სოფელ ხიდისთავში სტუმრობა ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმის ნახვის სურვილმა გვიბიძგა. ჩოხატაურის რაიონის ამ ულამაზეს სოფელში გაიზარდა ჩვენი საყვარელი მწერალი. მისი სახლის კარი, დღეს უკვე სახლ-მუზეუმი, ყველასთვის ღიაა.
მუზეუმის ეზოში შესვლისთანავე გულღია მასპინძელივით გეგებებიან კარგად ნაცნობი პერსონაჟების ქანდაკებები - ზურიკელა, ბებია, ილიკო, ილარიონი და მურადა. მუზეუმში დავანებული ნივთები უკვე ისტორიის კუთვნილებაა, ათვალიერებ მწერლის პირად ნივთებს, მისივე ხელით შექმნილ ნახატს, რომელიც საოცრად უხდება ხის კედელს, და რაღაც უცნაური, სასიამოვნო და თანაც სევდანარევი გრძნობა გეუფლება, შენც თითქოს იქაურობის ნაწილი ხდები... მეგზურობას მუზეუმის დირექტორი ვაჟა
- თავად ნოდარ დუმბაძე ამ ნახატს ასე ხსნიდა: ზღვა, ცხოვრება არისო, ორი შვილი მყავს და როცა საჭმელს ვიშოვით, ორივეს ვუნაწილებთო. შვილებს თუ რაიმე მორჩა - სიდედრს და სიმამრს. მათგან თუ რაიმე მორჩა, ერთი ცოლისძმა მყავს და იმიტომ მიყურებს პირდაღებული, ნარჩენებს იმასაც ვარგებო... ეს მოხატული კარი მწერალს „ზალაში“ ეკიდა, რესტავრაციაც არ გაგვიკეთებია. სავარძელი მწერალთა კავშირის თავმჯდომარეობის დროინდელია. ეს მწერლის სათვალე, ჩიბუხი, ავტოკალამი და პირადი ხელნაწერებია, აქვეა სკოლის ნიშნების დღიურიც, ორი ხუთიანი რომ უწერია და ქართულში - სამიანი... ეს კიდევ კუკარაჩას ფორმაა, ოჯახმა გვაჩუქა. როცა „კუკარაჩა“ გამოაქვეყნა, მილიციას უჩუქებია ნოდარისთვის. მილიციას თურმე ისე შეაყვარა თავი, სამართალდამცავის მოწმობაც კი მისცეს. მესამე სართულზე ხატების კუთხეა, ნოდარის ბიძაშვილის, პროფესორ მამია დუმბაძის შვილმა დაამზადა და ბიძის სახლ-მუზეუმს გადასცა.
ეზო და კარ-მიდამო
... ეზოში რამდენიმე შენობა დგას - სამზარეულო, სახლი, ოდა-სახლი, რომელშიც ადრე გურულები ცხოვრობდნენ, თავისი კერიითა და შუა ცეცხლით. ამ სახლშია თავმოყრილი კოწია ფოსტალიონის, ოლღა ბებიას და ილარიონის ნაქონი ნივთები. ეზოს უკანა მხარეს კოწია ფოსტალიონის სახლია, შუაში კი - ილარიონის. ბოლოს უნდოდა, რამდენიმე მოთხრობა დაეწერა ბუხართან. ბუხართან მჯდომი კაცი სულ ფიქრს მიაქვსო და ყველა ჩემს ნაწარმოებს გავაერთიანებო, - ამბობდა. სამწუხაროდ, ვერ მოასწრო, სამი თავიც არ დაუწერია...
სტუმარი ბევრი გვყავს - გასულ წელს 7 000 ადამიანი გვესტუმრა. დღეს 150 კაცი მივიღე. შესვენების გარეშე ვმუშაობთ, სხვანაირად არც შეიძლება - ნოდარის სიყვარულით აქ რომ კაცი მოვა, ის უკან როგორ უნდა გავაბრუნო.
მოგონებები
... ნოდარი თბილისში დაიბადა. დედა ექიმი გახლდათ - ქალბატონი ანა ბახტაძე, წარმოშობით იმერელი. მამა, ვლადიმერ დუმბაძე, ბაღდათის რაიკომის მდივანი იყო. სამწუხაროდ, ორივე საბჭოთა რეპრესიებს ემსხვერპლა - ნოდარის მამა 1937 წელს დახვრიტეს, დედა კი ყაზახეთში გადაასახლეს. მშობლების დაკარგვის შემდეგ ბაბუამ პატარა ნოდარი ხიდისთავში ჩამოიყვანა, დუმბაძეების კერაზე.
ძალიან უბრალო კაცი იყო. მეუბნებოდა, მთელი ცხოვრება ჯინსში გავატარე, ჰალსტუხი ძლივს დამაბნიეს, პირადობისთვის სურათს რომ მიღებდნენო. არ უყვარდა ფუფუნება. მისი მეუღლე იხსენებდა, როცა თბილისში ბინა მივიღე, რემონტი ნოდარის მივლინებისას გავაკეთეო. წინააღმდეგი იყო თურმე: „მთავრობამ ძალიან კარგი ბინა მომცა, ამას არც შპალერი სჭირდება და არც შეღებვაო“.
ნოდარს ორი სახლი ჰქონდა, საგურამოში და გულრიფშში. ისიც მეგობრებმა აჩუქეს... ხიდისთავში რომ ჩამოიყვანეს, მეოთხე კლასში იყო. ჯერ სოხუმში ჰყოლია დეიდას, მაგრამ იქ დიდხანს არ გაჩერებულა, სამაგიეროდ, იქაური მოგონებებით შთაგონებულმა შესანიშნავი მოთხრობა „ჰელადოსი“ დაგვიტოვა.
გურიასთან უზომო სიყვარული აკავშირებდა. თავად ამბობდა: 7 წელი გავატარე გურიაში და სოფლის თემა ვერ ამოვწურეო; რაც კი კარგი რამ შევქმენი, გურიის სიყვარულით შევქმენიო; ჩემი საუკეთესო ნაწარმოები „მე, ბებია ილიკო და ილარიონიაო“. მისი ყველა პერსონაჟი თითქმის რეალურად არსებობდა.
ნოდარი და მამაჩემი ერთად იყვნენ გაზრდილები. ბაბუაჩემი - ილარიონ დუმბაძე, ილარიონ შევარდნაძის პროტოტიპი იყო. ილიკო და ილარიონი კარგად მახსოვს, ოლღა კი არ მახსოვს. ნამდვილი გურული ქალი ყოფილა. მეზობელთან მივიდოდა თურმე ქინძის სათხოვნელად და თუ ეტყოდა, ქინძი არ მაქვსო, გალანძღავდა, რა ქალი ხარ შენ, ქინძი თუ არ გაქვსო. ილიკო მთელი ცხოვრება კომუნისტებს დასცინოდა, რეალობაშიც ცალი თვალით დაბრმავდა, შემდეგ ბაბუაც დაბრმავდა. შუშის თვალი ჰქონდა და მართლა ჭიქაში ინახავდა. მახსოვს, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ რომ დაიბეჭდა, ილარიონი გაბრაზდა: აი, რაფერ გამიბედა მაგ ბაღანამ, წიგნში რაფერ დამწერაო. შემდეგ შერიგების სუფრაც გაუმართავს და დიდი ლექსი მიუძღვნია. ბოლო სტროფი მახსოვს, ასე მთავრდებოდა:
„იმდენ რამეს ჩამოგიტან, ვერ წაიღებს რიონი, ახლა გემშვიდობება შენი ილარიონი“...
ლაშის ღელეა ჩვენთან, იქ დაწვებოდა ოფლიანი ჭალაში და ამბობდა, ამით ვცოცხლობ, ეს მაცოცხლებსო. ღელეში ჩასვლა ბავშვობის გახსენება იყო... გახსოვთ, ალბათ, მოთხრობა „დიდრო“. ეს პიროვნება ჩოხატაურში მართლაც ცხოვრობდა. ცოტა გონებასუსტი, მაგრამ კეთილი კაცი იყო. სხვებს ეხმარებოდა და შემდეგ ფულსაც ჩუქნიდნენ. როცა „დიდრო“ დაიბეჭდა, მის შთამომავლებს მიუწერიათ, ასე ცუდად რატომ გამოიყვანე ჩვენი დიდი ბაბუაო. როცა აუხსნა, ცუდად კი არა, უზარმაზარი სულის მქონე ადამიანად წარმოვაჩინეო, საბოდიშო წერილი გაუგზავნეს...
ცხოვრებაში არ მეგულება ადამიანი, იმხელა ტრაგედია ენახოს, რაც ნოდარმა ნახა - შვილის სიკვდილი, მამის, ბიძის დახვრეტა, დედის გადასახლება. ამის მიუხედავად, იუმორით იყო სავსე, მის გვერდით უნდა გეხარხარა. გადამდები სიცილი ჰქონდა. საკუთარ ტკივილს თავზე არასოდეს მოგახვევდა. სუფრაზე მასთან ყოფნას არაფერი ჯობდა. სიცოცხლეზე უზომოდ შეყავრებული იყო. მამაჩემისთვის უთქვამს, ახლავე მოვუწერ სიკვდილს ხელს, ოღონდ 60 წელი ვიცოცხლოო. ნამეტანი პატარაა 60 წელიო, - მამაჩემს უპასუხია, - 70 მაინც გავძლოთო... ნოდარი ყველას მეგობარი იყო - ქუჩის ბიჭისაც და გლეხი კაცისაც.
ნოდარის უკვდავება იცით რაშია? - პირველკალსელმა ბავშვმა რომ მომაბრუნა და მითხრა, მასწავლებელო, “მე, ბებია ილიკო და ილარიონს” ვკითხულობ და მე-16 გვერდზე ვარო. ქურთის ბიჭი მესტუმრა მუზეუმში, ღვინო მაქვს მოტანილი ნოდარი დამალოცვინე, აქედან ისე ნუ გამიშვებო... ამ ქვეყანაზე არ მეგულება ადამიანი, ნოდარი არ უყვარდეს.
თეა ცაგურიშვილი
კომენტარები