ნანა შონიას საოცარი სახლი აფრიკულ სტილში

ნანა შონიასა და მხატვარ შოთა გლურჯიძის ბინაში პირველი, რაც თვალში მოგხვდება, ნივთების, ნახატებისა და მცენარეების სიმრავლეა. ხე სიმყუდროვის ასოციაციას ქმნის, სადა, თეთრი კედლები კი უამრავი ნახატითაა დაფარული და ინტერიერს "აფერადებს".
17 წელია, ოთხოთახიან ბინაში ეს წყვილი შვილებთან ერთად ცხოვრობს. როგორც მასპინძელმა გვითხრა, თავის დროზე რემონტის პროცესში თავად არ ჩარეულა, ორსულად იყო და მეუღლემ ეს საქმე თავის თავზე აიღო.

მსახიობს შინ ბევრი სკივრი აქვს, ასევე - ინდური ფარდაგები, შირმები და ნივთები სხვადასხვა სპექტაკლიდან. ნანა მცენარეებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა და ამიტომ მის

სახლში ყოველთვის ხარობს სხვადასხვა ჯიშის ყვავილი.
დიასახლისს საყვარელი ნივთების ნაწილი თბილისში აქვს შეძენილი, ნაწილი კი - საზღვარგარეთ. მაგალითად, რამდენიმე შირმა თბილისში, ყოველწლიურ ინდურ ბაზრობაზე შეიძინა, ერთი ჟირაფიც აქვე - ტაილანდურ მაღაზიაში, ხოლო მეორე - ინგლისში, აფრიკულ ბაზრობაზე. საერთოდ, ბევრს უთქვამს, რომ მისი სახლი აფრიკული სტილშია გადაწყვეტილი, თუმცა, აქ რამდენიმე ქვეყნის მიქსი უფროა, ვიდრე ერთი კონკრეტულის.

ნანას და მისი მეუღლის საძინებელ ოთახში ორიგინალური ჭაღი შოთას გაკეთებულია. აქ რამდენიმე ძველი ნივთია. მათ შორის - შოთას მოხატული ტანსაცმლის საკიდი და ნანას დიდი ბებიისეული ყაისნაღით მოქსოვილი შარფი, რომელიც საუკუნისაა. მსახიობისთვის განსაკუთრებით ძვირფასია მაქმანებიც, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს, ბაბუას ცოლისთვის ბერლინიდან თბილისში გამოუგზავნია.


მისაღებ ოთახში ბევრი ნივთი განსაკუთრებულ ყურადღებას იპყროს. მათ შორისაა მოხატული ფორტეპიანო. ინსტრუმენტი უფროსი შვილისთვის შეიძინეს, როცა ის მუსიკალურ სკოლაში სწავლობდა. ბავშვს მეცადინეობა ეზარებოდა და გადაწყვიტეს, ფორტეპიანო შოთას მოეხატა, იქნებ ისე მოიხიბლოს, იმეცადინოსო, მაგრამ არც ამან გაჭრა...

ინტერვიუს სრული ვერსია და სახლის ფოტოები იხილეთ ჟურნალი "შინის" ზამთრის ნომერში, რომელიც უკვე იყიდება

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები