მშვენიერი ეზო სამეგრელოდან, რომლის მოვლა-გალამაზებაშიც ოჯახის ყველა წევრი ჩართულია

ეს ლამაზი სახლი და ეზო სამეგრელოშია, სოფელ დარჩელში. ეზო ჯიქიების ოჯახმა მოაწყო, გაალამაზა და ოჯახის ყველა წევრი ზრუნავს მასზე. ირაკლი ჯიქია პროფესიით მენეჯერია, თუმცა ეს სფეროც ძალიან უყვარს და როგორც თავად გვიამბობს, ისიც სულ ჩართულია ეზოს მოვლა-გალამაზებაში.

ირაკლი ჯიქია:

- სამეგრელოში ეზოს კულტი რომ გვაქვს, ამაში სიახლე არაფერი და ეს ალბათ ჩვენი ტრადიციიდან დაგვრჩა ქვეცნობიერში, რომელიც სარძლოს შერჩევას უკავშირდებოდა. სარძლოს შერჩევისას თურმე დიდი ყურადღება ექცეოდა ეზოს სისუფთავესა და სილამაზეს. თუ მისი ეზო მოწესრიგებული იყო, იმ ოჯახის გოგონა უკვე სასურველ სარძლო ითვლებოდა,
რადგან ეზო იმ ოჯახის სახეს წარმოადგენდა.
ჩვენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ვცხოვრობთ, სოფელ დარჩელში, ეზო ჩვენთვისაც რაღაცნაირად სხვა ფასეულობას წარმოადგენს, ამდენად დიდიან-პატარიანად ჩართული ვართ მის მოვლა-მოწესრიგებაში.

ჩენთან თითქმის ყველა სეზონზე ნახავთ აყვავილებულ მცენარეებს, რომლებიც ენაცვლებიან ერთმანეთს, ეზოს ინსტალაციებს უმეტესად მე ვაწყობ, ბევრი სხვადასხვა სახეობის მცენარე გვაქვს, პეტუნიები, კალენდულები, ტიტები, ლილიები, ქრიზანთემები, ჩინური იასამნები, ემონიუსები, კამელიები, გარდენია ჟასმინი, მიხაკები, ლავანდა, როზმარინი, კალანხოები, კალანდივები, გვირილები, აზალიები, კორდილინები, სხვადასხვა ჯიშის პალმები და ვარდები, ნორვეგიული ნაძვი, გინკობილობები, რამდენიმე ყავის ხე, გლიცინიები... კიდევ ბევრი, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. საკმაოდ დიდ ყურადღებას და ძალისხმევას მოითხოვენ ჩვენგან, მაგრამ ულამაზესები არიან და დილით რომ ახალგაღვიძებულზე ლამაზ ეზოს ნახავ, ყველაზე დიდ ბედნიერებას მაშინ განიჭებენ.







კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები