ქართველი ცნობილები, რომლებმაც სახლები ძველი ნივთებით მოაწყვეს

არსებობს მოსაზრება, რომ სახლი თავის მეპატრონეს ჰგავს და ნაწილობრივ ალბათ მართალიცაა. ბინის დათვალიერებისას, ხვდები რამდენად უყვარს ან არ უყვარს მასპინძელს ხელოვნება, მისთვის რა უფრო მნიშნელოვანია - ისტორიის მატარებელი ნივთები თუ თანამედროვე, ჰაიტექ მიმდინარეობა, კლასიკა თუ რეტრო სტილი, სისადავე თუ გადატვირთული გარემო. მეტიც, ინტერიერზე დაკვირვებით ხშირ შემთხვევაში შესაძლოა, ბინის მეპატრონის პროფესიის გამოცნობაც.
თანამედორვე სახლებს თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ თითქოს მათ „მოსაყოლი“ არაფერი აქვთ, რეტრო, ეკლექტურ ბინებში კი იგრნობა, რომ აქ გარკვეული ისტორიის მატარებელი ადამიანები ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ და თითოეული ნივთი წინასწარი
გათვლით იკავებს ადგილს. ადამიანებს, რომლებიც ხელოვნების სხვადასხვა სფეროებს ემსახურებიან, თავისი გამორჩეული ხედვა აქვთ, ესთეტიკას ეძებენ და იწყობენ ყველგან, ისეთ ადგილებშიც კი, სადაც თითქოს ეს წარმუდგენელიცაა.


მარინა ბერიძემ საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები სოლოლაკში, იტალიური ეზოს ტიპის სახლში გაატარა. თუმცა, ცხოვრება ისე წარმიმართა რომ შემდეგ ვაკეში, ახალაშენებულ კორპუსში გადავიდა. დიდი ფართის ბინიდან პატარაში მოუხდა გადანაცვლება და მთავარი ამოცანა - როიალი მისთვის მნიშნელოვან ნივთებთან ერთად, ამ სახლში მოეთავსებინა- წარმატებით შეასრულა. ფარაჯანოვის ნამუშვრები, კომპოზიციები, ძველებური „გორკა“, ტახტი, რომელზეც უამრავი გენიოსი აღიზარდა, ფარდაგები, ხალიჩები, სკივრები, დეკორატიული ყვავილები აბაზანაში - ეს იმ ნივთების არასრული ჩამონათვალია, რომელიც სადა, მინიმალსიტურად გაკეთებულ სახლს ეკლექტურ იერს სძენს, ხის ფაქტურა და ფერი კი სიმყუდროვისა და სიძველის განცდას ჰგვრის ადამიანს.

„არ მიყვარს ცივი სახლები, საიდანაც ვერ გაიგებ, ვინ ხარ. მაგალითად, შეიძლება ჭიქამ აგრძნობინოს შემომსვლელს, რომ შენ რაღაც მნიშვნელოვანი ისტორია მოგყვება. ალბათ ამიტომ არ მომწონს ძალიან თანამედროვე და ზედმეტად უტრირებული ნივთები, მაინც სხვა თაობის ადამიანი ვარ. ნივთმა თვითონ უნდა „დამიძახოს“, რაღაც ჩემეული უნდა დავინახო მასში, რომ შევიძინო.“ -აღნიშნა ქალბატონმა მარინამ.

დაათვალიერეთ მარინა ბერიძის სახლი - "არ მიყ­ვარს ცი­ვი სახ­ლე­ბი, სა­ი­და­ნაც ვერ გა­ი­გებ, ვინ ხარ" - მა­რი­ნა ბე­რი­ძის არტბი­ნა ვაკეში


ნანა შონიასა
და მხატვარ შოთა გლურჯიძის ბინაში პირველი, რაც თვალში მოგხვდება, ნივთების, ნახატებისა და მცენარეების სიმრავლეა. მადსარდული ტიპის ბინაში, ხის ფაქტურა ჭარბობს, სადა, თეთრი კედლები კი უამრავი ნახატითაა დაფარული და ინტერიერს "აფერადებს". მსახიობს შინ ბევრი სკივრი აქვს, ასევე - ინდური ფარდაგები, შირმები და ნივთები სხვადასხვა სპექტაკლიდან. ბევრს უთქვამს, რომ მისი სახლი აფრიკული სტილშია გადაწყვეტილი, თუმცა, აქ რამდენიმე ქვეყნის მიქსი უფროა, ვიდრე ერთი კონკრეტულის.

„არ მიყვარს ცივი ფერები, ბევრ რკინას ვერ ვეგუები. მაგალითად, ჰაიტეკი ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, თუმცა, შეიძლება კომფორტული და ადვილად მოსავლელ-დასალაგებელია. ალბათ სტილსაც არა მხოლოდ შენი გემოვნებიდან გამომდინარე ირჩევ, ითვალისწინებ ფინანსურ შესაძლებლობებს და ცდილობ, რასაც გაწვდები, იმ ფერებსა და სტილში მოაწყო ინტერიერი. აქედან გამომდინარე, პირადად მე საშუალება რომ მომეცეს, ჩემს სახლში ბევრ რამეს შევცვლიდი, მაგალითად, მისაღების სამეულს. აქ რაც დგას, სტადიონზე ნაყიდი ავეჯია, რომელიც შოთამ გადახერხა და გადააკეთა, როცა მოძველდა, რაღაცები მიაწებ-მოაწება და ტყავით გააწყო. მიუხედავად ამისა, მაინც ვერ ვიტყვი, რომ შინ ის არ მაქვს, რაც მინდა. ერთი კამოდი მომწონდა, ერთ დღესაც შოთა გავარდა და საახალწლოდ მომართვა. ძალიან გამახარა. ცდილობს ხოლმე, ასე მასიამოვნოს. მიყვარს კამოდები და კარადები, ახლა რომ გამიშვა, ხუთ-ხუთ ცალს მაინც ვიყიდდი, მაგრამ ახლა ჩემი პროგრამა მინიმუმი ერთი ძველი კამოდის შეძენაა. რაც სახლში მაქვს, არც ერთი ძველი არაა, უბრალოდ დეკუპაჟის სტილშია გადაწყვეტილი.“

ალბათ ძალიან იშვიათია ისეთი ადამიანი, რომელსაც ფორტეპიანოს მოხატვის სურვილი გაუჩნდება და პრაქტიკულად გამოუყენებლ ნივთს, ინტერიერს მთავარ ხიბლად აქცევს. თურმე ოჯახმა ინსტრუმენტი უფროსი შვილისთვის შეიძინა, როცა ის მუსიკალურ სკოლაში სწავლობდა. ბავშვს მეცადინეობა ეზარებოდა და გადაწყვიტეს, ფორტეპიანო შოთას მოეხატა, იქნებ ისე მოიხიბლოს, იმეცადინოსო, მაგრამ არც ამან გაჭრა...
გასულ საუკუნეში ბებიის მიერ ყაისნაღით მოქსოვილი შარფი კარადაში შესაძლოა, ბევრს ჰქონდეს, მაგრამ მისით ინტერიერს გაფორმება არ მოაფიქრდეს. ნანა შონიას სწორედ ასეთი ბებიისეული შარფი აქვს გადაკიდებული სკამზე, ისე თითქოს, მისი პატრონი ეს-ესაა გავიდა და მოსასხამი სახელდახელოდ დატოვა აქ. ასევე ინტერიერის ნაწილადააა ქცეული ჩანთა, რომელიც მასპინძელს აფრიკელმა სტუმარმა აჩუქა. მსგავსი დეტალების სიმრავლე სადად გარემონტებულ ბინას უცხო იერს სძენს და ეკლექტიკაც იბადება.


დაათვალიერეთ ნანა შონიას ბინა - ნანა შონიას საოცარი სახლი - ნახატებით „გაფერადებული“ კედლები, შირმები, ფარდაგები და...


ნიკუშა შენგელაია, მეუღლე ეკა ჭიჭინაძესთან და ვაჟთან, გიორგისთან ერთად ფიქრის გორაზე ცხოვრობს. ბინა ძირითადად რეტრო-კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი, დიზაინზე თავად ნიკუშამ იზრუნა.

„სარემონტო სამუშაოებში მე ნაკლებად ვიყავი ჩართული, ნიკუშა თავისი გემოვნებით აკეთებდა ყველაფერს, თუმცა რაღაცებს ერთობლივად ვწყვეტდით. ზოგადად, მე და ნიკუშას ძალიან განსხვავებული გემოვნება გვაქვს. მაგალითად, მე ვერ ვიტან სიჭრელეს, მას კი მოსწონს. საბოლოოდ სახლში მაინც მშვიდი ფერები გვაქვს, მაგრამ ეს ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილებაა და იმიტომ. დღემდე მოაქვს ნიკუშას რაღაც ნივთები, ქვები, ნიჟარები, ყველაფერს სხვანაირად ხედავს და სხვანაირად აღიქვამს, მხატვარია მაინც. მე კიდევ სად წავიღო, აღარ ვიცი“, - აღნიშნა ოჯახის დიასახლისმა.
აქ ერთმანეთის გვერდით ნახავთ, რბილ სამეულს, პუფებს , თანამედროვე მინის ზედაპირიან მაგიდას და სოფიკო ჭიაურელისეულ რეტრო სამეულს, ფარდაგებს, სკივრებს, ვინტაჟურ ვიტრაჟს, ვაჟას პორტრეტს და თანამედროვე მხატვრების ნამუშევრებს - ალბათ სწორედ ეს სტილისტური მრავალფეროვნება სძენს გამორჩეულ იერს ბინას.

დაათვალიერეთ ნიკუშა შენგელაიას ბინა - სოფიკო ჭიაურელის ანტიკვარული ნივთები და ნიკუშა შენგელაიას გემოვნებით შექმნილი ინტერიერი...


კლასიკა, რეტრო და სხვადასხვა ქვეყნის ეთნო სტილი თუ ერთად გინდათ ნახოთ, მაშინ ზაალ ჩიქობავასა და თათა სვანიძის სახლს უნდა გადაავლოთ თვალი. „ბოლომდე კლასიკური არაა ჩვენი სახლი, ეკლექტურია, რადგან სამზარეულოში უფრო აზიური სტილია, ბავშვების საძინებელი თანამედროვეა, ჩვენი კი - ძველებური. ჩემთვის ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს და ვფიქრობ, უბრალო წვრილმანსაც შეუძლია, თავისი ხიბლი შეიტანოს ინტერიერში, დიზაინში, ჩაცმულობაში და ა.შ.“ - ამბობს თათა.

„ლუდოვიკოს“ პირველი გამოშვების საძიენებლი, თეთრი როიალი, წითელი ხალიჩა, 1830 წლით დათარიღებული სკამი, რომლის ერთადერთი ანალოგიც ერმიტაჟში ინახება, ფარდებზე მისკუპებული დიდი ყვავილები, რომლებიც პერიოდულად ჩიტებითა და პეპლებით იცვლება, ეგვიპტური კუთხე, აზიურ სტილის სამზარულო, სადაც მოგაზურობებიდან ჩამოტანილი ნივთები სხვადასხვა ქვეყანაში დაგაბრუნებთ და ყვავილებით მორთული აბაზანა, ადგილი, სადაც თითქოს ცვლილების შეტანა შეუძლებელია, მაგრამ მოხერხებული დიასახლისი მუდმივად ცდილობს სიხალეების შეტანას.. „იმდენად მიყვარს ცვლილება ინტერიერში, აქაც ხშირად ვცვლი რაღაცებს, ხან ყვავილებს ვალაგებ სხვანაირად, ხან პეპლებით ვანაცვლებ. ერთადერთი, რასაც ადგილს ვერ ვუცვლი, აბაზანაა. დანარჩენს შეძლებისდაგვარად რაღაცას ვუხერხებო...“

ცალკე სანახაობაა თათას ზაფხულის ბაღი, მცენარეებით სავსე აივანი, მოწნული ავეჯი და ზაფხულის უკონკურენტო „რეზიდენცია“. ესაა სახლი, სადაც ნებისმიერი გემოვნების ადამიანი იპოვნის მისთვის საინტერესო კუთხეს ან ნივთს, ალბათ სწორედ ესაა ეკლექტიკის მთავარი ხიბლიც.

დაათვალიერეთ თათა სვანიძის გემოვნებით მოწყობილი ბინა - ზაალ ჩიქობავასა და თათა სვანიძის ეკლექტური სახლი
ციცი ომანიძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები