წინაპრების სოფელში დაბრუნებული ბიზნესმენის უჩვეულო ფერმა - სირაქლემები, ფარშავანგები, ხოხბები მარტვილში...

ბიზნესმენი ლევან ფაღავა თბილისში დაიბადა, თუმცა მისი ფესვები სამეგრელოს უკავშირდება. ლევანის წინაპრები მარტვილის რაიონში ცხოვრობდნენ. ოჯახი საბჭოთა რეპრესიებს ემსხვერპლა და მათ შთამომავლებს რაიონის დატოვება მოუხდათ. დაკარგეს ყველაფერი, რაც მშობლიურ მიწასთან აკავშირებდათ. თუმცა წლების შემდეგ ლევანმა მოიძია იფორმაცია წინაპრების, საკუთარი რაიონის შესახებ და გადაწყვიტა მშობლიურ ფესვებს დაბრუნებოდა. აქ შეიძინა მიწის ნაკვეთი და მეფრინველეობას მიჰყო ხელი. ყველაზე გასაკვირი კი ის არის, რომ ლევანის ძალისხმევით შუაგულ მარტვილში სხვა დეკორატიულ ფრივნელებთან ერთად სირაქლემებიც დასეირნობენ.

- დღეს ჩემი დროის ნახევარს მარტვილში ვატარებ, ნახევარს თბილისში. დაახლოებით
სამი წლის წინ არქივიდან მოვიძიე ინფორმაცია. ჩემი წინაპრების ოჯახი რეპრესირებულია. ჩემი დიდი ბაბუის მშობლები დახვრიტეს, როცა ის იყო 14 წლის. ამის გამო ის გაიზარდა თბილისში. შესაბამისად მარტვილში ყველაფერი ჩამოართვეს და დაიკარგა. ბაბუაჩემის მამაც ციხეში გარდაიცვალა. ბაბუაჩემი ნაყოფიც არ იყო თავის მიწა-წყალზე. შესაბამისად შევეცადე არქივში მომეძიებინა ინფორმაცია და მივაგენი კიდეც იმ სოფელს, სადაც ჩემი წინაპრები ცხოვრობდნენ. ვნახე ტაძრის ჩავაწერები, სადაც ჩემი წინაპრები მოინათლნენ, ჯვარი დაიწერეს და ა.შ. ამის შემდეგ მე და ჩემმა პარტნიორმა შევიძინეთ აქ მიწა და დავიწყეთ ფერმის მიმართულებით მუშაობა.

- რაც შეეხება დეკორატიულ ფრინველებს, როგორ გაჩნდა მათი გამრავლების იდეა?
- ფარშავანგების, ხოხბების მიმართ ყოველთვის მქონდა ინტერესი. საბედნიეროდ, დაემთხვა, რომ მივაგენი ამ მიწას და აქ გადავწყვიტეთ მეფრინველეობის დაწყება.

- სირაქლემები როგორ გაჩნდნენ თქვენს ფერმაში?
- თავდაპირველად სხვადასხვა ქვეყნიდან შევიძინეთ კვერცხი. თუ კი სადმე ხელი მიმიწვდებოდა, ვინმესთვის შემეძლო დამებარებინა, ყველას ჩამოვატანინე კვერცხი. არც ვარკვევდით საინკუბაციო იყო კვერცხი, თუ არა. უბრალოდ მინდოდა, რაც შეიძლება მეტი კვერცხი გქვონოდა და სასურველი შედეგი მიგვეღო - ძალიან დაბალი პროცენტულობით გამოგვეჩეკა. ინკუბატორი კი გვქონდა შესაბამისი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ კვერცხების ნაწილი არ იყო საინკუბაციო, ძალიან ცოტა გამოიჩეკა. არც შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება გვქონდა, არც კავშირები გაგვაჩნდა. სულ პირველად ძალიან ცუდი შედეგები მივიღეთ. 12 კვერცხი გამოიჩეკა და მხოლოდ ორი გაიზარდა. შემდეგ, კიდევ ბევრი წვალების მერე გამოიჩეკა სირაქლემები და მხოლოდ 17 მივიყვანეთ ზრდასრულ ასაკამდე.

- როგორი კვება და პირობები სჭირდება სირაქლემას?
- ძირითადი საკითხია კვება. თავიდან, რა თქმა უნდა, არ ვიყავით მზად და გზადაგზა შევისწავლეთ ყველაფერი. საქართველოში არანაირი ინფორმაცია არ არსებობდა სირაქლემებთან დაკავშირებით და ყველაფერს საკუთარი პრაქტიკით მივაღწიეთ. ასევე საზღვარგარეთიდან, სხვადასხვა ფერმიდან გაგვიზიარეს გამოცდილება და ასე მივიღეთ საჭირო ინფორმაცია.

- დღის განმავლობაში რა რაოდენობის საკვები სჭირდებათ?
- ძალიან ხარჯიანი რაციონი აქვთ. თითო სირაქლემა დღეში 2-დან 5 კილოგრამამდე საკვებს მოიხმარს. ძირითადად იკვებებიან მარცვლეულით და უყვართ ბალახიც.

- მარტვილის ჰავას როგორ შეეგუვნენ?
- როცა ამ საქმეს ვიწყებდი, მითხრეს, რომ ნესტიანი ჰავა არ უყვართ, მაგრამ მაინც მოვსინჯეთ მარტვილში. საბედნიეროდ, ძალიან კარგად შეეგუვნენ და მოსწონთ აქაურობა.

- ამჟამად რამდენი სირაქლება გყავთ?
- დღეს გვყავს შვიდი ზრდასრული და ცხრა მოზარდი სირაქლემა.

- კვერცხებს თუ დებენ და რამდენად არის მოთხოვნა სირაქლემას კვერცხზე?
- უახლოეს ერთ თვეში ველოდებით, რომ დაიწყებენ დადებას და შესაბამისად დავიწყებთ რეალიზებას. ძირთადად გვინდა ინკუბატორში ჩავაწყოთ და გამოჩეკილები გავყიდოთ. გააჩნია, რა რაოდენობის კვერცხს დადებენ, იმის მიხედვით გადავწყვეტთ, გავყიდოთ თუ არა კვერცხი.

- სირაქლემების გარდა რომელი ფრინველები ბინადრობენ თქვენს ფერმაში?
- ოთხი სახეობის ფარშავანგი გვყავს, ათი სახეობის ხოხობი, 27 სახეობა დეკორატიული ქათმები.

- ალბათ მარტივი არ არის ამდენი სახეობის ფრინველის მოვლა.
- ამ ეტაპზე ოთხი თანამშრომელი გვყავს. მათგან სამი ადგილობრივია.

- როგორ ფიქრობთ, საქართველოში მეფრინველეობა რამდენად შემოსავლიანი და სარფიანია?
- დღეს ძალიან გამიჭირდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. სამი წელია ამ საქმით ვარ დაკავებული, მაგრამ აქამდე ძირითადად ვყიდულობდით, ვიდრე ვყიდდით. წელს იქნება პირველი წელი, როდესაც დავაკომპლექტეთ ოჯახები და დავიწყებთ გაყიდვას. ჯერჯერობით ბაზარი შეასასწავლი გვაქვს და ვნახავთ რაზე იქნება მოთხოვნა.

- სახელმწიფოს მხრიდან თუ გაქვთ რაიმე ხელშეწყობა, დაფინანსება?
- სამი თვის წინ ავიღე სესხი, ესტონეთიდან შემოვიყვანეთ ძროხები ჰოლშტაინის ჯიშის. სესხის პროცენტის მხრივ სახელმწიფოს მხრიდან გვქონდა დახმარება.

- ადგილობრივები როგორ შეხვდნენ თქვენს წამოწყებას?
- ძალიან მოსწონთ და ხშირად გვახარებენ, მოდიან სანახავად. განსაკუთრებით უხარიათ ბავშვებს. ასევე, მომავალში ვგეგმავთ სტუმრების, ტურისტების მიღებას.

წინ ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი. იმ გეგმების შესრულება, რასაც ახლა ვისახავთ მიზნად, არც ისე მარტივია. პირველ რიგში, წელს გვინდა მოვასწროთ ინფრასტუქტურის მოწესრიგება, რათა უფრო ღირსეულად მივიღოთ სტუმრები. ახლა როცა წვიმს, ტალახი ძალიან გვიშლის ხელს, ამიტომ გვინდა გავაკეთოთ ბილიკები, რომ სტუმარს დისკომფორტი არ შეექმნას და მშვიდად დაათვალიეროს აქურობა. ასევე, ვფიქრობთ კონტაქტური ზოოპარკის გაკეთებას. ამასთან, ძალიან გვინდა ჩვენს სტუმრებს შევთავაზოთ ადგილბრივი, ნატურალური პროდუქტი, ეს იქნება ყველი, კვერცხი თუ სხვა. ალბათ უფრო მაისისკენ მოხერხდება და ღია ტიპის რესტორანს გავაკეთებთ.

მერი ბლიაძე

კომენტარები

მაგარია 2022-03-30 19:30
წარმატებები. სოფელი არ მაქვს თორემ მეც მივხედავდი მეურნეობას. და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს აქლემს ვიყოლიებდი სოფელში.
nina 2022-03-30 12:11
gmertma amravlos shenistana adamianebi,warmatebebi
nina 2022-03-30 12:09
gaixaree
nina 2022-03-30 12:04
gaixare, upalma daglocos da gagaxaros
ვაუუ 2022-03-30 01:38
ძალიან მაგარია. წარმატებებიი

კომენტარის დამატება