როგორი სახლები აქვთ ქართველ მოდელებს - დაათვალიერეთ

მოდელები საზოგადოების წინაშე ყოველთვის გამორჩეული ვიზუალით წარსდგებიან ხოლმე. მათი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ალბათ სილამაზე და წესრიგი ყველაზე მნიშვნელოვანია. საინტერესოა, როგორ სტილს, ფერებს და ინტერიერს ანიჭებენ უპირატესობას და რას ითვალისწინებენ საკუთარი სახლის მოწყობისას. გთავაზობთ ირინა ონაშვილის, ლალი ტოტიკაშვილის და ნინო ორდენიძის სახლებს. ერთი რაც მათ შორის საერთო ვიპოვნე არის სისადავე, პასტელური, ღია ფერები, დახვეწილი, მაგრამ მინიმალისტური დიზაინი.

მის საქართველო 2003, ირინა ონაშვილისთვის, სახლი ის ადგილია, სადაც ყველაზე მშვიდად და ბედნიერად გრძნობს თავს. რაგინდ კომფორტულ გარემოში იყოს, ბოლოს მაინც სახლისკენ მიუწევს გული.
გარკვეული პერიოდი სხვადასხვა ადგილას ცხოვრებამ მოუწია, ელოდებოდა, როდის გაიყიდებოდა ძველი ბინა, მაგრამ მას შემდეგ რაც ის სახლი იყიდა, სადაც ამჟამად ოჯახთან ერთად ცხოვრობს, მიხვდა, რას ნიშნავს შენი კერა, შენი კუთხე.


- როცა იცი, რომ ბინას აღარ შეიცვლი, უკვე სხვანაირად უყურებ ყველაფერს და ყველა დეტალი შენზე გაქვს მორგებული. მერე ლაგდები, შენი გემოვნებით ანაწილებ ინტერიერში ავეჯს, ალაგებ შენთვის ძვირფას ნივთებს. ბინის ხშირად შეცვლა, ნივთების ხშირი გადაადგილება დისკომფორტს მიქმნის. მყავს მეგობრები, რომლებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ, როგორი ჭაღი იქნება ოთახში. რა თქმა უნდა, მომწონს, მაგრამ მე ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ჩემთვის მთავარია, ინტერიერი იყოს სადა, კომფორტული და ფუნქციური. ის, რომ დავდგა თეთრი ქათქათა სავარძელი და მერე იმაზე ვინერვიულო, ბავშვებმა არ დასვარონ, ჩემთვის ცოტა მიუღებელია. ვფიქრობ, ადამიანმა თავისი ბინის ინტერიერი არსებულ სიტუაციას უნდა მოარგოს. ჩემი სიტუაცია არის ასეთი - მყავს პატარა, რომელიც ყველა კუთხე-კუნჭულში ახევს შპალერს, აფუჭებს და ანადგურებს სახლში ყველაფერს. რემონტისას დიზაინერის მოსახურებით არ მისარგებლია, ყველაფერს თავად გავართვი თავი. ხშირად ვამბობ, რომ შესაძლოა წინა ცხოვრებაში მღებავი ვიყავი, რადგან მიყვარს ეს პროცესი. რაც კი ოდესმე სარემონტო ყოფილა, ყველაფერმა ჩემს ხელში გაიარა და ყველაფერს დიდი მონდომებით ვაკეთებდი. წარმოიდგინეთ, ფიზიკურადაც კი ვერთვები ხოლმე პროცესში. მიყვარს ისეთი ფერები, რომელიც განსაკუთრებულად გამშვიდებს. უპირატესობას სადა და დახვეწილ ინტერიერს ვანიჭებ. ვეცადე, ჩემი სახლი ასეთი გამოსულიყო. არ მიყვარს გადატვირთული ბინა. ინტერიერში ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ სინათლეს. მიყვარს ბინა, სადაც მზის სხივები უხვად შემოდის და თბილა. კედლებზე ლამაზი ნახატები მაქვს განთავსებული, რომლებიც, ვფიქრობ, მეტ სითბოს და ბუნებრიობას მატებს ჩვენს გარემოს.


ნახეთ მეტი ფოტო და ირინას ინტერვიუ - "მიყვარს ბინა, სადაც მზის სხივები უხვად შემოდის" - სტუმრად ირინა ონაშვილთან

როდესაც მოდელი ლალი ტოტიკაშვილი სახლის მოწყობაზე ფიქრობდა, ზუსტად მხოლოდ ისიცოდა, იყოს რომ ინტერიერი ღია ტონალობაში უნდა ყოფილიყო. საბოლოო ჯამში კი ისე გამოვიდა, რომ მოდელი თეთრ სახლში ცხოვრობს, ავეჯიც შესაბამისი აქვს შერჩეული, მუქი აქცენტები კი ფარდებით, ან დეკორატიული ნივთებით აქვს შეტანილი.

- ბინას დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ვეძებდით. ჩემთვის პრიორიტეტი იყო, კორპუსს ჰქონოდა ეზო. იქიდან გამომდინარე, რომ აქამდეც საბურთალოზე ვცხოვრობდით და მიჩვეულები ვიყავით ადგილს, ისევ ამ უბანზე შევაჩერეთ არჩევანი. ეს სამშენებლო კომპლექსი სრულიად აკმაყოფილებდა ჩემს მთავარ მოთხოვნას - ჰქონდა სკვერი, სათამაშო მოედანი და კარგად მოწყობილი ეზო, რაც თბილისის პირობებში რთულად მოსაძებნია. ჯერ კიდევ არ იყო მშენებლობა დასრულებული, როცა ბინა ვიყიდეთ. რემონტი ჩვენი გემოვნებითა და დიზაინით სამშენებლო კომპანიამ გაგვიკეთა, დაპროექტებით კი მე და ჩემმა მეგობარმა დიზაინერებმა დავაპროექტეთ. წინასწარ ვიცოდი, რომ არჩევანს ღია ფერებზე შევაჩერებდი. ინტერიერში ღია ტონალობა ძალიან მომწონს, მამშვიდებს. ჩემს სახლში თანამედროვე სტილი კი არის დომინანტი, მაგრამ ვფიქრობ, კლასიკური დეტალები „ათბობს“ და უხდება.

იხილეთ ლალი ტოტიკაშვილის ბინის მეტი ფოტო - ლალი ტოტიკაშვილის თეთრი სახლი

ასევე მოდელი, ნინო ორდენიძე თბილისიდან საცხოვრებლად წყნეთში გადავიდა. ნინომ და მისმა მეუღლემ აგარაკისთვის განკუთვნილი სახლი გაარემონტეს და შედეგით იმდენად ნასიამოვნები დარჩნენ, რომ გადაწყვიტეს ეკოლოგიურად სუფთა ადგილა მუდმივ საცხოვრებლად გაეხადათ.

- მე დავიბადე და გავიზარდე საკუთარ სახლში ქიაჩელის ქუჩაზე, მთელი ჩემი ცხოვრება საკუთარ სახლში მქონდა გატარებული. გათხოვების შემდეგ კი ჯერ ქობულეთის ქუჩაზე ვცხოვრობდი, მერე ატენზე, შემდეგ ბაგებში, მაგრამ ვერაფრით ვერ შევეგუე კორპუსში ცხოვრებას. ეს სახლი გვქონდა სააგრაკაოდ, ზაფხულობით რომ ამოვდიოდით, უკან დაბრუნება აღარ მინდოდა, მიუხედავად იმისა, რომ ძველი რემონტი გვქონდა, აქ ყოფნა მაინც ყველაფერს მერჩივნა. მართალია, ფართის პრობლემა არც თბილისში გვქონდა, მაგრამ მაინც სულ დანაკლისი მქონდა. არ შემიძლია ეს სადარბაზო, კარიდორული სისტემა, კორპუსი და რა ვქნა?!.. ჩემი მეუღლეც გიჟდება საკუთარ სახლზე, სულ უნდოდა, რომ გვქონოდა ეზო, სადაც იქნებოდა ბევრი ძაღლი და ეს სურვილიც აისრულა. რემონტი 9 თვე გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქმარი წოდებით გენერალ-მაიორია და მთელი თავისი ცხოვრება პოლიციაში მუშაობდა, სახლის დიზაინი, გაგიკვირდებათ და, მისია ( იღიმის). ვინაიდან არ ვაპირებდით წყნეთში მუდმივად ცხოვრებას და ეს საზაფხულო აგარაკად უნდა გვქონოდა, რემონტი მინიმალისტურად გავაკეთეთ, ამიტომც ახლა ვცდილობ, ნივთებით და ავეჯით შევიტანო ინტერიერში აქცენტები. რეალურად, ჯერ ისევ მოწყობის პროცესში ვართ, ის ავეჯი, რაც ძალიან მიყვარდა, თბილისიდან გადმოვიტანე. სახლი თანამედროვე სტილშია გაკეთებული, თუმცა რეტრო სტილი ძველებური ავეჯითა და ნივთებითაა შეტანილი.

ციცი ომანიძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები