საგრანტო კონკურსები სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის, სოფლის მეურნეობის გაძლიერების პროგრამა, 4000-ზე მეტი სამუშაო ადგილი... – USAID-ის სასოფლო-სამეურნეო პროექტების შედეგები საქართველოში

უკვე მრავალი წელია, USAID საქართველოში სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით მრავალ პროექტს ახორციელებს და მოსახლეობას პროდუქციის წარმოებაში, მოსავლის აღებასა და შემდგომ განვითარებაში ეხმარება, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, მხარს უჭერს ქვეყანას, პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე გაიტანოს და ადგილობრივ დონეზეც განვითარდეს. უფრო ვრცლად, თუ რამდენი ხანია, USAID საქართველოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით სხვადასხვა პროექტს ახორციელებს და რა შედეგებია ამ კუთხით, USAID-ის პროგრამების სპეციალისტი, კონსტანტინე კობახიძე გვესაუბრება:


- USAID საქართველოში 30 წელზე მეტია, მოღვაწეობს და 90-იანი წლების ბოლოდან ინტენსიურად ახორციელებს სოფლის მეურნეობის დახმარებისა და
განვითარების პროგრამებს. სოფლის
მეურნეობის განვითარების პროგრამები ძირითადად ორიენტირებულია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაზე და ადგილობრივი წარმოების საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციაზე, რაც მოიცავს წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების, ახალი ჯიშებისა და პროდუქტების, მოსავლის აღების შემდგომი და სამაცივრო ტექნოლოგიების, ინოვაციების, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის და ხარისხის და უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობას.

მინდა გამოვყო USAID-ის ახალი ხუთწლიანი „ძლიერი სოფლის პროგრამა“, რომლის მიზანია, საქართველოს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება. პროგრამა მუშაობს 11 მუნიციპალიტეტში და 95 თემში, რომელიც გამყოფი ხაზიდან 10 კილომეტრის რადიუსში მდებარეობს და ხელს უწყობს იქ მცხოვრებ მოსახლეობას ახალი შესაძლებლობების გაჩენაში, შემოსავლების ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში, სოფლის მეურნეობის საწარმოო ჯაჭვის და საბაზრო სისტემების განმტკიცებაში. პროგრამამ უკვე გამოაცხადა რამდენიმე საგრანტო კონკურსი, და ამჟამად მუშაობს აპლიკანტებთან პროექტების დასამუშავებლად. ასეთი საგრანტო კონკურსები კიდევ რამდენჯერმე გამოცხადდება, რაც საშუალებას მისცემს ადგილობრივ მცხოვრებლებს და ბიზნეს სერვის მიმწოდებლებს, გააფართოვონ თავიანთი საქმიანობა.

- რა მიგაჩნიათ განსაკუთრებულ მიღწევად, რასაც გამოარჩევდით?

- აღსანიშნავია USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში შექმნილი 4000-ზე მეტი სამუშაო ადგილი, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება სოფლად მცხოვრები ადამიანების ყოფაზე. საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად უმნიშვნელოვანესია ახალი ჯიშების და პროდუქტების წარმოების დანერგვა. მაგალითად, USAID-ის მეშვეობით, პირველად 2005 წელს მოეწყო მოცვის სადემონსტრაციო ნაკვეთი ოზურგეთის რაიონის სოფელ ანასეულში. იმ დროიდან მოყოლებული, სააგენტო აქტიურად მონაწილეობდა მოცვის წარმოების ხელშეწყობის საქმეში, რისი შედეგიც ბოლო წლების განმავლობაში წარმოების და ექსპორტის მასშტაბების ზრდაა. წელს პირველად, ქართული მოცვი ევროპის ბაზარზე არსებულ საცალო ქსელებში შედის და სააგენტო ამ საქმეში აქტიურადაა ჩართული.
2023 მარტში დამთავრდა თხილის სექტორის ხელშეწყობის პროგრამა. პროგრამის ფარგლებში გაიშვა 8 თხილის გადამამუშავებელი/საშრობი საწარმო, როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში. აღნიშნული საწარმოების მეშვეობით ხდება წელიწადში 8,000 ტონა ნედლი თხილის გადამუშავება მაღალი ხარისხის პროდუქციის მიღების მიზნით, რაც უზრუნველყოფს სიდამპლის და აფლატოქსინის პროცენტული მაჩვენებლების მნიშვნელოვან შემცირებას საბოლოო პროდუქციაში. პროგრამის ფარგლებში მოხდა საქართველოს თხილის მწარმოებელთა და თხილის ექსპორტიორთა და გადამამუშავებელთა ასოციაციების გაძლიერება, მათი გაერთიანება როგორც საერთაშორისო თხილეულის ასევე ევროპული თხილეულის მწარმოებელთა ორგანიზაციებში. საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში გაერთიანებული 24 000 ფერმერისთვის დაინერგა ისეთი სიახლეები, როგორებიცაა თხილის მიკვლევადობის სისტემა და სასაწყობე ბარათების სისტემა. პროგრამა აქტიურად მონაწილეობდა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებშიც.

- სამომავლოდ, რა პროექტების განხორციელებას გეგმავთ და დაგეგმილი პროექტებისაგან რა შედეგს ელოდებით?

- სოფლის მეურნეობის პროდუქციის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება მომავალი პროექტის ძირითადი ქვაკუთხედი იქნება. აქედან გამომდინარე, დიდი ყურადღება დაეთმობა როგორც ახალი ბაზრების იდენტიფიცირებას, ასევე ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ხარისხობრივ და რაოდენობრივ
გაუმჯობესებას.

- რა არის ყველაზე დიდი და დაუძლეველი პრობლემა სოფლის მეურნეობაში და ზოგადად, რა პერსპექტივას ხედავთ, საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით?

- დაუძლეველი პრობლემა არ არსებობს, თუმცა მიწების და მეურნეობების ფრაგმენტაცია საკმაოდ დიდ გამოწვევად რჩება. აუცილებელია, სასოფლო
სამეურნეო სავარგულების რეგისტრაციის ტემპების დაჩქარება და მიწის მეორადი ბაზრის განვითარება, რაც ხელს შეუწყობს მეურნეობების და მათ ხელთ არსებული სავარგულების გამსხვილებას და კომერციალიზაციას.

თამარ იაკობაშვილი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები