"საოცრად ბედნიერი სახლია, თავისი დადებითი აურით" - ძველი თბილისური სახლი, ირანელი ხელოსნების მოხატული ჭერით

მაკა იოვაძე პროფესიით ტელეინჟინერია. წლების განმავლობაში ტელევიზიაში მუშაობდა, დღეს კი გალერეას ხელმძღვანელობს, რომელიც საკუთარ სახლში მოაწყო. ისტორიული სახლი, სადაც დღეს გალერეაა განთავსებული, მის მეუღლეს ბებიისგან ერგო მემკვიდრეობით. სახლი უზნაძის ქუჩაზე მდებარეობს და თავისი უნიკალური არქიტექტურით, მოხატული ჭერით გამოირჩევა. თუ როდის და ვის მიერ არის სახლი აშენებული, ქალბატონი მაკა თავად მოგვიყვება.

- ეს სახლი ჩემი მეუღლის ბებია-ბაბუას ეკუთვნოდა. პირველი მეპატრონე იყო მეცენატი და ნავთობის მაგნატი ალექსანდრე მანთაშოვი, რომელმაც ეს სახლი თავის მეგობარ ქალბატონს აუშენა. სახლი აშენდა მე-19 საუკუნის დასაწყისში, როცა ბურჟუაზიული
კლასი თბილისში დიდებულ სახლებს აშენებდა. სწორედ ამ პერიოდში შენდებოდა სამხავრო აკადემიაც. იქ მუშაობდნენ ირანელი, ყაჯარელი ხელოსნები. ეს ხელოსნები მოიყვანა მანთაშოვმა და ოთახი, რომლის ჭერიც სარკეებით არის გაფორმებული, მათ მიერ არის გაკეთებული. სხვა ოთახების ჭერი არც ვიცოდით, საეროდ იყო თუ არა, რადგან ბიაზით იყო დაფარული და როცა რემონტის გაკეთება გადავწყვიტეთ, სწორედ მაშინ აღმოვაჩინეთ.

- რამდენი წელია რაც ამ სახლში ცხოვრობთ?
- მე და ჩემი მეუღლე 25 წელია ამ სახლში ვცხოვრობთ, თუმცა გაცილებით ადრე შეიძინა ჩვენმა ოჯახმა. შვილები ამ სახლში გავაჩინე.

- თქვენი წინაპრებისგან თუ გსმენიათ პირველი მეპატრონის შესახებ?
- ერთადერთი ვიცით, რომ ეს ქალი იყი ქართველი და ძალიან უყვარდა მანთაშოვს. იგი გატაცებული ყოფილა ხელოვნებით. ალბათ სწორედ ამ მიზეზით გააკეთებინა მანთაშოვმა მსგავსი ჭერი. წლები ცხოვრობდა ამ სახლში და რევოლუციის მერე ჩამოართვეს ყველაფერი და დაუტოვეს მხოლოდ ერთი ოთახი, სწორედ ის ოთახი, რომელშიც სარკეებიანი, საოცარი ჭერია შემორჩენილი.

- თქვენმა წინაპრებმა ვისგან შეიძინეს?
- ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ჩემი მეუღლის ბებია, ნინა დვალი გახლდათ პირველი ფერადი ბეჭდვითი სტამბის ერთ-ერთი დამაარსებელი და აქტიურად უწყობდა ხელს ამ პროცესებს. შემდეგში იყო ამ სტამბის დირექტორის მოადგილე. მისგან დაგვრჩა ძალიან ბევრი უნიკალური წიგნი. სწორედ ამ ქალბატონმა შეიძინა სახლი და ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. ბაბუა გახლდათ სოლომონ ცქიტიშვილი. ჰყავდათ ერთადერთი ქალიშვილი, ჩემი დედამთილი ცაცა ცქიტიშვილი, რომელიც იყო ინგლისური ენის სპეციალისტი. მისი მეუღლე გახლდათ ისტორიკოსი ირაკლი კობახიძე. ასწავლიდა როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისე ძველ პუშკინის უნივერსტეტში.
როგორც გადმოცემით ვიცი, ჩემი მეუღლის ბებიის დროს და შემდეგშიც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი საღამოები იმართებოდა ამ სახლში.

- ზოგადად ძალიან რთულია რემონტის გაკეთება, როცა საქმე ასეთ უნიკალურ, უძველეს ინტერიერს ეხება. თქვენ როგორ წარმართეთ ეს პროცესი?
- ნამდვილად ძალიან რთული იყო და დიდი სიფრთხილე სჭირდებოდა. ჭერი ყველგან პირვანდელი სახით შევინარჩუნეთ. ძალიან მინდოდა კედლებისთვისაც შემენარჩუნებინა თავისი ელფერი, მაგრამ უკვე იმდენად დაზიანებული იყო, რომ დიდი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით. გაზეთები იყო გაკრული ფენა-ფენა, გაზეთების შემდეგ კი - ქაღალდი და რამდენიმე ფენა შპალერი. ჭერიც ბიაზმა გადაარჩინა, თორემ ვერც ის მოაღწევდა ჩვენამდე.
მე და ჩემი მეუღლე ძალიან ბევრს ვმოგზაურობთ. როცა იტალიაში ჩავდივარ, ძალიან მიყვარს ის მოხატულობა, სიძველეები, რაც იქაურ მუზეუმებში თუ ძველ სახლებშია შენარჩუნებული. არაფერს ხელს არ კიდებენ, პირვანდელი სახით ინახავენ. როცა რემონტს ვაკეთებდი, მუშები მეჩხუბებოდნენ, რად გინდა ასეთი ჭერი, შეღებეო. გაოცებული ვიყავი, ამის შეღებვა როგორ შეიძლება?

- რატომ გადაწყვიტეთ, რომ სახლში გალერეა გაგეხსნათ?
- გარკვეული პერიოდი გადავედით ჩვენს მეორე სახლში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე და ეს სახლი გავაკეთეთ როგორც აპარტამენტი და უცხოელებზე ვაქირავებდით. პანდემიის პერიოდში, როცა გაჩერდა ყველაფერი, მოგეხსენებათ, ტურისტებიც აღარ შემოდიოდნენ და ამიტომ გადავწყვიტე ამ სივრცეში გალერეის გახსნა. მთელი ცხოვრება ვოცნებობდი ამაზე და მიხარია, რომ ავიხდინე. დიდი სურვილი მქონდა, ამით ხელი შემეწყო ახალგაზრდა მხატვრებისთვის.
დღეს აქ ძალიან ბევრი, როგორც ძველი, ისე თანამედროვე მხატვრის ნახატებია წარმოდგენილი. ჩამოთვლას არ დავიწყებ, რომ ვინმე არ გამომრჩეს.
მინდოდა ამ სახლის კარი მხოლოდ მეგობრებისთვის და ნათესავებისთვის არ ყოფილი ღია და ვფიქრობ მიზანს მივაღწიე.




მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები