თბილისიდან სოფელში გადასახლებული ახალგაზრდა ოჯახი და შვილისთვის აშენებული საოცნებო ქოხი

29 წლის რუსა ბართიშვილი და 31 წლის დავით ჭარხალაშვილი 6 წლის წინ შეუღლდნენ. წელიწად-ნახევრის წინ გადაწყვიტეს, თბილისიდან სოფლად გადასახლებულიყვნენ, რათა მათი შვილი - ექვთიმე ეკოლოგიურად სუფთა გარემოში აღეზარდათ. ამ გადაწყვეტილებას არც ნანობენ და ამ პერიოდში მოასწრეს, მშვენიერი ბოსტნის გაშენება სახლის წინ, თავიანთი ტყისპირა სახლის მეგობრებისთვის საყვარელ ადგილად ქცევა და პატარა ექვთიმესაც 5 წლის ასაკში აუსრულეს ოცნება, რომელიც ბევრი ბავშვისთვის სანუკვარ და აუსრულებელ ოცნებად რჩება ხოლმე - თავისი პირადი ულამაზესი ქოხი. გავიცნოთ უფრო ახლოს ეს მშვენიერი ახალგაზრდა ოჯახი.


- სახლში ვართ სამნი - დედიკო,
მამიკო და 5 წლის შვილი ექვთიმე. ჩვენი ძირითადი სამსახურების გარდა გვაქვს ჰობი და გატაცებები, რაც უდიდეს სიამოვნებას გვგვრის. მით უმეტეს იმ გარემოში, სადაც ვცხოვრობთ. ვგულისხმობ მშვიდ და არაქაოსურ სივრცეს, სადაც გადავწყვიტეთ დასახლება. ჩვენ აქტიურად ვართ გატაცებული სიმღერით, ეზო-ბაღსა და ცხოველებზე ზრუნვით, ბუნებაში ხეტიალით, მოგზაურობით, გასნაკუთრებით საქართველოს მთებში, სადაც ექვთიმეც ჩვილობის ასაკიდან დაგვყავს. გვიყვარს ასევე მეგობრების მიღება, სადაც წინასწარაა გასაზღვრული “რუსას“ სამზარეულო იქნება სუფრაზე წარმოდგენილი თუ დავითისი, რადგან მას არაჩვეულებრივად გამოსდის სტუმრის გამასპინძლება.

- როდის გადაწყვიტეთ თბილისიდან გადასახლება? ვისი იდეა იყო და ახლანდელი გადმოსახედიდან როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას?
- თბილისიდან გადასახლება, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ გადავწყვიტეთ, და მთავარი მოტივი ამ სიახლისა, იყო ისეთ განსხვავებული გარემოსთან დაახლოება, რომელიც მოშორებით იქნებოდა დედაქალაქისგან. იოლი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება იმდენად, რამდენადაც ველური და უზომოდ წყნარი გარემო გვესაჭიროებოდა. იდეა ორივეს გვეკუთვნის, რადგან თბილისში გაუმართავი ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე გვერთულებოდა ექვთიმესთვის ჰაერზე ყოფნა. ეზო და სახლის უკან მდებარე ხელშეუხებელი ტყე საკმაოდ დიდი კომფორტი და ბედნიერებაა ჩვენთვის.


- სირთულეები თუ შეგხვდათ?
- სირთულის შესახებ ძალიან ცოტას მოგიყვებით, ესაა უფრო საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც დღემდე თბილისიდან 7 კილომერტრში ფაქტობრივად არ არსებობს, რაც გაუგებარია. ჩემი და დავითის დაგეგმვით სწორედაც განსხვავებული, ლამაზი და შრომით სავსეა ჩვენი ყოველდღიურობა, ვიდრე ეს დედაქალაქში იქნებოდა. დადებითი ძალიან ბევრია ამ გარემოში, და არც შევმცდარვართ გადაწყვეტილების მიღებაში. პრიორიტეტები ყოველთვის იყო ჩვენთვის ეზო, სუფთა ჰაერი, სიმშვიდე. ზღვის დონიდან 1100 მეტრზე არსებობა აქ საოცრებაა, რადგან ადამიანი შეიგრძნობს ნამდვილ წელიწადის დროებს. პატარა ბავშვისთვის და ზოგადად - ადამიანის ჯანსაღად ყოფნისთვის, ეს იქნება ფსიქიკური თუ მორალური ჯანმრთელობა, ეს ხომ უმნიშვნელოვანესია. ჩვენს პატარას შეგუების პრობლემა არ ჰქონია, პირიქით, ეს ისაა უმეტესწილად, რაც ბავშვებს სურთ, მშვიდი ძილი იქნება, კვება, თუ თამაში იქ, სადაც მოუნდება და იმ ფართობზე, რასაც ჩვენი ეზო გაწვდება. ეკოლოგიური თვალსაზრისით ეს არის არაჩვეულებრივი არჩევანი და გადაწყვეტილება, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ოდნავ რთულია ფინანსური თვალსაზრისით, თუმცა არსებობს პრიორიტეტები, რადგან ფინანსების გათვალისწინება დედაქალაქშიც გვიწევს. ვფიქრობ, რომ მონდომების და პრიორიტეტების საკითხია, რადგან აქ სოფლად ცხოვრება მოითხოვს დიდ შრომას, ძალისხმევას და საქმეებისა თუ საზრუნავის გაორმაგებას. ეს ყველაფერი კი მოიტანს აუცილებლად თვითკმარობისა და სიმშვიდის შეგრძნებას, ბუნებასთან დაახლოებას, საკუთარი პირადი სივრცის პატივისცემას, რასაც უამრავი დადებითი რამ მოსდევს.
ჩვენი დილა იმაზე ადრე იწყება, ვიდრე ეს დედაქალაქში იყო, რადგან გასვლამდე უამრავი რამ გვაქვს მოსასწრები, ექვთიმეც აქტიურობას იწყებს სუფთა ჰაერზე და გვეხმარება ბაღისა და ბოსტნის მორწყვაში. ძალიან უყვარს ბაღში ყოფნა, რადგან შეუძლია, მაგალითად, მარწყვს ან ალუბალს, ბალს შეექცეს ადგილზევე. ხეხილი გვაქვს უხვად. ასევე მეზობლებისგან ვყიდულობთ ნატურალურ რძეს და შინ ვამზადებთ ხაჭოს და მაწონს.
დილის ფუსფუსს ვასრულებთ ეზოში საუზმით და გრძელდება ჩვეული რიტმი თბილისისკენ.

- ექვთიმეს ქოხზეც გვიამბეთ...
- ჩემი იდეის განხორციელებაა... ეზოში უზომოდ მინდოდა ასეთი პატარა ქოხი ბავშვისთვის, თან ვემზადებოდით ექვთიმეს დაბადების დღისთვის, და დავითს გავუზიარე ჩემი იდეა, რომელსაც ადვილად შეასხა ფრთა -მისი ხელმარჯვეობით და რაჭა-ლეჩხუმიდან ჩამოტანილი ხის მასალებით, რომელიც რეალური სახლის მშენებლობიდან შემოგვრჩა. ქართული სტილის ოდა სახლი გამოვიდა, რომელიც ნამდვილად საოცნებოა ყველა ბავშვისთვის. მას უფრო გავუხალისეთ და შევაყვარეთ აქ ცხოვრება. ასევე აქვს უამრავი ჩიტის სახლი ხეებზე, სადაც ჩიტები სიამოვნებით შედიან, ხიბლავს ექვთიმეს სტუმრებიც, რომლებსაც სიხარულით წარუდგენს ხოლმე ამ ქოხს და ამაყობს ამით.

კომენტარები

ნელი გულუაშვილი 2021-10-25 12:18
ჩემმა ოჯახმაც გვიან, რასაც ძალიან ვნანობ, გადავწყვიტეთ სოფელში გადასახლება თბილისიდან
ტასო 2021-08-10 11:45
გაიხარეთ.... მიყვარს ასეთი ოჯახები..... ჩვენც ასე ვართ ზუსტად.... ესაა ცხოვრება და არა თბილისში,ბეტონის ჯუნგლებში ყოფნა
Maka 2021-05-31 20:31
Gaixaret da gamravldit. Daglocot ufalma
მზია ბერიძე 2021-04-08 15:37
ძალიან მისასალმებელია, ნეტა ბევრი ახალგაზრდა მიბაძავდეს.ყოჩაღ❤❤❤
ლელა ხოჭოლავა 2021-04-08 14:51
სიამოოვნეებიით ვიიცხოოვრეედიი მაგ ქოოხში, ნეტავ ვიინმეეს არ აქვს პატარა სახლუუკა თბიილიისტაან ახლოოს სრულიად უანგაროოდ მოვუუვლიი ეზოოს!!!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები