"მინდოდა უბრალოდ ირაკლი ვყოფილიყავი და არა ბაგრატიონი" - პრინცი ირაკლი ბაგრატიონი სოფელ ღვანკითიდან

პრინცი ირაკლი ბაგრატიონი სოფელ ღვანკითიდან; სამეფო ოჯახის წევრი იმერეთის მეფე ალექსანდრე V-ის შტოდან, ქვეყნის ღირსეული მოქალაქე, რომელსაც, მართალია, მეფური სიმდიდრე არა აქვს, მაგრამ ქველმოქმედებისათვის ხალხის დარაზმვას მაინც ახერხებს, სამშობლოს სამუდამოდ დატოვების სურვილი კი არასოდეს ჰქონია.მიუხედავად იმისა, რომ ინტერვიუები დიდად არ მოსწონს, ბატონ ირაკლი ბაგრატიონთან­ არა მარტო ამაზე, არამედ კიდევ სხვა თემებზეც ვისაუბრე: ღვანკითში, თოვლში ჩაფლულ ბაგრატიონთა თბილ სახლზე, შობა-ახალ წელსა და სიყვარულზე.

- ვიცი, რომ ინტერვიუები არ გიყვართ, მაგრამ როგორც სამეფო გვარის წარმომადგენელს, ალბათ, არ გამოგივათ. ისე, საკმარისი უნდა იყოს
სიჩუმე, რაც თქვენმა მამა-პაპამ ბაგრატიონობის გამო აიტანა.


- ზოგჯერ ჩემი ბაგრატიონობა მეც არ გამიმხელია. მინდოდა უბრალოდ ირაკლი ვყოფილიყავი და არა ბაგრატიონი. ასე გავეცანი ყველას. შესაძლოა ზოგი ბაგრატიონობას მსუბუქად აღიქვამს, მაგრამ ეს ჩემთვის ტვირთიც არის, თანაც ყოველწუთიერი, როდესაც ვცდილობ არ და ვერ გავაკეთო ის, რაც ჩემი წინაპრების სახელს ჩრდილს მიაყენებს. მე ხომ მათი ისტორიის ნაწილი ვარ. კადნიერებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ნამდვილად ვამაყობ, რომ ხშირად მათ მხრებზე ქვეყნის ტვირთი უფრო იდგა, ვიდრე საკუთარი თავი. სხვა აღარაფერი რომ არ ვთქვათ, 15 წმინდანი გვყავს გვარში. თხუთმეტმა ბაგრატიონმა ქვეყანას აჩუქა ღვთისაგან ბოძებული ერთადერთი სიცოცხლე, ქვეყანა იყო მათთვის უპირველესი. როდესაც პატარა ვიყავი და ამ თემაზე საუბარი არ შეიძლებოდა, თუ რაღაცას ოდნავ არასაკადრისად გავაკეთებდი, სოფელში მეზობლებიც კი მეუბნებოდნენ, ირაკლი, ეს შენ არ გეკადრებაო! ასე რომ, მე სხვანაირად ვერ ვიცხოვრებ. ზოგჯერ კი ბაგრატიონობა მხოლოდ იმიტომ დამიმალავს, რომ გარშემო მყოფთ ჩემს ამ პასუხისმგებლობებზე არ ეფიქრათ.

- თუმცა, ალბათ, მაინც გქონდათ შემთხვევები, როცა, მაგალითად, ბაგრატიონთა სკანდალებზე დაიწყებდნენ თქვენთან არასასიამოვნო საუბარს, მაგალითად, სამეფო ქორწინებასა და თქვენს ნათესავებზე.

- პირიქით, იყო შემთხვევები, როდესაც ჩემს დანახვაზე გაჩუმებულან.

- ღვანკითში როგორი დამოკიდებულება გქონდათ ამ თემასთან, თქვენი ბაგრატიონობა თქვენს სახლში თუ იყო ხაზგასმული?

- ჩვენს ისტორიას რომ გადახედოთ, რაც ჩვენმა ხალხმა გადაიტანა, სხვებზე მეტად ნაწვალები ჩვენ აღმოვჩნდებით. სოფელი ღვანკითი იმერეთის მეფე ალექსანდრე V-მ შვილს უბოძა. მეც ამ შტოდან მოვდივარ. ჩემი პაპის პაპა, როსტომ ბაგრატიონი, რომელიც რუსების მიერ საქართველოს დაპყრობას აუჯანყდა, გადაასახლეს და გათავისუფლების შემდეგაც აღარ აბრუნებდნენ სოფელში. როსტომი იმდენად ცუდად გახდა საქართველოს ნატვრაში, რომ იმერეთის მეფე სოლომონის მეუღლემ რუსი იმპერატორისაგან გამოითხოვა მისი სამშობლოში დაბრუნების უფლება. 1942-ში ბოლშევიკებმა დახვრიტეს ჩემი დიდი ბაბუა, ბაბუაჩემ ირაკლი ბაგრატიონის მამა, დავით ბაგრატიონი. დააპატიმრეს მისი მეუღლეც, რომელიც ციხიდან გამოსვლის შემდეგ ლოგინად ჩავარდა და ბაბუაჩემი დებთან ერთად უვლიდა. ამ დროს ბაბუაჩემი და მისი დები იმდენად პატარები იყვნენ, რომ თავისით საკვების მოპოვებაც არ შეეძლოთ, მეზობლები საჭმელს ღობის ძირას უწყობდნენ და ასე გადარჩნენ. მეზობლები მათ სახლში შიშით ვერ შედიოდნენ, ამიტომ ზოგჯერ ღობესთან კერძს ძაღლებიც ჭამდნენ ხოლმე. ბაბუაჩემი ირაკლი ამ ამბებს ხშირად მიყვებოდა და ყოველთვის დაამატებდა, შვილო, ფრთხილად იყავი, შენც არაფერი გაგიკეთონ ცუდიო. სამაგიეროდ, 90-იანი წლებიდან, როდესაც მიწა დაგვიბრუნეს, მე და ბაბუაჩემმა ამ მიწაზე ტყე გავაშენეთ. მართალია, პატარა ვიყავი, მაგრამ მასთან ერთად მშვენივრად ვახერხებდი ნერგების დარგვას: ძირითადად, მუხა, კოპიტი და ალვის ხეები დავრგეთ. ახლა უკვე ტყე შრიალებს. სხვათა შორის, ცოცხალი ნერგის, ტყისა და სიცოცხლის ფასი რომ ვიცი, იმიტომაც არ მიყვარს ხელოვნური ნაძვის ხე. წელსაც დიდხანს ვეძებე ქოთანში ჩარგული ნაძვის ნერგი, რომ ახალი წლის მერე მიწაში გადავრგო და გაიხაროს. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები