"მითხრა, დედა კი გარდაგეცვალა, მაგრამ იცოდე, შენი მეორე დედა მე ვარო..." - ცნობილი მხატვრისა და მისი შვილობილის საოცარი ურთიერთობა

თბილისში მთაწმინდა-სოლოლაკში არაერთი ისტორიული სახლია და მათ შორის ბევრს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ერთ-ერთი ასეთი რუსთაველის გამზირზე, ოპერის მოპირდაპირე მხარეს დგას. სახლის ერთ-ერთ აივანზე ხშირად დაინახავდით სკამზე მოკალათებულ ქალბატონს, რომელიც ხან ხელსაქმით იყო დაკავებული, ხანაც უბრალოდ გამვლელებს ათვალიერებდა...

2018 წლის 30 აგვისტოს ქართველი მხატვარ-პორტრეტისტისა და პეიზაჟისტის ნათელა იანქოშვილის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა. ამ თარიღის აღსანიშნავად მხატვრის შვილობილისა და მუზეუმის ხელმძღვანელის მხატვარ თეიმურაზ დვალიშვილის ძალისხმევით, საკუთარი სახსრებით ხანგრძლივი რემონტის შემდეგ, საიუბილეოდ გაიხსნა ნათელა იანქოშვილის განახლებული სახლ-მუზეუმი (ნათელა იანქოშვილსა და
მის მწერალ მეუღლეს ლადო ავალიანს შვილი არ ჰყავდათ და ქალბატონმა ნათელამ თეიმურაზ დვალიშვილი იშვილა).


თუმცა, აქ მუზეუმი ჯერ კიდევ მხატვრის სიცოცხლეში 2000 წელს ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ გახსნა. დღეს მუზეუმს სახელმწიფო სტატუსი აღარ აქვს, ამჟამად კერძო საკუთრებაშია და ბატონი თემური საკუთარი სახსრებით ცდილობს, არსებული სივრცე ყველანაირად მოწესრიგებული და მოქმედი იყოს. თუმცა, ბუნებრივია, ყველაფერს თავად ვერ აუდის და ცუდი არ იქნება, თუ დედაქალაქის ყველაზე ხალხმრავალ ცენტრალურ გამზირზე მდებარე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ცნობილი მხატვრის მუზეუმს სხვადასხვა უწყება სათანადო ყურადღებას მიაქცევს.

ნათელა იანქოშვილი გურჯაანში დაიბადა. უმაღლესი განათლება თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე მიიღო. პირველი პერსონალური გამოფენა 1960 წელს ჰქონდა, სადაც 250-მდე ფერწერული და გრაფიკული სურათი გამოფინა, ის იყო პირველი ქალი, ვისი პერსონალური გამოფენაც ეროვნულ გალერეაში მოეწყო. ბევრ ქვეყანაში ხელოვნების კრიტიკოსები იანქოშვილს გოგენის, დალის, მატისისა და პიკასოს გვერდით მოიხსენიებენ.

მხატვრები პორტრეტის შექმნას ხშირად, მინიმუმ, რამდენიმე დღეს, ან თვეს ანდომებენ. ქალბატონ ნათელას ჩვევად ჰქონდა: ვის დახატვასაც აპირებდა, ერთ დღეს თავისთან დაიბარებდა, ესაუბრებოდა; თუ მოეწონებოდა, მეორე დღისთვის დასახატავად მოიწვევდა და 1-2 საათში პორტრეტი მზად ჰქონდა.



არაჩვეულებრივად იცნობდა საქართველოს ყველა კუთხეს, სტუმრობდა და ხატავდა ეკლესიებს. თუ საზღვარგარეთ არსებული რომელიმე ქართული ძეგლის შესახებ შეიტყობდა, აუცილებლად მოინახულებდა და დახატავდა. ბევრს მოგზაურობდა საზღვარგარეთაც. იყო კუბაზე, შემდეგ მექსიკასა და არგენტინაში იმოგზაურა, მოგვიანებით – საფრანგეთში, იტალიასა და ჰოლანდიაში. უკან ხელცარიელი არასდროს ბრუნდებოდა, ჩამოჰქონდა ჩანახატები, რომლებსაც მერე ფერწერულ და გრაფიკულ სურათებად აქცევდა. იანქოშვილის სურათები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, მის სახლ-მუზეუმსა და უამრავ კერძო კოლექციაში, როგორც საქართველოში, ასევე – საზღვარგარეთ.

თბილისში, თავდაპირველად მარჯანიშვილზე ცხოვრობდა, იმავე სახლში, რომლის ერთ-ერთ ბინაში დღეს ვახტანგ ჭაბუკიანის ბინა-მუზეუმია. შემდეგ სახელოსნო გადასცეს ნუცუბიძეზე, მაგრამ სამწუხაროდ, იქ ხანძარი გაჩნდა, რომელსაც 300-მდე ნამუშევარი შეეწირა. 1978 წელს ხელოვან წყვილს სახელმწიფომ ბინა გადასცა რუსთაველზე, რომელიც ამავდროულად მხატვრის სახელოსნოსაც წარმოადგენდა.

დღეს მხატვრის ბინის ინტერიერი რემონტის შედეგად სრულიად შეცვლილია, თუმცა მნახველს კედლებზე მხატვრის ფერწერული ტილოები და გრაფიკული ჩანახატები ადვილად მიახვედრებენ, თუ ვინ ცხოვრობდა აქ. ამ სივრცეში ერთი საგამოფენო დარბაზი და სამი ოთახია. 2019 წლიდან, ბატონი თემურის გადაწყვეტილებით, საგამოფენო დარბაზი წელიწადში სამჯერ, ქართველ და უცხოელ მხატვრებს ეტაპობრივად, უსასყიდლოდ ეთმობა და ყველა მსურველს, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და უცხოეთიდან, საშუალება ექნება, აქ თავისი ნამუშევრები გამოფინოს.



ერთადერთი, რაც ამ სივრცეში არ იცვლება, ნათელა იანქოშვილის კუთხეა, ასე ვთქვათ, მუდმივმოქმედი ექსპოზიცია - ძველებურ საკიდზე მხატვრის ხელით შეკერილი კაბები კიდია (მათგან განსაკუთრებით მწვანე ჰყვარებია), ფუნჯები, ლარნაკში ყვავილები და იქვე მისივე ხელით შესრულებული პორტრეტი.

არც ძვირფასეულობა ჰყვარებია. არც საათს ატარებდა. შინ არ ჰქონდა განსაკუთრებით ძვირფასი ავეჯი ან ჭურჭელი. მისი პირადი ნივთებიდან ფოტოს ვუღებთ ყავისფერი ტყავის ჩანთას და ყუთს, სადაც მხატვრის მძივები და სხვა „უბრალო“ სამკაულები აწყვია. როგორც ბატონი თემური მეუბნება, ნათელა იანქოშვილის სიცოცხლეშივე როიალი და ბიბლიოთეკის დიდი ნაწილი პირველ კლასიკურ გიმნაზიას აჩუქეს.

ნათელა იანქოშვილისა და ლადო ავალიანის ოჯახური ყოველდღიურობის, მხატვრის პიროვნული თვისებების, ცხოვრებისეული სტილის შესახებ თემურ დავალიშვილმა ბევრი რამ გაიხსენა:



- ქალბატონი ნათელა თავისი ბინის მუზეუმად გახსნის გადაწყვეტილებას ერთი პირობით დათანხმდა: დირექტორი თემური უნდა იყოს და ჩემი გარდაცვალების შემდეგ სახლი არა მთავრობას, არამედ მას უნდა დარჩესო. მთავრობამ მაინც დანიშნა მოადგილე, მაგრამ ნათელა მას სახლში არ უშვებდა. ამის გამო მალე ის შტატი გააუქმეს, მუზეუმის ოფიციალურ ხელმძღვანელად კი მე გამაფორმეს. ეს ყველაფერი მრავალწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოხდა. ქალბატონი ნათელა ვეღარ მოესწრო. თუმცა, მანამდე გასულის საუკუნის 80-იან წლებში შვილად ამიყვანა და 2003 წელს დოკუმენტები გააფორმა: ანდერძი, ჩუქება და ყველაფერი ჩემზე გადმოაფორმა.

ქალბატონი ნათელას მეუღლე, ბატონი ლადო, უნივერსალური პიროვნება, მრავალმხრივ განათლებული, არაჩვეულებრივი მოსაუბრე გახლდათ. ლადო ნათელაზე ორი კურსით წინ, გრაფიკაზე სწავლობდა, მაგრამ მას მერე, რაც აკადემია დაასრულა, აღარ დაუხატავს, მხოლოდ წერდა. თუკი სტატიას ან ნაწარმოებს გამოაქვეყნებდა, ჰონორარით ნათელასთვის საღებავებსა და ტილოს ყიდულობდა. ცოლ-ქმრის მთავარი საზრუნავი საღებავების შეძენა გახლდათ. ალბათ, რომ არა ლადოს ასეთი ხელშეწყობა, ნათელა ვერაფრით შეძლებდა მუშაობას. ბატონი ლადო 1998 წელს გარდაიცვალა.

- ბატონო თემურ, თქვენს ურთიერთობაზე მომიყევით. ქალბატონ ნათელას როგორი ხასიათი ჰქონდა და როგორი პიროვნება იყო?

- ფიცხი, მკაცრი და ჯიუტი ქალი იყო, მაგრამ სულ სხვაგვარი გული ჰქონდა, ძალიან კეთილი იყო, უზომოდ კეთილი... თვალზე ცრემლი მომადგა. (მცირე პაუზის შემდეგ) რომ გაბრაზდებოდა, ან ვინმე არ მოეწონებოდა, პირდაპირ ეტყოდა და სახლიდანაც დაითხოვდა. მისი რთული ხასიათის გამო, ახალ-ახალი მომვლელების დაქირავება მიხდებოდა. ერთხელ ერთ თვეში სამი მომვლელი გამოიცვალა. 2007 წელს უკვე ძალიან მძიმედ იყო, მომვლელის დახმარებით გადაადგილდებოდა.



- როგორ გაიცანით და როგორ გადაწყვიტა შვილად ეღიარებინეთ?

- მეოთხე-მეხუთე კლასში ვიქნებოდი, პიონერთა სასახლეში ხატვაზე დავდიოდი. დედას იქვე უნივერმაღში ვყავდი და როცა გამოვედით, ქუჩაში მომავალი ცოლ-ქმარი დავინახეთ. ქალბატონი ნათელა დედას მეგობრის მეგობარი იყო და მიესალმნენ ერთმანეთს. მერე დედამ ჩემზე უთხრა, ეს ჩემი ბიჭია, ხატვაზე დამყავსო. ამის შემდეგ, რამდენჯერაც ქალბატონ ნათელას შევხვდებოდი, ვესალმებოდით ერთმანეთს, მომიკითხავდა. ერთხელ, მარჯანიშვილზე, თავის სახლში მიგვიწვია. დამარიგა, რჩევები მომცა. მერე მხატვართა ჯგუფურ გამოფენაზე „ცისფერ გალერეაში“ ქალბატონი ნათელას და ჩემი ნამუშევრები გვერდიგვერდ აღმოჩნდა. იმ დროს მე იქ არ ვიყავი, დამელოდა, რომ შევხვდით, ბევრი ვისაუბრეთ და კიდევ უფრო დავახლოვდით.



მხატვართა კავშირში რომ ვმუშაობდი, მისი მეუღლე, ლადო ავალიანი ხშირად მოდიოდა, ზოგჯერ ქალბატონი ნათელაც ახლდა. მათი სახლის რემონტს მხატვართა კავშირი აფინანსებდა, მაშინ ბატონმა ლადომ მთხოვა, ყურადღება მიმექცია ამ პროცესისთვის და აქედან გამომდინარე, ხშირად მიწევდა მათთან სტუმრობა. როგორც გითხარით, ლადო საოცრად განათლებული, კულტურული და ტკბილად მოსაუბრე გახლდათ, საოცარი გადმოცემის უნარი ჰქონდა და საუბარს რომ იწყებდა, სულ გინდოდა, გესმინა.

1987-1988 წლებიდან ძალიან გაუჭირდათ. სახლიდან ნამუშევრებს ყიდდნენ და თავი ასე გაჰქოდნათ, თუმცა, მაშინ ბევრი მყიდველი არ იყო. ბატონ ლადოს თავისი მეუღლის ბევრი ნამუშევარი მოუტანია. მე ისინი სხვადასხვა კოლექციონერთან მიმქონდა და იძენდნენ. ერთხელ, ფერადკანიანი ბავშვის პორტრეტი მომიტანა, 100 დოლარს ხომ მაინც მოგვცემენო. ერთ კოლექციონერს ქალბატონი ნათელას პორტრეტები ძალიან აინტერესებდა, ნამუშევარი რომ ვაჩვენე, 300 დოლარი გადაიხადა. იქიდან პირდაპირ ცოლ-ქმართან მივედი და როცა გაიგეს, რომ ერთი ნამუშევარი 300 დოლარად გავუყიდე, 100 ჩვენ და ეს 200 შენს ცოლ-შვილს მოახმარეო, - მითხრეს. არ გამოვართვი, მაგიდაზე დავუდე და შინ წავედი. გაბრაზებულმა ქალბატონმა ნათელამ რაღაც მომაძახა, მაგრამ არ შევბრუნდი. მეორე დღეს სამსახურში მომაკითხა: უყიდია ჩემთვის პერანგი, შარვალი, ფეხსაცმელი. მართალია, ფეხსაცმელი დიდი ზომის იყო, მაგრამ მთავარი ხომ ის ყურადღება და მადლიერების გრძნობა გახლდათ, რაც ჩემ მიმართ გამოხატა?! სამოქალაქო ომის დროს, მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველი ბრძოლის ველად იყო ქცეული, სახლი არ დაუტოვებიათ. ძალიან უჭირდათ, პერიოდულად მათთან საკვები მიმქონდა. ქალბატონ ნათელას განსაკუთრებით თაფლი უყვარდა. შეეძლო, თვეში 20-ლიტრიანი ქილა გამოეცალა.

ხშირად მირეკავდა, ზოგჯერ შეიძლება 5-წუთიანი ინტერვალითაც კი დაერეკა, განსაკუთრებით მეუღლის გარდაცვალების შემდეგ. ორივე „შვილოთი“ მომმართავდა. ქალბატონ ნათელას, ნათესავები კი ჰყავდა, მაგრამ არც ისინი მოდიოდნენ მასთან და არც თავად სურდა მათთან ურთიერთობა.



დედა რომ გარდამეცვალა, 25 წლის ვიყავი. ქალბატონი ნათელა სამძიმარზე რომ მოვიდა, მითხრა, დედა კი გარდაგეცვალა, მაგრამ იცოდე, შენი მეორე დედა მე ვარო (ბატონ თემურს ისევ აუცრემლიანდა თვალები, - ავტ). მაშინ ვერ მივხვდი, რა იგულისხმა, მაგრამ მერე, ეს ყველაფერი ოფიციალურად, საბუთებში ასახა...

- როგორი იყო მისი სიცოცხლის ბოლო წლები?

- 1998 წლიდან 2003 წლამდე საერთოდ არ ხატავდა. შინ წერდა, ქსოვდა ან აივანზე იჯდა. 2003 წელს მოვუტანე ტილოები და საღებავები. გადავეჩვიე, ვეღარ დავხატავო, იმდენი ძალა და შთაგონება აღარ მაქვს, რომ ახალი შევქმნაო, - მითხრა. მაშინ ძველი ნახატი გადახატე და ხატვას ისევ შეეჩვევი-მეთქი, - ვურჩიე. მკითხა, ჩემს ნახატებზე რატომ ამბობენ, რომ ტილოზე სულ „შხამიანი“ მწვანე და შავი ჭარბობსო. ამაზე გული არ გაიტეხოთ, თქვენს შავში იმდენი ჰაერი და სივრცეა, რაც სხვების ფერად ნამუშევრებში შეიძლება ვერ ნახო, მაგრამ იქნებ სხვა ფერებიც შეურიოთ, ტონში „აწიოთ“, ვიცი, ჯიუტი ხართ, ჩემი სიტყვები არ გეწყინოთ, მაგრამ იქნებ სცადოთ ასე მუშაობაც-მეთქი. მართლაც დამიჯერა.



- და შეიძლება ითქვას, სიცოცხლის ბოლოს მისი ფერწერა განათდა...

- დიახ, გაანათა ტილოები და უფრო გათამამდა ფერებთან. მხატვრები რომ ნახულობდნენ მის ახალ, ანუ სიცოცხლის ბოლო წლებში შექმნილ ტილოებს, უკვირდათ, როგორ შეცვალა სტილიო.

გაზაფხულის ერთ საღამოს ეზოდან ვეძახდი, მაგრამ პასუხი არ გამცა. მაშველები გამოვიძახე, აივანზე ავიდნენ და ფანჯარა გატეხეს. საწოლთან დაცემული ვნახეთ. 2007 წელი იყო. თურმე, ჩემი ხმა ესმოდა, საწოლიდან წამომდგარა, მაგრამ ფანჯრამდე მოსვლა ვეღარ შეძლო. საავადმყოფოში გადავიყვანეთ, იქ ორი კვირა გაატარა და გარდაიცვალა. დაკრძალულია მეუღლის გვერდით, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ანა კალანდაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები