"გემოვნებიანი ერი რომ ვართ ზოგადად, აქედან ძალიან შესამჩნევია..." - ამერიკაში მცხოვრები ქართველი დიზაინერი და დეკორატორი

ინტერიერის დიზაინერი და დეკორატორი მარიტა კაპანაძე წლებია ამ სფეროშია. თითქმის ერთი წელია ამერიკაში ცხოვრობს და იქაც გეგმავს საქმიანობის გაფართოებას. "შინ"-ის მკითხველისთვის საინტერესო იქნება მისი და მისი კომპეტენტური რჩევების გაცნობა:


- დავიბადე 1985 წლის 14 აგვისტოს თბილისში, აქვე დავამთავრე საშუალო სკოლა. სამხატვრო აკადემიაში დიზაინის ფაკულტეტზე ჩავაბარე და უკვე მესამე კურსიდან დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ ოფისში (არა ჩემი სპეციალობით). მოგვიანებით კვლავ ჩავაბარე აკადემიაში, ამჯერად ტექსტილის დიზაინის მაგისტრატურაზე. 2011-ში დავიცავი დიპლომი აღნიშნულ სპეციალობაში მაგისტრის ხარისხით. შემდეგ მქონდა პატარა პაუზა - გავთხოვდი და შვილი მეყოლა. ჩემი
ბიჭი ახლა უკვე 13 წლისაა და დიდ ხალისს და სტიმულს მატებს ჩემს ცხოვრებას. ამჟამად განქორწინებული ვარ.
2017 წლის ნოემბრიდან ვიმყოფები ამერიკაში, კერძოდ ნიუ-იორკში. ჩემი ცხოვრება ისედაც დატვირთული იყო მოგზაურობებით და საქმიანი ვიზიტებით საზღვარგარეთ, მაგრამ ამდენი ხნით ქვეყანა არ დამიტოვებია აქამდე.

- რამდენი ხანია მუშაობთ ინტერიერის დიზაინზე, როგორ მოხვედით ამ სფეროში და რა გამოცდილება გაქვთ?
- თვდაპირველად დიზაინერად დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ ავეჯის საწარმოში, სტუდენტობის დროს. პროგრამაში (3D max) ვაწყობდი სხვადასხვა ტიპის ავეჯის დიზაინს, სადაც ჩემივე დამკვეთების თხოვნით მომიწია სრული ინტერიერების გაკეთება და აქედან წამოვიდა ჩემი დაინტერესებაც ინტერიერის სფეროში. ნამდვილად რთული იყო კმაყოფილი დამკვეთების რეაქციებით გამოწვეულ სიამოვნებაზე უარის თქმა. ერთმა დამკვეთმა მეორესთან გამიწია რეკომენდაცია, მან - სხვასთან და ასე ნელ-ნელა გადაკვალიფიცირდა ჩემი პროფესია ინტერიერის დიზაინერის პროფესიად. დღეს უკვე ბევრი სახლის თუ კომერციული ობიექტის დიზაინერი ვარ როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ.

- ძირითადად სად მუშაობთ როგორც დიზაინერი - საქართველოში თუ საზღვრებს გარეთ?
- ძირითადად საქართველოში, რა თქმა უნდა. ჩემი ინტერნაციონალური დიზაინ-პროექტებიც საქართველოში მაქვს შექმნილი, რადგან მუშაობის უფლება მხოლოდ ჩემს ქვეყანაში მაქვს. მოხარული ვიქნები, თუ ჩემი პროექტებით ამერიკის მოსახლეობის გარკვეული ნაწილის სახლებს თუ კომერციულ ობიექტებს გავალამაზებ და გავხდი ორიგინალურს, განსხვავებულს და სასიამოვნოს.

- იქნებ გვითხრათ ამერიკელების პრიორიტეტებზე და მოთხოვნებზე. როგორი სტილის ბინები მოსწონთ ამერიკელებს?
- აქ ყოფნის პერიოდში რა თქმა უნდა აქტიურად ვეცნობოდი ამერიკულ მოთხოვნებს და უპირატესობებს დიზაინის სფეროში. შევნიშნე, რომ აქ ისევ აქტუალური და ხშირია კლასიკური სტილისთვის დამახასიათებელი დეკორატიული ელემენტების სიჭარბე (თაღები, კარნიზები, სვეტები და ა.შ.), რომლებიც ინტერიერის გაფორმებისას გამოიყენება. ცოტა უფრო მაღალი შესაძლებლობის ამერიკელებში ეს სტილი ხშირად ერწყმის ხოლმე თანამედროვეს და გვხვდება ძვირფასი მასალებით და მბრწყინავი მეტალებით, მინებით, ქვებით თუ სხვადასხვა მასალით წარმოდგენილ ე.წ. ,,ლაქშერი“.

- თუ მოახდინა თქვენს გემოვნებაზე, შემოქმედებაზე საზღვრებს გარეთ გასვლამ?
- ჩემს გემოვნებაზე უფრო მეტად გერმანიის დიზაინის გამოფენამ მოახდინა შთაბეჭდილება. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნით ადრე ვიყავი იტალიაში. მაშინ ჩემი გონება მხატვრობაზე, ტექსტილზე და მუზეუმების მონახულებაზე იყო ორიენტირებული. ალბათ იმ დროისთვის ინტერიერი და ავეჯი ჩემი ინტერესების სფეროში არ შედიოდა, თორემ შეუძლებელია, არ აღფრთოვანდე მათი მიღწევებით დიზაინში და ავეჯის წარმოებაში. გერმანიაშიც, კიოლნის საერთაშორისო გამოფენაზე ისინი იყვნენ დომინანტები. ჩემთვის მეტრი არის სწორედ იტალიაა.

- თქვენი გამოცდილებით, ახლა როგორი ტენდენციებია ინტერიერის დიზაინში და რომელი სტილია უფრო აქტუალური?
- მოდერნი ყოველთვის იყო და არის ყველაზე პოპულარული მიმდინარეობა დიზაინში. ჩვენს ქვეყანაში დიდი მოწონებით სარგებლობს. ვინტაჟი ასევე ყოველთვის იყო აქტუალური სტილი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ საზოგადოების ინტერესის ზრდას ამ ტრენდის მიმართ. ხალხს მოსწონს ვინტაჟური ნივთების შეძენის იდეა, როგორც განათებების, ასევე ავეჯის. "ბოჰო“ სტილი არის 2018 ინტერიერის ტრენდი, თუმცა ის არც ისე ახალია, საუკუნეების მანძილზე გრძელდება და ბევრის გულისა და სახლში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

- უფრო ბინებზე მუშაობთ თუ კომერციულ ფართებზე და რამდენად ადვილია ადამიანის ბინის ინტერიერის მოწყობა? რას ითვალისწინებთ ამ დროს?
- ვმუშაობ ორივე სეგმენტზე. ბოლო დროს კომერციულ დიზაინებზე უფრო მეტად მიწევს მუშაობა. ადვილია იმდენად, რამდენადაც სასიამოვნოა ჩემთვის თვითონ პროცესი. მიყვარს ჩემი საქმე და ბედნიერი ვარ, რომ ეს პროფესია ავირჩიე.

დამკვეთის აზრს რა თქმა უნდა ვითვალისწინებ. პროექტის დასაწყისში ვესაუბრები მას და ვცდილობ მაქსიმალური ინფორმაცია მივიღო მისი პიროვნებისა თუ ცხოვრების წესის შესახებ. ინტერიერის არჩევისას უნდა გავითვალისწინოთ მაცხოვრებლის ცხოვრების წესი, გემოვნება, ხასიათი, პროფესია, გატაცება, ასევე ბინის ადგილმდებარეობა და ფართი, რაც შემდგომში უკვე მეხმარება მისი სურვილების განხორციელებაში. რა სტილი უნდა, რა ფერები მოსწონს, რა ფუნქცია უნდა მისცეს ამა თუ იმ ოთახს და ა.შ. თუ მხოლოდ საკუთარ სურვილებზე და მოთხოვნებზე ააწყობ ინტერიერს, არ მგონია ამან ბევრი დამკვეთის კმაყოფილება მოგიტანოს. ჩემი ფუნქცია  სწორედ ესაა, რომ შევუქმნა მას გარემო, რომელშიც ლაღად, კომფორტულად და მყუდროდ იგრძნობს თავს.

- უფრო რა სტილში მუშაობთ და რა გამოარჩევს თქვენს მიერ დაპროექტებულ ბინებს?
- ვმუშაობ ყველა სტილში, რასაც მიკვეთავენ. როგორც ზემოთ აღვნიშნე, დამკვეთს ვესაუბრები პროექტის დასაწყისში და მის გემოვნებას და სურვილებს მეტწილად ვითვალისწინებ. პირიქით, ვცდილობ, რომ გარკვეულ ჩარჩოებში არ მოვექცე თუნდაც იმ წლის ტრენდული სტილის. ჩემი აზრით, არ ღირს მოდას ავყვეთ და ყველაფერი იმის მიხედვით ვაკეთოთ, რასაც გვთავაზობს იმ მომენტისთვის აქტუალური სტილი. მოდა ცვალებადია. სახლის ინტერიერი კი დიდხანს რჩება უცვლელი ადამიანების ცხოვრებაში და როგორც არ უნდა მოინდომო, ვერ სდევ ტრენდებს ფეხდაფეხ.

- რა სიახლეებია დიზაინის სფეროში, თუ ეცნობით ხოლმე და თუ ითვალისწინებთ ტენდენციებს?
- რა თქმა უნდა, მუდმივად ვეცნობი. როგორც ჟურნალებსა და ონლაინ სტატიებში, ასევე საერთაშორისო გამოფენებზეც. ვცდილობ მუდმივად მქონდეს წვდომა დიზაინის სიახლეებზე იმის მიუხედავად, რომ ძალიან დატვირთული ვარ და თითქმის არაფრისთთვის არ მრჩება დრო.

- საქართველოში ბოლო დროს სულ უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას ბინის ინტერიერს და დიზაინერის მომსახურებითაც სარგებლობენ. თუ მოგწონთ თბილისური ბინები?
- კი, მომწონს. ამერიკაში წამოსვლის მერე მივხვდი, რომ ჩვენს ქვეყანაში ვიზუალს ძალიან დიდი ყურადღება ექცევა. სხვა საკითხია, რამდენად ყველას აქვს საშუალება განახორციელოს მისი აზრები და ჩანაფიქრები, მაგრამ გემოვნებიანი ერი რომ ვართ ზოგადად, აქედან ძალიან შესამჩნევია. ნებისმიერი ნაკლებად მნიშვნელოვანი ობიექტიც კი სასიამოვნოდ "შეფუთულია“ და მიგიზიდავს მისი ესთეტიური მხარე. ასევე სახლებიც. მიხარია, რომ ხალხი მიხვდა დიზაინერის რეალურ ფუნქციას საქართველოში და სულ უფრო და უფრო კარგი "პროდუქტი“ იქმნება ამ სფეროში.

- რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად ადამიანები, როცა ბინის ინტერიერს გეგმავენ და რას ურჩევთ მათ, ვისაც გარკვეული მიზეზების გამო თავად უწევს ბინის დაპროექტებაც და ინტერიერის მოწყობაც?
- ვურჩევდი, რომ მაქსიმალურად სისადავე შეინარჩუნონ კედლებისა და ჭერის ვიზუალის გადაწყვეტისას, ნუ შეეჭიდებიან დიდ სირთულეებს დამოუკიდებლად, ინტერნეტით მოძიებული ფოტოებით, რადგან გემოვნების გარდა ძალიან დიდი გამოცდილება სჭირდება ამა თუ იმ დეკორაციის შესრულებას. გამოიყენონ ძირითადად მოძრავი დეკორაციები, დიდი ფერადი პანოები, სხვადასხვა ზომის დეკორატიული სანათები და რაც შეიძლება მეტი ბუნებრივი მასალა. შეიტანონ საყვარელი ფერები ბალიშების, ფარდების და დეკორების მეშვეობით და მაინცდამაინც ძირითად სივრცეს ნუ გადატვირთავენ ჭრელი ფერებით. ასევე თავად სცადონ მარტივი, მაგრამ საინტერესო ხელნაკეთი დეკორების შექმნა

- გარდა ინტერიერის დიზაინერობისა, ხელოვნებასაც ემსახურებით და თავად ქმნით დეკორის თუ სხვა ნივთებს...
- ჩემს მიერ შექმნილი დეკორატიული ნივთები უშუალოდ ჩემი სპეციალობის და აკადემიაში გატარებული 8 წლის ნაყოფია. თექა, ბატიკა, აბრეშუმის ქაღალდი, შიბორი - ეს ის არასრული ჩამონათვალია, რა ტექნოლოგიებშიც მე ვმუშაობ ინტერიერის დეკორაციების შექმნისას. ეს დამოკიდებულია იმაზე, რა ტიპის ნივთს ვაკეთებ. ხშირად კომბინირებასაც ვახდენ. ჩემს დეკორაციებში ხშირად შეხვდებით ლითონის კონსტრუქციისა და აბრეშუმის ქაღალდის კომბინაციას, რომელიც სხვადასხვა ტიპის ნივთებადაა წარმოდგენილი. შეიძლება იყოს ეს მაგიდის სანათი, ჭაღი, შირმა, ტიხარი თუ სხვა. ჩემ მიერ ნაწარმოები ნივთების უმეტესობას საქართველოში ვუწევ რეალიზაციას. მოთხოვნა დიდი იყო, იმდენადაც კი, რომ საჭირო გახდა საავტორო უფლების დაცვა, რომელიც უზრუნველყო საქპატენტმა. ნიუ-იორკშიც უკვე არანაკლები მსურველები გამოუჩნდნენ და ალბათ მალე დავიწყებ ამ კუთხით მუშაობას. 3 გამოფენაში მივიღე მონაწილეობა და უცხოელების რეაქციებიდან გამომდინარე, რთული მისახვედრი არაა, რომ ამერიკაშიც ბევრ კერძო კოლექციაში დაიდებს ბინას ჩემი ნივთები.

- რით არის გამორჩეული სხვებისგან თქვენი ნამუშევრები? რა გაქვთ ახალი?
- ჩემი ნივთები გამორჩეულია თავად იდეით. თუ როგორ შეიძლება 2 ან მეტი თითქოს ერთი შეხედვით ურთიერთშეუთავსებადი მასალისგან შიქმნას ესა თუ ის ნივთი ინტერიერის გასალამაზებლად. ნამუშევრებში მაქვს რამდენიმე უშუალოდ ჩემი გამოგონილი, რომლებზეც ოფიციალურად მონიჭებული მაქვს იდეის ავტორობა და დაცულია საქპატენტის მიერ.


- უცხოეთში გაცილებით ძნელია თავის დამკვიდრება. როგორ ახერხებთ ამას და სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- ამას ვახერხებ ძალიან დიდი ძალისხმევის და ნებისყოფის შედეგად. ხშირად ვიდექი კითხვის წინაშე: "შევძლებდი კი ამას?“ თუ დავბრუნებულიყავი ისევ ჩემს ქვეყანაში, სადაც წარმატების კიბე ნაბიჯ-ნაბიჯ უკვე ავლილი მქონდა, დიდი შრომის და მოთმინების ფასად. ბუნებით ძალიან ჯიუტი ვარ და არ მიყვარს წაგება. ასე რომ, ჩემი მუდმივი დევიზია "წინ - მწვერვალებისკენ“. ამჟამად ვსწავლობ არქიტექტურას, პრაქტიკას გავდივარ ერთ-ერთ ფირმაში და ვეცდები სულ მალე ჩემი წვლილი შევიტანო ამერიკის დიზაინსა თუ არქიტექტურაში. დავიმსახურო აქაური ცნობადობა და სიმპათიები.

- რა არის სახლი, შინ - თქვენთვის? თუ იპოვეთ თქვენი სახლი საზღვარგარეთ?
- სახლი არის ადგილი, სადაც სულ სიყვარულით გელოდებიან. სადაც მთავრდება დიდი ქაოსი და იწყება სიმშვიდე, სიმყუდროვე, მშობლებისა და დედმამიშვილების სითბოთი გამოწვეული სიხარული. რამდენ ქვეყანაშიც არ უნდა წავიდე, რამდენი სახლიც არ უნდა შევიძინო, ჩემი სახლი მაინც საქართველოშია, ჩემს თბილისში, ჩემს მშობლებთან!

ლელა ზურებიანი

მარიტას ნამუშევრების ბევრი ფოტო იხილეთ ფოტოგალერეაში

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები