ნიაზ დიასამიძის თელავური სახლი და ახალი საქმე, რომელიც პანდემიის დროს წამოიწყო

მუსიკოსი ნიაზ დიასამიძე სულ ახლახან საზოგადოების წინაშე ახალი ამპლუით წარდგა. პანდემიის პერიოდში ხეზე მუშაობა დაიწყო, სხვადასხვა მასალით საყოფაცხოვრებო ნივთებს თლის. მისმა ხელნაკეთმა გობებმა საზოგადოებაში აღფრთოვანება გამოიწვია. მუსიკოსი ოჯახთან ერთად ამ ეტაპზე თელავში ცხოვრობს. სახლი მისი მუღლის, მსახიობ მაია გელოვანის გემოვნებით არის მოწყობილი და მზრუნველი დიასახლისის ხელი ნამდვილად ეტყობა. წყვილს დიდი გამოცდილება აქვს რემონტის სფეროში, ამათ მათი სახლის ინტერიერიც მოწმობს.

- რასთან ასოცირდება თქვენთვის სახლი?
- ცოტა რთული კითხვაა. სახლი ისეთი რამეა, ერთ ასოციაციას ვერ მოუძებნი, ის ბევრ რამესთან ასოცირდება. ოჯახი
იმაზე მეტია, ვიდრე ერთი რომელიმე კონკრეტული სიტყვა.

- თქვენი მეუღლე მსახიობია. როგორია ორი ხელოვანი ადამიანის თანაცხოვრება?
- ჩვენს შემთხვევაში არ არის რთული, რადგან პატივს ვცემთ ხელოვნების ორივე დარგს, პატივს ვცემთ ერთმანეთის ინტერესებს და უმაგისოდ არ შეგვიძლია. გვიყვარს თვითკრიტიკა და ერთმანეთსაც ხშირად ვუზიარებთ რჩევებს.

- რამდენად ხშირად ითვალისწინებთ ერთმანეთის რჩევებს?
- ხშირ შემთხვევაში ვითვალისწინებთ. რა თქმა უნდა, ადამიანი ძირითად ღერძს საკუთარი შეხედულებისამებრ აკეთებ, მაგრამ ძალიან ბევრი დეტალია, რომელსაც ერთმანეთს ვეკითხებით.

- ინტერიერი ვისი გემოვებით არის თქვენს სახლში მოწყობილი? ამ საკითხში ვინ არის „ლიდერი“?
- არის ისეთი სახლები, რომელიც სრულიად დიზაინერის მიერ არის დაგეგმარებული და შესრულებული. ჩვენ ყველაფერს ჩვენი გემოვნებით ვაკეთებთ. არ გვიყვარს ბევრი ავეჯი, გადატვირთული ოთახი და ა.შ. თუ რამეა დასახაზი, ამას ჩემს თავზე ვიღებ და მე ვხაზავ. რაღაც დეტალები მაიას გემოვნებით არის გაკეთებული, რაღაცა - ჩემი. თუმცა ამ საკითხში მე მაინც მეორე პლანზე ვარ.

- რემონტის საკითხში რამდენად ერკვევით?
- რემონტი არის ჩემი ერთ-ერთი ჰობი. სულ მიკვირს, როცა ეზარებათ რემონტის გაკეთება. მართალია რემონტს თანხა სჭირდება, მაგრამ მე არ ვლაპარაკობ რაღაც კოლოსალურ თანხებზე. ადამიანს თვითონ შეგიძლია, საკუთარი ხელით, მინიმალური დანახარჯით ბევრი რამე გააკეთო. ერთადერთი, რაც რემონტის დროს არ მიყვარს, არის სანტექნიკა. ამას მე თვითონ ვერ ვაკეთებ, ამიტომ ყველაზე მეტად მეზარება ეს პროცესი. წელიწადში ერთხელ ერთი ოთახი მაინც უნდა გავარემონტო სახლში, ან სტუდიაში უნდა შევცვალო რამე.

მესხური ჭერი

ყოველთვის მინდოდა სახლში მესხური ჭერის გაკეთება. ძველი ტრადიციული არქიტექტურაა და განსაკუთრებით მომწონდა. ძალიან მინოდა ჩვენი წინაპრების დანატოვარი, ეს გენიალური არქიტექტურული ნიმუში საკუთარ სახლშიც მქონოდა და შევქმენი კიდეც პანდემიის პერიოდში, რაც ძალიან მახარებს და სიამაყით მავსებს.

- სახლში თუ გაქვთ გამორჩეული სივრცე, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობთ?
- ამ ეტაპზე თელავში ვართ და აქ დიდი სახლი არ გვაქვს, მაგრამ ყველგან კომფორტულად ვგრძნობ თავს. თბილისის სახლში დიდი სამზარეულო გვაქვს და ფაქტობრივად იქ მიღამდება. სხვა სპეციალურად განკუთვნილი ოთახი ან კაბინეტი არ მაქვს.

- სულ ახლახან დაიწყეთ ხეზე მუშაობა. როდის დაინტერესდით ამ საქმით?
- მამა არქიტექტორი მყავს, ბიძები - მხატვრები, ამიტომ ეს ატმოსფერი უცხო არ იყო ჩემთვის. ალბათ 15 წლის ვიქნებოდი, საფრანგეთში, ბიძაჩემების სახელოსნოში შემოეკედლა ხის ოსტატი. მეც იქ აღმოვჩნდი და მივხვდი, რომ ძალიან მომწონდა ეს საქმე. იმ კაცმა მასწავლა ხეზე მუშაობა. იმის მერე თავისუფალ დროს სულ ვთლიდი სხვადასხვა საგანს. შემდეგ დავიწყე ფანდურების კეთება. იმ დროის მერე სულ თან დამყვება ეს საქმე. თუმცა პანდემიის პირობებში უფრო გავააქტიურე. მოგეხსენებათ, ისევე როგორც ბევრმა სფერომ, მუსიკის სფერომაც ძალიან იზარალა. არ არის კონცერტები, აქტივობა. ამიტომ გადავწყვიტე, ამ ეტაპზე ხეზე მუშაობით დავკავებულიყავი.

- ძირითადად რა ნივთებს ქმნით?
- ვაკეთებ გობებს მუხისგან, შოთის პურის ფორმის დასადებებს. სახლისთვის გავაკეთე თაროები, მაგიდა. ჩათვალეთ თითო საგანი არის თითო ნახატი. როგორც მხატვარი ხატავს ერთ, ინდივიდუალურ ნახატს, ასეა ეს საქმეც ჩემთვის. ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ ჩემი ნივთები არის ფუნქციური და გამოყენებადი. როცა თლას ამთავრებ, ყველა ემოცია გავლილი გაქვს და შედეგი კიდევ სხვა გრძნობას განიჭებს.

- მუშაობის დროს მასალას აქვს მნიშვნელობა?
- რა თქმა უნდა. შოთებისთვის ვიყენებ მუხას, გობებს ვამზადებ ცაცხვისგან. ძალიან შრომატევადი და დამღლელი საქმეა, ყველა დეტალი ხელით ითლება, მაგრამ დასასრული მაინც ძალიან მოსაწყენია. ანუ ბოლოსკენ რჩება ტექნიკური საკითხები, რაც ჩემთვის ცოტა უინტერესოა. მე უფრო შემოქმედებითი მხარე მაინტერესებს. ბოლოს ნივთს ვამუშავებ ბუნებრივი ლაქით. ამ ლაქსაც მე თვითონ ვამზადებ. ის არ არის ტოქსიკური და ჯანმრთელობისთვის მავნე. ეს პროცესი კიდევ ცალკე „მუღამია“.
საერთო ჯამში იქმნება ნივთი, რომელიც არის შემოქმედებითი და ამავე დროს ფუნქციური.


მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები