ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის შესახებ მინდა გიამბოთ, რომელიც ჩარგალში, ვაჟას სახლში მდებარეობს. მანამდე, ფოტოარქივიდან რამდენიმე ფოტოს გაგაცნობთ:
პირველ ფოტოზე ვაჟა თავის მეორე მეუღლესთან, თამარ დიდებაშვილთან ერთადაა. მეორეზე - ოჯახის წევრებიდან არიან: ვაჟა, თამარი, უკან დგას ვაჟას შვილი ლევან რაზიკაშვილი, რომელიც 1923 წელს დახვრიტეს. პატარა ბიჭი არის ვახტანგი, ის მეორე ცოლთან შეეძინა მწერალს.
მესამე ფოტოზე სხედან: იროდიონ ევდოშვილი, ნიკო (ბაჩანა) რაზიკაშვილი, შიო მღვიმელი (ქუჩუკაშვილი) და ვაჟა, ხოლო დგანან თედო და სანდრო რაზიკაშვილები. ფოტო გადაღებულია 1907 წლის 9 სექტემბერს, ილია ჭავჭავაძის დაკრძალვის დღეს, ცნობილი
ვაჟა-ფშაველას (ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) ნაწარმოებებს ზოგი სასკოლო წიგნებიდან ეცნობა. ზოგი, ალბათ, სკოლამდელი ასაკიდან ეზიარება გენიოსი შემოქმედის ქმნილებებს. ვაჟას სახლ-მუზეუმში ერთხელ მაინც უნდა მივიდეს ადამიანი, რათა ახლოს გაიცნოს ის გარემო, სადაც შედევრები იქმნებოდა.
ერთსართულიანი, ოროთახიანი სახლი, სადაც ვაჟა-ფშაველა ცხოვრობდა და მუშაობდა, რიყის ქვით არის ნაგები. სახლის ერთი ნაწილი ვაჟა-ფშაველას მამის - პავლეს აშენებულია, მეორე ნაწილი კი თავად პოეტის. ეზოში დგას საბძელ-გომური, თორნე და წისქვილი.
ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი 1961 წელს დაარსდა. აქ დაცულია პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთები, XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის ეთნოგრაფიული ხასიათის მასალები, პოეტის კრებულების სხვადასხვა პერიოდის გამოცემები, აგრეთვე პოეტისადმი მიძღვნილი ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები, ფოტომასალა და სხვა. მუზეუმის საფონდო ერთეულთა რაოდენობა შეადგენს 2000-ზე მეტს.
მანანა გოდერძაული, ჩარგალში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის დირექტორი, თავისი ბავშვობის დროინდელ მოგონებას იხსენებს:
- პაპას ჰქონდა, მგონი 1954 წელს გამოშვებული წიგნი, რომელსაც კრემისფერ ყდაზე ყავისფერი ასოებით ეწერა ვაჟა-ფშაველა. ეს წიგნი ძალიან უყვარდა და თითქმის ზეპირად იცოდა. მე და ჩემი და-ძმა, პაპას საღამოობით გვერდით მივუსხდებოდით ხოლმე და ის გვიყვებოდა ვაჟას ნაწარმოებების შესახებ. ეს დამრჩა მეხსიერებაში. დღესაც მესმის პაპაჩემის ხმა, როგორი დიდი სიყვარულით გვიამბობდა ამ ყველაფერზე. მაგ სამყაროში გავიზარდე და ბუნებრივი იყო, ვაჟას მიმართ ჩემი სიყვარული. ფილოლოგი ვარ, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩარგალში წამოვედი. ბატონმა ირაკლი გოგოლაურმა მეცნიერ თანამშრომლად მიმიღო. ასე დავრჩი აქ და დღემდე ვმუშაობ.
- მუზეუმში მოსულ დამთვალიერებელთან საუბარს რითი იწყებთ?
- მე პირადად, ვიწყებ ფხოვისა და რაზიკაშვილების ისტორიით. რაზიკაშვილების წინაპრები წარმოშობით იყვნენ სნოდან, იქიდან წამოვიდნენ და ისინი ცაბაურთის თემმა მიიღო, დაასახლა სოფელ აფხუშოში, ახლა იქ ნასოფლარია. მერე ვაჟას მამა პავლე გადმოვიდა ჩარგალში... ასე ვიწყებ და შემდეგ, რაც სიტყვას მოყვება. შეიძლება ისეთი კითხვა დამისვან, ლირიული გადახვევა დამჭირდეს და ა.შ. ყოველთვის მსიამოვნებს ამ თემაზე საუბარი, მაგ სამყაროთი ვსაზრდოობ.
- მემორიალური ნივთების შესახებ მიამბეთ.
- ვაჟას ოთახში არის მისი პირადი ნივთები - მაგიდა და სკამი, ბუხრის წინ პატარა, ჩიკა სკამი დგას. პირდაპირ კედელზე ჩამოკიდებულია ვაჟას მეორე თოფი. ის კარგი მონადირე გახლდათ და პირველი თოფი დამარხული აქვს. არ ვიცი, ახლა მონადირეები ამ წესს იცავენ თუ არა, მაგრამ ცნობილია, რომ როცა ას ჩლიქოსან ნადირს მოკლავდა თოფი, ის მიწაში იმარხებოდა. თავად ვაჟაც ასე მოქცეულა. აქვეა, მისი დის მართას ნაქსოვი ხურჯინი, ვაჟას რომ აჩუქა. ეგ არის ის ცნობილი ხურჯინი, რომლითაც პოეტს საგზალი დაჰქონდა. არის პეტერბურგიდან ჩამოტანილი საათი სადგამით და სხვა. გვაქვს პავლეს ნივთები: მისი ტახტი თავისი ფარდაგით, შანდალი, პავლეს მონადირებული ირმის რქები.ნანული ზოტიკიშვილი
ვაჟას უკანასკნელი დღეების შესახებ იხილეთ:
ვინ იყო გოგონა, რომელიც მომაკვდავ ვაჟა ფშაველას უვლიდა - "გამაციეს ამ ოჯახქორებმაო"
ვაჟა-ფშაველას ვაჟი და დისშვილი, რომლებიც დახვრიტეს - უნიკალური ფოტო და ტრაგიკული ისტორია
კომენტარები
Переходите по ссылке, устанавливайте браузер, участвуйте в конкурсе и получайте $ !!!