"კვლავ ვეძებ ჩემს თავს ხელოვნებაში..." - ახალგაზრდა ხელოვანის დახვეწილი ნამუშევრები, რომლებიც დიდი მოწონებით სარგებლობს

ხელოვანი დავით შუშანაშვილი სოციალურ ქსელში უკვე ბევრისთვის არის ცნობილი. მისი ნამუშევრები - ხელნაკეთი სამკაული თუ დეკორის ნივთები - მნახველის მოწონებას იმსახურებს ხოლმე. თუ როგორ ქმნის ნამუშევრებს და რა გეგმები აქვს, ამაზე თავად გვესაუბრება.

- სადღაც 2010 წლიდან ვეძებ ჩემს თავს ხელოვნებაში... ჯერ ფანქრებით დავიწყე გრაფიკული ნამუშევრების შექმნა, შემდეგ არაერთი გზა მოვსინჯე, რომ დამენახა საკუთარი თავი მხატვრად იმ სამყაროში, რაც ხელოვნებას აერთიანებს.
დაახლოებით შვიდი წლის წინ ვნახე ვიდეორგოლი, სადაც ეპოქსიდის გამჭვირვალე წებოთი ამზადებდნენ ნივთებს. ინტერნეტსივრცეში მოვიძიე შესაბამისი ინფორმაცია, შემდეგ ეპოქსიდი შევიძინე და მას
მერე გამიტაცა ამ საქმემ.

ძალიან დიდი რესურსი აქვს ეპოქსიდს - გამოყენების, შემოქმედების, და დღემდე მიტაცებს. როცა დრო მაქვს, სულ ვმუშაობ.

მუშაობის პროცესს ადვილს ვერ დავარქმევდი, საკმაოდ შრომატევადი საქმეა და განისაზღვრება იმ იდეით თუ მასშტაბებით, რაზეც მუშაობ: ჯერ იქმნება კომპოზიცია, შემდგომ ასხამ თხევად ეპოქსიდს, რომელსაც 48 სთ და მეტი დრო სჭირდება გასაშრობად, მყარ მასად გადასაქცევად. შემდეგ სასურველ ფორმას აძლევ და ამუშავებ სულ მცირე 6 სხვადასხვა ზომის ზუმფარით. შეიძლება, ერთ პატარა ნაკეთობას ერთი კვირაც მოანდომო.

- თავიდანვე იცით, რას შექმნით ამა თუ იმ ბუნებრივი მასალისგან, თუ თავად გკარნახობთ იდეას, თუ რად უნდა იქცეს?
- ძირითადად თავად მკარნახობს ესა თუ ის მოპოვებული მასალა, როგორი სახის უნდა იყოს და რა გამოყენების, მაგრამ ხდება ისეც, რომ შემდგომში ფორმას და დანიშნულებას ვუცვლი.

- სხვადასხვა ტიპის ნამუშევრები გაქვთ - სამკაულები, საათები, დეკორის ნივთები, სანათები, სადგამები... თავად სამკაულებიც მრავალფეროვანია - ბეჭდები, თმის სარჭები, გულსაკიდები... რის კეთება მოგწონთ ყველაზე მეტად?
- რაც მეტად რთულია და სანახაობრივი, მრავლისმეტყველი, უფრო იმის კეთება მომწონს. მეტ სიამოვნებას ვიღებ შედეგის ხილვისას. 

- დეკორის ნივთებსაც ამზადებთ. რა დატვირთვა აქვს ხელნაკეთ, უნიკალურ დეკორს ინტერიერში და რამდენად ცვლის გარემოს?
- ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. მსგავსი ტიპის, ეპოქსიდით შექმნილ ნივთებს ფართოდ იყენებენ უცხოეთში: მისაღების გაფორმებაში, სამზარეულოში, აბაზანაში, მაგიდების, სკამების დასამზადებლად, იატაკზეც კი. მასალის სიძვირის და საქმის სპეციფიურობის, სირთულის გამო ჩვენთან დიდი გამოხმაურება ვერ ჰპოვა და მცირე ნაკეთობების შეძენაც ფუფუნების საგანია ბევრისთვის...

ძალიან მინდა, რომ მქონდეს დიდი ოდენობის მასალა, შესაბამისი იარაღები და სახლი, რომელშიც თავისუფლად შევქმნი ამა თუ იმ დეკორის ელემენტებს, ოთახებს... თუმცა ამ ეტაპზე, ჩვენს ქვეყანაში ეს უფრო ოცნებაა, ვიდრე გეგმა.

კომენტარის დამატება