გიორგი კეკელიძის მშობლიური გარემო და ადგილები, სადაც "გურული დღიურები" დაიწერა

გასული წელი მწერლისა და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის გიორგი კეკელიძისთვის განსაკუთრებულად ნაყოფიერი აღმოჩნდა - რამდენიმე წარმატებული დეტექტივი და რომანი და გადანაცვლება პოეზიიდან პროზაში, თუმცა “გურული დღიურები” მის შემოქმედებაში მაინც უპირობო ლიდერია. გურია ავტორისთვის მხოლოდ მშობლიური კუთხე როდია, მისი შთაგონების წყარო და პარადოქსების მხარეც არის. “გურია ნამდვილად არის ლამაზი... გურიის მთა და ბარი განსხვავდება, მე მათ სუნით ვცნობ... ბევრ გურულს საწერ მაგიდაზე ამერიკის დროშა აქვს გადაფენილი... გურულებს ჭყინტი ყველის ჭამა უყვართ, თვალის ჩაპაჭუნებაც. გურია “სიცოცხლის სამოსახლოა”, რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს:

გურიაში რა გინდოდა, თუ სიკვდილი არ გინდოდა”, - ეს არის ფრაზები გამოცემისთანავე ბესტსელერად ქცეული წიგნიდან “გურული დღიურები”.



ამ წარმატებულ კაცს, გასულ წელს, ბევრი სიხარულის გარდა, დიდი მწუხარებაც დაატყდა თავს, მოულოდნელად, ოჯახიდან ერთდროულად ორი ადამიანი - მამა და ბებია დაკარგა. მათზე და ბევრ მოგონებაზე, რომელიც მის გურიას ეხება, “გურულ დღიურებში” წერს. “ეს ერთგვარი მოგონებების კრებულია იმ გურიაზე, ადამიანებზე, მათ წინაპრებზე, სადაც მე ვიცხოვრე და რომელსაც ვიცნობ. ამგვარი, მცირე ისტორიები ქმნიან დიდ ისტორიას, ქვეყნის ამბავს და არა მხოლოდ დიდი პოლიტიკური მოვლენები”.

ჩვენს რესპონდენტს გურიაში, შინ, მშობლიურ გარემოში ვეწვიეთ.

სახლი ოზურგეთში


- სახლი, ანუ “შინ” არის ადგილი, რომელიც ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. რა ადგილი აქვს მას შენს ცხოვრებაში?

- ჩემთვის სახლი, ანუ შინ გულისხმობს პირველ აღქმას, ეს აღქმა, ხშირ შემთხვევაში, კონკრეტული საგნებისკენაც მიემართება... სახლიდან იწყება სამყაროს შემეცნებაც, - ის გარე ამბების ერთგვარი ჭოგრიტია.

- რა ეტაპზე მიხვდი, რომ სადაც ცხოვრობდი, ის ადგილი შენი სახლი იყო და როგორ გახსოვს ის პერიოდი?

- მაშინ მივხვდი, როდესაც სიტყვა “გარე” გავაცნობიერე, მაგალითად, ქუჩა, საბავშვო ბაღი, სკოლა. თან, ეს გრძნობა ყველა საფეხურზე მძაფრდებოდა...

- სახლი ალბათ მარტო შენობა და იქ არსებული ნივთები არ არის, ძირითადად ადამიანების მიერ შექმნილი გარემოა, რომელსაც იქ მცხოვრებნი ქმნიან. ამაზე რას იტყვი?

- ცხადია, და საგნებსაც ადამიანები არჩევენ. შესაბამისად, ყველაფერი ოჯახის წევრებს უკავშირდება. მე ამ აზრით, სამი სახლი მქონდა - ოზურგეთი, სადაც მშობლები ცხოვრობდნენ სურები, სადაც ბებია-ბაბუა მყავდა და ნატანები, იქ ჩემი ბებია, დედაჩემის დედა ცხოვრობდა. ამ ადამიანების დამსახურებაა ის განცდა და ასოციაციები, რაც დღემდე უმნიშვნელოვანეს იმპულსებს მთავაზობს.

- ბავშვობა ძირითადად ნატანებში გაატარე, თუ ოზურგეთში? საინტერესოა, თითოეულმა სახლმა რა დაგიტოვა?

სახლი ნატანებში


- დამიტოვა ერთი მხრივ სიმყუდროვის და მეორე მხრივ, ამ სიმყუდროვის მობეზრების, გარღვევის სურვილი. წასვლისა და მერე დაბრუნების სურვილიც.

- რაც ვნახე, ეს არის წესიერი, მშრომელი ხალხის მიერ მოპოვებული ქონება, რასაც ფუფუნებად ვერ მივიჩნევთ. იმაზე მეტი ქონება თუ გინდოდა გქონოდა, ვიდრე შენს სახლში იყო?

- ბუნებრივია, მინდოდა. ჩემი ოჯახი ნორმალურად ცხოვრობდა, თუმცა ოთხმოცდაათიან წლებში სიღარიბე სუფევდა. ფილმებსა და სურათებში ნანახი "უკეთესი ცხოვრება” დიდ გავლენას ახდენდა ჩემზე, ამიტომაც ჩემი ოცნებები მატერიალსტურიც იყო - მანქანა, ტელევიზორი და სხვა მსგავსი რაღაცები მინდოდა, მქონოდა.

- განსაკუთრებით სად, რომელ ადგილას გიყვარდა ყოფნა, - რომელიმე ოთახში, აივანზე, ბაღში თუ ეზოში და ის ადგილი შენთვის რას ნიშნავს?

- არ გაგიკვირდებათ, თუ გიპასუხებთ, რომ განსაკუთრებით ბიბლიოთეკაში მიყვარდა ყოფნა - ინფორმაციასა და განათლებას ერთდროულად ანაზღაურებდა. იქ ახლაც არის წიგნები, რომლებსაც ხშირად ვუბრუნდებოდი. ხან მე და მამაჩემი ერთად ვკითხულობდით ხოლმე...

- ვისაუბროთ ოზურგეთის სახლში არსებულ პირად ბიბლიოთეკაზე.

- ოზურგეთის ბიბლიოთეკაში სხვადასხვა სახის წიგნები მეგულება, მაგრამ ისტორიული სჭარბობს, რადგან ბაბუაჩემი ისტორიკოსი გახლდათ. მაშინ სელექციის დრო არ იყო, ყველაფერს ვკითხულობდი, საბჭოთა თვალით დანახულ პირველი მსოფლიო ომის პერიპეტიებსაც კი.

- მშრომელი ბავშვი თუ იყავი, - უფროსებს საოჯახო საქმეებში თუ ეხმარებოდი?

- თუ მთხოვდნენ, კი. მაგალითად, შეშის დახერხვაში მონაწილეობა ხშირად მიმიღია, ეს საქმე აზარტულიც კი არის.

- რას გვეტყვი მდინარე ბუჟუჟის შესახებ და ბუნებაზე, რომელმაც ზოგადად შენს ჩამოყალიბებაზე გავლენა იქონია?

- გურიაში არაერთი მდინარეა, თუმცა საბანაოდ ბჟუჟსა და სუფსაზე დავდიოდი. ეს გურიაში ერთგვარი რიტუალია, რომელიც, მიუხედავად მდინარეების სიახლოვისა, დიდ სიხარულსა და ბედნიერებას უკავშირდება. ადამიანს ხომ ბედნიერებისთვის ცოტაც გყოფნის. ბუნების გავლენას რაც შეეხება, მაშინ, ანუ ბავშვობაში ეს შესამჩნევი არ არის, რადგან რასაც ეჩვევი, ყველაფერი ჩვეულებრივია. წლების შემდეგ კი უკეთ მოჩანს.



- გურულებს თქვენი “ჰოლივუდიც” გქონიათ. მთაზე ჰოლივუდურად აწერია - “შემოქმედი”, რაც ძალიან სახალისოა. გამოდის, “ჰოლივუდის” მეზობლად ცხოვრობთ...

- კი, "ჰოლივუდის” მეზობელი ვარ, თუმცა შემოქმედში ნათესავები მყავს. ულამაზესი სოფელია, უძველესი მონასტრით...


- ეზოში უხვად არის თხილი, მანდარინი, როგორც ვიცი, მათ მამა უვლიდა, ახლა ვინ იქნება მისი პატრონი?

- საოჯახო მეურნეობას ახლა მე მოვუვლი, აქაურობის მიტოვებას არ ვაპირებ, მეგობრებიც დამეხმარებიან.



- სხვენში ძველი თხილამურებიც ვნახეთ. ვისია ისინი?

- ეს თოვლის გასაკვალავი თხილამურებია. მინახავს, მამაჩემი როგორ ასუფთავდება ჭიშკრამდე მისასვლელს ამ ხის ფეხსაცმელებით.

 



- სხვენში ასევე აღმოვაჩინეთ ღორის ქვედა ყბის ძვლები, თოკზე აცმული და ლურსმანზე ჩამოკიდული...

- ღორის ყბა ძველია და ტრადიციის ნაწილია. ამბობენ, რომ ბევრ დაავადებას შველის... ნალია კი მისტიკური ადგილი იყო, მერე იქ ჩემს ძველ სათამაშოებსაც ინახავდნენ.



რაც შეეხება, საქათმეს, საღორესა და საძროხეს, ცხადია, ეს ადგილები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო, განსაკუთრებით საღამოს, ფრინველ-ცხოველის დაბინავების დროს...

- ახლა იმ სახლებში ვინ ცოვრობს?

- დედაჩემი - ოზურგეთის სახლში ცხოვრობს, ნატანების სახლს მეზობელ-ნათესავები მოუვლიან. მეც ხშირად უნდა ჩავიდე, ეს ჩემი ვალიცაა და სურვილიც.

- საინტერესოა, იმ სახლებიდან ადრე როგორ ჩანდა თბილისი?

- თბილისს ოცნებების ახდენის ადგილად ვხედავდი.



- როცა ოცნებები ახდა, ახლა თბილისიდან როგორ მოჩანს იქაურობა?

- თბილისიდან უფრო ახლოს, ვიდრე ადრე მოჩანდა. რაღაცნაირად გაერთიანდა სრულიად განსხვავებული ადგილები ჩემთვის...

კიდევ მეტი საინტერესო ამბავი, ეპიზოდები "გურული დღიურებიდან" და სხვა ფოტოები იხილეთ ჟურნალ "შინის" გაზაფხულის ნომერში.



ლალი ფაცია

კომენტარები

naira 2016-11-23 07:36
hemiguria xomaris,,magram es axlgazrda dalian udeba gurias tavisi..
მამუკა გოლეთიანი 2016-08-15 10:43
მეუღლე მყავს გურული, საუკეთესო ხალხია, იუმორით და ხალისით აღსავსე.
roini 2016-05-29 18:35
dsalian gamixarda worigan tkveni gaznoba dsalian lamasia kvela adgili saamako gvrvlikofilxart gicvrvebt jamrtelobac da zarmatebac
თეა 2016-05-11 21:13
გურია ამქვეყნიური სამოთხეა.
ჯული 2016-05-09 23:54
გეთანხმებით,ძალიან შეიცვალა ადამიანების ხასიათი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები