გრიბოედოვის ქუჩა #18... მეორე სართულზე ამავალი ხის კიბე... მისაღები ოთახი და ისტორიული მაგიდა - ლარნაკში წითელი მიხაკებით. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თვალით არასდროს მინახავს, როგორ ცხოვრობდა ამ სახლში ტიციან ტაბიძის ოჯახი და არც ამის ვიდეოკადრები არსებობს, ყოველ ჯერზე აქ სტუმრობისას ისეთი განცდა მეუფლება, რომ ეს ადგილი წარსულთან “კონტაქტის” საშუალებას იძლევა. აქ სრულიად თვალნათელია მასპინძლის სამყარო და სულიერი ღირებულებები. თითქოს გაცრეცილი სილუეტები “ცოცხლდებიან” და ეპიზოდურად “ხედავ”: როგორ ზის საწერ მაგიდასთან პოეტი, როგორ დარბის ოთახში მისი პატარა ქალიშვილი და როგორ ეგებება ტიციანის
მეუღლე სტუმრებს, რომლებიც ამ სახლს მრავლად ახსოვს...
როდესაც ნინო მაყაშვილი ტიციანს გაჰყვა ცოლად, ეს ბინა ბიძამ, ალექსანდრე ჭავჭავაძემ აჩუქა. მრგვალი მაგიდისა და რამდენიმე სკამის გარდა აქ არაფერი იდგა. ახალდაქორწინებულებმა ნელ-ნელა შემატეს ავეჯი და ნივთები. მისაღებში ახლაც დგას ის ძველი მრგვალი მაგიდა, რომელზეც ზამთარ-ზაფხულ წითელმიხაკებიანი ლარნაკი იდგა, ამ ყვავილს არ იშორებდა კოსტიუმის ღილ-კილოდან თავად პოეტიც... მაგიდის გარშემო ისხდნენ “ცისფერყანწელები”, სხვა ქართველი და რუსი პოეტები თუ მწერლები: ესენინი, მაიაკოვსკი, პასტრენაკი, ანდრეი ბელი... ისხდნენ და ჭიქა ჩაიზე ღამეებს ათენებდნენ ლექსების კითხვაში.
ამ სახლში პოეტი, მისი მეუღლე ნინო მაყაშვილი და ქალიშვილი ნიტა (ტანიტ) 1921-დან 1937 წლის ოქტომბრამდე ცხოვრობდნენ, ანუ მანამ, სანამ ტიციანს ბევრ სხვასავით ანტისაბჭოთა მოღვაწეობის აბსურდული ბრალდებით დააკავებდნენ. 1937 წლის რეპრესიების შემდეგ, ნინოს ერთი ოთახი დაუტოვეს, მერე ბინაში სხვებიც შეუსახლეს, თუმცა 1957 წელს, პოეტის რეაბილიტაციის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. 1985 წლიდან პოეტის ბინაში მუზეუმი გაიხსნა (რომელიც პოეტის ქალიშვილის საძინებელსა და მისაღებ ოთახს მოიცავს) და კედლებმა, პოეტის ქალიშვილის მითითებით, ძველებური იერი დაიბრუნა.
უამრავი ნივთი წარსულში გაბრუნებს, მათ შორის: ავეჯი, ცისფერი ყანწი, კალამი, სამელნე, სანათი, ჩიბუხი, ჭურჭელი, ნინო მაყაშვილისეული სადაფის ზარდახშა. იქვეა პიეროსა და კოლომბინას ფიგურები, რომლებიც პაოლო იაშვილმა ტიციანსა და მის მეუღლეს ქორწილის დღეს აჩუქა. კედლებზე კი ტიციანის პორტრეტები და ფოტოებია გამოფენილი.
საოჯახო ალბომიც არაერთ საინტერესო ფოტოს უყრის თავს. აქვე ინახება ის საათი, რომელიც ტიციანის დაკავების ღამეს 3 საათზე გაჩერდა და მას შემდეგ აღარ უმუშავია...
ტიციანი ღამით დგებოდა, წერაში ღამეებს ათენებდა და პირველად ლექსებს მეუღლეს უკითხავდა. მერე ცოტა ხნით გადადებდა ნაწერებს და მცირე ხნის შემდეგ კვლავ განაახლებდა ლექსებზე მუშაობას. ტიციანის საწერ მაგიდას, რომელიც ამავდროულად კარადის დანიშნულებასაც ითავსებს, რამდენიმე თარო და უჯრა აქვს. ალბათ, ერთ დროს სწორედ აქ ინახებოდა პოეტის ხელნაწერები.
რეპრესიების პერიოდში ნინო მაყაშვილმა ავეჯისა და ნივთების დიდი ნაწილი, ნათესავ-ახლობლებთან გადაინახა, ასევე მაშინდელ მეგობრობის მუზეუმში მიიტანა საარქივო მასალებთან ერთად, რომელსაც შემდეგ ლიტერატურის მუზეუმის სახელი მიენიჭა, და ახლაც იქვე ინახება. ტიციანის რეაბილიტაციის შემდეგ ტაბიძეების კუთვნილი ქონების ნაწილი მისმა მეუღლემ კვლავ შინ დააბრუნა...
კედლებზე რამდენიმე ნახატია, მათ შორის ერთი კირილ ზდანევიჩის ნამუშევარია, რომელზეც მას ტიციანი შვილთან ერთად დაუხატავს. მათ ზურგს უკან პაოლო იაშვილი მდგარა. მხატვარს არც ერთი პოეტი არ გაუნაწყენებია, შუაზე გაუჭრია და ერთი ტიციანისთვის უჩუქებია, მეორე - პაოლოსათვის. ტიციანისეული ძველი სამეულის გვერდით პიანინო დგას. ის პოეტის შვილიშვილ გივი ანდრიაძისთვის პასტერნაკსა და მის ცოლის ძმას ჰენრიხ ნეიგაუზს უჩუქებიათ, ინსტრუმენტზე დაკვრა რომ ესწავლა.
ქართველი სიმბოლისტი პოეტისა და “ცისფერყანწელთა” მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებლის ბინის მისაღები ნათელი სივრცეა, რომელსაც სწორედ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ, ექიმ გივი ანდრიაძესთან ერთად ვათვალიერებ:
“1937 წელს ტიციანი ბერიამ დაიბარა და უბრძანა, პაოლო იაშვილზე დაეწერა, რომ ჯაშუში იყო. მან კი ეს არ გააკეთა. არაერთხელ დაკითხეს და მას შემდეგ ტიციანს სულ იმის განცდა ჰქონდა, რომ დააპატიმრებდნენ. მართლაც, რამდენიმე თვის შემდეგ ღამით კიბეზე ფეხის ხმა შემოესმათ, ზარი დარეკეს და რამდენიმე კაცმა ტიციანი სახლიდან წაიყვანა. ეს ამბავი ბებიამ და დედამ ძალიან განიცადეს. მაშინ დედა 16 წლის გახლდათ. როგორც მიყვებოდნენ, ტიციანს შვილისთვის უთქვამს, შეიძლება ვეღარ მნახო, მე აღარ ვიყო, მაგრამ ერთი რამ იცოდე, არასოდეს შეგრცხვება და გაწითლდები, როდესაც ჩემს სახელს ახსენებენო. ტიციანი ათი წლით გადაასახლეს, მიმოწერის უფლების გარეშე. ბებია სულ ელოდებოდა, რას აღარ ეუბნებოდნენ: ზოგი ამბობდა, ციმბირში ვნახეთო, ზოგიც სხვა ადგილს უსახელებდა. დღემდე არ ვიცი სიმართლე. ერთ-ერთი ვერსია ისიცაა, რომ ის სხვებთან ერთად რუსთავის გზაზე დახვრიტეს. თუმცა დანამდვილებით არავინ იცის, როდის რა მოხდა”...
რამდენიმე წლის წინ, გივი ანდრიაძე სამოქალაქო რეესტრში ერთ საინტერესო ცნობას გადააწყდა, რომლის არსებობის შესახებ აქამდე არაფერი იცოდა. ეს არის ტანიტ ტიციანის ასულის, ანუ დედამისის დაბადების მოწმობა, რომელიც 1922 წლის 14 იანვრით თარიღდება.
“...არ ვიცოდი, ამგვარ ცნობას თუ გასცემდნენ, იქვე მოხსენიებული არიან მოწმეებიც. აი, ინებეთ და წაიკითხეთ, რა წერია... - მეუბნება მასპინძელი და მეც ვკითხულობ: “ტანიტ ტაბიძე, დაბადების თარიღი 1921 წელი, 16 იანვარი.
დაბადების ადგილი თბილისი. მამა ტიციან ტაბიძე - 28 წლის, დედა ნინო მაყაშვილი - 25 წლის. მოწმეები: პაოლო იაშვილი, გრიგოლ რობაქიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოტე მარჯანიშვილი, გიორგი ლეონიძე, შალვა აფხაიძე, ნინო გვაზავა, ლოლა გომართელი, ელენე მაყაშვილი, ანუშ თუმანიანცი და ნინო გვაზენაძე...” მართლაც რა საინტერესო ფაქტი და მნიშვნელოვანი საარქივო ცნობაა”.
დაბადების მოწმობას ფოტოს ვუღებთ და ძველ ჩარჩოში მოთავსებულ პოეტის ქალიშვილის სურათს ვაკვირდები. პატარა ნიტა ფეხსაცმლის გარეშე დგას, თეთრი კაბა და წინდები აცვია, თავზე კი თეთრი ყვავილების გვირგვინი ადგას. ახლა ეს ფოტოც და ტიციანის ბინაში დაცული ყველა ნივთი მოსაფრთხილებელი რელიკვიაა...
ანა კალანდაძე

კომენტარები