„ნივთებს მაშინ აქვთ ფასი, როცა მათ ადამიანები უყურებენ“ - შინ გიორგი კალანდიასთან

ფოტოებს თვალს რომ გადაავლებთ, მიხვდებით, ორ სხვადასხვა ადგილას ვიყავით, რომელთაც საერთო ის აქვთ, რომ ორივე გიორგი კალანდიას „შინ“ არის. 
ერთი ოჯახია - მისი და და დისშვილები, მეორე - ხელოვნების სასახლე, რომლის დირექტორიც არის 10 წელზე მეტია.

ინტერვიუზე რომ შევუთანხმდი, გამაფრთხილა: სახლში სანახავი არაფერია; ყველაფერი მნიშვნელოვანი, რაც ჩემი ცხოვრების განმავლობაში აღმომიჩენია, შემიძენია თუ უჩუქებიათ, მუზეუმში მოვიტანეო. ამასაც თავისი მიზეზი აქვს: ცოტა ფილოსოფიური და ცოტაც - ფსიქოლოგიური, რის შესახებაც ქვევით წაიკითხავთ.



თქვენ წინაშეა გიორგი კალანდია - ისტორიკოსი და ჟურნალისტი, პროფესორი, არაერთი ექსპედიციის
ხელმძღვანელი, წიგნების ავტორ-შემდგენელი, კოლექციონერი... თავისი ცხოვრებითა და ისტორიით.


ოჯახი და ბავშვობა

გიორგი კალანდია:

- საკმაოდ მკაცრად გვზრდიდნენ. მამა ძირითადად უცხოეთში იყო, სამეცნიერო და დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდა, ამიტომ ჩვენი აღზრდა-განათლების საკითხები მთლიანად დედას ებარა. გართობის ძირითადი საშუალება ეზო იყო, მაგრამ ჩვენთვის - არა! ჩვენ სულ უნდა გვეკითხა, გვემეცადინა და სამსახურიდან დაბრუნებული დედისთვის გაკვეთილები ჩაგვებარებინა. თუმცა ამ ყველაფერმა - სიმკაცრემ, კონტროლმა - განაპირობა ის, რომ მიზანდასახულები გავხდით; ვისწავლეთ, რომ თავისთავად არაფერი მოდის, შენ უნდა იშრომო და მოიპოვო.
მამაჩემი ზვიად გამსახურდიას მთავრობაში იყო, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გახლდათ. სკოლა რომ დავამთავრე, ომი დაიწყო. ამდენად, ის პერიოდი, რომელიც ყველაზე საინტერესო და ნაყოფიერი უნდა ყოფილიყო, ომს, დევნასა და ქვეყნის იძულებით დატოვებას დაემთხვა. ამ ყველაფერმა ძალიან იმოქმედა ჩემს მომავალზე.

ეკა კალანდია, გიორგი კალანდიას და:

- როცა მთელი ოჯახი რუსეთში წავედით, გიორგი ყოველთვის ამბობდა, რომ იქ არ იცხოვრებდა, აუცილებლად დაბრუნდებოდა საქართველოში. მოსკოვშიც სულ მუზეუმებში დადიოდა და საქართველოზე ეძებდა ცნობებს. 26 წელი მოსკოვში ვცხოვრობდი. გიორგიმ ყველაფერი გააკეთა ჩემს საქართველოში დასაბრუნებლად, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დავუჯერე და ჩამოვედი. ხშირად დავდივარ გიორგისთან მუზეუმში, რომ დრო მასთან ერთად გავატარო, დაკარგული წლები ავინაზღაურო. შაბათ-კვირას სულ ჩემთან და ჩემს შვილებთან ერთად ატარებს.

ბავშვობაში ძალიან ცელქი და მოუსვენარი იყო. შეეძლო საათი დაეშალა და ჩემთვის დაებრალებინა. ამის გამო ხშირად ვჩხუბობდით. მიუხედავად ამისა, ვიცოდი, თუ რამე დამჭირდებოდა, გიორგი ყველაფერში დამეხმარებოდა.

ყველაზე კარგად მახსენდება პერიოდი, როცა ბებია-ბაბუასთან სამეგრელოში მივდიოდით. გიორგის ინიციატივით დღეში ასჯერ ვსტუმრობდით დადიანების სასახლეს. თუ ვინმეს ჩვენი მოძებნა უნდოდა, მუზეუმში გვიპოვიდა.

ერთხელ გორაზე ავედით და ჯვარი ავიტანეთ, მიწაში ჩავამაგრეთ. ამ დროს ცისარტყელა დავინახეთ. დღემდე მახსოვს გიორგის სიტყვები: ხედავ? ჩვენ რომ ჯვარი აქ ჩავამაგრეთ, ღმერთმა გაიცინაო. მას შემდეგ ცისარტყელა გამორჩეულად მიყვარს, მის დანახვაზე სულ ეს სიტყვები მახსენდება და მჯერა, რომ კარგი დღე იქნება, რადგან „ღმერთმა გაიცინა“.


მოგზაურობა

გიორგი კალანდია:

- 40-ზე მეტ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. პირველად თურქეთში ვიმოგზაურე, საოცარი შთაბეჭდილებები და ემოციები დამრჩა. ერთ-ერთი პირველი ქართველი ჟურნალისტი ვიყავი, ვინც ჩვენებურებს შეხვდა. ვნახე ისტორიული ძეგლები, რომელთა შესახებაც მხოლოდ წიგნებიდან ვიცოდი: ოშკი, ხანძთა, ხახული, შატბერდი. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი სწორედ მოგზაურობა და მისგან დატოვებული მოგონებებია.


ახლაც კი, როცა პანდემიიდან გამომდინარე ქვეყნიდან არ გავდივარ, მოგზაურობას ვაგრძელებ, რადგან გამომცემლობა „პალიტრა L~-თან ერთად ვმუშაობ პროექტზე „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“. ვკითხულობ და ვუყურებ მასალებს, რომლებსაც 10 წლის განმავლობაში ვაგროვებდი. მათი დამსახურებით ისეთ ადგილებში ვმოგზაურობ, რომ შეუძლებელია მოიწყინო.


მუზეუმი

...ჩემი ცხოვრება ბავშვობიდანვე დაუკავშირდა მუზეუმს. პირველად იყო ზუგდიდის დადიანების სასახლე. მაშინდელმა დირექტორმა, ლილი ბერაიამ, არაჩვეულებრივმა ქალბატონმა და ჩემმა მეგობარმა, იმ სამყაროს კარი გამიღო, რომელსაც მუზეუმი ჰქვია. ზუგდიდის დადიანების სასახლეების მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარე ვარ, ამდენად, ჩემს პირველ მუზეუმთან დღემდე მჭიდრო კავშირი მაქვს.

ხელოვნების სასახლის დირექტორად რომ დავინიშნე, აქაურობა ნგრევის პირას იყო - პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. მეც კი, როგორც ოპტიმისტი ადამიანი, უიმედოდ ვიყავი და არ მეგონა, მის გადარჩენას თუ შევძლებდით. როგორ გადავარჩინეთ? არ იქნება სამართლიანი, თუ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ გიორგი კალანდიას დამსახურებაა. ეს არის ყველა იმ ადამიანის მიღწევა, რომლებიც მუზეუმში მუშაობენ. ყველა ღირსეულად და დიდი პასუხისმგებლობით ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. დისციპლინა და თავდაუზოგავი შრომა - ვფიქრობ, ეს არის წარმატების საფუძველი.



წელს ევროპის საუკეთესო მუზეუმთა ნომინანტებს შორის ვართ დასახელებული. ასევე, მონაწილეობას ვიღებთ მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმთა კონკურსში და ზუსტად ვიცი, რომელიმეს აუცილებლად მოვიგებთ.


კოლექციები

...რამდენიმე ისეთი კოლექცია მაქვს, რომლებსაც საქართველოში ბევრი ვერც გაუწევს კონკურენციას: ნიღბების, ნახატების, მონეტების, ლამაზყდიანი წიგნების... ერთი პერიოდი მინერალებსაც ვაგროვებდი და რამდენიმე მაქვს. აქვეა გაქვავებული ლოკოკინები - რამდენიმე მილიონი წლის; ანტიკური პერიოდის ავგაროზი, ძველი რომაული საბეჭდავი, შუა საუკუნეების ლურსმნები. 165 მლნ წლით დათარიღებული გაქვავებული მედუზა...

არც მახსოვს, როდიდან დავიწყე შეგროვება. მარკები, ძველებური ფული, ისტორია ყოველთვის მიზიდავდა. ძალიან ბევრს ვმოგზაურობდი და ყველა ქვეყნიდან სუვენირი მომქონდა. ერთხელაც დავაკვირდი, რომ იმდენი რაღაც დამიგროვდა, მათთვის ადგილი აღარ იყო და გაჩუქება დავიწყე. მუზეუმმა ბევრი რამ მასწავლა; პირველ რიგში ის, რომ მხოლოდ იმის შეგროვებას აქვს აზრი, რაც წლებს გაუძლებს და თაობებს დარჩება.



რატომ მაქვს ეს ყველაფერი აქ და არა სახლში? ორი მიზეზია. ერთი მხრივ, მინდა სახლში მისულმა იმ ყველაფრისგან დავისვენო, რასაც მთელი დღე ვუყურებ, ვიკვლევ, ვუფრთხილდები... ამას გარდა, არ მინდა სახლში მქონდეს ისეთი ნივთები, რაც ადამიანებს ეჭვს გაუჩენს, თუ რატომ აქვს მუზეუმის დირექტორს ისინი სახლში.


წიგნები და ღია ბარათები

...ჩახვედი რომელიმე ქალაქში, სავსე ხარ შთაბეჭდილებებით და გინდა, რომ ეს ემოცია რაღაცამ შეინახოს, თუმცა იმის შესაძლებლობა არ გაქვს, რომ ძვირფასი ნივთი შეიძინო. როგორ უნდა მოიქცე? ჩემმა კარგმა მეგობარმა გამიზიარა იდეა, რომელიც ტრადიციად მექცა: იმ ქალაქში, სადაც იმყოფებით, შეიძინეთ ღია ბარათი ქალაქის ხედით და იმ ქალაქის ფოსტიდანვე გამოაგზავნეთ საკუთარ მისამართზე. მაქვს როგორც ძველი, კლასიკური, ასევე თანამედროვე ღია ბარათების კოლექცია. ზოგიერთი მათგანი მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარი არსებობს.

ასევე მაქვს ლამაზყდიანი წიგნებისა და მინიატიურული წიგნების კოლექცია. ყველა მათგანს აწერია, სად ვიყიდე და ვისთან ერთად ვიყავი... ვფიქრობ, ბევრი წლის შემდეგ, როცა უკვე აღარ ვიქნები, ამ წიგნს ვიღაც გადაშლის და იმ ემოციის თანაზიარი გახდება, რაც მე მაკავშირებდა მასთან.


ნიღბები

...საქართველოში ნიღბების ერთ-ერთი (თუ არა ერთადერთი) ყველაზე დიდი კოლექცია მაქვს - ამ ეტაპზე 70-მდე ნიღაბი. აქ არის ნიღბები მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან. ჩემი კოლექცია რამდენიმე ნაწილად შეიძლება დავყოთ. როგორც ხედავთ, მაქვს როგორც დიდი ზომის, ასევე მინიატიურული ნიღბები. აქ წარმოდგენილია ანტიკური ნიღბები (ერთ-ერთი ძვ. წ. II-III ათასწლეულებით თარიღდება), ქართული (დევის და ბერიკების თეატრალური ნიღბები), ინდური, ვენეციური, იაპონური და აფრიკული ნიღბები. მე ყველაზე მეტად იტალიური ნიღბები მომწონს.



რაც მუზეუმის დირექტორი გავხდი, მივხვდი, რომ ნივთებისთვის არ უნდა იცხოვრო და, მით უმეტეს, მხოლოდ შენთვის არ უნდა შეინახო. იმ ნივთებს, რომლებიც გვიყვარს და ვუფრთხილდებით, არანაირი ფასი არ აქვს, თუ მათ ადამიანები არ უყურებენ. სწორედ ამიტომ, უკვე სულ სხვა ღირებულებებით ვაგროვებ ნივთებს... ვაგროვებ იმისათვის, რომ მომავალ თაობებს, მუზეუმებს დარჩეთ, როგორც ჩემი მემკვიდრეობა.



მარიამ ტურძილაძე

კომენტარები

ტოტო 2022-10-01 19:06
ნამდვილად ნიჭიერი კაცია და კარგ ჩვენთვის საინტერესო საქმეს აკეთებს.
თამარი 2021-07-15 17:28
თქვენს მოსმენას არაფერი სჯობს ღმერთმა უმრავლოს საქართველოს თქვენნაირი ადამიანები გისურვებთ წარმატებებს
ნუნუ დობორჯგინიძე 2021-07-12 23:19
გიორგის სული სამშობლოს სიყვარულს ეკუთვნის. ღმრთმა ჯანმრთელობა მისცეს.
მანანა 2021-07-12 17:14
ძალიან ჭკვიანი და საინტერესო ადამიანი ბრძანდებით გისურვებთ წარმატებებს თქვენს მოსმენას საინტერესო თემებზე არაფერი სჯობია
ქეთევანი 2021-07-12 11:10
ღმერთმა უმრავლოს და უცოცხლოს გიორგისთანა ადამიანები საქართველოს არაჩვეულებრივი ადამიანია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები