შენობა, რომლის კედლებზე რეალური გურული გლეხები გამოსახეს - იქაურები თავიანთ ბებია-ბაბუებს და მეზობლებს ნახატებზე ცნობენ


„მიმდინარე წლის აგვისტოში დასვენება ოჯახთან ერთად გურიაში გადავწყვიტე. თავდაპირველად ახლოს მდებარე ტურისტულ ობიექტებს ვათვალიერებდით, რომლებიც ყველასთვის ცნობილია, რამდენიმე დღის შემდეგ კი სურვილი გაგვიჩნდა ისეთი ადგილები მოგვენახულებინა, რომელთა შესახებაც ინფორმაცია ნაკლებადაა ცნობილი და შესაბამისად, ბევრი ხალხი არ სტუმრობს.
ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით, რომ გურის ერთ-ერთ სოფელში ასეთ უნიკალურ და საინტერესო შენობას გადავაწყდებოდი“- აცხადებს ხელოვნებათმცოდნე, ნინო ბარნაბიშვილი Allnews-თან საუბრისას.

გთავაზობთ საინტერესო ცნობებს შრომის კლუბის შესახებ, რომლებიც ინტერნეტ-წყაროებში და ადგილობრივებთან საუბრისას შევაგროვეთ.

შრომა საბჭოთა კაშირის პერიოდში გურიის ერთ-ერთ მოწინავე სოფელი იყო, რაც დღესაც თვალსაჩინოა.
აქ კლუბის აშენება 1956 წელს გადაწყდა.

ადგილობრივები იხსენებენ, რომ კოლმეურნეობის თავმჯდომარის, სოციალისტური შრომის გმირის, საქართველოს სსრ მეოთხე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მიხაკო ორაგველიძის დროს სოფელში არაერთი ღონისძიება ტარდებოდა. ამ შენობების აგებაც მის სახელთანაა დაკავშირებული.

დარბაზის მონუმენტური მხატვრობა შესრულებულია ქართველი ფერმწერ-მონუმენტალისტის, საქართველოს სსრ სახალხო მხატვრის რობერტ სტურუას მიერ. თაბაშირისგან გამოყვანილი დეკორატიული გაფორმების ელემენტები წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. სამწუხაროდ, დღესდღეობით, შენობა სავალალო მდგომარეობაშია და სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს.
ერთ-ერთი ადგილობრივი ზურაბ თადიეშვილი შენობის მოხატვასთან დაკავშირებით საინტერესო ისტორიას იხსენებს. კლუბის კედლებისა და ჭერის მოხატვის დროს რობერტ სტურუას სურდა მასზე რეალური პიროვნებები ყოფილიყვნენ გამოსახულნი.

რამდენიმე კვირის განმავლობაში ის ადგილობრივ გლეხებს დასახატად იწვევდა, რომლებიც დამღლელი სამუშაოს შემდეგ პირდაპირ თეატრში მიდიოდნენ და მხატვარიც მაქსიმალური სიზუსტით გადმოსცემდა გურული გლეხების ყოფას- მათ გარეგნობას, სახის ნაკვთებს, ჩაცმულობას, ემოციებს და ა.შ.
იხილეთ სრულად

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები