„საქართველოში ყველაზე მოთხოვნადია ლოფტი, მინიმალიზმი, კლასიკური, თანამედროვე და ეკლექტური სტილი...“ - ინტერიერის დიზაინერი ტენდენციებსა და გავრცელებულ შეცდომებზე

35 წლის დავით კავლელაშვილი ინტერიერის დიზაინით ბოლო წლებში დაინტერესდა და უკვე 4 წელია ამ საქმითაა დაკავებული. მუშაობს როგორც ინდივიდუალურად, ასევე საკუთარ გუნდთან ერთად და ამ პერიოდში არაერთი საინტერესო პროექტი განახორციელა. საინტერესო რჩევებს და რეკომენდაციებს დავითი ჩვენს მკითხველს უზიარებს.

- ჩემი დაინტერესება ინტერიერის დიზაინით ჯერ კიდევ ბავშვობიდან იწყება, იმ ბნელი ოთხმოცდაათიანებიდან, რომელიც გამოვიარეთ ჩემი და უფროსი თაობის ადამიანებმა. კარგად მახსოვს ლამპის შუქზე ვქმნიდი საკმაოდ საინტერესო ესკიზებს, სადაც უპირველეს ყოვლისა „შემქონდა“ სხვადასხვა ზომისა და ფორმის სანათები, აქსესუარები. ჩემი მაშინდელი ხედვით, თუ წარმოსახვით ეს
იყო "ლაქშერი“ ტიპის აპარტამენტები (თუმცა, ახლა ამ ყველაფრის გახსენებაზე მეღიმება).

- ყველაზე ძალიან რა მოგწონთ თქვენს საქმიანობაში?
- ყველაფერი, დიზაინ-პროექტის შექმნის საწყისიდან დასრულებამდე. თუმცა ყველაზე მეტად რაც მახარებს, მიყვარს და მაბედნიერებს, არის შექმნილი ესკიზების რეალიზების პროცესი დასაწყისიდან ფინალურ ეტაპამდე - როდესაც უფუქნციო ფართი იწყებს სუნთქვას და იბადება ახალი სივრცე. ვთვლი, რომ მაშინ ხარ შემდგარი პროფესიონალი, თუ დიზაინ-პროექტს რეალიზებამდე ავითარებ. ეს არის ინტერიერის დიზაინერისთვის ყველაზე მთავარი გამოწვევა. აქ მხოლოდ ჰონორარი არ არის მთავარი და უპირველესი, როდესაც უკვე რეალიზებულ პროექტს უყურებ, გიჩნდება სიამაყის განცდა, იმის სურვილი, რომ აკეთო და განავითარო ეს საქმე უწყვეტ რეჟიმში.

- რა პროექტებზე გიმუშავიათ და გამორჩეულ პროექტს თუ გაიხსენებთ?
- ბოლო წლების განმავლობაში დაგროვდა არაერთი საინტერესო პროექტი, თუმცა, მიმდინარე წლის პროექტებიდან გამოვარჩევდი 2 პროექტს: ეს არის თბილისში, დიდ დიღომში არსებული დუპლექსის ტიპის ბინა, რომლის ინტერიერში წამყვან როლს თამაშობს კიბე. ასეთი დიზაინის კიბე პირადად მე არ მგონია საქართველოში არსებობდეს. დაპროექტების პროცესი იყო ძალიან რთული, ამ კიბის პროექტირებაზე ძირითადი სამუშაოები წარმართა ჩემმა პარტნიორმა ინტერიერის დიზაინერმა ფიქრია მოდებაძემ, საბოლოოდ, ერთობლივი ძალისხმევით მივიღეთ ის, რასაც ჩვენი მკითხველიც ნახავს. ამ პროექტს „დიღმის ვარსკვლავი“ ვუწოდე, რომელმაც ჩვენს გამომწერებში და არქიტექტურისა და დიზაინის ერთ-ერთ საერთაშორისო პლატფორმაზე მაღალი შეფასება მიიღო.


რაც შეეხება მეორე პროექტს, აღნიშნული პროექტი მდებარეობს რუსთავში, რომლის სრულყოფილ ვერსიას ძალიან მალე გამოვუშვებთ, ესკიზებს კი ექსკლუზიურად თქვენი მკითხველი იხილავს. ამ პროექტის მთავარი უნიკალურობა მდგომარეობს მის სტილში, ეს არის მინიმალიზმისა და მოდერნიზმის შერწყმა. პროექტის რეალიზება დაიწყება შემოდგომაზე.

- როგორც ვიცით, მუშაობთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდთან ერთად. რით გამოირჩევა გუნდური საქმიანობა ამ სფეროში?
- ჩვენი გუნდი შედგება პერსონალური არქიტექტორებისა და ინტერიერის დიზაინერებისგან. როგორც გუნდი ჩამოვყალიბდით წელიწად-ნახევრის წინ და უკვე არაერთი პროექტი შევქმენით. ჩვენი მომსახურების სფერო მოიცავს არქიტექტურულ, კონსტრუქციულ, გეოლოგიურ, დენდროლოგიურ მომსახურებას. ცალკე გამოვყოფ ინტერიერის დიზაინს და მასში შემავალ მოცულობით დოკუმენტაციას, ეს იქნება სავიზუალიზაციო მასალა, თუ ტექნიკური ნახაზები/გეგმები და ხარჯთაღრიცხვა. ვფიქრობ, საკმაოდ დიდი კომფორტია, მიიღო ყველაფერი ერთი გუნდისგან, გყავდეს და იმუშაო პერსონალურ არქიტექტორთან თუ ინტერიერის დიზაინერთან, რომელიც ლოგიკურ ვადებში გიწევს ხარისხიან მომსახურებას.

- რას აქცევთ ყურადღებას მუშაობის დასაწყისში, როგორ იღებთ გადაწყვეტილებას, როგორ სტილში, ფერში გააკეთოთ ესა თუ ის ინტერიერი?
- საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია გააქტიურდა ინტერიერის დიზაინერის როლი და მისი საქმიანობა, თუმცა აქვე ხაზგასმით ვიტყვი, მხოლოდ ლამაზი რენდერი არ წარმოადგენს ინტერიერის დიზაინს. ინტერიერის დიზაინი ეს არის დიზაინ-პროექტის კომპლექსური დოკუმენტაციის ნაკრები, რომელიც ცალკეულ შემთხვევებში იქმნება თვეობით, სივრცის ფუნქციური დატვირთვისა თუ კონცეფციის გათვალისწინებით. ინფორმაციისთვის მინდა თქვენს მკითხველს ვუთხრა, რომ სრულყოფილი ინტერიერის დიზაინი შედგება, როგორც სავიზუალიზაციო ე.წ. სარენდერო მასალისგან, აგრეთვე თანმდევი ტექნიკური ნახაზების/გეგმების, განშლებისა და სულ მცირე სავიზუალიზაციო მასალების ხარჯთაღრიცხვისგან.

ჩვენს შემთხვევაში, ვმოქმედებთ სტანდარტის და გაიდლაინის შესაბამისად. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ დამკვეთის სურვილებს და შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მოთხოვნებს. პირველ რიგში ვადგენთ ობიექტის ლოკაციას, დანიშნულებას, რა დანიშნულების არის სივრცე, საცხოვრებელი თუ ბიზნეს საქმიანობისთვის, რა ესაჭიროება სივრცეს - დიზაინი, თუ რედიზაინი, აუცილებლობას წარმოადგენს დამკვეთისა და მისი ოჯახის წევრების ფსიქოტიპის დადგენა, რაც ინტერიერში სტილისტიკის შემდგომი განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ყოველივე ამის მერე ხდება ობიექტის ინსპექტირება და აზომვითი სამუშაოების ჩატარება, ობიექტის დეტალურად შესწავლა, სივრცითი გეგმარება, ზონირება, დამკვეთთან შუალედური განხილვებით დიზაინ-პროექტის მიმდინარე პროცესის მიმოხილვა, სავიზუალიზაციო მასალების საძიებო სამუშაოები, რაც საბოლოო ჯამში გვაძლევს პროდუქტს, ეს კი არის დიზაინ-პროექტის ალბომი, სადაც შედის მოცულობითი ინფორმაციის მატარებელი დოკუმენტაცია, დაწყებული საპროექტო ხედებით, გაგრძელებული მუშა/ტექნიკური ნახაზებით და დასრულებული სავიზუალიზაციო მასალების ხარჯთაღრიცხვით.

- დამკვეთებთან ურთიერთობა ალბათ ცალკე სასაუბრო თემაა, რამდენად რთულია მათი დარწმუნება, მაშინ როცა თქვენი აზრები არ ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ ზუსტად იცით, რომ „არასწორი“ მოთხოვნა აქვს?
- დიახ, არ არის მარტივი ასეთ დროს დამკვეთთან ურთიერთობა, თუმცა არც შეუძლებელი. ვცდილობ, კონკრეტული არგუმენტებით მოვახდინო ზემოქმედება, ავუხსნა, რომ ერთმა არასწორმა დეტალმა შეიძლება ინტერიერში ქაოსი გამოიწვიოს. ყოფილა შემთხვევა, მეტი დამაჯერობლობისთვის ესკიზის სახით წარმიდგენია, თუ როგორი იქნებოდა შეუსაბამო რეალობა. თუ, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია შეთანხმების მიღწევა, მცირე კომპრომისზეც წავსულვარ, ვფიქრობ, ასე მარტივად, მხოლოდ სურვილებით თუ ტრენდის გათვალისწინებით არ შეიძლება ინტერიერში რაიმე საკითხი გადაწყდეს, მაგრამ თუ დაჟინებული მოთხოვნაა, მაშინაც ვცდილობ რაიმე ფორმით გამოსავლის პოვნას. საბოლოო ჯამში ვფიქრობ ნებისმიერი დამკვეთი თანდათან აცნობიერებს, რომ ინტერიერის დიზაინერი არ არის 3D-ვიზუალიზატორი, ხოლო ნაკარნახევი, რომ „ეს ასე უნდა იყოს“ ან „ასე მსურს“ გათვალისწინებით, ვერასდროს იქნება ინტერიერის დიზაინი სრულყოფილი.

- ყველაზე გავრცელებული შეცდომები, რასაც ხვდებით ხოლმე, რა არის?
- სივრცის არასწორი გეგმარება, აგრეთვე ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია ტრენდებსა და ტენდენციებზე დამოკიდებულება, მაგალითისათვის, მოგეხსენებათ, ოფიციალურად გამოქვეყნდა წლის მთავარი და ტენდენციური ფერი - VIVA MAGENTA, რომელიც წარმოადგენს ბორდოსფერისა და ლავანდისფერის ნაზავს, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენს ფსიქოტიპთან შეუსაბამო ფერების ინტერიერში შეტანა?! არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება წარმოდგენილი ტექსტილის სახით, თუ დატანილი იქნება კედელზე, თუკი ქვეცნობიერთან არ მოდის ჰარმონიაში?! ის დროთა განმავლობაში თქვენში გამოიწვევს უსიამოვნო განწყობებს, რამაც შეიძლება ფსიქო-ემოციურ ფონზე დროდადრო ნეგატიური გავლენაც მოახდინოს. აქვე ვიტყვი, რომ წლიდან წლამდე ტენდენციები მოდიან და მიდიან, ეცადეთ დაუკვირვებლად არ გადაწყვიტოთ ისეთი დეტალების ინტერიერში გამოყენება, როგორიც არის სააბაზანოს ფილა, კედლის ფერი, დეკორი. სწორედ სიახლე და მიმზიდველობა უბიძგებს ადამიანს შეცდომები დაუფიქრებლად დაუშვას, ბევრი რომ არ ვისაუბრო ამ საკითხზე, თითოეულ ადამიანს საკუთარი ფსიქოტიპის შესაბამისად ინდივიდუალური გემოვნება, ჰარმონიული ფერები, სტილი, თუ სივრცის შეგრძნება გააჩნია.
შემდეგი შეცდომა, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არის დაგეგმარებითი მონახაზის არ არსებობა - ძალიან მნიშვნელოვანი იმის ცოდნა, სივრცეში რომელ ავეჯს სად განალაგებ. სწორი დაგეგმარების შესაბამისად სპეციფიკაციების გათვალისწინებით უნდა მოხდეს დეკორისა თუ ავეჯის მოძიება და შემდგომში მათი განთავსება.

- რა უნდა გაითვალისწინონ ადამიანებმა რემონტისას, რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა მივცეთ...
- დამეთანხმებით, რამდენად დამღლელი და რუტინული პროცესია რემონტი და კიდევ უფრო რთული - სარემონტო სამუშაოებამდე მისვლა, მით უფრო, როცა არასდროს გქონია გამოცდილება, საიდან ან რით უნდა დაიწყო წინასარემონტო დაგეგმარება. ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ჩამოვყალიბდეთ, თუ რა მოგვწონს ინტერიერში, როგორი გარემო გვჭირდება, რის საშუალებას იძლევა არსებული ფართი, მაგრამ თუ მაინც ფიქრობთ და ვერ გადაგიწყვეტიათ, რა გსურთ, ან პროცესი საიდან დაიწყოთ და წარმართოთ, რაც ძალიან ხშირი შემთხვევაა დღევანდელ რეალობაში, გაცილებით ხელმისაწვდომია ინტერიერის დიზაინერისგან მიიღოთ პროფესიონალური რჩევები, გაიაროთ კონსულტაცია და საჭიროებისამებრ მიიღოთ მომსახურება, რაც მოგცემთ საშუალებას გაუფრთხილდეთ საკუთარ დროს, ფინანსებსა და ენერგიას.

- ტრენდები და თანამედროვე ტენდენციები ინტერიერსა და არქიტექტურაში - რა არის ახლა მოდური და ძირითადად როგორ ინტერიერს ანიჭებენ ჩვენთან უპირატესობას?
- საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი სტილები ეს არის: ლოფტი, მინიმალიზმი, კლასიკური, თანამედროვე და ეკლექტიკა, აგრეთვე საკმაოდ მოთხოვნადი გახდა სკანდინავიური მიმართულება. აქვე ავღნიშნავ, რომ დომინანტი მაინც ლოფტია, ჩემი სიმყუდროვის შეგრძნება ამ სტილთან არის გადაჯაჭვული, რა თქმა უნდა, ყველა ინდივიდს გააჩნია საკუთარი ხედვა და გემოვნება, რასაც ჩვენ ინდივიდუალურ კონსულტაციებსა თუ დიზაინ- პროექტის შუალედური განხილვის პროცესში, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ.

- შესაძლებელია თუ არა არსებული ინტერიერს „გადახალისება“ სხვადასხვა ხერხით, მნიშვნელოვანი სარემონტო სამუშაოების ჩატარების გარეშე?
- დიახ, შესაძლებელია, თუმცა გააჩნია კონკრეტულად რის ცვლილებას ვგეგმავთ, თუ ეს არის კედლის ფერი, აუცილებელია შევარჩიოთ ისეთი ფერები და ტონალობები, რაც ჩვენთვის ყველაზე მისაღები და სასურველი იქნება, ამავდროულად შეერწყმება ფართში არსებულ დეკორსა თუ ავეჯს, ყველა ელემენტი ერთმანეთთან ბმაში უნდა მოდიოდეს, რაც საბოლოო ჯამში გვაძლევს განახლებულ გარემოს. აგრეთვე ავეჯის განახლების პროცესში მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ არსებული ფართის ათვისების საშუალება და ზომიერება, პირობითად, დავასახელებ დივნის ზომებს. კიდევ ძალიან ბევრი დეტალია, რისი გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია, რათა მივიღოთ სწორად განახლებული გარემო, რომელიც უნდა ემთხვეოდეს ჩვენს გემოვნებასა და სტილს.

ციცი ომანიძე

კომენტარები

ana 2023-04-20 15:45
ლოფტი :D :D აქვს ამ სიტყვას შესატყვისი ბატონო ჟურნალო და გეფიცებით საზოგადოების დიდ ნაწილს, გვიყვარს ჩევენი ენა და გვაღისეთ ქართული სიტყვები

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები