"ერთადერთი მოთხოვნა მქონდა, დიდი მისაღები ყოფილიყო ბინაში" - სტუმრად ქეთევან ასათიანთან და გიორგი ჩიჩუასთან

ჟურნალი „შინ“ სტუმრად ეწვია ექიმების ოჯახს. ჩვენი მასპინძელი და რესპონდენტია ქეთევან ასათიანი - ექიმი-ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. მისი მეუღლე გიორგი ჩიჩუა გახლავთ - ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ის შაბათ-კვირას თბილისში იშვიათად არის, ვინაიდან ამ დროს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გასვლით ოპერაციებს ატარებს. სწორედ ამიტომ მხოლოდ ქეთევან ასათიანი გვმასპინძლობს.


ქეთევანი მეუღლესა და შვილებთან ერთად ამ სახლში საცხოვრებლად 2007 წელს გადმოვიდა, თუმცა ამ ფაქტთან დაკავშირებული სიხარული და მის დიზაინზე ზრუნვის სასიამოვნო განწყობა არ ჰქონია.
2007 წელს მამა გარდაეცვალა, არჩილ ასათიანი - ცნობილი ქართველი მეცნიერი, ფიზიოლოგი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი (1985-1990 წწ.). მამის მოულოდნელი დაკარგვა მისთვის დიდი ტრაგედია იყო. მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო ბინის მოწყობაშიც ვერ ჩაერთო და ის ძირითადად მისმა მეუღლემ მოაწყო. როგორც იხსენებს, ერთადერთი მოთხოვნა ჰქონდა: დიდი მისაღები ოთახი ყოფილიყო სახლში. მისი სურვილი ნამდვილად შესრულდა.

სახლში ბევრი ნივთია, რომლებიც დიასახლისის ძვირფას მოგონებებს უკავშირდება: „ყველა ნივთი, რაც აქ არის, ჩემთვის უზომოდ ძვირფასია, რადგან ამ ყველაფერში გავიზარდე... შეიძლება სამკაული არ მომინდეს, არც ბრენდებზე ვგიჟდები, ინტერიერის ნივთები კი მიყვარს. საზღვარგარეთ სადაც კი ვაწყდები ძველებურ ნივთებს, იქიდანაც ერთი-ორი აუცილებლად ჩამომაქვს“.

ქალბატონი ქეთევანის სამუშაო გრაფიკი, ფაქტობრივად, არ არის განსაზღვრული. დილა იწყება 7 საათზე და სრულდება გვიან ღამით. მიუხედავად ამისა, მაინც ახერხებს სამზარეულოში ტრიალს და გემრიელი კერძების მომზადებას, თუმცა არც აქ ღალატობს სწორი, ჯანსაღი კვების პრინციპებს.


ბიბლიოთეკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ოთახია როგორც უფროსებისათვის, ასევე სამივე შვილისათვის. აქ თავმოყრილია მდიდარი სამეცნიერო, მხატვრული და ა.შ. ლიტერატურა. წიგნების ერთ-ერთ თაროზე ქეთევანის მამის, არჩილ ასათიანის სურათია, რომელიც უძვირფასესია მისთვის: - როდესაც სერიოზული სირთულის წინაშე აღმოვჩნდები, რჩევისათვის ყოველთვის მას მივმართავ. ვცდილობ, ისე გავიაზრო ესა თუ ის პრობლემური საკითხი და ისე მოვიქცე, როგორც ის მოიქცეოდა.

- ბავშვობიდან იცოდით, მედიცინის რომელ მიმართულებას გაჰყვებოდით?
- ბავშვობაში არა, თუმცა IX-X კლასში სწავლისას უკვე დავიწყე ფიქრი სპეციალობაზე. ოჯახურმა ტრადიციამ სერიოზული გავლენა იქონია და გადავწყვიტე, მედიკოსი, კერძოდ, პედიატრი გამოვსულიყავი, მაგრამ მამამ გადამაფიქრებინა. მითხრა, რომ მე იმდენად ემოციური პიროვნება ვიყავი, პაციენტი ბავშვი რომ გარდაცვლილიყო, ჩემზე მძიმედ იმოქმედებდა. ახლა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მართლაც ასე იქნებოდა.


- ის ინფორმაცია, ემოცია, რომელსაც პაციენტებისგან იღებთ, არ გამძიმებთ?

- პაციენტისათვის მდგომარეობის შემსუბუქება, ზოგადად, მკურნალის მოვალეობაა. პირადად მე, ფაქტობრივად, მთელი დღის განმავლობაში, ხშირად ღამის 10 საათამდე კლინიკაში ვარ. პაციენტების მიერ განცდილ ტკივილსა თუ განსაცდელს, სხვადასხვა ისტორიას, რომელსაც ისინი მიზიარებენ, შინ არასდროს ვყვები, ჩემთან რჩება. ამიტომ ვფიქრობ, თუ ექიმისათვის პაციენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ არის მნიშვნელოვანი, მაშინ მან მედიცინას თავი უნდა დაანებოს. მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, ღრმად მწამს, ეს ერთადერთი პროფესიაა, რომელიც სიღრმისეულად ესადაგება და ზედმიწევნით ზუსტად გამოხატავს ჩემს სურვილს - განვკურნო ადამიანი, შევუმსუბუქო მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

ბევრი მეუბნება: ჩემთვის მხოლოდ ენდოკრინოლოგი კი არა, ფსიქოთერაპევტიც ბრძანდებითო. პაციენტებისგან ისეთ სითბოს ვგრძნობ, ყოველი მათი მადლიერი სიტყვა მარწმუნებს პროფესიის არჩევის სისწორეში. აღსანიშნავია ისიც, რომ ვინაიდან ჩემი მეუღლეც ექიმია, მას ძალიან კარგად ესმის ჩემი სამსახურის სპეციფიკა.



- როდის გაიცანით მეუღლე და რით მიიპყრო თქვენი ყურადღება?

- 1992 წელს გავიცანი. მაშინ პირველ კურსზე ვიყავი. გამოირჩეოდა პიროვნული თვისებებით, ქალთან მოქცევის წესით, ეტიკეტის დაცვით, საოცარი სურვილით, რომ პროფესიას სრულფასოვნად დაუფლებოდა. მაშინ საკმაოდ რთული პერიოდი იყო. მან შეძლო წასულიყო მოსკოვში და ასპირანტურაში გაეგრძელებინა სწავლა. იმხანად რუსული ოფთალმოლოგიური სკოლა სკოლა იყო. ყოველივე ეს ჩემს მისდამი დამოკიდებულებაზე ძალიან მოქმედებდა. რა თქმა უნდა, მისი ჩემდამი დამოკიდებულებაც მომწონდა, საოცრად თავაზიანი და ყურადღებიანი იყო.



- მშობლები რამდენად მკაცრები იყვნენ?
- მშობლები, ჩვეულებრივ, შინიდან ძნელად თუ მიშვებდნენ. მეუბნებოდნენ, ვინც გსურს, შენთან მოვიდესო, ამიტომ ჩემი სახლი ცნობილი იყო წვეულებებით, სადაც ყველას უხაროდა მოსვლა. გასტრონომიული მრავალფეროვნების გარდა, დიდი მხიარულებაც სუფევდა, ყველას გვიყვარდა ცეკვა, სიმღერა, გართობა... დღემდე ასეა. ჩემი მეგობრები მეუბნებიან ხოლმე, რომ 6 თებერვალი, ჩემი დაბადების დღე, საყოველთაო დღესასწაულია, ყველა ერთად ვიკრიბებით და ვმხიარულობთ. მამა მეხუმრებოდა ხოლმე, 7 თებერვალი რომ თენდება, ქეთუშა უკვე იმაზე ფიქრობს, მომავალ 6 თებერვალს რა გააკეთოსო... მართლაც, უზომოდ მიყვარს ჩემი დაბადების დღე.

- მამასთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?
- მე და მამას სრულიად განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. მისი ერთადერთი ქალიშვილი ვიყავი და მთელი სამყარო ჩემ ირგვლივ ტრიალებდა. მიუხედავად ამისა, არ მახსოვს, მამა მომფერებოდა, გარდა იშვიათი შემთხვევებისა, თუმცა, ყოველთვის ვგრძნობდი, რომ „პათოლოგიურად“ ვუყვარდი. 28 აპრილს მამას დაბადების დღე იყო, ხოლო 29 აპრილს, ჩემი მშობლების ქორწინების დღეს, ის გარდაიცვალა. მე ჩამაკვდა ხელში... მისი თვალები და გამომეტყველება არ მავიწყდება და არც არასდროს დამავიწყდება.


საოცარი მამა მყავდა, მრავალი თაობის ექიმების აღმზრდელი. სამედიცინო ინსტიტუტში რომ ჩავაბარე, მუდმივად მესმოდა ფრაზები: „თქვენ იცით, რა ბაბუის შვილიშვილი ხართ?!“ შემდეგ გრძელდებოდა მამით. ამის გამო უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობდი და ვგრძნობ დღესაც.

უაღრესად განათლებული ადამიანი გახლდით, არ იყო საკითხი, რომლის შესახებაც საფუძვლიანი ცოდნა არ ჰქონოდა. ყველა ჩემს მეგობარს ძალიან უყვარდა, სულ მთხოვდნენ, რომ ჩვენთან დარჩენილიყო, ჩვენთან ერთად მოელხინა, სუფრისათვის ეთამადა. არ დამავიწყდება მისი სახის გამომეტყველება, როცა დისერტაციას ვიცავდი. პირველ რიგში იჯდა თავდახრილი და არ მიყურებდა. 2002 წელს ანდროლოგიაში დავიცავი დისერტაცია, იმხანად ეს ახალი სიტყვა იყო, დაცვას საკმაოდ დიდი აუდიტორია ესწრებოდა. როცა ყველაფერი დასრულდა, ჩავეხუტე და მამამ პირველად შემაქო.

- დიდი გამოხმაურება მოჰყვა ვიდეოს, რომელშიც უმცროს ქალიშვილთან ერთად მღერით...

- დიახ, დღემდე სხვადასხვა გადაცემაში გვიწვევენ. ოჯახში ყველა ვმღერით. ძალიან მიყვარს სიმღერაც, ცეკვაც. სამედიცინო ინსტიტუტში გამართულ კონცერტებშიც ვმონაწილეობდი, ასევე ფილარმონიაში კონცერტების სერიაში - „ექიმები არ ხუმრობენ“. ცხადია, ეს სიყვარული ჩემს შვილებსაც გადაეცათ. პატარები რომ იყვნენ, შინ კონცერტებს აწყობდნენ და ოჯახის წევრებზე ბილეთებსაც ჰყიდდნენ. ნიჭიერთა ათწლედშიც ვსწავლობდი. გული მწყდება, რომ ქართულ ცეკვაზე სრულფასოვნად ვერ ვიარე, მაგრამ ცეკვისგან თავს ნამდვილად არ ვიკავებ. განსაკუთრებით მიყვარდა მამის მეგობართან, ჯანსუღ ჩარკვიანთან ცეკვა. ჩვენი კინტოური ნამდვილი დღესასწაული იყო. მამა და მოწვეული სტუმრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ხოლმე.

- შვილები აგრძელებენ მშობლებისა და სახელოვანი წინაპრების ტრადიციას?
- ჩემი უფროსი ქალიშვილი, მარიამი ბიზნესადმინისტრირებას და მენეჯმენტს ეუფლება, ლიზა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია, სანდროც მომავალ წელს, ასევე სამედიცინო უნივერსიტეტში აპირებს ჩაბარებას. სამივემ თავად აირჩია პროფესია, მშობლების ჩარევის გარეშე, თუმცა, ცხადია, მიხარია, რომ ორი მათგანი ოჯახის ტრადიციას აგრძელებს.

- დაბოლოს, რას ნიშნავს თქვენთვის შინ?
- სულიერ სიმშვიდეს, მაქსიმალურ განტვირთვას, საოცარ, თბილ, ტკბილ გარემოს, სადაც ყველაზე გახსნილად და თავისუფლად ვგრძნობ თავს.

მარიამ ტურძილაძე

კომენტარები

დაფნა 2023-08-04 19:26
გადაპრანჭლი გოიმობა
გიორგი 2023-07-17 22:53
ბრწყინვალე მამის შვილი; კიდევ უფრო ბრწყინვალე ბაბუის შვილისშვილი.
თალიკო 2023-07-14 13:59
მშვენიერი. ქალბატონი
თალიკო 2023-07-14 13:58
საყვარელი. ქალბატონი,ფაქიზი ,ლამაზი,გონიერი
X 2023-04-16 14:35
ექიმებს გემოვნება -0

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები