"მაღაზიებში შემოთავაზებული 200-ლარიანი მატრასები გადაყრილი ფულია" - რჩევები საძინებლისთვის

ბლოგერი თაკო თაბუკაშვილი რემონტის მსურველებისთვის გამოცდილების გაზიარებას განაგრძობს. ამჯერად თემა საძინებელი გახლავთ.

ეს რჩევები დაბალბიუჯეტიანი რემონტის მსურველებს გამოადგებათ. როცა ფინანსები მცირეა, ყველა შეცდომა და ხარვეზი დამატებით ხარჯებს იწვევს, თორემ რა სჯობია, როცა ბიუჯეტი მაღალია, მიანდე რემონტი რომელიმე კომპანიას და თავად იტეხოს თავი ყველაფერზე.

დღეს საძინებელზე ვისაუბროთ.
მოზარდობაში რომ გეკითხათ ჩემთვის, რა მინდოდა ყველზე მეტად, გეტყოდით: " ძალიან ლამაზი საძინებელი." ჰოდა ვეღირსე ამ საძინებელს, მაგრამ აღარ მომინდა მასზე დიდი ფულის დახარჯვა. რატომ? ყველაზე ნაკლებ დროს ვატარებ იქ და ვერც სტუმრებთან მოიწონებ თავს ამ

ოთახით, ძალიან პრივატულია.

საძინებელი რომ მშვიდ და სადა ფერში უნდა გადაწყვიტოთ, ბევრმა იცით. ცოდნა ერთია, თუმცა შპალერის არჩევისას ცდუნება - მეორე, რომ ხელს რამე რომანტიული დეკორი გამოაყოლო. დეკორი მალე ბეზრდება თვალს და მომავალში ავეჯის გადაადგილებაში გზღუდავთ. დღეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობებია ტილოზე დააბეჭდინოთ სასურველი დიზაინი და დეკორაციები ცვალოთ (დეპრესიაში თუ ხართ, სასწრაფოდ მოაშორეთ ეს სექსუალური მერლინ მონრო თქვენი ოთახიდან და ვინმე მტირალა ქალის სილუეტს გაუზიარეთ თქვენი დარდი). ხუმრობა იქით იყოს და ამ ბოლო დროს, ახალი ბინები პატარა საძინებლებით ხასიათდება. ამიტომ ნათელი ფერები დაგეხმარებათ ვიზუალურ გაზრდაში, მოერიდეთ საძინებელში შეკიდული ჭერის გაკეთებას, ყველაზე მეტი მტვერი და "აბლაბუდა" ამ ოთახში ბინადრობს. შესაბამისად თქვენი ჭერის ხვეულებშიც დაბინავდება.

ჯანსაღი საძინებელი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, სასწრაფოდ მოსპეთ ნესტის კერები ნესტგამძლე მასალების გამოყენებით. შემოუშვით მზე დიდი ფანჯრებით თუ აივნის ვიტრაჟებით, ნუ დააპატარავებთ მას მეტალოპლასტმასის ფასის შესამცირებლად.

სწორად გათვალეთ, სად აპირებთ საწოლის დადგმას, რომ დენცქვიტების რაოდენობა და მხარე ბრებისთვის და ტორშერებისთვის დროულად გაითვალისწინოთ. აქვე არ გამოგრჩეთ მხედველობიდან, სად მონტაჟდება რადიატორი. ის საწოლიდან მოშორებით უნდა იყოს.

 

საწოლის მდებარეობის განსაზღვრა რიგ შემთხვევაში აუცილებელია კარების მონტაჟამდე, რათა მისი გაღება სწორი მიმართულებით დაგეგმოთ და ოთახში შესულს საწოლამდე მისასვლელად წინაღობის დაძლევა არ გჭირდებოდეთ.
კარის გაღების მიმართულების განსაზღვრის შემდეგ, დენის ასანთების კომფორტულობაზეც იზრუნეთ. ის, შეაღებთ თუ არა კარებს, მის საპირისპირო მხარეს დაშვებული ხელის სამაღლეზე უნდა გხვდებოდეთ (ეს სხვა ოთახებშიც გასათვალისწინებელია).

ჩემდა გასაოცრად, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ შეკვეთილი საძინებლის კომპლექტი უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ავეჯის სალონებში მზა პროდუქცია. 

ქართულ ბაზარზე მზა საწოლების დიდი არჩევანია, მით უმეტეს, თუ 1,60 სმ-იანი სიგანე თქვენთვის მისაღებია. ასეთი საწოლების ფასი 600 ლარიდან იწყება და საუკეთესო 6000 ლარამდე ადის. 
აი ჩემსავით თუ თქვენს საწოლში დროებით, მაგრამ ბავშვიც "ცხოვრობს", თან სიგანეზე! 1,80-იანი საწოლი გჭირდებათ, რაც არც ისე ბევრია. თითო მაღაზიას ერთი-ორი მოდელი თუ მოეპოვება. მისი ფასიც 1,60-იანთან შედარებით მაღალია.
ძალიან რთულია, ძლივს მოწონებულ საწოლის ზომებს სახლში რომ მოიტან და აღმოაჩენ, რომ გიგანტური სიგრძე და სიგანე სჭირდება. არაფერი არ იყიდოთ წინასწარ, სანამ სივრცეს არ გადაანაწილებთ, რა ფართობს არ უნდა ცდებოდეს ესა თუ ის ნივთი, ასე ძებნაც გაგიადვილდებათ.

ქალბატონები სულ ვეძებთ ლამაზ საწოლებს, ვიდრე პრაქტიკულებს. სათავსოიანი აშკარად პრაქტიკულია, თუმცა მაღალია და მასიური. ამიტომ საკუთარ თავთან კომპრომისი მოძებნეთ. დააკვირდით, ზოგი საწოლი ისეთია, გადასაფარებელზე არაა გათვლილი, თუ მას უზარმაზარ ნაჭერს გადააფარებთ, მთელ თავის სილამაზეს კარგავს და მასში გადახდილი ფული გადასაფარებელში იკარგება.

რა შეცდომას ვუშვებთ საძინებელში? ვყიდულობთ ლამაზ საწოლს და ფულს ვზოგავთ მატრასზე. მეორე დილით კი, გამოუძინებლები რომ ვიღვიძებთ, საწოლის სილამაზე აზრს კარგავს. მაღაზიებში შემოთავაზებული 200-ლარიანი მატრასები არის გადაყრილი ფული. თუ გჩუქნიან, კი ბატონო, დროებით შესაძლებელია მისი გამოყენება. ავეჯის სალონებში ნორმალური მატრასების ფასები (ძირითადად თურქულების) 700-800 ლარიდან იწყება და 3000 ლარამდეც კი ადის. შეკვეთით თუ დაამზადებინებთ, მაგალითად, მაღაზიაში რომ 800 ღირს, ანალოგიურ ხარისხში 500 ლარს გადაიხდით. მაღაზიის კონსულტანტები მაქსიმალურად ცდილობენ მატრასიც იქვე გაყიდინონ, მთავარი არგუმენტი ვადაა. "საწოლს კი ყიდულობთ და მატრასს ალბათ ერთ კვირაზე ადრე ვერ დაგიმზადებენ." ასე არაა, მატრასის დამზადება 24 საათშიც შესაძლებელია. 

 

თუ საძინებელში ფართობი მცირე გაქვთ, ნუ გადააქცევთ ამ ოთახს საწყობად. გამოდით ძველი კლიშეებიდან, რომ აუცილებელია ტუმბოები, კომოდი, ტრილიაჟი და ა.შ. შეგიძლიათ, კომოდის ნაცვლად უჯრები კარადაში დაამონტაჟებინოთ. ასეთი უკვე მზაც იყიდება. ტრილიაჟის ფუნქცია კი აბაზანას გადაუნაწილოთ.
კარადაში საკიდებს დიდ ადგილს ნუ დაუთმობთ. თაროები ბევრად პრაქტიკულია ტანსაცმლისთვის, ჩანთებისთვის, აქსეუარებისთვის და ა.შ. თუ წესრიგის მოყვარული ადამიანი არ ბრძანდებით, ღია კარკასული საკიდები საერთოდ დაივიწყეთ.
დიდი თავის ტკივილია კარადის კარის მექანიზმის შერჩევა. გასაგორებელი თუ გამოსაღები? უფრო გემოვნების ამბავი მგონია ეს, თუმცა არსებობს მცირე სტატისტიკა, რომ გასაგორებელი რელსები შედარებით მალე გამოდის მწყობრიდან (პ. ს. ოდესღაც ყველაფერი ფუჭდება).


ავეჯის ფერი ნამდვილად თქვენი გემოვნების საკითხია, თუმცა მცირე ნიუანსები მაინც გაითვალისწინეთ. საძინებელი ყველაზე მტვრიანი ადგილია და მუქი ფერის ავეჯი კი მტვერს ძალიან იტყობს (ეს არ ნიშნავს, რომ ღია ფერისას გადაწმენდა არ სჭირდება). რაც შეეხება განათებას, ნუ გამოიყენებთ საძინებელში თეთრ შუქს, ეს ცუდად მოქმედებს ძილის ხარისხზე.
ბოლოს ტრადიციული შეგონება: თუ თქვენ უკვე დაოჯახებული ბრძანდებით, საძინებელს აღარ ჰქვია ჩემი, მას უკვე ჰქვია ჩვენი. ამიტომ გაითვალისწინეთ, ფერთა გამა, ნივთები თუ აქსესუარები თქვენი მეუღლისთვისაც იყოს რელაქსაციისა და სიმშვიდის მომტანი.

წაიკითხეთ ასევე: პარკეტი თუ ლამინატი? - რჩევები სასტუმრო ოთახის მოწყობისას

რა უნდა იცოდეთ სამზარეულოს რემონტზე, რომ ხელოსნებმა ადვილად ვერ მოგატყუონ

კომენტარები

ნინო 2024-07-05 12:43
ყურცქვიტა გამიგია, მაგრამ დენცქვიტა რა არის?
zaza 2019-10-28 11:18
არავინ არ დაწერა კონკრეტულად სად არის ხარისხიანი მატრასი. მარტო პროფესორობენ ჰაერზე ასეა.....
დალი 2017-12-11 23:46
გარკვევით წერია მატრასზე ბოლო გვერდზე და წაკითხვა უნდა.
ვაკო 2017-06-16 10:33
ვაი ჭურნალისტო, მატრასი სადაა, თუ სხვა სტტიის სათაური დაადე.რა გეშველებათ.
ფაცია 2017-04-04 17:04
წერია მატრასზეც,ბოლო გვერდზე...

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები