როგორია ფოტოგრაფის თვალით დანახული საქართველო


ემოცია, ალბათ ყველაზე კარგი გასაღებია, რომელიც შეიძლება ცხოვრებას მოარგო. სწორედ ამ ემოციას უნაწილებს ფოტოგრაფი გიორგი შერმაზანაშვილი ადამიანებს, ემოციას, რომელიც თავად განიცადა საქართველოს ამა თუ იმ კუთხეში, უცხო ქვეყანაში მოგზაურობის დროს და კადრზე აღბეჭდა საუცხოო ადგილები. უყურებ მის გადაღებულ ფოტოებს და თითქოს იქ ხარ - სვანეთში, რაჭაში, ხევსურეთში, მალდივებზე, ნორვეგიაში… გიორგის გადაღებულ ფოტოებზე სულ სხვა სამყაროს აღმოაჩენთ.

- სოციალურ ქსელში „შერმაზანას“ სახელით მიცნობენ, უკვე რამდენიმე წელია, მაქვს ჩემი გვერდი და 70 ათასზე მეტი გამომწერი მყავს. ფოტოგრაფია ბავშვობიდან მიტაცებდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის
გამო დიდ დროს ვერ ვუთმობდი. რამდენიმე წლის წინ ჩვენი ქვეყნის ბუნების გადაღებამ შემიტყუა და ასე მოვხვდი ამ სფეროში. მეც სიახლეების ძიება დავიწყე ფოტოგრაფიაში. მინდოდა, კარგად შემესწავლა და ეტაპობრივად, ფეხდაფეხ მივყოლოდი სიახლეებს. ბედნიერი ვარ, რომ დღეს უკვე ამდენი ადამიანი ადევნებს თვალს ჩემს ვიდეოებს და აზიარებს ჩემს ფოტოებს, თან ძალიან დადებით კომენტარებს მიწერენ.



ფოტოგრაფია პირველ რიგში ჩემი ჰობია, ის რისი კეთებაც მსიამოვნებს. მით უმეტეს, როცა შეხამებულია მოგზაურობასთან, კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ცხოვრებას.

- რა ადგილი უკავია მოგზაურობას თქვენს ცხოვრებაში და როგორ გახდა ის თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი?

- ფოტოგრაფია მოგზაურობის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. ვმოგზაურობ როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში. სადაც გამწვდება ჩემი ბიუჯეტი და რომელი ადგილიც მეძახის.


- უბრალო დამთვალიერებლის თვალით რომ შეხედოთ, რით არის საქართველო გამორჩეული?

- ბუნება და ხალხი, ეს ორი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელზეც დიდ აქცენტს, ვაკეთებ როგორც ფოტოგრაფი. სამწუხაროდ, პორტრეტებში არ მაქვს დიდი გამოცდილება, მაგრამ ეს არ მიშლის ხელს, გადავიღო, თუ როგორ ცხოვრობენ ადამიანები, რას განიცდიან, რა სტკივათ, რა უხარიათ, როგორი ლამაზები არიან და ა.შ.

- ყველა კუთხეში ხართ ნამყოფი?



- საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ვარ ნამყოფი, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის გარდა. ვფიქრობ, ამ ორ ბარიერსაც მალე გადავლახავ. მოგზაურობა ყოველ კვირა მიწევს. ვცდილობ, შორს თუ ვერა, ახლოს მაინც წავიდე და ის, რაც უკვე ნანახი მაქვს, შემდეგ ჯერზე სხვა სეზონზე ვნახო. საქართველოში უამრავი ადგილია, რომელიც წელიწადის ყველა დროს უნიკალური და განსაკუთრებულად ლამაზია, მაგალითად, ბატეთის ტბა, სტეფანწმინდა, ჯვრის უღელტეხილი, სვანეთი და ა.შ.

- საქართველოში მოგზაურობის დროს ყველაზე შთამბეჭდავი რა გინახავთ, რაც დღემდე არ გავიწყდებათ?


- ირმის ნახტომი ჯვრის უღელტეხილზე, ღრუბლების თამაში ჭინჭაოს ტბაზე, გაყინული საღამოს ტბა, ნამქერი ფარავანზე, მზის ჩასვლა მყინვარწვერზე და ასე შემიძლია გავაგრძელო ძალიან დიდხანს, დაუსრულებლად...

- ბევრს ჰგონია, რომ მოგზაურობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. თქვენ როგორ გეგმავთ დაბალბიუჯეტიან მოგზაურობას? რეალურად ძვირი სიამოვნებაა საქართველოში მოგზაურობა და სხვადასხვა კუთხის მონახულება?

- ვისთვისაც სამარშრუტო ტაქსი ან მატარებელი დიდი დისკომფორტია, მისთვის მოგზაურობაც არ უნდა იყოს სასიამოვნო. თუმცა მოგზაურობა ზოგისთვის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს აუზში ცურვასთან ასოცირდება, ზოგისთვის კი კარავში გატარებულ ღამეებსა და ტალახში ამოსვრილ ფეხსაცმელებთან. ვფიქრობ, ორივეს თავისი გემო აქვს და ინდივიდუალურია, ვის რა უფრო მოსწონს.

- უცხოეთში რამდენად ხშირად მოგზაურობთ და რით გამოარჩევთ საქართველოს?



- უცხოეთში წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ვმოგზაურობ. შეიძლება უფრო ხშირადაც მომიწიოს სიტუაციიდან გამომდინარე. ყველა ქვეყანა უნიკალურია და მათ შორის საქართველოც არ წარმოადგენს გამონაკლისს. ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში ბუნება განსაკუთრებულია და ასევე განსაკუთრებულია სხვადასხვა კუთხის ხალხი თავისი კულტურით.

- ცვლის მოგზაურობა ადამიანს? რა ღირებულებებს და გამოცდილებას სძენს?

- ცვლის, თან არ ცვლის. შეიძლება ადამიანის რაღაც თვისებები შეიცვალოს ან პირიქით მისი ხასიათი უფრო გამყარდეს. ვგულისხმობ, რომ მოგზაურობით ბევრ რამეს (ხალხის კულტურას, ეკონომიკურ განვითარებას, ცხოვრების მიზნებს) აკვირდები და სწავლობ. ეს საშუალებას გაძლევს, რაღაცები შენს თავში უფრო გაამძაფრო და შეცდომები ან „არასწორი“ ხედვები შეცვალო. თუმცა აქ შეიძლება სუბიექტურად ვაფასებ.

- საოცარი ფოტოები გაქვთ, გულგრილს რომ ვერავის დატოვებს. როგორ ფიქრობთ, კადრი ასახავს რეალობას, თუ რეალობა უფრო შთამბეჭდავია?


- მადლობა, ასე რომ აფასებთ ჩემს ფოტოებს. რიგ შემთხვევაში ასახავს რეალობას და ყოველთვის ვცდილობ, ის შთაბეჭდილება ნაწილობრივ კადრში გადავიტანო. ხშირად ამას ვახერხებ და ზოგჯერ ფოტო უფრო ამეტებს რეალობას. რთულია სიზუსტე იქ, სადაც რეალობა და ციფრული ტექნოლოგიები ერთმანეთს კვეთენ.

- სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობისას, რა თქმა უნდა, იქაურ მცხოვრებლებსაც ხვდებით. თქვენი გადმოსახედიდან, რა პრობლემები აქვთ დღეს რეგიონებში, სოფლებში, რა სატკივარი აქვს ხალხს?

- რეგიონები დაცარიელდა, სოფლები დაიშალა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ხალხი წავიდა და სახლები მიწასთან გასწორდა. ეს სამწუხაროა, მაგრამ იმედი მაქვს, იქ, სადაც საჭიროა, ვიღაც ამ ყველაფერს დაინახავს და იმაზე მეტს იფიქრებს, ვიდრე ახლა ფიქრობს. სხვა ქვეყნებში მოგზაურობის შემდეგ ასეთი შეგრძნება მაქვს, რომ იქ ხალხი სოფელში უფრო ბედნიერია, ვიდრე ქალაქში. ჩვენთან კი - პირიქით.



- ალბათ ხშირად ხვდებით ტურისტებს. თქვენი აზრით, რა ხიბლავთ მათ ყველაზე მეტად საქართველოში და ასევე - რა უქმნით ყველაზე დიდ დისკომფორტს?

- ტურისტებს ხშირად ვხვდები. არის შემთხვევები, როცა ჩამოსვლამდე მიკავშირდებიან და რჩევას მეკითხებიან. რამდენიმე მათგანს შევხვდი კიდეც და თბილისის ახლომახლო ადგილები დავათვალიერებინე. ვფიქრობ, დისკომფორტი ნაკლებად ექმნებათ. უფრო ის არ სიამოვნებთ, თუ როგორ ვექცევით. ანუ აქ რეპუტაციულ ხარვეზებს ვხედავ, რაც შემდგომში აღარ ანდომებს ტურისტს, უკან დაბრუნდეს, ან სხვას გაუწიოს რეკომენდაცია. ტაქსის მძღოლებიდან დაწყებული, სასტუმროს მეპატრონეებით დამთავრებული, ძალიან ბევრი აყენებს ზიანს ჩვენს კულტურას და სტუმართმოყვარეობას.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები