10 სახეობის ქათამი, ფარშავანგები, იხვები, ბატები, ციცრები, ინდაურები... - ახალგაზრდა ფერმერი სენაკიდან წარმატებული მეურნეობით და დიდი გეგმებით

მურმან გვასალია ახალგაზრდა ფერმერია. სენაკში საკმაოდ დიდი მეურნობა აქვს, რომელსაც წარმატებით უძღვება და აფართოებს. მისი მეურნეობა ათობით სხვადასხვა სახეობის ქათამს, ინდაურს, ფარშავანგს, იხვებს, ბატებს, ციცრებს და ჰექტრობით ბაღს მოიცავს.

- სკოლის პერიოდში სულ მინდოდა ვეტერინარულ ფაკულტეტზე ჩამებარებინა, მაგრამ ჩვენთან არ იყო განვითარებული ვეტერინარია, ისინი მხოლოდ ძროხის ექიმებად მიაჩნდათ. სამწუხაროდ, დიდი როლი ითამაშა სხვის შემოძახილმა - ძროხის ექიმი როგორ უნდა იყოო, ამიტომაც გადავიფიქრე, მაგრამ მაინც სოფლის მიმართულებით წავედი და ჩავაბარე აგრარულ ფაკულტეტზე.
ბავშვობიდან მიყვარდა ცხოველები და ფრინველები. როცა მუშაობა დავიწყე და

ჩემი ხელფასი მქონდა, კარგად დავფიქრდი და გადავწყვიტე ფრინველების ფერმა ამეშემენინა, რომელიც ქალაქისთვის უფრო მისაღები იქნებოდა. დავიწყე ნელ-ნელა მოშენება სხვადასხვა სახეობების.


- დღეს რას მოიცავს თქვენი მეურნეობა?
- ამ ეტაპზე მყავს 10 სხვადასხვა სახეობის ქათამი, სამი სხვადასხვა სახეობის ინდაური, ფარშავანგი, იხვები, ბატები და ციცრები.

- ალბათ საკმაოდ დიდი საფრინველე გაქვთ? როგორ გყავთ ისინი გადანაწილებული?
- ყველა სახეობა მყავს ცალ-ცალკე გალიებში, რათა არ შეჯვარდნენ ერთმანეთში და არ მოხდეს სისხლის არევა. თუ ასე სუფთად დავიცავთ სახეობების „სიწმინდეს“, უფრი კარგი შთამომავლობა გვეყოლება.

- ვინ გეხმარებათ მათ მოვლაში?
- ძირითადად ოჯახის წევრები ვუძღვებით სოფლის მეურნეობას. გვაქვს დაახლოებით 6 ჰექტარი, რომელზეც სხვადასხვა ჯიშის ხეხილი გვაქვს გაშენებული, ასევე - ჩემი ფრინველების ფერმა და მეფუტკრეობასაც მივდევთ.



- ძალიან ბევრ ადამიანს უზიარებთ სოციალური ქსელის საშუალებით საინტერესო რჩევებს. თქვენ საინად მიიღეთ ეს ცოდნა და გამოცდილება?
- გამოცდილებას რაც შეეხება, მეგობრებისგან შევიძინე, ასევე ინტერნეტიდანაც, თუმცა ყველაზე დიდი გამოცდილება პრაქტიკამ მაჩვენა, სწორედ ჩემს პრაქტიკას ვუზიარებ ჩემს მაყურებელს.

- ფრინველებში ყველაზე ხშირად რა პრობლემებს აწყდებით და როგორ ებრძვით მათ?
- მეფრინველეობა არის 50-50-ზე, ან იგებ ან აგებ. შესაძლოა საფრინველეში საკვების არასწორმა მიცემამ ყველა ფრინველი დახოცოს, ამიტომ ან უნდა გარისკო და შედეგი მიიღო, ან არ რისკავ და ვერც გაიგებ, იგებდი თუ აგებდი.

- ულამაზესი ფარშავანგები გყავთ. მათ შესახებაც მოგვიყევით...
- ფარშავანგის მოშენება დავიწყე შარშან და სრული კრახი განვიცადე. 22 ფარშავანგიდან მხოლოდ 1 დამრჩა, რომელიც დღემდე მყავს, თუმცა წელს უკვე საკმაოდ გავფართოვდი და 18 ფარშავანგი მყავს.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- სამომავლოდ მინდა გავაკეთო კონტაქტური ზოოპარკი, სადაც შევძლებ ვიზიტორების მიღებას და ადგილზევე შეძლებენ დათვალიერებას. თან გაიგებენ ამა თუ იმ სახეობის პროდუქტიულობაზე, ამით უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება მეფრინველეობის განვითარების.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება