ჩვეულებრივი თბილისური კორპუსის არაჩვეულებრივი სადარბაზო, რომელიც მნახველებს იზიდავს

ანა კურცხალია ორი შვილის დედაა. დროის უმეტეს ნაწილს ოჯახისა და შვილების მოვლას უთმობს. იტაცებს ხელსაქმე. ანამ საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ნამდვილ წალკოტად აქცია და ამით გარშემო მყოფების აღფრთოვანებაც დაიმსახურა. ალბათ თბილისში იშვიათად შეხვდებით მსგავს სადარბაზოს. არადა დამეთანხმებით, რომ ეს ნამდვილად სჭირდება ჩვენს დედაქალაქს.

- ორი წლის წინ ვიყიდე ბინა ცენტრ პოინტის კორპუსში, ბოლო სართულზე. სადარბაზო იყო დახურული მინით და საკმაო მოცულობის. მაშინვე გამიჩდა იდეა, რომ ყვავილებით გამელამაზებინა გარემო, ამიტომ შევუდექი სადარბაზოს მოპირკეთებას.

- მეზობლებიც იყვნენ ამ პროცესში ჩართული?
- რა
თქმა უნდა, ყველაფერი სართულის მეზობლების თანხმობით და დახმარებით გავაკეთე. მოიწონეს ჩემი იდეა და სისრულეში ერთად მოვიყვანეთ.

- კედლები საკუთარი ხელით მოხატეთ?
- ესეც ერთობლივი ძალებით მოხდა. კედლების მოხატვაში მეზობელთან ერთად მონაწილეობა ჩემმა 14 წლის დეიდაშვილმაც მიიღო. დიდი სიხარულით და ენთუზიაზმით გვეხმარებოდა.

- რა მცენარეები გაქვთ და როგორ უვლით მათ?
- მცენარეები სხვადასხვა სახეობისაა: ბალბა სხვადასხვა ფერის, კაქტუსი, მონსტერა, დრაცენა, ლიმონიც, ბარაქის ხე, ჯუჯა ვარდები, ქოთნის ბროწეული, ტუია, გარდენია და ა.შ. ჩემთვის მთავარია ყველა ყვავილი იყოს მისთვის სასურველ ნიადაგში და მივაწოდო წყლის საჭირო დოზა. ვანვასხვავებ მზის და ნახევრად ჩრდილის მოყვარულებს. ასე ვცდილობ შევუქმნა მათთვის სასურველი გარემო.
საწყის ეტაპზე გამოცდილებას მიზიარებდა პატარა შვილის ძიძა, ასევე ძალიან დამეხმარა ინტერნეტში არსებული სხვადასხვა ჯგუფები მცენარეების მოვლის შესახებ. ვუსმენ ტელევიზიით მებაღეების რჩევებს. გამოცდილება ნელ-ნელა მოვიდა.

თავიდან მხოლოდ ოჯახის ახლობლები გვსტუმრობდნენ. მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში განვათავსე ჩემი "ბაღის“ ფოტოები, სტუმრობის სურვილი ბევრმა გამოთქვა. ამით მივიღე ყველაზე დიდი სტიმული და სიამოვნება. ყველას სიამოვნებით ვუმასპინძლებდი, რომ არ იყოს ქვეყანაში არსებული მძიმე პანდემიური სიტუაცია. თუმცა თანახმა ვარ, ნორმების დაცვით მივიღოთ მსურველები.

- რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს, როგორ გაალამაზონ თავიანთი საცხოვრებელი კორპუსები, ეზოები, სადარბაზოები? რთულია ეს ყველაფერი?
- მცენარეებთან ურთიერთობა და მოვლა არის დიდი სიამოვნება. რა თქმა უნდა, შრომატევადია, მაგრამ ეს შრომა შედეგს იღებს და უზარმაზარ სიამოვნებას გაძლევს. ყველას ვურჩევ, შეძლებისდაგვარად შექმნან მსგავსი გარემო, ამით ჩვენც ვიღებთ საიმოვნებას და გარშემო მყოფებიც. ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, რომ პირველ რიგში დიდი პატივისცემა და სიყვარული დავიმსახურე ჩემი მეზობლებისგან და არამარტო მათგან.
თავისუფალ დროს მე და ჩემი შვილები სადარბაზოში ვართ, ვუსმენთ მუსიკას, ვკითხულობთ წიგნებს, ვთამაშობთ და მოკლედ სასიამოვნოდ ვერთობით. ბევრი ასეთი გარემო ნამდვილად გვჭირდება ამ რთულ ცხოვრებაში, თუნდაც იმიტომ, რომ დაკავებული ხარ სასიამოვნო ხელსაქმით და ცოტა ხნით მაინც არ ფიქრობ ყოველდღიურ ცხოვრებისეულ პრობლემებზე.






მერი ბლიაძე

კომენტარები

სახლი 2021-09-09 21:08
რა ბენიერებაა სისუფთავის და სილამაზის მოყვარული მეზობლები რომ გყავს, და ზედა სართულიდან აქანდაზით ნაგავს ფანჯრიდან რომ არ გაყრის, არა და თავი მოსწონს პოლიტექნიკურში ვკითხულობდი ლექციებსო...
და-დი 2021-09-08 14:33
ფეხებს ურტყავენ კედლებს ბავშვები, ბურთს თამაშობენ, მე უშლი მარტო და მე გამოვდივარ ცუდი, რა ყვავილების ქოთნები დავდგა, მედგა ერთი დიდი ყვავილი რამდენიმე წლები, ტოტებს ამტვრევდნენ, მერე მიწას იღებდნენ ქოთნიდან, ძირს ყრიდნენ, ბოლოს ეზოში გავიტანე და ჩავრგე და დღესაც გამოიყურება მშვენივრად, ეზოში უფრო გადარჩა
და-დი 2021-09-08 14:26
დაგვით არავინ გვიის, მარტო ანაგვიანებენ, ჩემს სათული მე თუ არ დავგავე, ისე იქნება, არავინ ცოცხს არ მოკიდებს ხელს, მთელი სადარბაზო ისეა და მის გალამაზებაზე რას იფიქრებს ვინმე...
ნანა 2021-09-08 13:45
ნეტავ ბევრი იყოს ასეთი კარგი და შეგნებული ადამიანი. აბა ჩემს სართულზე მე თუ არ დავასუფთავე სადარბაზო ყურსაც არავინ შეიბერტყავს. სამაგიეროდ სხედან გარემონტებულ და გაწკრიალებულ ბინებში. ტრადიციული რიტორიკული კითხვა - გვეშველება რამე?
55 2021-09-05 19:46
აბა ჩემი მეზობლები გამოიპრანჭებიან და ყვავილი კი არა ცოცხს არ გამოუსვამენ თავისი კარის წინ. გული მტკივა ისე აბინძურებენ და შვილები. ისეთები ჰყავთ

კომენტარის დამატება