ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე სამეგრელოს სოფელ სუჯუნადან უნიკალური სახლის ფოტოებს აქვეყნებს. სახლი, რომელიც სასახლეს უფრო წააგავს, საუკუნეზე მეტს ითვლის და ის ქართველ მილიონერს, ცნობილ მეცენატს აკაკი ხოშტარიას ეკუთვნოდა.
"სოფელ სუჯუნაში გახლავთ ეს სახლი, რომელიც 1915 წელს იტალიელებმა დააპროექტეს. სამეგრელოს ერთ პატარა სოფელზეა საუბარი. ეს სახლი უდიდესი ქართველის, მეცენატის, ეროვნული საქმეების დამფინანსებლის აკაკი ხოშტარიასი გახლდათ, რომელიც დედას აუშენა.
თავად აკაკიც ამ სოფელში დაიბადა და გაიზარდა, ვიდრე მილიონერი გახდებოდა. აკაკი ხოშტარია გახლდათ ბაქოსა და ირანში მსხვილი სანავთობო კომპანიის დამაარსებელი და ექსპორტიორი უამრავ ქვეყანაში.
აფინანსებდა საქართველოს პირველ დემოკრატიულ მთავრობას, რომელსაც ბოლომდე ინახავდა საფრანგეთში ემიგრაციის დროს (თავადაც საფრანგეთშია დაკრძალული, პარიზის პერ-ლაშეზის სასაფლაოზე, ჰიუგოს, მოდილიანისა და ოსკარ უაილდის გვერდით). დამოუკიდებელ საქართველოს შეუძინა 4 სამხედრო გემი. სწორედ მან იყიდა აუქციონზე სარაჯიშვილების სახლი, რომელიც შემდეგ გადასცა სახელმწიფოს (სადაც დღემდე მწერალთა კავშირია). აბსოლუტურად ყველა სტუდენტს აფინანსებდა, ვინც ევროპაში სწავლობდა. მაშინდელი საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმისთვის ბაქოდან გადმორიცხა 8 ათასი მანეთი.
მოკლედ, ძალიან მაგარი კაცი იყო და უდიდესი ქართველი. სწორედ მის ბავშვობის სოფელს და უმაგრეს სახლს ვსტუმრობდი, სადაც დედამისი ცხოვრობდა სიცოცხლის ბოლომდე. სახლი შენარჩუნებულია უნიკალურად, რასაც უნდა ვუმადლოდეთ აქაურ ეპარქიას და მონაზვნებს. ამ სახლში სწორედაც რომ დედაოები ცხოვრობენ და უვლიან ისტორიას. მადლობა, მათ რომ გვიმასპინძლეს" - წერს ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში.
კომენტარები