მოგზაურობა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში

„ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო, ორასი წლისთავისადმი მზადება და მისი სახლ-მუზეუმის სრული რეაბილიტაცია. ეს გულისხმობდა როგორც ძეგლის რეაბილიტაციას, ასევე რეექსპოზიციას და თანამედროვე, შესაბამისი მუზეოგრაფიის მოწყობას... მე ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ადგილი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოსვლა, რადგან სივრცე სრულიად ადაპტირებულია!“ - ამბობს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი ნინი სანადირაძე... იგი თავად გვიამბობს, როგორ შეიქმნა განახლებული სახლ-მუზეუმი, რომელიც დღეს ქართულ სამუზეუმო სივრცეში ერთადერთია...



ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი 1982 წლის 31 ოქტომბერს „თბილისობის“ რიგით მესამე დღესასწაულზე გაიხსნა. შენობას მინიჭებული აქვს კულტურული
მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. მუზეუმში დაცულია დიდი ქართველი რომანტიკოსი პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: ეპოქალური ნივთები, ავეჯი, ხალხური საკრავები, მეცხრამეტე საუკუნის როიალი, პოეტის ნაწარმოებები, ფოტომასალა, ბიბლიოთეკა, წიგნადი ფონდი... ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ კოლორიტულ კალა-უბანში, ჩახრუხაძის #17-ში, მეცხრამეტე საუკუნის დროინდელი ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე. ეს არის გამორჩეული ადგილი მნიშვნელოვანი საუკუნოვანი ძეგლებითა და მოსახლეობის ეროვნული სიჭრელით. მუზეუმს ესაზღვრება მეექვსე საუკუნის ძეგლი – ანჩისხატის ტაძარი, თბილისის ერთ-ერთი კარის ნანგრევები, ბარათაშვილის თანამედროვე ისტორიკოსის პლატონ იოსელიანის საცხოვრებელი სახლი, გაგრძელებაზე – ერეკლე მეორის მოედანი, სადაც თავის დროზე მდებარეობდა ბარათაშვილის დედის ეფემიასა და ბიძის - გრიგოლ ორბელიანის ორსართულიანი სახლი, ასევე საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი მეთორმეტის კარის წმინდა გიორგის ეკლესია... 1841 წლის 28 მაისს ნიკოლოზ ბარათაშვილი თბილისიდან ბიძას, გრიგოლ ორბელიანს წერდა: „ჩვენც ახალს სახლებში გადავედით, ანჩისხატის უბანში: უწინ რომ აფხაზი იდგა“...



ნინი სანადირაძე:

- როდესაც თბილისის მუზეუმების გაერთიანებაზე ვსაუბრობთ, ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია იმ ახალი სამუზეუმო გარემოს შექმნა, რაც მუზეუმების გაერთიანების სტრატეგიის ნაწილია. ზოგადად თანამედროვე მუზეუმები გულისხმობს ერთი მხრივ შენახვას და მეორე მხრივ - გავრცელებას. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ზუსტად ის მთავარი, რასაც მუზეუმის მისია გულისხმობს: შეინახოს და დაიცვას, მეორე – ფართოდ გაავრცელოს და გააშუქოს! შესაბამისად თბილისის მუზეუმების გაერთიანების შექმნის მერე, გარდა რეორგანიზაციის საკითხებისა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო მუზეუმების ახალი სიცოცხლე! მუზეუმებისთვის ახალი ფუნქციების მოძიება, რომელიც თავისთავად გულისხმობდა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისა და რესურსების იმ მთავარ კომპონენტად ქცევას, რასაც საგანმანათლებლო მნიშვნელობა ექნებოდა. პირველი, რაც წელიწად-ნახევრის მანძილზე გაკეთდა, ეს იყო ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია და რეექსპოზიცია. გამოიფინა აქამდე საცავში დაცული კოსტიუმები. მეორე დიდი პროექტი იყო ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო, ორასი წლისთავისადმი მზადება და პოეტის სახლ-მუზეუმის სრული რეაბილიტაცია. ეს გულისხმობდა როგორც ძეგლის რეაბილიტაციას, ასევე რეექსპოზიციას და თანამედროვე, შესაბამისი მუზეოგრაფიის მოწყობას... ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ადგილი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოსვლა, რადგან სივრცე სრულიად ადაპტირებულია! როდესაც ბარათაშვილის მუზეუმის განახლების კონცეფციაზე ვსაუბრობდით, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ძეგლს შენარჩუნებოდა პირველადი იერსახე. შესაბამისად, მემორიალობა მთლიანად არის დაცული, იმ არსებული ექსპონატების ფარგლებში, რომლებიც გაგვაჩნია. ძირითადად ეპოქალური და ტიპოლოგიური ნივთები გვაქვს. ვიცით, რომ ბარათაშვილის სულ რამდენიმე პირადი ნივთია დარჩენილი... დიდი დახმარება გაგვიწია ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა და ლიტერატურის მუზეუმმა, სადაც დაცულია ნიკოლოზ ბარათაშვილის საარქივო მასალები. მნიშვნელოვანი იყო ისეთი თანამედროვე საკითხების შემოტანა, როგორიც არის შემოქმედებითი ინდუსტრია და 3D ანიმაცია. როდესაც მუზეუმის რეექსპოზიციის გეგმა დაისახა, თავიდანვე ზუსტად ის შედეგი მივიღეთ, რაც გვინდოდა. არის ორი ძირითადი სივრცე: სალონური „მწვანე ოთახი“, რომელშიც დაცულია ეპოქალური და ტიპოლოგიური ნივთები... მეორე ოთახი, რომელსაც პირობითად „შავი ოთახი“ ვუწოდეთ, მთლიანად აუდიო-ვიზუალურია. განთავსებულია სხვადასხვა ტიპისა და შინაარსის მქონე ანიმაციური სახით შექმნილი სცენები - დამთვალიერებელი თან უსმენს ბარათაშვილის ლექსებს, თან კი ხედავს იმ პერიოდის თბილისს... ასევე ძალიან მნიშვნელოვანია „ლირაპროდაქშენის“ ნამუშევარი, რომელმაც უზარმაზარი შრომა გასწია იმ ეფექტის მისაღწევად, რაც მივიღეთ... ბარათაშვილის ეპოქის საწერ მაგიდაზე ჩვენ თვალწინ ცოცხლდება პოეტის ხელით დაწერილი „მერანი“... „შავ ოთახში“ ასევე გვაქვს მეცხრამეტე საუკუნის ტიპოლოგიური და ძალიან მნიშვნელოვანი ნივთები: ჭაღი, რომელიც თავის დროზე ოჯახის საკუთრება იყო და მემკვიდრეებისგან გადმოეცა მუზეუმს; კარადა, სარკე, სავარძელი... გარდა ამ ნივთებისა, ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში დაცულია შალვა ბაბუხადიას ძვლის ფიგურების კოლექცია (ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ჩამქრალი შემოქმედია ქართულ მინიატიურულ სკულპტურაში). სწორედ შალვა ბაბუხადიას მიერ შექმნილი ჭადრაკი ამშვენებს სალონური ტიპის სივრცეს. მოგეხსენებათ, ჭადრაკი იმ დროის სალონებში აქტუალური გასართობი იყო.



- ულამაზესია აივანი...

- აივანი სახლ-მუზეუმის ნაწილია. ძალიან შთამბეჭდავი და ლამაზია, რადგან გამოდის ერთ-ერთ ისტორიულ – შავთელის ქუჩაზე. მთლიანად განახლებულია ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლის მიხედვით. დამთვალიერებელს მუზეუმში შემოუსვლელადაც აქვს საშუალება, ნახოს ბარათაშვილის ხელნაწერი ლექსები და ბარათაშვილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მუზა – ეკატერინეს საყურე. მხატვარ- დიზაინერ ნინო ანდრიაშვილის ინსპირაციაა, რომელსაც დიდი დამსახურება აქვს განახლებული მუზეუმის შექმნაში.

საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც მუზეუმის შემოსასვლელშია განთავსებული, მულტიმედიურია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია როგორც წაკითხვა, ისე მოსმენა... დამთვალიერებელს ასევე მეგზურობას გაუწევს გიდიც.



- რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მუზეუმი დღეს დიდ საგანმანათლებლო როლს ასრულებს...

- დიახ, განახლებული მუზეუმი გასული წლის დეკემბერს გაიხსნა და მას შემდეგ ყოველდღე ბავშვების რამდენიმე ჯგუფი მოდის. მიხარია, რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი – საგანმანათლებლო კომპონენტის განსაკუთრებულობა ნამდვილად შემდგარია! ბარათაშვილის განახლებული სახლ-მუზეუმი ბავშვებისთვის მისაღები აღმოჩნდა! მათ ყველაფერი არა დაზეპირებული ტექსტებით, არამედ, შეიძლება ითქვას, თამაშით მიეწოდებათ... საგანმანათლებლო პროგრამა ჩვენს ცხრავე მუზეუმშია გათვალისწინებული, ამჯერად უკვე ხუთ მუზეუმში დაწყებულია. პროგრამა გულისხმობს სხვადასხვა ასაკის ბავშვების სრულ ჩართულობას, მაგრამ ეს არ ხდება გაკვეთილებით. მთლიანად ინტერაქციული პროგრამებია. შაბათობით ბარათაშვილის მუზეუმში იმართება „სალონური ცხოვრება აივნებიან ქალაქში“, სადაც ყველას შეუძლია ნახოს, სხვადასხვა ასაკის ბავშვები როგორ არიან ჩართულნი პროგრამაში... ისინი ყველაფერს სწავლობენ, მაგრამ არაფერს იზეპირებენ.



მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო პროგრამების კურატორი მაკა ლაშხი:

- ქართულ სამუზეუმო სივრცეში ერთადერთია ასეთი მუზეუმი. მუზეუმის სივრცეს დაემატა საგანმანათლებლო პროგრამა „სალონური ცხოვრება აივნებიან ქალაქში“. დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. უკვე დიდი გამოხმაურება ჰპოვა პროგრამამ საჯარო სკოლებში. მგონია, რომ მუზეუმში მხოლოდ ექსკურსია არ უნდა ტარდებოდეს, პირველ რიგში საგანმანათლებლო სივრცეა მუზეუმი! ეს პროგრამა გვაქვს ასევე ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში, მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმში...



ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმის ექსპოზიციების მენეჯერი ნანა სახვაძე:

- ამ ეტაპზე ნამდვილად გამორჩეულია ბარათაშვილის განახლებული სახლ-მუზეუმი, ამიტომაც ვცდილობთ, ყველა სტუმარი აქედან კმაყოფილი წავიდეს და შეექმნას შთაბეჭდილება, რომ მოხვდა ზუსტად იმ სამყაროში, რომელშიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ნიკოლოზ ბარათაშვილი... მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისი საქართველოსთვის გარდატეხის პერიოდი იყო პოლიტიკური სიტუაციებიდან გამომდინარე და ყველაფერმა თავისი გავლენა მოახდინა ბარათაშვილის პიროვნების ჩამოყალიბებაზე, მის შემოქმედებაზე. ბარათაშვილი იყო ის პოეტი, რომელმაც სათავე დაუდო ევროპულ რომანტიზმს საქართველოში. სულ სხვა იდეები შემოიტანა. ტატომ თავის პოეზიაში იმედის ნაპერწკალი ჩადო, მომავლის იმედი გააჩინა. რაღაც გზებიც დასახა, როგორ უნდა მისულიყვნენ ყველაზე დიდ გამარჯვებამდე, რასაც თავისუფლების იდეა ერქვა!

მანანა გაბრიჭიძე

კომენტარები

ჯიჯი 2018-07-11 15:48
ისტორიას გაუფრთხილდით, ხალხს ნუ ატყუებთ,ნ. ბარათაშვილის მშობლებს ეკუთვნოდათ სახლი და უზარმაზარი მიწა შინდისში, სადაც ამჟამად ფუნქციონირებს ნ. ბარათაშვილის სახლ მუზეუმი, იქ ცხოვრობდა და იზრდებოდა თავად ნ. ბარათაშვილიც, ასე, რომ ჩემო ისტორიკოსებო ნუ მალავთ სიმართლეს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები