100 წელს გადაცილებული თბილისური სახლი, რომლის დიზაინმა ინტერნეტსივრცე მოხიბლა

ინტერიერის დიზაინზე მუშაობა ძალზე საპასუხისმგებლო და რთული საქმეა, რომელიც უამრავი დეტალის და ფაქტორის გათვალისწინებას მოითხოვს. თუმცა ორმაგად საფრთხილოა, როცა საქმე ისტორიულ, 100 წელს გადაცილებულ სახლს ეხება. ინტერიერის დიზაინერს, სოფიო ტუსიშვილს, იგივე პეპის ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. მისმა არაერთმა პროექტმა და ნამუშევარმა შეძლო ჩვენი აღფრთოვანება. თუმცა ბოლო პროექტი ყველასგან განსხავავებული და საპასუხისმგებლო იყო.

ბინა, რომელზეც უნდა მოგიყვეთ მაჩაბლის 2/4 ნომერში მდებარეობს. როგორ ძველი ცნობებიდან ირკვევა, ბერიას გადაწყვეტილებით, ვინაიდან მაშინდელი ცეკას შენობა მდებარეობდა სწორედ მაჩაბლის 11 ნომერში, ამ ქუჩაზე უნდა ეცხოვრათ ენკავედეს
(ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო მმართველობის ცენტრალური ორგანო) წარმომადგენლებს. ამდენად, როცა მოხდა პირველი მოსახლეების გასახლება, მათ სახლებში შეასახლეს ამ ფენის წარმომადგენლები. მათ შორის იმ სახლშიც, რომელზეც ჩვენ ახლა უნდა მოგითხროთ. პირველი მეპატრონის სახელი და გვარი ჩვენთვის უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ეს პიროვნება საბჭოთა პერიოდში გააკულაკეს.

- პირველ რიგში მინდა გითხრათ, ძალიან მიხარია, რომ არაერთხელ მოვხვდი თქვენს ჟურნალში და ვებგვერდზე. ბინას, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, ძალიან საინტერესო ისტორია ჰქონდა. დამიკავშორდა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, რომლებსაც უკვე ჰქონდათ რამდენიმე სახლი და შესაბამისად დიზიანის და რემონტის სფეროში გარკვეული გამოცდილებაც. ამიტომ ჩემი ეს ნამუშევარი უნდა ყოფილიყო ყველასგან განსხვავებული და მათი იმედები აუცილებლად უნდა გამემართლებინა. სახლი ერთ საუკუნეზე მეტს ითვლის. ძალიან მძიმე, სავალალო მდგომარეობაში დაგვხვდა შენობა. სადარბაზო არის გაძარცვული, მოპარულია ძველი ხის კარი, შელახულია კედლები. მიუხედავად ამ ყველაფრისა, სახლში რაღაც განსაკუთრებული მუხტი და აურა ტრიალებდა. ბინა არის 50 კვადრატი. ძალიან უნდოდათ ამ ბინის ყიდვა, ჩემგანაც ელოდებოდნენ რჩევას, რის შემდეგაც იყიდეს კიდეც.
წლების განმავლობაში სახლი ყოფილა დაკეტილი. ყიდულობდნენ და ყიდდნენ, ბოლო პერიოდში არავის უცხოვრია. პირველი მფლობელის ვინაობა ჩვენთვის უცნობია. თუმცა, როგორც მეპატრონეებისთვის მეზობლებისგან გახდა ცნობილი, ამ სახლში გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა ყასაბი. სხვათა შორის, როცა სახლში შევედი, რაღაც ნეგატიური განწყობა დამეუფლა და შემდეგ მივხვდი, რატომაც მოხდა ასე. მე ვეგეტარიანელი ვარ, უზომოდ მიყვარს ცხოველები და განსაკურებით მძაფრად აღვიქვამ იმ საკითხს, რაც ყასბობას შეეხება. როცა გავიგე, რომ ამ სახლში წლების განმავლობაში ყასაბი ცხოვრობდა, მიხვდი, რატომაც დამთრგუნა სახლმა პირველი მისვლისას.

როცა ფართი გაიფორმეს, დავიწყეთ სამუშაოები. გვინდოდა, რომ ორი დამოუკიდებელი ბინა გამოსულიყო, თავისი სამზარეულოთი და სველი წერტილით. ორი ფანჯარა და ორი კარი იყო, გავყავით შუაზე, უბრალოდ ერთი ბინა ცოტა პატარა, 20 კვადრატი გამოვიდა. ვფიქრობდი, როგორ მომექცია 20 კვადრატში ყველაფერი, რომ სივრცე არ დაპატარავებულყო. შესაძლოა გაგვიკვირდეთ, მაგრამ რომ შედიხართ, ბინაში ყველაფერია, ამასთან სივრცეც არის.
ხელოსნები ძალიან წუწუნებდნენ. იმდენად ძველი და არაპროგნოზირებადი შენობა იყო, უჭირდათ მუშაობა. მთელი რემონტის პროცესი იყო ექსპერიმენტებით გაჯერებული. თვითონ დამკვეთები იყვნენ საოცარი ადამიანები და ყველაფერში მენდობოდნენ. ეს არის დიდი სტიმული და ბედნიერება დიზაინერისთვის. ჩემთვის იყო უდიდესი პრივილეგია, რომ მქონდა შესაძლებლობა მე თვითონ გადამეწყვიტა გარკვეული დეტალები. მაგალითად, კარზე როგორი სახელური უნდა ყოფილიყო, მცენარე როგორ ქოთანში უნდა ჩაგვერგა და ა.შ. ამ ყველაფერსაც კი მე მითანხმებდნენ. ყველაფერი მქონდა დალაგებული წარმოსახვაში და ვიცოდი რას ვაკეთებდი.

- ბინაში ბევრი ძველი დეტალია შენარჩუნებული, მათ შორის კარ-ფანჯარა, იატაკი. მათი მოთხოვნა იყო, თუ თქვენ ურჩიეთ?
- ყველაფერი შეთანხმებით მოხდა. როცა ამ სახლში შევედით და დავიწყეთ კეთება, ვთქვით, რომ სახლში უნდა შენარჩუნებულიყო ძველი დიდებულება. ის, რაც შევძელით უცვლელად დაგვეტოვებინა, ასევე დავტოვეთ. მინდოდა საბჭოთა გავლენები მინიმუმამდე დამეყვანა, თუმცა რაღაც დოზით ესეც შევინარჩუნე, რადგან სახლმა ეს პერიოდიც გამოიარა. სახლში იგრძნობა ძველი ელფერი, მაგრამ ამასთან, არის თანამედროვე ტექნოლოგიებიც. გამოაღებ ძველებურ კარადას და შიგნით ყველა სუპერტექნიკა დაგხვდება. სახლში ნახავთ უძველეს სკივრებს, მაგრამ შუშის დეტალების სახით ნახავთ თანამედროვე გადაწყვეტებსაც.
როცა კედლები ჩამოვწმინდეთ, დაბლა დაგვხვდა ფირუზისფერი კედლები. მინა-ბლოკთან საოცარ თანხვედრაში მოვიდა და რომ დავინახე, ვთქვი, ეს ის არის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება. როცა სახლი გადავტიხრეთ, გამოვიყენეთ თაბაშირმუყაოს ფილა. მასზე უნდა მიგვეკრა ახალი შპალერი, თუმცა ძველი კედლის მსგავსად იგივე, ფირუზისფერი. ამის მსგავსი კი დღეს თითქმის აღარ არსებობს. ძალიან დიდი ხანი, მთელი საქართველოს მასშტაბით ვეძებდი ძველ შპალერს, რომელიც ამ ძველ კედელს მიესადაგებოდა. ბევრი ძებნის შემდეგ ძლივს ვიშოვეთ. რემონტის ჯგუფში გვაჩუქა მეგობარმა. უბედნიერესები ვიყავით.
ორივე ბინაში გვაქვს ძალიან ბევრი ჭაღი. არის ყვავილებიანი, ფაიფურის, ლატუნის, საბჭოთა შუშის ჭაღები, რომელიც სახლს განსაკუთრებულ ელფერს ძენს. როცა სახლში შედიხარ, გინდა ყველაფერი დაათვალიერო, შეეხო, განიცადო. ზუსტად ასეთი განწყობა ამინდოდა ყოფილიყო ორივე ბინაში. სახლი თავდ გიყვება თავის ისტორიას...

- დემონტაჟის დროს, როცა ყველა დეტალისგან გაათავისუფლეთ კედლები, იატაკი, თუ შეგექმნათ წარმოდგენა მაშინდელ ინტერიერზე, რა ფერებს და სტილს მიანიჭეს თავის დროზე უპირატესობა?
- ასე ძნელია პირდაპირ და დასაბუთებულად საუბარი, თუმცა გარკვეულო წარმოდგენა რა თქმა უნდა შემექმნა. გარდა შეღებილი კედლებისა, დემონტაჟის დროს აღმოჩნდა, რომ სახლში ამოშენებული იყო უზარმაზარი თაღები, რომლებიც სახლს სხვა ოთახებთან აკავშირება. ვიპოვეთ ნიშებიც და მაშინ მივხვდით, რომ სახლში იყო კორიდორული სისტემა. გაკულაკების დროს ეს სივრცეები დააპატარავეს, დაყვეს და შესაბამისად ეს ულამაზესი თაღები ამოქოლეს. ერთი თაღი კარის მოპირაპირე მხარეს ვიპოვეთ, ლოგიკურად მეორე კარის მოპირდაპირედ კიდევ უნდა ყოფილიყო მსგავსი თაღი. ოთხივეგან მივყევით და აღმოჩნდა, რომ ყველგან არის თაღი. აქედან ერთი დავტოვეთ ხელუხლებელი, რადგან გარედან ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, სამი კი გამოვასუფთავეთ. ძველი აგური დავტოვეთ და შევუნარჩუნეთ პირვანდელი სახე. დამკვეთს სურდა როგორც ექპონატი, ისე დარჩენილიყო და არც კი გავლაქეთ. მაქსიმალურად ვცდილობდით ბუნებრივი და ძველი ყოფილიყო ყველაფერი. კარსაც ავაცალეთ საღებავი, რაც წლების განმავლობაში ჰქონდა გადასმული და დავტოვეთ ისეთი, როგორ თავდაპირველად იყო. კედლები და ჭერიც კი არ „დავშპაკლეთ“.

- ძალიან ბევრ პროექტზე გაქვთ ნამუშევარი. რამდენად საპასუხისმგებლო და რთული იყო ამ პროექტზე მუშაობა? ფაქტობრივად ისტორიას შეეხეთ.
- რაზეც კი მიმუშავია, ყველა მათგანთან შედარებით ძალიან საპასუხისმგებლო იყო. თითქოს სივრცე მელაპარაკებოდა, მაგრძნობინებდა რა სჭირდებოდა, რა უნდა გამეკეთებინა. სადამდეც მიმიშვა, იქამდე მივედი. მაქსიმალურად ვეცადე ისეთი უხეში ჩარევები არ განმეხორციელებინა, რაც დააზიანებდა და პირვანდელი ელფერს დაუკარგავდა სახლს. ვფიქრობ ამან შედეგი გამოიღო და ვინც ნახა, ყველამ იგრძნო ეს.






მერი ბლიაძე

კომენტარები

ანა 2021-05-10 10:26
შენი სიფერადე სიძველესაც როგორ მოუხდა. ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა
ნინი 2021-05-10 00:54
საოცარი ფერებია.სუპერ...გავგიჟდი????????????
ნუგა 2021-05-09 23:39
უსაზღვრო ფერადი ფანტაზიები
დათო ტურა 2021-05-09 22:59
მაგარია სოფო!!!
nino 2021-04-05 16:48
უდავოდ კარგია იმათთვის, ვისაც ეს მოწონს. მე მირჩევნია, თანამედროვე მინიმალისტური სტილი ღია ფერებში.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები