"დიდი ხანია, სასაცილოდ იგდებენ ჩემი მშობლების ჭურჭლით გამოტენილ ძველ "სერვანტს"...  არც პრესტიჟულია, აღარც საჭიროა, მაგრამ..."


მშობლიური სახლი შეუცვლელია. მასთან დაკავშირებული ემოციები ცხოვრების ბოლომდე მიჰყვება ადამიანს, თუმცა სახლის გარდა, ჩვენს მოგონებებში სამუდამოდ რჩება ის ნივთებიც, რომლებიც ბავშვობიდან გვახსოვს. სწორედ ამაზე გამოქვეყნდა პოსტი სოციალურ ჯგუფ "თბილისურ ამარკორდში".

"უნდა მოიშორო ძველმანი, რომ შემოგივიდეს სიახლე!"- ამ სიტყვებს მუდამ ჩაგვჩიჩინებენ და ჩემზეც იმოქმედა. დიდი ხანია, სასაცილოდ იგდებენ ჩემი მშობლების მიერ ნაყიდი ჭურჭლით გამოტენილ ძველ "სერვანტს", ჩემი ახლობლები და მეგობრები. ჰოდა, მეც, შევუდექი საქმეს! ჭურჭელი უნდა შევფუთო, სერვანტი დავშალო, ფიცრები კი აგარაკზე წავიღო, ბუხრისთვის გამომადგება. სეტვანტი მტვრის ნაწილაკებიდან ნაღვლიანად მიჭყიტინებდა და
მელოდებოდა, როდის ჩავიდენდი ამ ვანდალიზმის აქტს. ვდგავარ, ვაკვირდები ძველ ბროლის ჭურჭელს და სერვიზებს, რომლებიც აღარავის აღარ სჭირდება. უნდა გავრეცხო! - გავიფიქრე. ჭუჭყიანს ხომ არ შევფუთავ, კარგ დიასახლისობაზე მაქვს პრეტენზია! დავიწყე რეცხვა და... უცებ, მეხსიერებამ ნემსვით მიჩხვლიტა გულში, შიგ გულში! მეტკინა! აი, თევზები... სასაცილო თევზები, მთელი ინტერნეტი რომ დასცინის. ისინი ხომ მამიკომ მოიტანა. როგორი გულით უსხამდა სასმელს ჩვენთან მოსულ სტუმრებს... აი, ყავის პაწია ჩეხური სერვიზი, დედამ იგი დიდი ნაცნობობით შეიძინა, თან როგორ ამაყობდა... მეუბნებოდა, ეს შენთვის ვიყიდე, შენ ამის მყიდველი არ იქნებიო. აი, ბროლის ჭიქები. საახალწლო დღეებშია ნაყიდი. აი, ბროლის საკანფეტე, საფერფლე, აი ზარდახშაც... მასში დედიკო ოქროს ბეჭედს და პაწია საყურეებს ინახავდა. აი, ეს ლოკოკინებისგან გაკეთებული პაწია ფიგურები და სუვენირები სოხუმიდან ჩამოიტანა დედამ. ვრეცხავ და ცრემლები მიცვივა. ნოსტალგიაა? მონატრებაა? მაგრამ, რომ აღარ არის მოდაში? არც პრესტიჟულია, აღარც საჭიროა... ვისთვის არაა საჭირო? ჰოდა, გადავწყვიტე! ჩემთვის საჭიროა. ეს ხომ ჩემი ბედნიერი წლების ნაწილია! წლების, რომელთა დავიწყება არასგზით არ მინდა! სერვანტი გავწმინდე, გავასუფთავე, შევაკეთე და საპატიო ადგილზე დავდგი. შიგნიდან ბზინვარება გაუდის! ხანდახან თითქოს რაღაც გაიჭრიალებს, შიგნიდან კი თითქოს ბროლის ჭიქების წკრიალი აძლევს ბანს. ...და ეს ხმა მხოლოდ მე მესმის!"

ტატიანა დემიანენკო (
მოამზადა ნინო ხვადაგიანმა)

წაიკითხეთ ასევე: როგორ განვათავსოთ ჭურჭელი და ნივთები ვიტრინაში

კომენტარები

ირინა 2024-01-11 13:36
მოვა დრო ანტიკვარი გახდება ეხლანდელი ჭიქები ჯობია გარეცხვის დროს ხელში რო შეგატყდება. ?კარგად მოუარე
Nino 2024-01-11 13:26
ვიტირე უბრალოდ წარსული გამახსენდა მაშინ საუკეთესო ხარისხის შემოდიოდა გაუფრთხილდით ყველაფერს
Nata Oniani 2024-01-11 12:24
გემოვნებაზე არ დავობენ. ზოგს ეხლაც მოსწონს, ზოგს არა. ვისაც უნდა ედება და ვისაც არა გაყიდოს ან გაასხვისოს.
მარინა 2024-01-09 18:36
ბევრმა გადაყარა სხვადასხვა დროს ნივთები ახლა კი ცეცხლის ფასი ადევს დრო მოვა ისევ დაბრუნდება
ლალი 2023-09-21 13:32
როგორ ზუსტად გადმოეცით ყველაფერი ის რაც ჩვენთვისაც ახლო და საყვარელია.ცრემლები წამომივიდა,გამახსენდა ყველაფერი და მივხვდი რომ ეს ნივთები ჩემთვისაც რა შეუფასებელი ყოფილა. ყველა წარსულიდან მოვდივართ.თუ არ დავაფასებთ და შევაფასებთ წარსულს,კარგ მომავალს ვერ შევქმნით ❤️

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები