ზედმეტი წონა და სტრესი დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემებია. მათ სხვადასხვა მეთოდით ებრძვიან და ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც, სხვათა შორის, კომფორტულიც არის, ინტერიერის შეცვლაა. რასაკვირველია, შედეგი დიეტებსა და ლიპოსაქციას არ შეედრება, მაგრამ მაინც დაგეხმარებათ.
უმთავრესი ადგილი, სადაც კალორიების წყაროა თავმოყრილი და სადაც მივირთმევთ, სამზარეულოა. სწორედ მის ინტერიერზე უნდა იზრუნოთ, თუ გახდომა გსურთ, ან უფრო სწორად - გსურთ, ნაკლები ჭამოთ.
1-ლი რჩევა: მეცნიერებმა რა ხანია, იციან, რომ ზოგიერთი ფერი მადის სტიმულირებას ახდენს, სხვები კი მადას აქვეითებენ. მადის აღმძვრელ ფერებს მიეკუთვნება მოყვითალო, მოყავისფრო, ზოგიერთი მწვანე
გამოცდილებით არის დადასტურებული ასევე, რომ თეთრ ან ყვითელ ჭურჭელზე დალაგებული საკვები უფრო მიმზიდველია, ვიდრე – ლურჯზე. ლურჯ თეფშებზე დადებულ საკვებს ხშირად ბოლომდე არ ამთავრებენ. მათზე ულუფებსაც ნაკლებს დებენ.
ამბობენ, რომ მადაზე ასევე ცუდად მოქმედებს მკვეთრი წითელი და მუქი ბორდოსფერი. თუმცა ამ ფერებში კედლების გადაღებვა არა მხოლოდ მადას დაგიქვეითებთ, განწყობაზეც იქონიებს გავლენას, რადგან ინტერიერში ისინი გამაღიზიანებელ ფერებად მიიჩნევა.
მე-2 რჩევა: სამზარეულოში არ მოიწყოთ სამუშაო კაბინეტი. თუ სხვა ადგილი არ გაქვთ და მაინცდამაინც სამზარეულოში მუშაობთ, ეცადეთ, იქ ისე მოთავსდეთ, რომ მაცივარი და საკვების შესანახი სხვა ადგილები ხელის გადაწვდენის მანძილზე არ გქონდეთ. გასაგებია, რომ პატარა სამზარეულოში ყველაფერი ახლოს არის ერთმანეთთან, მაგრამ ეცადეთ, ისე მოეწყოთ, რომ რაც შეიძლება მოუხერხებელი იყოს თქვენთვის, თან მუშაობდეთ და თან ხელს იწვდენდეთ სასუსნავებისკენ. თუ ოდნავ გააჩოჩებთ სავარძელს, რომელშიც მოხერხებულად უზიხართ ნოუტბუკს თუ საყვარელ წიგნს, მაცივრიდან ცოტა უფრო დააშორებთ, ესეც დადებით შედეგს მოგცემთ.
თუ მეტ დროს ამ ოთხაში ატარებთ, მაგიდიდან აალაგეთ მურაბით სავსე ფიალები, ლარნაკები ორცხობილებითა და კანფეტებით, რომლებიც სასადილო მაგიდის "მოსართავად" გიწყვიათ. თუ მაინცდამაინც მაგიდის მოთრვა გსურთ, ლარნაკებში ნიჟარები, ლამაზი ქვები ან სხვა, "საკვებად გამოუსადეგარი" სამშვენისები ჩაყარეთ.
მე-3 რჩევა: ადამიანები ზედმეტ საკვებს სტრესის დროსაც მიირთმევენ, მოწყენილობის დასაძლევადაც. ეცადეთ, ბინის ინტერიერი ისე დაგეგმოთ, რომ მასში არ მოიწყინოთ. თქვენს საცხოვრებელ სახლში უნდა იყოს ადგილი წასაკითხად, რაიმე საქმიანობისთვის, სტუმრებისთვის.
სტრესის გადალახვა ინტერიერის მეშვეობითაც შეიძლება. არსებობს რამდენიმე წესი, რომელიც აღნიშნული ამოცანის გადალახვაში დაგეხმარებათ: უსაფრთხო და მყუდრო გარემო, ოთახის ყვავილები, თევზები (აკვარიუმი საუკეთესო საშუალებაა სტრესთან და მოწყენილობასთან სარძოლველად).
უსიამოვნებებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ ასევე არა იმდენად ინტერიერი, რამდენადაც მისი მოვლა. ბინის დალაგება ან კარადების მოწესრიგება შესანიშნავად გადაგატანინებთ ყურადღებას შავი ფიქრებისგან.
მე-4 რჩევა: იყიდეთ გამწოვი და საერთოდაც, სახლში შეუშვით ბევრი სუფთა ჰაერი. არაფერი უწყობს ხელს ისე ნერწყვის გამოყოფას, როგორც გემრიელი საჭმლის სურნელი, რომელიც ბინაშია გავრცელებული.
ეცადეთ, სამზარეულოში არ გქონდეთ ტელევიზორი. თუ მაინც გადაწყვეტთ, რომ ასე გირჩევნიათ, მაშინ დაიცავით ერთი წესი: არასდროს უყუროთ სამზარეულოში დადგმულ ტელევიზორში საშინელებათა ან მძაფრსიუჟეტიან სხვა ფილმებს. ისინი გაცილებით მეტად აიძულებენ ადამიანს, ხელთ ჰქონდეს რაიმე სასუსნავი და თან იცმუცნაოს.