არტჰაუსი - „გენერლების სახლი“, რომელიც კარლო კაჭარავას დამ უსახსოვრა

ბევრი ვიფიქრე, როგორ უნდა დამეწყო წერა, მას რომ მოსწონებოდა, მაგრამ მგონი, ყველაფერს დაიწუნებდა. კრიტიკული იყო და ხშირად საკუთარი თავით უკმაყოფილოც. ესეც გამოდგა ჩემთვის შემაფერხებელი. თან, ვფიქრობ, ნებისმიერი ჩემი „დავარცხნილი“ წინადადება შეუსაბამოა ამ მრავალმხრივი, ნოვატორი, პროგრესული, უჩარჩოო და თავისუფალი აზროვნების ადამიანის ნიჭისა და სამყაროს აღსაწერად...

ზოგისთვის ის უპირველესად ხელოვნებათმცოდნე იყო, კრიტიკოსი, ზოგისთვის კი მხატვარი და პოეტია. კაცი, რომელიც ნახატებისა და ტექსტების კომბინაციით ახდენდა ყოველდიურობასთან, აწმყოსა და არტსამყაროსთან კომუნიკაციას. თან როდის?! გასული საუკუნის 80-იან წლებში. იმ დროს ეს არ იყო ადვილი, მაგრამ
მაინც ახერხებდა, აუდიტორიაც ჰყავდა და მსმენელ-მკითხველიც. საბჭოთა სივრციდან დაღწეულებისა და ახალი თაობისთვის, ის წლების შემდეგაც დარჩა და არის აქტუალური.





სულ რაღაც 30...

კარლო კაჭარავა თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დასრულებისთანავე, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს, ციმბირის ქალაქ მირნიში, რომლის დასრულების შემდეგაც მთელი ცხოვრება გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში მუშაობდა. საკმაოდ დაფასებულ თანამშრომლად ითვლებოდა და სოლიდურ დავალებებს აძლევდნენ, მის ცოდნას აფასებდნენ და საზღვარგარეთ უშვებდნენ მოხსენებებზე, კონფერენციებსა თუ სესიებზე. „მთელი ცხოვრებაო“ კი ვთქვი, მაგრამ ძალიან ცოტა იყო ეს დრო, რადგან, სამწუხაროდ, კარლო კაჭარავა მხოლოდ 30 წლის გახლდათ, როცა ანევრიზმით გარდაიცვალა...

უამრავი დღიური ჰქონდა, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებდა და ასევე სისტემატურად ხატავდა, ბევრს და სწრაფად - დღის განმავლობაში რამდენიმე საქმეს ერთდროულად იყო მოდებული. დიდ ტილოებს იშვიათად ქმნიდა, მაგრამ ასეთი რაც შექმნა, ახლა ნაწილი წინამძღვრიანთკარში კარლო კაჭარავას არტჰაუსშია თავმოყრილი.

მუზები მრავლად ჰყავდა, თითქმის სულ შეყვარებული იყო და ამ დროს იყო ყველაზე პროდუქტიული. ერთ-ერთი გახლათ ჰელენა ლუნდბერგი და მის სახეს კარლოს ბევრ ტილოზე შეხვდებით. ამ ქალბატონს არაერთი ნახატი მიუძღვნა, ისევე, როგორც სხვა სატრფოებს, რომლებიც მრავლად იყვნენ მის ცხოვრებაში.

ცოტა ხნის წინ, კარლო კაჭარავას 120 ნახატი ინგლისში „გაფრინდა“. 2021 წლის 11 ოქტომბერს ლონდონში გალერეა „მოდერნ არტში“, კარლო კაჭარავას გამოფენა გაიხსნა, რომელმაც 2 თვეს გასტანა.





არტჰაუსის კონცეფცია

სახლის ერთი დიდი სივრცე ორ ზონად არის დაყოფილი. აქ კედლებზე კარლოს გენერლებია. აქვეა საძინებლები, როგორც მასპინძლისთვის, ისე სტუმრისთვის. ასევე - პატარა სამუშაო ოთახი, რომელიც ერთგვარად ნახატების საცავადაც შეიძლება მოვიაზროთ. მის ერთ კუთხეში თაროებზე წიგნები და ნახატები აწყვია. სახლში უხვად აღწევს დღის შუქი, რომელიც ასევე კარგად ანათებს სამზარეულოს. კარლო კაჭარავას ხასიათიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ყოფით ნივთებზე ორიენტირებული ვერ იქნებოდა, მაგრამ ერთი გამონაკლისი მაინც აღმოჩნდა - გაზქურაზე დგას სტაფილოსფერი ჩაიდანი, რომელიც წლების წინ შეუძენია და შემდეგ ამის მიხედვით გადაწყდა ამ სივრცის ფერები: თარო, სკამები, ჭაღი, ჭურჭელი...

კარლოს დას, ლიკა კაჭარავას უნდოდა, კარლოს ნამუშევრების განსათავსებლად გარკვეული ფართი ჰქონოდა და თურმე მოულოდნელად, 2017 წელს, გოეთეს ინსტიტუტის დირექტორმა შტეფან ვაკვიტცმა მას სოფელ წინამძღვრიანთკარში ნაკვეთი აჩუქა. ბუნებრივია, მშენებლობის დასაწყებად საჭირო იყო თანხა, ლიკასთვის გალერისტ და მხატვრის სახელის პოპულარიზატორს ირინა პოპიაშვილს უთქვამს, - ნუ ღელავ, კარლო თავის თავს მიხედავსო, და ასეც მომხდარა. ჰონორარებითა და ნამუშევრების გაყიდვით შემოსული თანხით, კარლო კაჭარავას სახლის მშენებლობა დაიწყო.



„აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ სახლის არქიტექტორი კარლოს უახლოესი მეგობარი თამაზ კვირიკაშვილია, ხოლო მშენებელი - ადგილობრივი მხატვარი ჯემალ აბულაძე. ავეჯიც მისი ხელით არის დამზადებული: მაგიდა, სკამები, საწოლები, ნახატების საცავიც... ეს ადამიანი დღემდე უვლის ამ სახლს, ეზოს და კარლო კაჭარავას პატივსაცემად, ყველაფერს ის აგვარებს. ჩემს ძმას პირადად არ იცნობდა. წარმოუდგენელი და გამაოგნებელია ასეთი კოლეგიალობა, ერთგულება და მეორე მხატვრის მიმართ ასეთი თავგანწირვა“, - ხაზგასმით აღნიშნა ეს ორი სახელი მასპინძელმა.

...ლიკა კაჭარავასთან დიდხანს შევრჩით. ვრცელი საუბარი გამოგვივიდა. არტჰაუსის გარდა, ჩვენი საუბარი შეეხო: კარლო კაჭარავას ხასიათს, გარემოს, გარემოცვას და იმ ადამიანებს, ვის გვერდითაც ყალიბდებოდა მისი მსოფლმხედველობა.





კარლო კარლოს ძე

- თბილისში საბურთალოზე, ოროთახიან ბინაში ვცხოვრობდით: დედა, ჩემი ძმა და მე. საირმეზე, ექსპერიმენტულ სკოლაში ვსწავლობდით. დედა ჩემზე ორსულად იყო, როცა მამა საკმაოდ ახალგაზრდა, 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას კარლო ერქვა და შვილს სახელი თავად დაარქვა. რამ დაგარქმევინათ ეს სახელიო, - ჩემს ძმას არ მოსწონდა, მაგრამ შემდეგ გერმანიაში რომ წავიდა, იქ ყველა მარტივად წარმოთქვამდა და მოეწონა, კიდევ კარგი, ასე რომ დამარქვითო.

კარლო ჩემზე უფროსი იყო 2 წლითა და 9 თვით. თავიდანვე ოჯახის უფროსობა ითავა და მამის როლი მოირგო. ეს თავად მოსწონდა... 14 წლიდან დღიურებს წერდა. ეს იყო როგორც ყოველდღიურობის აღწერა, ისე მისი სუბიექტური დამოკიდებულებები სამყაროს მიმართ და ამას თან მოსდევს მისი ლექსი ან ჩანახატი. ეს ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული. შეიძლება, ის არ არის ობიექტური, მაგრამ ფაქტია, რომ თავიდანვე სხვაგვარად აღიქვამდა საზოგადოებასა და სამყაროს. მისი ჯარის დღიურები გამოვეცი, წიგნი სახელწოდებით „მგზავრობის ანგელოზი“, მაგრამ ძალიან მიჭირს ნაწილი ნაწერების დამუშავება, ალბათ, ადრე თუ გვიან მათაც დავბეჭდავ...

უწინ ამბროლაურის ქუჩა რომ იყო, ახლა ოთარ ჭილაძის სახელს ატარებს. კარლოს სკოლის ასაკიდან ძალიან უყვარდა ეს შემოქმედი. სულ ვფიქრობ, ეს ფაქტი ძალიან გაახარებდა, მაგრამ შეიძლებოდა გაბრაზებულიყო კიდეც, რომ ასეთი პატარა ქუჩა ამხელა პოეტის სახელის ქვეშ მოექცა.

...შინ კარლოს უამრავი ნახატი და ნაწერი გვაქვს, 6 ათასი ჯერ მარტო გრაფიკაა. არ ვიცი, ამას როგორ ახერხებდა - ხატავდა, წერდა, მუშაობდა და დღედაღამ სამეგობრო წრეში ტრიალებდა. დღევანდელი გადასახედიდან მისი ნამუშევრების რაოდენობა მართლაც გამაოგნებელია.

კარლოს ოთახი დღესაც ისეა, როგორც მის სიცოცხლეში. იქვეა ნახატებიც და, რა თქმა უნდა, მათ დაბინავებაზე სულ ვფიქრობდი, მაგრამ იმას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ წინამძღვრიანთკარში სახლს ავაშენებდი, ეს ფანტასტიკის სფეროს სცდება...




აუხდენელი ოცნება

...მამა ინჟინერი იყო, დედა - ფილოლოგი, ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ქართულსა და საზღვარგარეთის ლიტერატურას ასწავლიდა. სახელოვნებო წრე ჰყავდა და ეს იყო ჩვენი გარემოც. ჩვენს ოჯახში ადამიანი რომ წერდა და კითხულობდა, ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ კარლოს ხატვისადმი ინტერესს დედა მამას „აბრალებდა“. სულ გვეგონა, მხატვარი გამოვიდოდა. მამას რეჟისორობა სურდა და სხვათა შორის, კარლოსაც ჰქონდა ეს ინტერესი - მუდმივად უნდოდა, ხელში კამერა სჭეროდა, სცენარებსაც წერდა. უხერხულია, ამას მე რომ ვამბობ, მაგრამ 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი მოასწრო და მხოლოდ კამერა ვერ დაიჭირა ხელში.




ავტობიოგრაფიული ჩანაწერები და სატრფოები

...14 წლიდან მის ნახატებს წარწერები სდევს. მისი შემოქმედება ნახატისა და ნარატივის ერთობლიობაა. ნამუშევრების უმეტესობას თავის სატრფოებს, ან ლიტერატურული ნაწარმოებების დასურათებისას მათ პერსონაჟებს, მხატვრებს, მწერლებს უძღვნიდა. დიდ ნამუშევრებს ერიდებოდა, როგორც ხელოვნებათმცოდნე ამბობდა, რომ დიდ ნახატებზე უფრო კარგად ჩანს შეცდომები, ვიდრე - პატარებზე, მხოლოდ რამდენიმე ჰქონდა ასეთი. ერთ-ერთია გენერალი, რომელიც ახლა ამ სახლის ერთ-ერთ კედელზე კიდია. ის 24 წლისამ დახატა და მისი ცხოვრების ნაწილს, შვედ ქალბატონს, ლიტერატორ ჰელენა ლუნდბერგს ეძღვნება. ის ფინეთში ცხოვრობდა. ერთმანეთს მოსკოვში ან ლენინგრადში ხვდებოდნენ. კარლომ ჰელენა კაფეში გაიცნო და პერიოდულად, 1991 წლამდე ჰქონდათ ურთიერთობა. 1989 და 2019 წლებში ჩამოსულიც იყო ჩვენთან სტუმრად... როცა პირველად ჩამოვიდა, ნამუშევარი დაახვედრა წარწერით „ჰელენას“. კარლოზე ასაკით უფროსი იყო, ხოლო კარლო თავისი გამომეტყველების გამო (მელოტი, წვერით), ხშირად უწოდებდა თავს „მოხუც ახალგაზრდას“.





ხასიათი

იცით, კარლო როგორი პიროვნება იყო? საოცრად გახსნილი. თუკი გინდოდა, ქალაქში ვინმეს რამე გაეგო, მისთვის უნდა გეთქვა და არა ტელევიზიით გამოგეცხადებინა (იღიმის). ამ გულუბრყვილობაში გადასული გახსნილობის გამო, რამე ამბავზე „ქვეყანა რომ იქცეოდა“, უკვირდა: რა მოხდა მერე, ეს რომ ვთქვიო?!

მისი სატრფოები ძალიან ბევრნი არიან და როგორც ჰყვებიან, კარლოს ერთთან ურთიერთობის დროს, თავისუფლად შეეძლო მოეყოლა სხვების შესახებ. ეს ახალგაზრდობის გამო იყო, ხალასი დამოკიდებულებით თუ სულელურად მოსდიოდა, ვერ ვხვდები, მაგრამ ამის გამო ცხოვრებაში სულ უსიამოვნებები ჰქონდა და ჩვენც შეწუხებულები ვიყავით ქალების გაბრაზებებისგან. ამავე სახლშია მეორე „გენერალიც“, რომელიც სხვა, ქართველი ქალბატონისადმია მიღძვნილი... „გენერლების“ თემაში, ყველგან თავადაა და მისი სახეა. ასეთი ნარატივი ჰქონდა მოფიქრებული: თავად იყო სატრფოების მცველი გენერალი, მაგრამ არც ერთს დაცვა არ სჭირდება, თითქოს ყველა ქალბატონი მისია და ამავდროულად, არც ერთი მისი არ არის... თბილისში პატარა ზომის ბევრი გრაფიკული ნახატია ამ თემაზე, ხოლო დიდები ამ სახლშია. ხშირად ვხუმრობ ხოლმე, ეს სახლი „გენერლებისთვის“ აშენდა-მეთქი.

ანა კალანდაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები