აბრეშუმის წარმოება სათავეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე ათასწლეულში, ჩინეთში იღებს. აქ აბრეშუმით არა მხოლოდ სამოსს, არამედ ქაღალდსაც ამზადებდნენ, რომელიც საკმაოდ მაღალი ხარისხის და გამძლე იყო. ქართული აბრეშუმის წარმოება ვახტანგ გორგასლის ეპოქიდან დაიწყო და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო უწყვეტი წარმოება გასული საუკუნის 90-იან წლებამდე. შემდეგ დაინგრა და განადგურდა ფაბრიკები, სამეცნიერო სკოლა, თუთის პლანტაციები.არადა, აბრეშუმის წარმოება საქართველოში შეიძლება აგრარული სექტორის ერთ-ერთ წამყვან საქმიანობად იქცეს და მის რეაბილიტაციას არა მხოლოდ ადამიანების დასაქმება, არამედ ქართული მეაბრეშუმეობის ტრადიციებიდან გამომდინარე, საკმაოდ მაღალი დონის განვითარება-აღმავლობა მოჰყვეს.
ბუნებრივია,
დღევანდელი მუშთაიდის ბაღის ტერიტორიაზე, სადგურს საკმაოდ დიდი ფართობი ეკავა. ის დროთა განმავლობაში შემცირდა და სააბრეშუმო სადგურის კომპლექსიდან დღეს ფაქტობრივად მხოლოდ აბრეშუმის მუზეუმი ფუნქციონირებს, რომელიც გზის გაყვანის შემდეგ "დინამოს" მხარეს მოექცა.
თუთის ხეებს შორის მოქცეული მუზეუმის შენობა 1890-1892 წლებში პოლონელი არქიტექტორის ალექსანდრე შიმკევიჩის პროექტის მიხედვით აიგო. აქ ორი ძირითადი სართული, სარდაფი და სხვენია. შენობის ექსტერიერი ფსევდო-მავრიტანული და ფსევდო-გოტიკური სტილების ნაზავს წარმოადგენს, ინტერიერში კი კლასიცისტური ელემენტები სჭარბობს. ინტერიერის მორთულობის დეტალები შენობის ფუნქციას პასუხობს. აქ ნახავთ ნაძერწ პეპელას, აბრეშუმის ჭიას, თუთის ფოთოლს, რომელიც კაპიტელებს, ფრიზს, კარნიზსა თუ სხვა არქიტექტურულ დეტალებს ამკობს. დღეს ისინი ოქროსფერია, თუმცა, თავდაპირველად ფერადი ყოფილა. შენობის ავთენტურობას ის ფაქტორიც განსაზღვრავს, რომ საგამოფენო დარბაზსა და ბიბლიოთეკაში დღემდე შემონახულია ალექსანდრე შიმკევიჩის ესკიზებით დამზადებული ავეჯი.
აბრეშუმის მუზეუმში ძალიან საინტერესო საგანმანათლებო პროექტები ხორციელდება. ყველაზე რეზონანსული ალბათ მაინც "ქალი აბრეშუმით" გამოდგა, რომელიც 2015 წელს მოეწყო. ორი საუკუნის წინანდელი ფოტოები მაშინ პირველად გამოიფინა, რომლის ავტორი – კონსტანტინე ზანისი იყო. მის ფოტოობიექტივში აბრეშუმის დამუშავების კულტურა კავკასიაში მოგზაურობისას მოხვდა. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე კონსტანტინე ზანისის მიერ სხვადასხვა ექსპედიციის ფარგლებში გადაღებულ დოკუმენტურ ფოტომასალაზე აღბეჭდილია კავკასიელი ხალხის ყოფა და მეაბრეშუმეობის საქმიანობასთან დაკავშირებული ყოველდღიური დეტალები, თუმცა, ზანისის ფოტოების მნიშვნელობა მხოლოდ მათი ისტორიულ-ეთნოგრაფიული ღირებულებებით არ განისაზღვრება - იგი გამორჩეული ფოტოპორტრეტისტიცაა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ გადაღებული კავკასიელი ქალების სერია, სადაც გმირები ნაციონალურ აბრეშუმის სამოსში არიან გამოწყობილი.
დღესდღეობით შენობის პირველ სართულზე თანამშრომლების ოთახების გარდა, რამდენიმე სივრცე აქტიურად არის დატვირთული და საგანმანათლებლო პროგრამებს ეთმობა.
ერთი ოთახი მთლიანად ნიჟარებს აქვს დათმობილი. ეს ულამაზესი ექსპოზიცია დამთვალიერებლისთვის ნამდვილად საინტერესო სანახაობაა. ეს დროებითი გამოფენაა, რომელსაც თან ახლავს ვორკშოპები. ნიჟარების კოლექცია ბიოლოგისა და მუზეუმის რესტავრატორის ვალერი პეტროვის კუთვნილებაა, რომელსაც ის ბავშვობიდან დღემდე, მრავალი წლის განმავლობაში აგროვებს. წარმოდგენილი ნიჟარები სხვადასხვა ზღვასა და ოკეანეშია ნაპოვნი. მათ შორისაა ლოკოკინა ბისუსი, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში ბინადრობს და ულვაშით ფსკერს ემაგრება. მისი ულვაში ძალიან წააგავს აბრეშუმის ძაფს. საკმაოდ ძვირად ფასობს, მოპოვება რთულია, მეტიც, დღეს უკვე აკრძალულიცაა და ამიტომ მისი ნიმუშები იშვათობად იქცა.
მეორე ოთახში სახელოსნო გვხვდება, სადაც ერთ სივრცეში რვა-რვა ადამიანისგან შემდგარ ჯგუფებს აბრეშუმის ღებვის, ყვავილების აკინძვის ხერხებს ასწავლიან, იმავე ოთახში მზადდება თოჯინებიც.
აქ ინდიგოთი შეღებილი ქსოვილიც ვნახე და დაზგებზე მოქსოვილ ქსოვილთა რამდენიმე ნიმუშიც, რომელიც მუზეუმის ორი თანამშრომლის ნახელავია. ირისით მოქსოვილი ნიმუშების ნაწილი სადაა, მეორე ნაწილი - კუბოკრული.
დერეფანში თეთრ ყუთში თუთის ფოთლებზე მოფუთფუთე აბრეშუმის ჭიებს ვხედავ. საერთოდ, ჭიები მუზეუმის ერთ ოთახში მოჰყავთ, მაგრამ ვინაიდან ჩვენი სტუმრობისას ეს პროცესი უკვე ჩავლილი იყო, თუთის ფოთლის ჭამიები, მხოლოდ დამთვალიერებლისთვის განკუთვნილი "ექსპონატი" იყო. ერთ-ორს უკვე პარკიც ჰქონდა გაბმული. 8-9-სანტიმეტრიანი აბერშუმის ჭია 48 საათის განმავლობაში, დაახლოებით 400 ათას ბრუნს აკეთებს იმ თეთრი "სასახლის" შესაკვრელად, რომელსაც პარკი ჰქვია. სწორედ ამ პარკის დარღვევით შეუძლია ადამიანს ძაფის ამოღება, რომელიც ბუნებრივად თეთრ-მოყვითალო ფერისაა, ხოლო ჭუპრი (ჭია, რომელიც პარკის შიგნით ზის) მეტამორფოზს განიცდის, პარკს "ანგრევს" და პეპლად ქცეული გარეთ გამოდის. თუმცა, პეპლისგან განსხვავებით ფრენა არ შეუძლია. "მეგობარს" პოულობს და შეჯვარდება. აბრეშუმის პეპელა დაახლოებით 10-12 დღე ცოცხლობს.
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სანამ ადამიანი აბრეშუმის ჭიას მოიშინაურებდა, ველური აბრეშუმხვევიას კვების რაციონი განსხვავებული იყო. თუთის მაგივრად მუხის ფოთლებით იკვებებოდნენ, რაც შედარებით ნაკლებხარისხიან და უხეშ ბოჭკოს იძლეოდა.
მეორე სართულზე ცენტრალურ დარბაზში ყველაფერი ისეა შენარჩუნებული, როგორც შავროვის დროს – იმავე ავეჯითა და კოლექციებით. ამ მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში მხოლოდ მცირედი ცვლილებები ხდება. დარბაზში წარმოდგენილია ჰერბარიუმი, სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ძაფის კოლექცია, დანადგარები, ინსტრუმენტები, აბრეშუმის ბუნებრივი და ქიმიური საღებავები.
თუთას კარგი ჟღერადობა აქვს და ამიტომ მუზეუმში ამ ხის მერქნისგან დამზადებული საკრავებიცაა გამოფენილი. კოლბაშია თუთის ხის მეგობარი გომბეშო, რომელიც თუთის ხის პარაზიტებს ანადგურებს.
სხვადასხვა ქვეყნის ქსოვილების ნიმუშებს შორის თბილისის აბრეშუმსაქსოვი ფაბრიკის ნაწარმიცაა. ვხედავ ხალიჩის სამ ნიმუშსაც და კარს, რომელსაც პატარა ოთახში შევყავარ. აქ პეპლების კოლექციაა განთავსებული, რომელიც აბრეშუმის მუზეუმის შექმნის თანადროულია. მისი ძირითადი ნაწილი XIX საუკუნის ბოლოთი და XX საუკუნის დასაწყისით თარიღდება. კოლექციას შეადგენს რამდენიმე წყაროდან მოპოვებული ექსპონატები, მაგრამ პეპლების უმრავლესობა კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურისა და მუზეუმის დამფუძნებელმა, ნიკოლაი შავროვმა ევროპიდან XIX საუკუნის 80-იან წლებში ჩამოიტანა. სადგურის მუშაობის დროს კოლექცია შეივსო კავკასიური ნიმუშებით, რომელიც ადგილზე შეგროვდა. კოლექცია ასევე შეიცავს ნიმუშებს თითქმის ყველა კონტინენტიდან.
ამავე დარბაზის ცენტრში მუზეუმის ახალი ექსპონატია. მცირე ხნის წინ, პროგრამა "დიდი აბრეშუმის გზის" შესახებ მსვლელობისას, მუზეუმში იაპონელი ტურისტი მიიპატიჟეს. "მოგზაურის ჩანაწერებს" აგროვებდნენ და სურდათ, შთაბეჭდილებები რაც შეიძლება მეტ ენაზე დაწერილიყო. სწორედ ამ მიზნით მისულმა იაპონელმა სტუმარმა გადაწყვიტა, მუზეუმისთვის საჩუქარი გაეკეთებინა და საქორწინო კიმონო უსახსოვრა. ეს სამოსი მის ქალიშვილს ქორწილში არ ჩაუცვამს, დაუწუნია, ამიტომ ქალს ის საგულდაგულოდ შეუნახავს და როგორც კი თბილისის აბრეშუმის მუზეუმში მოხვდა, გადაწყვიტა, ძვირფასი სამოსი არა სადღაც მის ნივთებს შორის მიმალული დარჩენილიყო, არამედ საჯაროდ გამოფენილიყო. აბრეშუმის მუზეუმში სტუმრობის შემდეგ, ის მეორედ, გამგზავრებიდან რამდენიმე კვირაში საქართველოში საჩუქრით ხელდამშვენებული დაბრუნდა...
მეორე სართულზე, კიბიდან მარჯვნივ, კარს ბიბლიოთეკაში შეყავხარ. აქ ავეჯი ალექსანდრე შიმკევიჩის დაპროექტებულია და დამზადებულია ამავე შენობაში, იმ პერიოდში არსებულ პატარა ხის საამქროში. ბიბლიოთეკის ფონდში 20 ათასამდე წიგნია მეაბრეშუმეობის შესახებ. უნიკალური ენციკლოპედიები, ნაშრომები და სხვა უამრავი ბეჭდური ნიმუში, მალე თანამედროვე საშუალებების წყალობით, ელექტრონული სახით იქნება ხელმისაწვდომი და ფართო საზოგადოებისათვის თემატურად იოლად მოსაძებნი გახდება.
დაბოლოს, საქართველოს და მსოფლიო მუზეუმებს შორის, თბილისის აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი ერთ-ერთი უძველესია, ხოლო ამიერკავკასიაში - ერთადერთი. ამ ეტაპზე არსებობს მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი და ამ თემაზე არქიტექტორებმა და რესტავრატორებმა უკვე იზრუნეს. შენობის რეაბილიტაციას მილიონ-ნახევარი სჭირდება, რაზეც ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა და იმედია, ეს უახლოეს მომავალში მოხდება.
დღესდღეობით საქართველოში ათი კაციდან შეიძლება ერთმა იცოდეს, რომ მის ქვეყანაში აბრეშუმის მუზეუმი არსებობს, მათ შორის ჩვენი მთავრობის დიდი ნაწილიცაა. იმედი გვაქვს, ამ მასალით მცირე წვლილს შევიტანთ აბრეშუმის მუზეუმის და ზოგადად, მეაბრეშუმეობის პოპულარიზაციასა და რეაბილიტაციაში და არა მხოლოდ დამთვალიერებლის ინტერესს გავზრდით, არამედ იმ სტრუქტურებსაც დავაინტერესებთ, რომლებსაც უშალოდ ეხება შენობისა და მისი ექსპონატების მოვლა-პატრონობის საკითხი და ძველი ტრადიციის აღდგენაც.
მადლობას ვუხდით დახმარებისა და მასპინძლობისთვის აგრარულ მეცნერებათა დოქტორ ნარგიზა ბარამიძეს, აბრეშუმის მუზეუმის დირექტორ ნინო კუპრავას და სელექციონერ ანასტასია გიორგაძეს.
ანა კალანდაძე
კომენტარები