დეკორის 6 ნივთი, რომელიც ნებისმიერ ინტერიერს სასიამოვნოდ გარდაქმნის

თუ ძველი ინტერიერი მოგბეზრდათ და ფიქრობთ გაახლებაზე, მაგრამ სერიოზული გარდაქმნების ეტაპი ჯერ არ დგას და არც რემონტისთვის ხართ მზად, მაშინ შეიძლება, ოთახი მხოლოდ ერთი რაიმე ნივთით გარდაქმნათ უკეთესობისკენ. გთავაზობთ 5 ასეთ ნივთს, რომლებიც ოთახის დეკორს მთლიანად შეცვლიან.

დიდი ნახატი
ზღვის პეიზაჟი, საინტერესო ლანდშაფტი, გეომეტრიული ფიგურები, საყვარელი ვარსკვლავის შავ-თეთრი ფოტო... შინაარსი სხვადასხვა შეიძლება იყოს, თქვენი გემოვნების მიხედვით. მთავარია, ნახატი გხიბლავდეთ, ინტერიერშიც ჯდებოდეს და სასიამოვნო ეფექტს ქმნიდეს. თანაც, რაც უფრო დიდია, მით უფრო შთამბეჭდავია.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ მის გარშემო ბევრი თავისუფალი სივრცე
უნდა დატოვოთ.


ხალიჩა
ხალიჩა ინტერიერის ძალიან მყუდრო ელემენტია. ხშირად ამბობენ მასზე უარს იმის გამო, რომ მოვლა და გასუფთავება მუდმივად სჭირდება, მაგრამ თუ სწორად შეარჩევთ ხარისხს, ასევე ფერსა და მოხატულობას, რომელიც ინტერიერს მოუხდება, ნახავთ, როგორ უცებ გარდაქმნის ირგვლივ ყველაფერს. განსაკუთრებით აქტუალურია ხალიჩა შემოდგომაზე და ზამთარში. 
თანამედროვე ხალიჩები საკმაოდ მსუბუქია, ადვილი მოსავლელიც და ისეთ პრობლემებს აღარ ქმნის. მოდურია ეთნიკური ორნამენტები, აღმოსავლური თემები, ასევე გეომეტრიული ფიგურები და პეჩვორქის სტილი.


მკვეთრი ფერის დივანი
როგორც წესი, ავეჯის არჩევისას ნეიტრალურ ვარიანტებს ამჯობინებენ ხოლმე, რომ ადვილად ჩაჯდეს ინტერიერის ფერებში. თუმცა თუ გარდაქმნები გსურთ და სიახლე თქვენს სივრცეში, ასევე სივრცის გამოცოცხლება, თამამ ფერებზე გააკეთეთ აქცენტი და თქვენს ინტერიერს მკვეთრი ფერის დივანი ან სავარძელი შეუხამეთ. 


საინტერესო განათება
განათება ერთ-ერთი მთავარი პუნქტია ინტერიერის გაფორმებისას. ის არა მხოლოდ პრაქტიკულ, არამედ დეკორატიულ ფუნქციასაც ასრულებს. დღეს დიზაინერები გვირჩევენ, მეტად თამამები ვიყოთ სანათების, ჭაღების, აბაჟურების შერჩევისას და ორიგინალურ ნივთებზე შევაჩეროთ არჩევანი. განსაკუთრებით, თუ სივრცის გადახალისება გვინდა. 
მთავარია, შერჩევის დროს ოთახის სივრცე, დაგეგმარება, სტილი გაითვალისწინოთ და შეუხამოთ ორიგინალური სანათი. 


ფარდები
ერთტონიანი ფარდები, ნატურალური ქსოვილის - ეს კლასიკაა. ისინი ნებისმიერ ინტერიერს უხდება. თუმცა თქვენ ხომ ოთახის გადასხვაფერება და გადახალისება გსურთ? მაშინ შეარჩიეთ თამამად ფერი, მოხატულობა, ქსოვილი, გაითვალისწინეთ წელიწადის დრო და შეცვალეთ გარემო თქვენს სახლში თუნდაც ფარდების მეშვეობით.


კედლის მოპირკეთება ან კედლის დეკორი
თუ მასშტაბური, მკვეთრი და შთამაგონებელი ცვლილება გსურთ, კედელზე რაიმე აქცენტის გაკეთება შეგიძლიათ. აირჩიეთ ერთი კედელი იმ ოთახში, სადაც აპირებთ ცვლილებას, შეარჩიეთ შესაბამისი ფერები თუ თემატიკა და შეუდექით საქმეს. თუ ხატვა გეხერხებათ, მოხატეთ ეს კედელი, ან ერთი შეიძინეთ მზა ნახატი თუ შპალერი ერთი კედლისთვის, ასევე შეგიძლიათ მოაპირკეთოთ - კერამიკული ფილებით, დეკორატიული აგურით, ხით და ა.შ. ეს თქვენს ფანტაზიაზე და იმაზეა დამოკიდებული, რას უფრო მოიხდენს თქვენი სივრცე. 



კომენტარები

დეკორი 2020-08-25 11:49
ძალიან ლამაზია

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები