ვინ იყო გოგონა, რომელიც მომაკვდავ ვაჟა-ფშაველას უვლიდა - "გამაციეს ამ ოჯახქორებმაო"

რა აკავშირებს ვაჟა-ფშაველას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რატომ არ უნდოდა მას ჩარგლიდან წამოსვლა და ვისი იდეა იყო ვაჟას მემორიალური მუზეუმის შექმნა? ამის შესახებ გვესაუბრება მამუკა ჭანტურაია, ფილოლოგიის დოქტორი, ვაჟა-ფშაველას მემორიალური მუზეუმის მენეჯერი:

- ყველას აინტერესებს როგორ მოხვდა ვაჟა უნივერსიტეტის კედლებში. პირველი მსოფლიო ომი მიმდინარეობდა, როცა ბრძანების თანახმად, ყველა დიდ შენობაში ლაზარეთი გახსნეს, სადაც თურქეთის ფრონტიდან ჩამოყვანილ დაჭრილებს მკურნალობდნენ. ამ შენობაში მაშინ ქართული გიმნაზია იყო და მეორე სართულზე ფუნქციონირება დაიწყო წმინდა ნინოს სახელობის ლაზარეთმა, რომლის მთავარი ექიმი ვლადიმერ მახვილაძე გახლდათ. ვაჟას, რა

თქმა უნდა, მსოფლიო ომთან არანაირი კავშირი არა აქვს, ის ცხოვრობს ჩარგალში და მას ფილტვების ანთება დაემართა. ძმამ თბილისში ჩამოსვლა შესთავაზა, რათა ექიმთან მიეყვანა. ვაჟა ჩარგლიდან წამოსვლის წინააღმდეგი იყო. იქ პატარა სუფრა გამართა, რა დროსაც უთქვამს: ვერც ცოცხალი და ვერც მკვდარი, აქ ვეღარ დავბრუნდებიო. თითქოს გული უგრძნობდა და მაინც ჩამოვიდა თბილისში.

მგოსნის ჩამოსვლას ახალგაზრდა მწერალთა ერთი ჯგუფი სიხარულით შეხვდა. სანდრო შანშიაშვილმა მწერლებს უთხრა: მოდი, ვაჟას იუბილე გადავუხადოთო. 23 მაისს სახაზინო (დღევანდელი ოპერის) თეატრში საღამო გაიმართა. გაზაფხულია, თუმცა ჯერ კიდევ ცივა. ვაჟამ ნაბადი არ მოიხურა იმ მიზეზით, რომ ისედაც ველურს მეძახიანო. ეს კიდევ არაფერი. ქართული წესის მიხედვით იუბილეს შემდეგ, ვაჟას ორთაჭალის ბაღში მტკვრის ნაპირას სუფრა გაუშალეს და ქეიფმა დილამდე გასტანა. არავინ იცის, რომ ის ავადაა და მასაც, ამის თქმა მოერიდა. ვაჟა სახლში მაღალი სიცხით დაბრუნდა და წერდა კიდეც, გამაციეს ამ ოჯახქორებმაო. ის ძმასთან ცხოვრობდა მლეთის (დღევანდელი ხორავას) ქუჩაზე და ორ კვირაზე მეტხანს იწვა სიცხიანი ნაბადწამოხურული.

არ ვიცი, ვლადიმერ მახვილაძემ, საიდან გაიგო ბინის მისამართი. მან მგოსანთან მოწყალების და, 19 წლის ნინო ციციშვილი გააგზავნა და ვაჟას ლაზარეთში გადმოყვანა დაავალა. ლაზარეთი მეორე სართულზე იყო, მაგრამ პოეტს პატივი სცეს და მესამე სართულზე ცალკე ოთახი გამოუყვეს. ეს არის დღევანდელი ოთახი №316, თსუ-ს პირველ კორპუსში. მაშინვე შეიკრიბა კონსილიუმი და პლევრიტის დიაგნოზი დაუსვეს. მას ფილტვებიდან წყალი ამოუღეს, მაგრამ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა და ვაჟა 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. საინტერესო ფაქტია, რომ მწერალი ივლისში იყო დაბადებული და ივლისში გარდაიცვალა. ამ კუთხეში იდგა მისი საწოლი, სადაც ახლა გამოფენილია ევტიხი ჟვანიას გადაღებული ცნობილი ფოტო. ნინო ციციშვილი ამ ფოტოზე მარჯვნიდან მეორე დგას.

მუზეუმში ყველა ორიგინალი ფოტოა, მათ შორის ესეც, სადაც ახალგაზრდა და ჯანმრთელი ვაჟაა გამოსახული.

მას მოგვიანებით ჯილეხი შეხვდა და ერთი თვალი დაუზიანდა. ამის გამო, გრიგოლ რობაქიძე ცალთვალა დევს ეძახდა.

მოგეხსენებათ, უნივერსიტეტში ვაჟას კაბინეტი არსებობდა და გრიგოლ კიკნაძეს გაუჩნდა იდეა, რომ მემორიალური ოთახი შექმნილიყო, მაგრამ ზემოდან განხორციელებული ზარის გამო, ეს ვერ მოხერხდა. გრიგოლ კიკნაძის გარდაცვალების შემდეგ, ჯუმბერ ჭუმბერიძეს უნდოდა ამის გაკეთება. მაშინ უკვე ფაქტობრივად ყველაფერი მომზადდა, თუმცა საბოლოოდ ჩანაფიქრი ვლადიმერ პაპავას რექტორობის დროს განხორციელდა. ეს მოხდა ვაჟას გარდაცვალებიდან ზუსტად საუკუნის შემდეგ. მუზეუმი 2015 წელს გაიხსნა იმ ოთახში, სადაც მან უკანასკნელი დღეები გაატარა. ოღონდ, უცხოელებს არ ვეუბნებით, რომ ამ საქმეს ერთი საუკუნე დასჭირდა.

აქ ჩარგლის სახლ-მუზეუმიდან ჩამოტანილი ხელჯოხი გვაქვს, რომელიც თავის დროზე ვახტანგ რაზიკაშვილმა გვაჩუქა. ხელჯოხი ვაჟას მამას, პავლე რაზიკაშვილს ეკუთვნოდა.

უნიკალური მასალებიდან გვაქვს მწერლის დაბადების მოწმობა , სხვადასხვა დროის ცხოვრებისეული საბუთები, ხელნაწერთა ასლები, პოეტის ნიღაბი 

ეს საწვნე ნინო ციციშვილმა გვაჩუქა, რომელიც ამბობდა - ვაჟას ამ საწვნიდან ჩემი ხელით ვასმევდიო. სხვათა შორის, ნინო ციციშვილის შვილი გახლდათ ცნობილი პედიატრი გიორგი ციციშვილი.


მუზეუმში ინახება დიდი მგოსნის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი ქართველი მხატვრების ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, ლევან ცუცქირიძის, ირაკლი და გიორგი ოჩიაურების, კორნელი სანაძის და სხვათა ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. ისინი გრიგოლ კიკნაძის მიერ არის შეგროვებული ვაჟას დაბადებიდან 100 წლის იუბილეზე.

შეგვიძლია თავი მოვიწონოთ რარიტეტული გამოცემებით. მათგან ზოგიერთი პოეტის სიცოცხლეშია გამოცემული, ზოგი მისი გარდაცვალების შემდეგ.
სხვათა შორის, ანტონ ფურცელაძემ ვაჟას მოთხრობების წაკითხვის შემდეგ, მასში გენიოსი ვერ დაინახა. საბედნიეროდ, როცა ილია ჭავჭავაძემ „შვლის ნუკრის ნაამბობი“ წაიკითხა, უთქვამს, ეს ვინ დაწერა? კიდევ მომიტანოს თავისი ნაწერებიო. ხოლო როდესაც „მოხუცის ნათქვამი“ მიუტანეს, ილიამ ბრძანა: რუსთაველის შემდეგ, ჩვენ ასეთი პოეტი არ გვყოლიაო. რა თქმა უნდა, ის არ შემცდარა.


ნანული ზოტიკიშვილი

კომენტარები

რუსუდანი 2023-07-10 17:36
უხერხულია და იქნებ ჩაასწოროთ.
ნინო იოსების ასული ციციშვილი დგას მარჯვნიდან მეორე და არა მარცხნიდან მეორე. ზუსტად ვაჟას თავზე დგა.
თანაც ნინო ციციშვილის შვილი იყო ატა გიორგი, არამედ ცნობილი პედიატრი ირაკლი ციციშვილი. დღეს დიღომში ბავშვთა საავადმყოფო მის სახელს ატარებს.
ლალი 2023-03-09 15:38
ციციშვილის შვილს გიორგი კი არა -ირაკლი ერქვა.
მარინა 2023-03-09 15:16
ხორავას მლეთის] ქუჩაზე ვაჟას მუზეუმი გააუქმეს და ახლა ვიღაცა ევრო რემონტს აკეთებს ამერიკიდან ჩამოუსვლელად, არც იცის რომ მაგ ბინაში ვაჟამ ბოლო დღეები გაატარა,
მაია 2021-04-05 13:47
ღმერთო, სამშობლო უცოცხლე,
546 2021-04-02 20:24
ყოველთვის საინტერესოა ყველაფერი რაც ვაჟას შეეხება. მაგრამ ვაჟას ალბათ არ მოეწონებოდა ''რარიტეტული''-ის ხმარება.წონა შესძინა სტატიას? ქართულად უფრო ლამაზად არ ჟღერს ეგ სიტყვა?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები