ჩრდილები ინტერიერში და ორმაგი ექსპოზიცია

ნიკა კოჭლამაზაშვილი პროფესიით არქიტექტორია, მაგრამ ამ კუთხით თავს ლაღად ვერასოდეს გრძნობდა. უმაღლესში სწავლისას ლექტორი ხშირად ეუბნებოდა თურმე: შენ კი არ ხაზავ, ხატავ და ჯობია, ამ საქმეს შეეშვაო. თუმცა, უმაღლესი მაინც დაამთავრა, 2 წელი არქიტექტორადაც იმუშავა, რამდენიმე პროექტი გააკეთა, შემდეგ სხვადასხვა საქმეშიც სცადა ბედი, მაგრამ ბოლოს მაინც ხატვას „ჩაუჯდა“, ანუ იმ საქმეს, რაც ბავშვობიდან ყველაზე მეტად უყვარდა. 7 წლის წინ პირველი გამოფენა ჰქონდა. ხოლო წელს უკვე მეოთხე ექსპოზიცია ხელოვნების სასახლის საგამოფენო სივრცეში წარმოადგინა, სახელწოდებით „ჩრდილების თეატრი“. თუ აქამდე დამთვალიერებლისთვის დარბაზებში ნიკა
კოჭლამაზაშვილის ფერწერა იფინებოდა, ახლა სრულიად განსხვავებული კუთხით წარდგა საზოგადოების წინაშე. ვფიქრობ, მისი ფოლადისა და სპილენძის ქანდაკებები ყურადღებას მიიქცევს ნებისმიერ ინტერიერში: ბინა იქნება, კერძო სახლი თუ ოფისი. ეს ორიგინალური სილუეტები განსაკუთრებით ისეთ სივრცეს „ითხოვს“, სადაც სისადავე და ნაკლები ფერია, ამავდროულად არასტანდარტული განათება და სანათების ჩრდილები.



- ბავშვობიდან მიყვარდა ძერწვა, მაგრამ ამ ყველაფერს მასშტაბური ხასიათი არ ჰქონია. პირველად სპილენძის ფიგურები რამდენიმე წლის წინ გავაკეთე. ამ სტილში შესრულებული ორი-სამი ჩემს ყველა გამოფენაზე მქონდა გატანილი, მაგრამ როგორც ჩანს, სტუმრების ყურადღებას არ იქცევდა და უფრო მეტად ფერწერა იყო წინა პლანზე. რამდენიმე თვის წინ, ჩემმა მეგობარმა თეთრი ზღვიდან ჩამოტანილი გრანიტის ქვა მაჩუქა. ძალიან მომწონდა და მინდოდა, რაღაც ისეთი მომეფიქრებინა, რაც ქვას საინტერესო სანახავს გახდიდა, ამიტომ მავთულებისგან მამაკაცის ფიგურა გავაკეთე და ამ ქვაზე დავსვი. მერე ამას მოჰყვა სხვა ნამუშევებიც... ერთი პერიოდი ხელოვნების სასახლეში ვმუშაობდი, ბავშვებს ხატვას ვასწავლიდი, მაშინ გიორგი კალანდიამ მითხრა, ნახატების გარკვეული რაოდენობა რომ შეგიგროვდება, ერთხელ შენი ნამუშევრების გამოფენა ჩვენთან გავაკეთოთო. რამდენიმე თვის წინ სპეციალურად მესტუმრა, რომ ჩემი ფერწერა ენახა, მაგრამ ქანდაკებები რომ დაათვალიერა, ფერწერა აღარ გახსენებია. მითხრა, ფერწერა ცოტა ხანს დაივიწყე და ამ მიმართულებით იმუშავე, ბევრად საინტერესოაო.



გამოფენაზე 14 ნამუშევარი მქონდა წარმოდგენილი და მას შემდეგ რამდენიმე ახალი ფიგურა კიდევ შევმატე. გიორგი კალანდიას ინიციატივით დაერქვა ექსპოზიციას სახელწოდებაც და მეტი ეფექტისთვის განათების ელემენტები დაემატა. შედეგად ორმაგი ექსპოზიცია მივიღეთ, რაც, ვფიქრობ, გაცილებით საინტერესო ფორმაა ქანდაკებებისათვის.





ფიგურები სხვადასხვა სიმაღლისაა, ყველაზე მაღალი 60 სანტიმეტრია. სადგამი გრანიტია, ჩემი აზრით, ქანდაკებებს უხდება. გამოყენებული მაქვს ქვები სვანეთიდან, კვიპროსიდან, რომლებიც მეგობრებმა ჩამომიტანეს და თავადაც სულ ვეძებ ხოლმე საინტერესო დეტალებს. ამ ეტაპზე ქანდაკებების ძირითადი მასალა სპილენძი და უჟანგავი ფოლადია, თუმცა, მომავალში არ გამოვრიცხავ სხვა ელემენტების შეტანასაც.





მამაკაცებისა და ქალბატონების ფიგურებთან ერთად, სხვადასხვა ემოციის გამომხატველი სახეებიც მაქვს შექმნილი. მუშაობის მომენტში რა ხასიათზეც ვარ, ნამუშევარშიც ის აისახება. საერთოდ, ჩემს ნამუშევრებს სახელებს არასოდეს ვარქმევ, არც ფერწერას და არც ქანდაკებებს. არ მინდა, ამ მხრივ ვინმეს რამე „მიმართულება“ მივცე, მირჩევნია, ყველამ თავისებურად აღიქვას ისინი.

ანა კალანდაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები