ფერადია და ადვილად ირეცხება), პოლიესტერის (ფაფუკია, თბილი და მსუბუქი. ამასთანავე, აკრილთან შედარებით - გამძლეც), ბამბუკის (გამძლეა, მაგრამ ტენიან რეგიონს არ მოუხდება). მათი უპირატესობა იმაშია, რომ იაფფასიანია და ხანგრძლივი მოხმარების.


არსებობს ხალიჩის დამზადების ორი მეთოდი: ხელით და მანქანური. პირველი, რა თქმა უნდა ნატურალური მასალისგან მზადდება. სპარსეთსა და ჩინეთში მათი ფასი (1 მეტრის) 1000 დოლარიდან იწყება. მანქანური ყველაზე გავრცელებულია. იგი ნაკლებ დროში მზადდება და მეტად ხელმისაწვდომია. მანქანას შეუძლია ბეწვიანი ხალიჩაც დაამზადოს და გლუვიც. თუ ბეწვიანი ხალიჩის მოყვარული ხართ, უნდა იცოდეთ, რომ მისი 3 სახეობა არსებობს: დაბალ, საშუალო და გრძელბეწვიანი. გრძელბეწვიანი ხალიჩის ადგილი საძინებელია, საშუალოსა და დაბალბეწვიანის - მისაღები, სტუმრების ოთახი.



ხალიჩა ძირითადად შალისგან მზადდება. ის მკვრივი, სქელი და გამძლეა. იდეალური ხალიჩა 20-დან 55 წლამდე ძლებს. მინუსი ის აქვს, რომ ალერგიის მქონეთათვის საზიანოა.
ახლა კი უნიკალური, რეკორდული და ძვირად ღირებული ხალიჩების შესახებ...



ხალიჩებში უნიკალურია "ვაზა ყირმანი". სპარსული ხალიჩა, რომელიც მეჩვიდმე საუკუნეში დაამზადეს და დღემდე იდეალურად გამოიყურება. როცა ხალიჩა Sotheby's- ის აუქციონზე გაიტანეს, მისი სასტარტო ფასი 5 მლნ დოლარი იყო. ხალიჩა 9 მლნ დოლარად გაიყიდა.



მდიდრულობით მეორე მარგალიტის "ბაროდა" გამოირჩევა. იგი მე-18 საუკუნეში 5 წლის განმავლობაში მზადდებოდა. ხალიჩა მარგალიტებით, ბრილიანტებით, ზურმუხტებით, ლალებით, ვერცხლითა და ოქროებითაა გაწყობილი. 2009 წელს იგი 5 458 000 მლნ დოლარად გაიყიდა.





სამეულში საპატიო ადგილს იკავებს მეთვრამეტე საუკუნის თებრიზის აბრეშუმის ნოხი. მფლობელს იგი 2 400 000 მლნ დოლარი დაუჯდა. ადრე იგი ფონ როტშილდსა და ბარონესა ნათანიელს ეკუთვნოდა. ახლა კი კატარის ემირის მფლობელობაშია.



რაც შეეხება ყველაზე მასიურ ხალიჩას, ის თანამედროვეა. რეკორდსმენი 5600 კვ.მ-ს იკავებს შეიხ ზაიდის მეჩეთში. ხელნაკეთი ხალიჩა ირანში 12 ათასმა ოსტატმა დაამზადა.




არსებობს გრძელი ხალიჩა, რომელიც 1160 მეტრისაა. იგი 700 ჩინელმა მეფარდაგემ ხელით დაამზადა. არასტანდარტული სიგრძის გამო ეს ხალიჩაც მოხვდა რეკორდების წიგნში.



თანამედროვე ხალიჩა შეიძლება იყოს არამარტო მართკუთხედი, არამედ, ოვალური და მრავალკუთხედიც. მათზე შეიძლება ასახული იყოს როგორც კლასიკური ორნამენტები ასევე აბსტრაქცია, პორტრეტები და ა.შ.

კომენტარები

Murtazi laliashvili 2018-08-16 22:14
რიცხვების წერაც გესწავლათ კარგი იქნებოდა.
როგორ წავიკითხოთ 5 840 000 მილიონი?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები