ეზო თბილისში, რომელიც ხელოვანმა ქალბატონმა თავად მოაწყო და მნახველებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს

ქეთევან კილასონია პროფესიით მხატვარია, რომელსაც შესანიშნავად ეხერხება ხელნაკეთი ნივთებს შექმნა და მის პატარა ეზოს თბილისში, მისი შემოქმედების გამოფენაც შეგვიძლია ვუწოდოთ, რადგან აქ ყველაფერი მისი გემოვნებით, მისი ხელით არის შექმნილი. ყველაზე დიდი მოწონება კი ინტერნეტსივრცეში მის მიერ გაკეთებულმა ჩანჩქერმა დაიმსახურა.

- ბავშვობიდან მიხვარს ხატვა, მამა აკეთებდა ხოლმე ძალიან ბევრ საინტერესო ნივთს და ალბათ მისგან დამყვა ხელმარჯვეობის ნიჭი. მოგვიანებით მხატვრობა პროფესიადაც ავირჩიე, თოიძის სამხატვრო სასწავლებელი დავამთავრე. ამჟამად ქმარ-შვილთან ერთად ვცხოვრობ ვარკეთილში და სწორედ აქ არის ის ეზო, რომელმაც თქვენი ყურადღება მიიპყრო. ეზო კორპუსის წინ მდებარეობს
და მე-3 წელია ვაკეთებ ნელ-ნელა, მეზობლებს და გამვლელებს ძალიან მოსწონთ - ზღაპარს დაამსგავსეო.

- რა მასალით მუშაობთ ძირითადად?
- უფრო მეტად მომწონს დეკორატიული ცემენტით, "შპაკლით" და ცემენტით მუშაობა, ძალიან მომწონს ბარელიეფები, განსხვავებული ინტერიერის დიზაინი, ქართული ორნამენტები.

- როგორია მუშაობის პროცესი? საიდან მოდის მუზა?
- ჩემთვის პროცესი არის ყველაფერი და ყველაფერს მირჩევნია, იმდენად ვერთვები ამ პროცესში, ეს ჩემი სამყარო და სიყვარულია. თუ რაიმეს არ ვქმნი, იმ დღეს ცუდ ხასიათზე ვარ. ჩემი მუზა კი არის სიყვარული, სილამაზე და პოზიტივი სამყაროს მიმართ, ძალიან მინდა ყველა ლამაზად და ბედნიერად ცხოვრობდეს.

- გვიამბეთ ჩანჩქერზე, რომელმაც ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა...
- ჩანჩქერი დიდი ხანი მინდოდა. ერთადერთი, წყლის შეერთება იყო პრობლემატური ჩემთვის, თუმცა ესეც ვისწავლე, დანარჩენი კი ჩემთვის სირთულეს არ წარმოადგენდა და ყველას შეუძლია გაიმეოროს, ვინც მოინდომებს.

- ვინ არიან თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივრები?

- ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ჩემი შვილია, გიჟდება, ისე მოსწონს ყველა ჩემი ნამუშევარი. ასევე დიდ სტიმულს მაძლევენ ჩემი მეგობრები და ყველა, ვინც ნახავს. რა თქმა უნდა, სასიხარულოა, როდესაც რაღაცას აკეთებ და მოსწონთ.


კომენტარის დამატება