"ყვავილს ყველაზე მეტად მოფერება და საუბარი უხდება... თუ ის არ გიყვართ, გააჩუქეთ!" - რჩევები ულამაზესი ბაღისა და ყვავილების მფლობელისგან

ინგა ყაველაშვილი პროფესიით იურისტია და 19 წელია ამ პროფესიით მუშაობს. თუმცა ჩვენი ყურადღება სულ სხვა რამით მიიპყრო - ინგას საოცარი ბაღი აქვს ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭაბუკიანში, და ასევე საოცარი ყვავილები - თავის ქალაქის ბინაში. ინგას ვესაუბრეთ, როგორც კარგ მებაღეს და დამწყები მეყვავილეებისთვის რჩევებიც ვთხოვეთ.


- რაც თავი მახსოვს, სულ მიყვარდა ყვავილები, თუმცა ბოლო 3-4 წელია გატაცებული ვარ მებაღეობით, რამდენადაც ჩემი სამუშაო გრაფიკი მაძლევს ამის საშუალებას, მხოლოდ 2 კვირაში ერთხელ ვახერხებ სოფელში ორი დღით ჩასვლას და მთელი ჩემი დრო ეთმობა ეზოსა და მცენარეებს

მოვლას. ასევე ვუვლი ბოსტანსა და ვაზს. ფაქტობრივად ოჯახთან ერთად ეს ყველაფერია, რაც მაცოცხლებს და მასულდგმულებს, ჩემი ყოველი თავისუფალი წამი ამ საქმის სიყვარულს ეთმობა. დრო რომ არ დავკარგო, თბილისში ვთესავ და ვრგავ ყვავილებს, მერე კი სოფელში მიმაქვს.

ამ ეზოს მოწყობის იდეა 2013 წლის შემოდგომაზე გაჩდა, როდესაც ძველ კრამიტებს ვალაგებდი, ერთი გაფიქრება გავიფიქრე, რომ გადამეყარა, რადგან კრამიტს უკვე აღარავინ იყენებს, მაგრამ დამენანა. ვიფიქრე და იდეაც გამიჩნდა, გამომეყენებინა ეზოს გარშემო გაზონების მოსაწყობად. 


ყველაფერი ჩემს ეზოში ჩემეულია. მცენარეებიც რა თქმა უნდა, საკუთარი გემოვნებით და შესაძლებლობებით შევარჩიე (მთავარი სურვილია, თორემ სარეველა მცენარეებითაც შეიძლება, არაჩვეულებრივი ეფექტი შექმნა). მცენარის შერჩევისას აუცილებელია გავითვალისწინოთ ადგილის მდებარეობა და ნიადაგის შემცველობა.


ბაღის მოწყობა ამ დროისათვის მარტოს მიწევს, მაგრამ ჩემ შვილს თინას, რომელიც ჯერ 11 წლისაა, უკვა არაჩვეულებრივი იდეები აქვს და იმედია, იდეებს ჩვენ ერთად განვახორციელებთ. ჩემი არყოფნის პერიოდში თინა და დედაჩემი ზრუნავენ მცენარეებზე. ამ დროისათვის ჩემი ეზოს ჯერ არ აქვს დასრულებული სახე. დროში ძალიან შეზღუდული ვარ და არანორმალური შრომა მიწევს, რომ ეს შედეგი შევინარჩუნო. მომავალში დიდი იმედი მაქვს იმის, რომ მეტი თავისუფალი დრო მექნება და ყველაფერს უკეთესად გავაფორმებ.


სახლშიც ბევრი ქოთნის მცენარე მაქვს, როლო 6 თვეა სენპოლიებმა გამიტაცა სერიოზულად, უკვე 22 დიდი და 180 პატარა ნერგი მაქვს, რომელთა გაზრდასაც სულმოუთქმელად ველოდები. მცენარეებთან ერთად ცხოველებიც ძალიან მიყვარს, სახლში გვყავს 2 ძაღლი, 2 კატა, ზაზუნა, ალბინოსი ვირთხა, კუ, თევზები, კურდღლები, იხვი და რა თქმა უნდა, ქათმები.


ჯახის წევრებს დღემდე უჭირთ იმასთან შეგუება, თუ როგორ შემიძლია უარი ვთქვა თუნდაც ფეხსაცმლის ყიდვაზე და იმ ფულით ყვავილები ვიყიდო. რა თქმა უნდა, სახლში მიტანილი ყველა ყვავილი ან „ნაჩუქარია“ ან „3 ლარადაა ნაყიდი“. მაგრამ ამ ბოლო დროს თვითონაც მოსწონთ ლამაზი გარემო და კომპლიმენტები „რა ლამაზი ეზო და ყვავილები გაქვთ“-ო ყველა, რომ ეუბნებათ. მოკლედ, შეეგუვნენ ჩემს ასეთ „გატაცებას“ და ცდილობენ, როგორც გამოსდით მხარში დამიდგნენ.

 


რა რჩევებს მივცემდი დამწყებ მებაღეებს? - მთავარია, რომ ეზოსა თუ ბაღში მთელი წლის განმავლობაში ყვაოდეს ყვავილები, რათა სილამაზე არ დაკარგოს წელიწადის არც ერთ დროს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მცენარეებს მოვაშოროთ შემხმარი ფოთლები და დამჭკნარი ყვავილები, რაც მთავარია, ბალახი ყოველთვის უნდა იყოს გაკრეჭილი, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გამოიყურება ბაღი მოვლილად. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მცენარეების განლაგებაც, რა თქმა უნდა, უკანა პლანზე ირგვება მაღალი და დიდი ზომის მცენარეები და შემდეგ შედარებით მცირეები.

რაც შეეხება მოვლის წესებს ეს საკითხი ინდივიდუალურია, რადგანაც ყველა მცენარეს სულ განსხვავებული ნიადაგი და მორწყვა სჭირდება. მე ვფიქრობ, ყველა მცენარის მოყვარული თვითონ უნდა დააკვირდეს საკუთარ მცენარეებს და ისინი თვითონ ასწავლიან, თუ როგორ უნდა მუარო მას. კიდევ, ყველაზე მთავარია მათ მიმართ განწყობა და სიყვარული, ყველგან ვიტყვი, რომ მოეფერეთ და ელაპარაკეთ ყვავილებს და ამის აღიარების არ შეგრცხვეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ ყველას გვყავს მცენარეები, რომლებიც ძალიან გვიყვარს და ისეთებიც, რომლებსაც უკანასკნელ ადგილზე ვაყენებთ (ჩვენთვის, ჩუმად, ჩვენს გულში), თუმცა მოვლსა და ყურადღებას არ ვაკლებთ. ჩემი ყველა ასეთი მცენარე მოკვდა უმიზეზოდ და ნურავინ იტყვის, რომ ყვავილები მათ მამართ დამოკიდებულებას ვერ გრძნობენ. თუ გყავთ ასეთი მცენარეები, გააჩუქეთ ისეთ ადამიანზე, ვისაც ის გულით უნდა, ასე მცენარესაც გადაარჩენთ და თქვენც მშვიდად იქნებით.

ჩემს მცენარეებზე სასუქად ვხმარობ მხოლოდ ბუნებრივ საშუალებებ, ესაა გადამწვარი ნაკელი და ქათმის სკინტლზე დამზადებული ხსნარი. ნაკელი ყველას შეუძლია იხმაროს რასაც ვერ ვიტყვი ქათმის სკინტლის ხსნარზე, ის ყველა მცენარეს განსხვავებული დოზით სჭირდება და თუ მეტი მოგივიდათ, შეიძლება მცენარე დაწვას.

ძალიან მიხარია, რომ ამ ბოლო დროს დიდ ყურადღებას იჩენენ ადამიანები ეზოებისა და ბაღების მოწყობის მხრივ. ასეთი ადამიანები ერთმანეთს არა მარტო გამოცდილებას ვუზიარებთ, არამედ ვჩუქნით მცენარეებს, რათა უფრო მეტი საშუალება ჰქონდეთ ფანტაზიის განსავითარებლად (სამწუხაროდ, დღეს საქართველში საკმაოდ ძვირი ღირს მცენარეები და ყველას მათი შეძენის საშუალება არ ეძლევა).

დამწყებ მებაღეებს ასევე ვურჩევ, რომ ყველაფრის მიუხედავად მთავარი მონდომებაა, რთულ საქმეს ეჭიდებით და არ შეუშინდეთ, არაფერს არ მიაქციოთ ყურადღება და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეთ. სამაგიეროდ შედეგი ისეთი გექნებათ, რომ ყველაფერს დაგავიწყებთ. ყველაზე კარგი რელაქსაცია და დამამშვიდებელი ეფექტი მიწასთან ურთიერთობას აქვს. თავიდან თუ რთულად მოგეჩვენებათ, შემდეგ უკვე ამ ყველაფრის გარეშე ცხოვრებას ვეღარ შეძლებთ. წარმატებებს გისურვებთ ყველას!

კომენტარები

თბილისელი 2016-06-23 22:45
ძალიან ლამაზია ყოჩაღ.
inga 2016-05-10 18:22
მადლობა გოგოებო.
megi 2016-05-08 19:46
martlac ulamazesia ingac ezo vinaxule exlaxans kochag inga vamakob shenit. gisurveb tarmatebebs.
manana 2016-05-07 14:02
momecona tkveni kvavilebi mec dalian mikvars da mikvars isic vinc kvavilebs patronobs
მარინა 2016-05-07 07:22
ინგაააააა რა გოგო ხააააარ...საამაყო...ბრავოოო

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები