დუტა სხირტლაძისა და მარინა ნაცვლიშვილის აგარაკი მცხეთაში - შემოქმედებითი სავანე

მსახიობი დუტა სხირტლაძე და მისი მეუღლე, დიზაინერ-იუველირი მარინა ნაცვლიშვილი ზაფხულის ცხელ დღეებს მცხეთის აგარაკზე ატარებენ ხოლმე. ეს სახლი ქალბატონ მარინას მემკვიდრეობით ბაბუისგან ერგო. შემოქმედი წყვილის სახლის ინტერიერი, ექსტერიერი, ეზო ფერადოვანი და მიმზიდველია, ცოტა იდუმალიც. ბებიის მიერ დანატოვარი ავეჯი ქალბატონმა მარინამ საკუთარი ხელით განაახლა, შეღება და ახალი სიცოცხლე აჩუქა. ამბობს, რომ თითოეულ ნივთს თავისი ისტორია აქვს და ძალიან ძვირფასია მისთვის, ამიტომ ყველაფერს სათუთად უფრთხილდება.

ქალბატონმა მარინამ თავად გვიმასპინძლა აგარაკზე და თავის საქმიანობაზე, საოცარ სამკაულებზე, მისი დიზაინით შექმნილ ინტერიერზე გვესაუბრა.

- სახლი
ჩემთვის ასოცირდება სიმყუდროვესთან, სიმშვიდესთან, სითბოსთან, დასვენებასთან. სახლში გარემო ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ თვალს და გულს სიამოვნებდეს, კომფორტულად უნდა გრძნობდე ადამიანი თავს.

- როგორია ერთი ჩვეულებრივი დღე თქვენთვის, როცა ყოფითი პრობლემებისა და საქმისგან დაღლილი მიიხურავთ კარს და რჩებით შინ მარტო?



- ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის და, რა თქმა უნდა, ჩემთვისაც. აქ უკვე ყველაფერი ჩემია, ჩემი სამყაროა. ამ სამყაროში ვგრძნობ თავს დაცულად, მშვიდად და კომფორტულად. ამ დროს ყველაფერი გავიწყდება და მხოლოდ შენს ოჯახზე ფიქრობ.

- მცხეთის აგარაკი ახალი გარემონტებულია, თან საკუთარი ხელით გაქვთ მოწყობილი...

- მცხეთის სახლი ჩემი ბაბუისა და ბებიისაა. ერთმა ბაბუამ დააპროექტა, რომელიც არქიტექტორი გახლდათ, და მეორე ბაბუამ ააშენა. დიდი ხანია, ეს სახლი დგას. ბაბუას ექვსი ქალიშვილი და ძალიან ბევრი შვილიშვილი ჰყავდა. ზაფხულობით ყველანი აქ ვიკრიბებოდით. დაახლოებით შვიდი წელია, სახლი ჩემს მფლობელობაში გადმოვიდა. გასარემონტებელი იყო. ბევრი რამე შევცვალე და ჩემი გემოვნებით გავაკეთე. სახლში ბებიაჩემის შეძენილი ძველი ავეჯიც დგას, მაგრამ განვაახლე, შევღებე, ახალი ნივთებიც შევმატე. თითქმის ყველაფერი ჩემი ხელით გავაკეთე.

- როგორც ვხედავ, დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ ფერებს...



- ფერები მნიშვნელოვანია ჩემს ცხოვრებაში. ეს სახლსაც ეტყობა. თითქოს ცოტა მაროკოულ სტილშია გაკეთებული. ადრე სხვანაირად იყო. არ მიყვარს ერთფეროვნება. ხშირად ვცვლი ინტერიერს, ფერებს, დეტალებს, ნივთებს. ეს დარაბებიც წელს თავიდან შევღებე. შესაძლოა, მომავალ წელსაც შევცვალო. ინტერიერის დიზაინერის მომსახურებით არასოდეს მისარგებლია. ყველაფერი ჩემი გემოვნებით არის გაკეთებული. მხოლოდ აივნებია სოფო გონგლიაშვილის მოფიქრებული და მისი დიზაინით შექმნილი.

- თქვენი მუდმივი საცხოვრებელი სახლი ჰგავს ამ სახლს, თუ ის სხვა სტილში გაქვთ მოწყობილი?

- თბილისის სახლი თითქოს რაღაცით ჰგავს ამ სახლს. უბრალოდ, იქ ძველის და თანამედროვე სტილის მიქსია. ზოგადად ყველა ჩემი სახლი ჰგავს ერთმანეთს, რადგან ჩემს თვალს როგორც სიამოვნებს, ისე ვაწყობ ყველაფერს. რაც უფრო ბევრი ნივთია ოთახში, მით მეტად მომწონს გარემო. ამას ცოტათი მიპროტესტებენ ოჯახის წევრები. ჩემთვის ყველა ნივთი რაღაცასთან არის დაკავშირებული. წლებია მათ ვაგროვებ, ამიტომ თითოეულ მათგანს თავისი ისტორია აქვს და ძვირფასია ჩემთვის.

- ალბათ თქვენს მეგობრებს, ახლობლებს უყვართ ამ ლამაზ, ფერად გარემოში სტუმრობა...


- ძალიან ხშირად გვყავს სტუმრები. განსაკუთრებული აურა აქვს ამ სახლს. ერთხელ ვინც მოვა, მერე სულ უნდა ჩვენთან სტუმრობა. ჩემი მეგობრები ჩემზე მეტად ელოდებიან ზაფხულის დადგომას, რომ აქ გადმოვიდეთ. მეც ძალიან მიყვარს აქაურობა, საღამოობით სულ სტუმრიანობა და მხიარულება გვაქვს. ვერ წარმომიდგენია სტუმრის გარეშე.

- დუტა რამდენად იყო ჩართული რემონტის პროცესში?

- დუტაც ბოლომდე იყო ჩართული სარემონტო სამუშაოებში. ძალიან ბევრი რამ საკუთარი ხელით გააკეთა. ფაქტობრივად, ერთობლივი ძალებით გავაკეთეთ ყველაფერი. საბედნიეროდ, ჩვენი გემოვნება ემთხვევა ერთმანეთს.

- გემოვნების საკითხზე არასოდეს გიკამათიათ?

- მგონი არა, არ მახსენდება ასეთი შემთხვევა. მენდობა, იცის ჩემი გემოვნება და ყოველთვის მოსწონს საბოლოო შედეგი. მეც ასეთი დამოკიდებულება მაქვს მის მიმართ, ვიცი, რასაც ხელს მოჰკიდებს, გემოვნებით და ხარისხიანად გააკეთებს.

- დუტას ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს, დიდ დროს ატარებს გადაღებებზე, სამსახურში. თქვენც არანაკლებ დატვირთული ხართ დღის განმავლობაში. რა დროს ატარებთ სახლში ერთად?


- ძირითადად საღამოობით ვართ ერთად შინ. ძალიან იღლება, ამიტომ ვცდილობთ, ისეთი გარემო შევუქმნათ, რომ დაისვენოს. თუ ხასიათზეა, თავისი სურვილით სახლში ბევრ საქმეს აკეთებს. თუ დასვენება უნდა, მაშინ არ ვაწუხებთ.

- როგორი კულინარი ხართ? გემრიელი კერძებით თუ ანებივრებთ მეუღლეს?

- თქვენ წარმოიდგინეთ, დუტა თვითონ მანებივრებს გემრიელი კერძებით. მე არ მიყვარს კერძების მომზადება. რასაც ვაკეთებ, გემრიელი გამომდის, მაგრამ მაინც მირჩევნია, სხვამ გამანებივროს ამ მხრივ...


- ყველაზე კარგად რა კერძი გამოსდის?

- განსაკუთრებით ხორცთან ურთიერთობა უყვარს. ხორცის და თევზის უგემრიელეს კერძებს ამზადებს.

- თქვენს შვილებს მოსწონთ თქვენი დიზაინით გარემონტებული აგარაკი?

- თავიდან ცოტა პრეტენზიები ჰქონდათ, ნივთების განლაგება არ მოსწონდათ, მაგრამ შემდეგ მიეჩვივნენ.

დღეს ჩემი წესებით დადიან სახლში. მიხვდნენ, რომ ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.


- შვილების რჩევები თუ გაითვალისწინეთ რემონტის დროს?

- აქვთ თავიანთი ოთახი, რომელიც საკუთარი სურვილით და გემოვნებით მოაწყვეს. ჩემს მოწყობილს არ ეხებიან.

- რომელიმე შვილს თუ გამოჰყვა თქვენი შემოქმედებითი ნიჭი?

- ორივე კარგად ხატავს. უმცროსი არაჩვეულებრივად ძერწავს, საოცარ რაღაცებს აკეთებს. მომავალში რას აირჩევენ პროფესიად, არ ვიცი, მაგრამ შემოქმედებითი ნიჭი ორივეს გამოჰყვა.

- თქვენს შემოქმედებაზეც ვისაუბროთ...

- პროფესიით დიზაინერი ვარ, სამხატვრო აკადემია დავამთავრე. ვმუშაობდი თეატრში, კინოში. ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ შემესწავლა საიუველირო საქმე. სტუდენტობის პერიოდიდან მაინტერესებდა ეს სფერო, მაგრამ რატომღაც არარეალური მეგონა სწავლა. თუმცა შევძელი და ვისწავლე. უკვე ხუთი წელია, ამ საქმეზე ვმუშაობ. მინდოდა ისეთი სამკაული შემექმნა, რომ ეფექტური და მიმზიდველი ყოფილიყო. ყოველთვის მიყვარდა დიდი სამკაული. ფაქტობრივად, ჩემთვის დავიწყე ამის კეთება. როცა გარკვეული რაოდენობის სამკაული დამიგროვდა, გამოფენა მოვაწყვე. საკმაოდ დიდი გამოხმაურება და სხვა გამოფენებიც მოჰყვა. ასე ნელ-ნელა დაინტერესდნენ ადამიანები ჩემი ნამუშევრებით და გატაცება ბიზნესად იქცა.

- რა მასალით იქმნება თქვენი ნამუშევრები?

- ვერცხლითა და ოქროთი. თანაც ყველა სამკაული ბუნებრივი ქვებითაა გაფორმებული.

- ტექნიკურ მხარეს რაც შეეხება, რთულად შესასრულებელია ეს ნამუშევრები?

- ძალიან რთული სამუშაოა, მით უმეტეს ქალისთვის. თავიდან ჩვეულებრივი რგოლების კეთებით დავიწყე. დროთა განმავლობაში ვისწავლე, დავხვეწე. მინდოდა, რაღაც ჩემი მეკეთებინა. პირველი ესკიზი რომ მივიტანე, ჩემი მასწავლებლები შოკში ჩავარდნენ. ყოველთვის აინტერესებთ, ახალ ჯერზე რას გავაკეთებ. თვითონაც დიდი ინტერესით უყურებენ ამ პროცესს.

- ყველაზე რთული ნამუშევრის შექმნას რა დროს ანდომებთ?

- დაახლოებით ორი კვირაა საჭირო. ამ ყველაფერზე მარტო ვმუშაობ. ყველა ნამუშევარი ექსკლუზივია, არც ერთი არ მეორდება. როგორც კი ნამუშევარს ვდებ, მაშინვე იყიდება.

- ექსპრომტად იქმნება თქვენი სამკაული, თუ წინასწარ ქმნით ესკიზებს?


- წინასწარ ვაკეთებ ესკიზს და ამ ესკიზის მიხედვით ვაძლევ საბოლოო სახეს. ყოველთვის ინტერესით ველოდები, რა გამოვა ჩემი ნახატისგან. ეს პროცესი ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა. კონვეიერივით ვაკეთო ერთნაირი სამკაული, ეს ჩემთვის მიუღებელია.

- უახლოეს მომავალში თუ გეგმავთ პერსონალურ გამოფენას?

- ოქტომბერში გამოფენა მექნება ვენაში. ეს იქნება ჩემი და ჩემი ფოტოგრაფის ერთობლივი ექსპოზიცია. უკვე აქტიურად ვმუშაობთ ამ თემაზე.

- ამ სახლში თქვენი სამუშაო კუთხე თუ გაქვთ, სადაც ულამაზეს სამკაულებს ქმნით?

- კი, რა თქმა უნდა, მაქვს. ეს არის ადგილი, სადაც დიდ დროს ვატარებ, ვქმნი ესკიზებს და სისრულეში მომყავს ნამუშევარი.

- თქვენი საოცნებო სახლი როგორია?

- ეს სახლი აბსოლუტურად მაკმაყოფილებს, თუმცა ცოტა რაღაცას დავამატებდი. ჩემი ოცნების სახლი არის ამ სახლზე ცოტა დიდი, ნათელი და მზიანი ოთახებით, რა თქმა უნდა ბევრი ფერადი ყვავილით, დიდი აუზითა და ბევრი მეგობრით.








მერი ბლიაძე

კომენტარები

ნანა 2023-03-07 21:46
ულამაზესია, ფერები არაჩვეულებრივი,ავეჯი და აქსესუარები ყველაფერი გემოვნებით არის შერწყმული ერთმანეთთან???????? ჩემი უსაყვარლეს წყვილს წარმატებები❤️❤️????
ნანა 2023-03-07 21:40
ულამაზესია, ძალიან გემოვნებიანი, ფერები სასწაული???????????????? ორივე მიყვარს და პატივს ვცემ, ჩემი საყვარელი უნიჭიერესი წყვილია❤️????
ლალი 2023-01-12 16:56
ყველაზე უგემოვნი სახლია
nino 2022-11-24 17:51
gemovnebaze ar daoben magram sashinelebaa da ara saxli
ლელა 2022-01-16 21:49
დიდი სიმპათიებით და ყოჩაღ!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები